"არ მიყვარს ჰოლივუდური წვეულებები"

"არ მიყვარს ჰოლივუდური წვეულებები"

ამ ზაფხულს ჯულია რობერტსს ახალ როლში ვიხილავთ - ქალის, რომელმაც რთული განქორწინება გადაიტანა და საკუთარი თავის საპოვნელად ხანგრძლივ მოგზაურობაში მიემგზავრება. ცნობილმა მსახიობმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ახალი ფილმზეც ისაუბრა და საკუთარი პირად ცხოვრებაზეც.

- ფილმის "მიირთვი, ილოცე, გიყვარდეს" გადაღებებზე იტალიაში, ინდოეთსა და კუნძულ ბალიზე იმყოფებოდით. რომელი ადგილი მოგეწონათ ყველაზე მეტად და სად იყო ყველაზე გემრიელი საკვები?

- ცოტა უნდა ვიფიქრო... ალბათ, იტალიაში. იქ ძალიან დიდ ძალისხმევას იჩენდნენ, რომ უგემრიელესი კერძები მოემზადებინათ. განსაკუთრებით ერთი კერძი დამამახსოვრდა, ტომატით, საოცრად გემრიელი იყო. თითქოს ჩვეულებრივი სპაგეტი იყო სოუსით, მაგრამ ისეთი გემო ჰქონდა... ადგილს რაც შეეხება, რომიც საოცარია, ბალიც და ინდოეთი ხომ ნამდვილი ეგზოტიკაა.

- რეჟისორმა რაიან მერფიმ თქვა, რომ ისე შეხვედით როლში, ამ ფილმის გადაღებებზე არანორმალურად ბევრს ჭამდით. ეს მართალია?

- ნამდვილად. მართალი გითხრათ, ყოველთვის მიყვარდა კარგი საკვები, მაგრამ ამ გადაღებებზე მთლად გავგიჟდი. საქმე ის არის, რომ თითოეულ სცენას იმდენ ხანს ვიღებდით, გადაღებების ფინალისთვის უკვე ყველაფერს ვნთქავდი. პიცის სცენის ერთი დუბლი - და პიცის მთელი ნაჭერი შეჭმული იყო. როცა ჩემს მეგობრებთან ლანჩის სცენას ვიღებდით, საშინლად ცხელოდა, ჩვენ კი საშემოდგომო სამოსი გვეცვა და იტალიური კერძებით სავსე სუფრას ვუსხედით. არ ვფიქრობდი, გავსუქდებოდი თუ არა, არასდროს მქონია წონის პრობლემა. თუმცა სამი კილოგრამი მაინც მოვიმატე იტალიაში.

- არ გეტყობათ. როგორ დაიგდეთ ზედმეტი კილოგრამები - სწრაფად გახდომის რაიმე საიდუმლო იცით?

- არავითარი ილეთი არ ყოფილა. ყველა ამბობდა: "წახვალ ინდოეთში და სწრაფად გახდები". ასეც მოხდა, თუმცა, რასაკვირველია, გახდომა უფრო ნელი პროცესია, ვიდრე გასუქება.

"წამოდექი და გაიფანტე ცუდი აზრები"

- გადაღებებზე იტალიაშიც, ინდოეთშიც და ბალიზეც სამივე შვილი თან გყავდათ (ჯულია რობერტსს თავისი ქმრის - ოპერატორ დენიელ მოდერისგან სამი შვილი ჰყავს - მთარგმ.)...

- დიახ, მთელი ეს პერიოდი ჩემთან იყვნენ.

- როგორ ახერხებდით, რომ ისე დაგეგეგმათ დღე, გემუშავათ კიდეც და ბავშვებთანაც გაგეტარებინათ დრო?

- რა გითხრათ, შემიძლია სამი ბავშვის გართობის ორგანიზება მოვახდინო, თუმცა არ შემიძლია მსგავსი ფილმის გადასაღები პროცესის ორგანიზება და ამიტომაც არ მოვკიდე ხელი ამ საქმეს.

- ინდოეთში რას აკეთებდნენ ბავშვები?

- იმავეს, რასაც სხვა ქვეყნებში: აუზში ცურაობდნენ, სამბორბლიანი ველოსიპედებით სეირნობდნენ. ალბათ თავადაც იცით, რას აკეთებენ პატარა ბავშვები ზაფხულობით.

- დარჩა ამ ქვეყნად ადგილი, სადაც ისურვებდით წასვლას?

- უამრავი ისეთი ადგილია, სადაც არასდროს ვყოფილვარ და სიამოვნებით წავიდოდი.

- თქვენი ახალი ფილმის გმირი მოგზაურობით ებრძვის დეპრესიას და საკუთარი თავის პოვნა სურს. თქვენ თვითონ როგორ ებრძვით წარუმატებლობებსა და ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს?

- ჩემი დამოკიდებულება ამგვარი საკითხებისადმი ძალიან მარტივია - წამოდექი და გაიფანტე ცუდი აზრები. თუმცა ეს ცოტა სხვა სიტუაცია იყო, ჩემს გმირს კრიზისი ჰქონდა, ნერვული აშლილობაც კი და ასეთ რამეებს მსუბუქად ვერ შეხედავ.

- რატომ გქონდათ კინოში 2-წლიანი შვებულება? თქვენც საკუთარი თავის ძიების პრობლემას აგვარებდით?

- არა, უბრალოდ არ მომწონდა არაფერი იქიდან, რასაც მთავაზობდნენ ან რაც ხელში მხვდებოდა. თანაც მტკიცედ გადავწყვიტე იქამდე მეცადა, სანამ ისეთ პროექტს არ ვიპოვიდი, რომელში გადაღებაც ნამდვილად მენდომებოდა.

"რაც ცხოვრებამ მომცა, იმ ძღვენს ვუვლი"

- გამიგონია, რომ თქვენი ფერმა გაქვთ და სათბურში ბოსტნეული მოგყავთ...

- მართლაც მაქვს ბოსტანი. თუმცა პროდუქტებისთვის მაინც მაღაზიაში დავდივარ და არა ბაზარში.

- თუმცა თვითონ მოგყავთ ბოსტნეული, ასევე თავად ქსოვთ. ეს თქვენი ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად ხდება?

- დიახ, ასეა. ეს სიხარულს მანიჭებს. მომწონს.

- თქვენს შვილებს ძირითადად ბიოლოგიურად სუფთა საკვებით კვებავთ თუ აძლევთ უფლებას, ხანდახან პიცა ან ნაყინი მიირთვან?

- რატომ უნდა წავართვა მათ ბავშვური სიამეები? თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა სტანდარტით მაინც საკმაოდ მკაცრი დედა ვარ. ისე, იმაშიც არის რაღაც ეშხი, რომ ხანდახან მათ "კი" უთხრა რაღაცებზე.

- "კოკა-კოლა" თუ არის თქვენს მაცივარში?

- არა (იცინის).

- შესანიშნავი სამსახური გაქვთ და მშვენიერი ოჯახი, ცხოვრებაში კიდევ რას ისურვებდით?

- არ ვიცი. არ მიმაჩნია, რომ მეტისმეტად ხარბი უნდა იყო. უბრალოდ, განვაგრძობ იმ ძღვენის სათუთად მოვლას, რომელიც უკვე მივიღე ცხოვრებისგან, იმის ნაცვლად, რომ ახალი ვეძებო.

- როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამუშაოსა და დედობას?

- სინამდვილეში არც ისე ბევრს ვმუშაობ, როგორც სხვებს ჰგონიათ. ამ სურათზე ხუთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით, თუმცა გასული წლის ნოემბერში დავამთავრეთ გადაღება. ასე რომ, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ამაში მაგრად მიმართლებს. შინ კი კარგი ქმარი მყავს, რომელიც ხანდახან ჩემ მაგივრად საჭმელსაც ამზადებს და ბავშვებს დედას უცვლის.

- მართალია, რომ მაღალი ქუსლები არ გიყვართ?

- დღეს მაღალი ქუსლები მაცვია, თუმცა ეს მხოლოდ სამუშაოსთვის. არ შემიძლია შინ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სირბილი - ჩემი ოჯახის წევრები დამცინებენ კიდეც ამის გამო.

- საზოგადოებაში რატომ ჩნდებით იშვიათად?

- ჯერ კიდევ ბავშვების დაბადებამდე მე და დენის გვიყვარდა თავისუფალი დროის ერთად შინაურ გარემოში გატარება. რომანტიკულ საღამოებს ვაწყობდით, ტელევიზორს ვუყურებდით ან კარგ მუსიკას ვუსმენდით. ახლაც ვაკეთებთ ამას, ოღონდ ბავშვებთან ერთად. ეს ჰოლივუდური წვეულებები და საღამოები საერთოდ არ მაინტერესებს. ძალიან იშვიათად მივდივარ მხოლოდ ჩემი ფილმების პრემიერებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებზე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება