ქართველი, რომელსაც პლაჩიდო დომინგო "მოწაფედ დაუდგა"

ქართველი, რომელსაც პლაჩიდო დომინგო "მოწაფედ დაუდგა"

ერთ-ერთ ფესტივალზე შეხვედრისას პლაჩიდო დომინგომ ნინო და თამარ სანიკიძეები ვაშინგტონის ოპერის ახალგაზრდა არტისტთა დახელოვნების სტუდიაში საკონცერტმაისტერო განხრით მიიწვია... როდესაც ლოს-ანჯელესის ოპერის თეატრთან ასეთივე სტუდია გაიხსნა, სახელგანთქმული მომღერლის მიწვევით, ნინო სანიკიძე ლოს-ანჯელესის ახალგაზრდა არტისტთა სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა...

დებმა სანიკიძეებმა თბილისის ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრეს, შემდეგ - თბილისის კონსერვატორია, მერილენდის უნივერსიტეტი, სადაც ორი წლის წინ ორივემ მაგისტრის ხარისხი დაიცვა. რამდენიმე თვის წინ დებს მუსიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭათ...

- ქალბატონო ნინო, ცოტა ხნის წინ პლაჩიდო დომინგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოში გახმაურებული სატელევიზიო სპექტაკლის - "რიგოლეტოს" დადგმამდე თქვენ ერთად იმუშავეთ...

- დიახ, ლოს-ანჯელესში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო პრემიერა - მექსიკელ-ამერიკელი კომპოზიტორის, დანიელ კატანის ოპერა "ფოსტალიონი" - ამავე სახელწოდების, ცნობილი იტალიური ფილმის მოტივებზე. ყველა მსოფლიო პრემიერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ოპერას განსაკუთრებულად დიდი წარმატება ხვდა წილად და სრულიად დამსახურებულად. არაჩვეულებრივი მუსიკა და ლიბრეტო აქვს და მთავარ როლს - ცნობილ ჩილელ პოეტს, პაბლო ნერუდას პლაჩიდო დომინგო ასრულებს. ამ სპექტაკლის გასტროლები უკვე დაგეგმილია ვენასა და პარიზში... ხშირად, როცა საოპერო თეატრი კომპოზიტორს ნაწარმოების შექმნას უკვეთს, ამ ნაწარმოების "კითხვა" ტარდება. რამდენიმე წლის წინ მე მოვამზადე და ვიდირიჟორე ამ ოპერის "კითხვა" და ის მართლაც, ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ცხადია, მას შემდეგ ოპერა დაიხვეწა და ბევრი ნომერი შეემატა. ამჟამად უკვე რეალურ სპექტაკლზე ვიმუშავე, როგორც პიანისტმა და სუფლიორმა. მაესტრო დომინგოსა და სხვა მომღერლების მომზადების პასუხისმგებლობა მე მქონდა დაკისრებული.

- ვიცი, რომ პლაჩიდო დომინგომ სათანამშრომლოდ ჯერ კიდევ წლების წინ მიგიწვიათ...

- ვაშინგტონის ოპერაში არსებობს ახალგაზრდა არტისტების სტუდია (ლა სკალას აკადემიის ეკვივალენტი), სადაც ახალგაზრდა მომღერლები და პიანისტები იმაღლებენ კვალიფიკაციას. 2003-2005 წლებში ამ სტუდიის წევრი ვიყავი; სწორედ იქ გავიცანი მაესტრო დომინგო... მას სურდა, რომ ასეთივე პროგრამა ლოს-ანჯელესში განეხორციელებინა და, როგორც პროგრამის მუსიკალური ხელმძღვანელი, ისე მიმიწვია. ლოს-ანჯელესის ოპერა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია და ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ვიმუშავებდი, როგორც პროფესიონალ მომღერლებთან და დირიჟორებთან, ასევე ნიჭიერ ახალგაზრდებთან. ლოს-ანჯელესის პროგრამა ახლა 5 წლისაა და ჩვენს კურსდამთავრებულებს უკვე ბევრი წარმატება დაუგროვდათ.

- როგორია პლაჩიდო დომინგო პირადი კონტაქტისას? ცნობილია, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს; თუ გისაუბრიათ ჩვენს ქვეყანაში მისი მომავალი სტუმრობის თაობაზე?

- მაესტრო დომინგო არაჩვეულებრივი ადამიანია. მიუხედავად ლეგენდარული ვარსკვლავის სტატუსისა, ძალიან თბილია. საოცრად დატვირთული ცხოვრება აქვს, რადგან ერთ ადგილას მღერის, მეორეგან - დირიჟორობს, ორი თეატრის გენერალური დირექტორია, მაგრამ არასოდეს ავიწყდება, ყველა ნაცნობის ბავშვი და ახლობელი მოიკითხოს. ყოველწლიურად მართავს წვეულებას თეატრის თანამშრომლებისთვის, რათა გამოხატოს მათ მიმართ მადლიერება გაწეული შრომისთვის. ჩემთან მუშაობისას იმდენად უბრალო და უპრეტენზიოა, თითქოს ამ დონის მომღერალი კი არა, გაკვეთილზე მოსული სტუდენტი იყოს: არასოდეს იგვიანებს, ყველა შენიშვნას ყურადღებით ისმენს და ჩემს აზრს ითვალისწინებს. ასევე იქცევა რეპეტიციებზეც. რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, დიდი სიხარულით ელოდება. უდიდეს პატივს სცემს ქართულ ხელოვნებას. მას არაერთხელ უმღერია ქართველ საოპერო მომღერლებთან ერთად, რომლებსაც ძალიან აფასებს. მეც ძალიან გახარებული ვარ, რომ თუნდაც რამდენიმე დღით ჩამოვა ჩემს ლამაზ სამშობლოში.

- ცნობილია, რომ დომინგოს ოჯახიც თავდაუზოგავად ემსახურება ხელოვნებას...

- დიახ, პლაჩიდო დომინგოს მეუღლე, ქალბატონი მარტა ადრე ცნობილი მომღერალი იყო, ახლა საოპერო რეჟისორია და მის სპექტაკლებს ყოველთვის დიდი წარმატება სდევს. ძალიან მომთხოვნი და პრინციპული რეჟისორია... 3 შვილი ჰყავთ, ერთი-ერთი მათგანი - კომპოზიტორია. მართლაც, ძალიან კარგი და "შეკრული" ოჯახია, - ყოველთვის ერთმანეთს უდგანან მხარში.

- პლაჩიდო დომინგოს მიერ დაარსებულ კონკურსზე - "ოპერალია" თქვენ და თქვენი და თამარი მიწვეული იყავით, როგორც კონცერტმაისტერები...

- "ოპერალია" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საოპერო კონკურსია. მას სულ სამი ოფიციალური პიანისტი ჰყავს... ეს მართლაც, ძალიან პრესტიჟული სამსახურია. "ოპერალია" ყოველ წელს ტარდება. წელს მილანში, ლა სკალას თეატრში ჩატარდა. ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო, რომ დედა ჩამოვიდა მილანში და ამ ლეგენდარული თეატრის სცენიდან ჩვენი შესრულება მოისმინა...

- ახლა თამარი სად მოღვაწეობს?

- თამარი ამჟამად სან-ფრანცისკოს ოპერაშია. მუშაობს ოპერებზე, სადაც მთავარ როლებს პლაჩიდო დომინგო ასრულებს. თამარი ასევე ბევრ კონცერტში მონაწილეობს, გამოჩენილ მომღერლებთან ერთად.

- რამდენად ხშირად ხვდებით ქართველებს?

- სამწუხაროდ, არც ისე ხშირად. ყველანი ძალიან დაკავებული ვართ და ამის გამო შეხვედრას იშვიათად ვახერხებთ. ვაშინგტონში ყოფნისას გავიცანი და დავუმეგობრდი გამოჩენილ ქართველ მომღერალს, ქალბატონ მედეა ნამორაძეს. ლოს-ანჯელესში საკმაოდ დიდი ქართული სათვისტომოა. სამწუხაროდ, ყველას არ ვიცნობ, მაგრამ ოპერის თეატრში შემთხვევით გავიცანი ნათია თურმანიძე, რომელმაც სხვა ქართველები გამაცნო. ახლახან ქალბატონმა ნანა ბოხუამ თავად მომძებნა ოპერაში და იმედია, მალე დავმეგობრდებით. ლოს-ანჯელესში ცხოვრობს ჩემი თანაკურსელი, პიანისტი თამარ შენგელია. სამწუხაროდ, მე და თამარი დროის უკმარისობის გამო მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობით ვკმაყოფილდებით.

- კონკურს "ოპერალიას" ქართველი მონაწილეები ჰყავს: ქეთი ქემოკლიძე და წარმოშობით ქართველი მარიამ ქაცარავა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს სახელით არსად გამოდის; ის მარია ალექსანდრესის სახელით მოევლინა მსოფლიო საოპერო სცენას... თუ შეხვედრიხართ ამ მომღერლებს?

- ქეთი ქემოკლიძე გავიცანი და დავმეგობრდით კიდეც. არაჩვეულებრივი ადამიანი და მომღერალია, დიდი სიამოვნებაა მასთან მუშაობა. მარია ქაცარავა-ალექსანდრესი ჩვენი სტუდიის წევრი იყო. მას ქართველი მამა ჰყავს, მექსიკურ ორკესტრში მევიოლინეა. მარიაც ძალიან ნიჭიერია. ორივეს კარგი კარიერა აქვს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ.

- მაყვალა ქასრაშვილთან ერთადაც გიმუშავიათ - შოსტაკოვიჩის ოპერაზე "ცხვირი", რომელიც მხატვრულად გოგი ალექსი-მესხიშვილმა გააფორმა. როგორ იხსენებთ ამ ორ დიდ ხელოვანთან შეხვედრას?

- ჯერ კიდევ ვაშინგტონში ვიმყოფებოდი, როცა პრესტიჟული - ბარდის ფესტივალიდან მიწვევა მივიღე. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული რეჟისორის - ფრანჩესკა ზამბელოს რეკომენდაციით მიმიწვიეს. ძალიან გამიხარდა, რადგან ფრანჩესკას რეკომენდაცია ძალიან ბევრს ნიშნავს... მერე გავიგე, რომ ქალბატონი მაყვალაც იქნებოდა ამ ფესტივალზე. მას პირადად არ ვიცნობდი, ამიტომ, მართალი გითხრათ, სულ არ მოველოდი, ასეთი ცნობილი ხელოვანი ამდენად თბილი და უშუალო თუ იქნებოდა... გარდა "ცხვირისა", იმავე წელს, შოსტაკოვიჩის ოპერეტაც დავდგით, სადაც სრულად გამოვლინდა ქალბატონი მაყვალას ტალანტი. კოსტიუმებზე, ცნობილი ქართველი მხატვარი, გოგი ალექსი-მესხიშვილი და მისი ქალიშვილი ქეთუთა მუშაობდნენ. ასე რომ, პატარა ქართული ჯგუფი შევქმენით. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ ზაფხულს.

- დედათქვენს - დავით ევგენიძის, ვაკო შიუკაშვილის, დები ბერაიების, ანა გოგავასა და სხვათა პედაგოგს, ქალბატონ დოდო ცინცაძეს საქართველოში "ლაურეატების მჭედელს" უწოდებენ...

- ნამდვილად, შესაფერისი სახელია. მაგრამ ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ სითბოსა და სიყვარულზე, რომელსაც დედა თითოეული მოსწავლის მიმართ იჩენს. ბავშვები დედასთან 5 წლის ასაკში მოჰყავთ; მის ხელში იზრდებიან, როგორც პროფესიონალურად, ასევე - სულიერად და ზრდასრულ ადამიანებად ყალიბდებიან. მათ ისეთივე ახლო ურთიერთობა აქვთ დედასთან, როგორიც მოწაფეობის დროს ჰქონდათ. დაბადების დღეს, დედას ტელეფონი არ ჩერდება, ზარები მსოფლიოს ყველა კუთხიდანაა, სადაც კი მისი "გამოჭედილი", საყვარელი მოწაფეები ცხოვრობენ. მათ არასოდეს ავიწყდებათ დოდო მასწავლებელი. ეს სიყვარული და ერთგულება უდიდესი შრომისა და თავდადების შედეგია. რა თქმა უნდა, ძალიან მეამაყება, რომ მისი შვილი ვარ.

- ბოლოს მითხარით, რა აზრის ხართ ქართულ ვოკალურ სკოლაზე?

- ძალიან მაღალი აზრის ვარ. საქართველო, ისევე, როგორც იტალია და ესპანეთი, ძალიან მდიდარია ბუნებრივად ლამაზი და ძლიერი ხმებით. ქართველი მომღერლების უდიდესი წარმატებები მსოფლიოს სცენებზე სრულიად დამსახურებული და საამაყოა. ლოს-ანჯელესში ერთ კვირაში ვიწყებთ "რიგოლეტოს" რეპეტიციებს, სადაც მთავარ პარტიას გიორგი გაგნიძე შეასრულებს. გაზაფხულზე აქ ნინო მაჩაიძე იმღერებს, სპექტაკლში - "თურქი იტალიაში". "მეტროპოლიტენ ოპერაში" ამ სეზონზე ოთხი ქართველი მღერის. ევროპაშიც ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი მოღვაწეობს და ჩემზე ბედნიერი და ამაყი არავინაა, როცა მათი წარმატებების შესახებ ვიგებ... თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საზღვარგარეთაა - უამრავი ნიჭიერი მომღერალი საქართველოშიც მოღვაწეობს.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება