სულ ახლახან ეკრანებზე გამოვიდა კრიმინალური დრამა "ქურდების ქალაქი", რომელშიც ბენ აფლეკმა ერთდროულად სამი როლი ითამაშა: სცენარისტის, რეჟისორისა და მთავარი გმირის. სწორედ ამ ამპლუებზე ისაუბრა ბენმა ჟურნალისტებთან.
"მეგობრებში ძალიან გამიმართლა"
- ბენ, თქვენ და მეთ დეიმონი ბავშვობიდან მეგობრობთ, კინოშიც განაგრძეთ მეგობრობა. რა შეიცვალა თქვენს მეგობრობაში მას მერე, რაც ორივე ვარსკვლავი გახდით?
- მეთი გუშინ იყო "ქურდების ქალაქის" პრემიერაზე. ძალიან მინდოდა დღეს მისი "იმქვეყნიერის" პრემიერაზე მისვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი ფილმის ნიუიორკულ პრემიერაზე უნდა წავიდე. მეთმა "ქურდების ქალაქის" რამდენიმე ვარიანტი ნახა და შესანიშნავ რჩევებს მაძლევდა. ვფიქრობ, ის მშვენიერი რეჟისორია, მაგრამ ჯერ კიდევ არ უცდია თავისი რეჟისორული ნიჭის რეალიზება. მეგობრობას ვაგრძელებთ, ერთობლივი საპროდიუსერო კომპანია გვაქვს სტუდია "უორნერ ბრაზერსში". კიდევ, სცენარებს ჩემს ძმა კეისისთან ერთად ვწერ. ანუ, ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთს ვეხმარებით. ეს კიდევ ერთი მხარეა იმისა, როგორ გამიმართლა ცხოვრებაში: შესანიშნავი მეგობრები მყავს, მათთან ერთად ერთ საქმეს ვაკეთებ, ისინი მეხმარებიან და მრთავენ ნებას, რომ მეც დავეხმარო მათ.
- ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა თქვენმა პერსონაჟმა ახალ ფილმში. თვითონ თუ მოგიხდათ ოდესმე ცხოვრებაში მეგობრობასა და სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება?
- ბევრი რამ განმიცდია იქიდან, რაც ფილმში ნახეთ. ყველაფერი ასე დრამატულად არ ყოფილა, არც ასე ექსტრემალურად, მაგრამ ალბათ თემები, რომლებსაც ამ სურათში შევეხეთ, ჩემს წარმოსახვაშია. განმიცდია დაძაბული სიტუაციები მეგობრობაში, მქონია იმის მსგავსი სასიყვარულო ურთიერთობა, რაც მთავარ გმირებს შორის ვითარდება, თუმცა კი ზუსტად მასეთი არა. ასე რომ, ერთგვარად გავაერთიანე ის, რაც თვითონ განმიცდია გამონაგონთან.
"რეჟისორობა ძალიან მომწონს"
- რომელი უფრო იოლი იყო, სხვა მსახიობებისთვის ყოფილიყავით რეჟისორი თუ საკუთარი თავისთვის?
- საერთოდ, ეს ცოტა საშიშია. გამიმართლა, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი მედგა გვერდით, რომელთათვისაც შემეძლო მიმემართა, თუ რაიმე არ გამომდიოდა. ჩემთვის იმავეს ვაკეთებდი, რასაც სხვა მსახიობებისთვის: ბევრ დუბლს ვიღებდი, სხვადასხვა ვარიანტს ვცდიდი და საბოლოო ჯამში რეჟისურით დავკავდი მონტაჟის დროს, გადაღებების შემდეგ.
- ადრე ბოსტონში ცხოვრობდით. როგორი იყო თქვენი ბავშვობა?
- ჩარლსტონიდან რამდენიმე მილში - კემბრიჯში ვცხოვრობდი. მიუხედავად გეოგრაფიული მეზობლობისა, ამ ქალაქებს შორის მთელი უფსკრულია. რასაკვირველია, გაგონილი გვქონდა ჩარლსტონის შესახებ, სადაც ე.წ. დუმილის კანონი არსებობდა. იქ ყველა ჩადენილი მკვლელობიდან მხოლოდ მეოთხედი იყო გახსნილი. იმაზე ფიქრს, რომ ვიღაცას დაუსჯელად შეუძლია მკვლელობის ჩადენა, ვერასდროს ვეგუებოდი. სწორედ ამიტომაც, გადაღებების წინ იქ გავემგზავრე და ბევრი მასალა მოვაგროვე ამ თემაზე. ხალხს შევხვდი, ეს ადამიანები სწორედ იქიდან იყვნენ, საიდანაც ფილმის პერსონაჟები არიან. დაზვერვის ფედერალური ბიუროს ბიჭებიც იყვნენ - მოკლედ, სხვადასხვა ხალხი.
- ამიერიდან უფრო მეტად რეჟისორულ სამუშაოზე უნდა გააკეთოთ კონცენტრირება?
- ნამდვილად დავკავდები რეჟისურით და იმავდროულად ვითამაშებ. წერასაც ვაპირებ. მაგრამ რეჟისურა ჩემთვის ახალია, ის დიდ კმაყოფილებას მანიჭებს.
- უკვე იცით, რის გადაღებას აპირებთ რეჟისორის რანგში?
- არ ვიცი. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე სცენარი? (იცინის)
- რომელიმე ერთის არჩევა რომ მოგიხდეთ, რას აირჩევდით - რეჟისორობას თუ მსახიობობას?
- ამ შეკითხვაზე ძნელია პასუხის გაცემა. ეს დამოკიდებული იქნებოდა ჩემს შესაძლებლობებზე თითოეულ პროფესიაში. მინდა, რომ სოციალურად მნიშვნელოვან ფილმებში ვითამაშო, რომლებიც ჩემთვის უფრო საინტერესოა.
"ბავშვებმა შემცვალეს"
- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძლიერი ევოლუცია განიცადეთ. როდესაც ყვითელი პრესა თქვენი ფოტოებით იყო სავსე, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ თქვენგან კარგი მეოჯახე დადგებოდა. რა იქცა ასეთი გარდაქმნის მიზეზად?
- ალბათ, მამობა. ბავშვები ჩემი ევოლუციის მთავარი მიზეზი გახდნენ, ისინი დამეხმარნენ, აღარ მეგრძნო თავი სამყაროს ცენტრად. მახსოვს, 2002 წელს უბრალოდ არ შემეძლო სახლიდან გამოსვლა: ვიცოდი, რომ ჩემი სახლი გარშემორტყმული იყო, მეშინოდა, ვბრაზობდი. ჩემთვის მოულოდნელად საკუთარ თავზე შექმნილი საპნის ოპერის გმირი გავხდი. სინდისი მქენჯნიდა: მართლა მივიღე გარკვეული სიამოვნება მსგავსი პოპულარობით, მაგრამ შედეგად მივხვდი, რომ ის არაფერი იყო, ჯიუტი და გულუბრყვილო ვიყავი და დაუცველად ვგრძნობდი თავს. მამობამ ყველაფერი შეცვალა. ადრე არასდროს მქონია ასეთი ურთიერთობები. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სხვა.
- იმას გულისხმობთ, რომ თქვენი მშობლები გაიყარნენ და სრულფასოვანი ოჯახი არ გქონდათ?
- ჩემი მშობლები მაშინ გაიყარნენ, როცა მე 12 წლის ვიყავი და დედამ მარტო გაგვზარდა მე და ჩემი ძმა. ვფიქრობ, ჩვენი დანიშნულებაა ვიყოთ ოჯახის ნაწილი, ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ცხოვრებაში. მაგრამ ეს რთულია, იმიტომ, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობა გამუდმებით იცვლება. ჯენიფერი შესანიშნავი დედა და საოცარი ადამიანია. მართლა არსად მინდა მისგან გაქცევა (ბენ აფლეკის ცოლია მსახიობი ჯენიფერ გარნერი, რომელმაც გათხოვების შემდეგ მთლიანად ოჯახს უძღვნა თავი და კინოში პრაქტიკულად აღარ ჩნდება - მთარგმ.).
- ეს როგორ გამოიხატება?
- თავისუფლად ვგრძნობ თავს. ასეთი სულიერი მდგომარეობისთვის რომ მიმეღწია, ბევრი დრო დავხარჯე. ბევრი შეცდომა დავუშვი და საკმარისად მაქვს ჩემი პრობლემები, მაგრამ მესმის, რამდენად გამიმართლა, განსაკუთრებით ასეთ დროს, როცა ამდენი ადამიანი იტანჯება. კომფორტულად ვგრძნობ თავს და ძალიან, ძალიან გამიმართლა პირად ცხოვრებაში. ოჯახის თითოეულ წევრს სრული ურთიერთგაგება გვაქვს.
- ის დრო თუ გენატრებათ, როცა ჯერ კიდევ არ იყავით ასეთი დიდი ვარსკვლავი?
- არ ვიცი, შეიძლება, ცხოვრება ნაკლებად რთული იყო მაშინ და ადამიანებთან ურთიერთობებიც უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე დღეს არის, ურთიერთობებში სრული თავდაუჯერებლობისა და უნდობლობის გათვალისწინებით. ახლა უნებურად ჩავფიქრდები ხოლმე: "ნეტავ დარჩება ეს ადამიანი ჩემი მეგობარი, თუ უცებ ყველაფერი ჩამოინგრევა ჩემ გარშემო?"
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)