მომღერალი ნუცა შანშიაშვილი გასულ კვირას რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში. დეიდა დაეღუპა და თბილისში ჩამოსვლა ამჯერად ამ სამწუხარო ამბის გამო მოუხდა. დაკავებული დღის რეჟიმის მიუხედავად, ნუცამ მაინც მოახერხა ჩვენთან საუბარი.
- არ ვაპირებდი, ჯერ გამემჟღავნებინა, მაგრამ გაგიმხელთ, რომ პირველი ქართველი ვიქნები, რომელიც ბროდვეიზე ჯაზს შეასრულებს. კონცერტი ორ თვეში გაიმართება. ჩემთან ერთად დაუკრავენ მსოფლიო ვარსკვლავები, საქსოფონისტი იქნება კრეი ჰენდი, საყვირზე ფრედი ჰენდიქსი დაუკრავს, დასარტყამ ინსტრუმენტზე - დონალდ ედვარდსი, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ივან ფარმაკოვსკი, ანტონ რევზიუკი და ალექს როზოვი. კონცერტი ქართველ მსმენელს ძალიან დააინტერესებს, რადგან ჯაზში ქართულ ეროვნულ ნაწარმოებებს შევასრულებთ.
- მაინც რომელ სიმღერებზე შეაჩერეთ არჩევანი?
- წინასწარ არ მინდა გამხელა.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქართული სიმღერები ჯაზში გემღერათ?
- უკვე ბევრმა დაიწყო ეთნიკური მუსიკის ჯაზში გამოყენება. ჯაზი თავისუფალი მუსიკაა. ჩემმა პიანისტმა შემომთავაზა ქართული სიმღერების ჯაზში შესრულება. ექსპერიმენტი რომ ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ მართლა ძალიან ლამაზი კონცერტი გამოვა. მე თვითონ ძალიან მეცინება, როდესაც წარმოვიდგენ კონცერტს, რომელზეც შავკანიანი უნიჭიერესი მუსიკოსები ქართულ რიტმში დაუკრავენ სიმღერებს. შეიძლება, კონცერტზე სიცილი ამიტყდეს.
- ალბათ უკვე რეპეტიციობთ. არ უჭირთ ჯაზმუსიკოსებს ქართული სიმღერების დაკვრა?
- ქართული მელოდია ადვილად შეისწავლეს. ისინი ვირტუოზი მუსიკოსები არიან. ეს მათთვის პრობლემა არაა. ჯაზში ქართული მუსიკა ძალიან კარგად ჟღერს. სირთულე უფრო მე მხვდება. ვცდილობ, ქართული სიტყვები ისე ვიმღერო, რომ მისახვედრი გავხადო უცხოელი მსმენელისთვის და ჯაზის ემოციით დატვირთულ მუსიკად ვაქციო. ამიტომ მე უფრო ბევრი მუშაობა მიწევს, ვიდრე მუსიკოსებს.
- იმავე კონცერტს თბილისში ვერ მოვისმენთ?
- მთავარია, ეს კონცერტი ჩატარდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგ მე ისრაელში სხვა კონცერტით მივემგზავრები და მერე მექნება მოლაპარაკება, რომ ბროდვეიზე გამართული კონცერტი საქართველოშიც გაიმართოს.
- საქართველოში ბოლოს რომ იყავით, შოთიკო კალანდაძის ფილმ "მედეაში" ითამაშეთ. ამჯერადაც რაიმე ერთობლივი გეგმა ხომ არ გაქვთ?
- ცოტა ხნის წინ მედიკო კარტოზიას სიმღერა ჩავწერე. სიმღერა ქართულ ხალხურ მოტივებზეა. მე და შოთიკო ვგეგმავთ, ამ სიმღერაზე კლიპი გადავიღოთ. სხვათა შორის, ჩემი 28 კლიპია განთავსებული "იუთუბზე". ყველა მეუბნებოდა, ეს არ გააკეთო, შენი სიმღერების გაყიდვას ხელს შეუშლისო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე ხელოვნებაზე უფრო ბევრს ვფიქრობ, ვიდრე ანაზღაურებაზე, მათ არ დავუჯერე. ამ 28 კლიპში შესულია შოთიკოს ნამუშევარიც, რომელიც გადავიღეთ სიმღერაზე "პატარა ბიჭი დამეკარგა". ყველაზე პოპულარული სწორედ ეს ვიდეოა, აქედან გამომდინარე, მე და შოთამ გადავწყვიტეთ, ისევ ქართულ სიმღერაზე გადაგვეღო კლიპი.
- მედეას როლზე მუშაობა რამდენად რთული იყო? ხომ არ გაგიჭირდათ ამ მისტიკური ქალბატონის გათავისება?
- შოთასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. მსახიობის მუშაობა რეჟისორთან შედარებით ძალიან მცირეა. ახლა თითქმის ყველაფერი რეჟისორზე, ანუ შოთაზეა დამოკიდებული.
- ამ ფილმში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შილიფად ხართ ჩაცმული.
- არჩევანი გაკეთდა ეგვიპტურ-ბერძნულ ჩაცმულობაზე. ზოგიერთ მომენტში სიშიშვლის ელემენტებიც იყო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შოთიკო ამ ყველაფერს როგორ გადაიტანს ფილმში.
- არ მიპასუხეთ კითხვაზე, გაგიჭირდათ თუ არა მედეას როლის შესრულება...
- მეგონა, რომ ბოლო მომენტში, როდესაც შვილები უნდა მომეკლა, უფრო გამიჭირდებოდა თამაში. აღმოჩნდა, რომ როდესაც მედეას სიყვარული ეგოისტურ და დამანგრეველ ძალად გადაიქცევა, ეს გადმოსაცემად უფრო რთულია.
- თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ...
- არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. ამ მხრივ ყველაფერი კარგად მაშინაა, როდესაც ადამიანი სულიერ განვითარებაზე ფიქრობს. პირველ რიგში, შენ გარშემო სამყარო უნდა გიყვარდეს.
- ახლა სადაა თქვენი მეუღლე?
- თემურ ტაგიევი ამერიკაშია და ჩემი დიდი პროექტისთვის ემზადება.
- საქართველოში იშვიათად ჩამოდიხართ. ყველაზე მეტ დროს რომელ ქვეყანაში ატარებთ, რუსეთში თუ ამერიკაში?
- ბოლო დროს ყველაზე დიდხანს ნიუ-იორკში ვარ ხოლმე.
- საქართველოში ყველაზე მეტად ვინ ან რა გენატრებათ?
- ყველაფერი - ჰაერი, ატმოსფერო, ღვინო, მწვანილი. არც ერთ ქვეყანაში არ ვსვამ წყალს ონკანიდან. ასე მარტო საქართველოში ვიქცევი.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)