ინოლა გურგულიას ანდერძი და მისი ქალიშვილის ბედისწერა

ინოლა გურგულიას ანდერძი და მისი ქალიშვილის ბედისწერა

ცნობილი ადამიანების შვილები, რა გზაც უნდა აირჩიონ, ხშირად ცხოვრების ბოლომდე საზოგადოებისთვის "ვიღაცის შვილად" რჩებიან. ჩვენი რუბრიკის სტუმარმაც თავისი გზა იპოვა, თუმცა წლების წინ ხალხმა ინოლა გურგულიას სიმღერით შეიყვარა.

სადაც უნდა გამოჩნდეს, დღემდე "ინოლას გოგოდ" მოიხსენიებენ: არცაა გასაკვირი, ია შუღლიაშვილი სიმღერითაც და გარეგნობითაც საოცრად ჰგავს დედას. სიმღერა პროფესიად მაინც არ აირჩია. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია, ტელეეკრანზეც ხშირად ჩანს - გრიმიორი მანანას როლშია სერიალში "გოგონა გარეუბნიდან". მსახიობობას მაინც მხოლოდ საქმედ მიიჩნევს, სიმღერას კი - სულის ნაწილად...

- ჩემი ძმა, დათო შუღლიაშვილიც არაჩვეულებრივად მღერის, გალობს. მამაც მუსიკოსი მყავდა - კომპოზიტორი მიხეილ შუღლიაშვილი. ამიტომ კლასიკა, ჯაზი - ყველაფერი ისმოდა ჩემს ოჯახში. ინოლა საბავშვო სიმღერებს რომ წერდა, პირველად ჩვენ გვამღერებდა. გენეტიკურად გამოგვყვა სიმღერის ნიჭი, მაგრამ სმენას განვითარებაც სჭირდება და არც ეს დაგვკლებია.

სხვათა შორის, სწორედ ინოლას სიმღერების შესრულებისას ჰგავს ჩემი ხმა მისას, - თითქოს სიმღერისას მისი ინტონაცია, ხმა ჩამესმის და მეც ინოლასეული ბგერა ამომდის. სხვა შემთხვევაში კი, შეიძლება რაღაც ფრაზა ინოლასიც გაიპაროს, მაგრამ, ძირითადად, მაინც ჩემსას ვმღერი. გარეგნობითაც ვგავარ ინოლას და მსმენელ-მაყურებელსაც თითქოს სურს, ინოლად დამინახოს. არ სურთ, გააცნობიერონ, რომ მეტი ინოლა აღარ იქნება. არც არის საჭირო არც ინოლასთვის, არც ჩემთვის. ინოლამ ანდერძად დაგვიტოვა, ჩემი სიმღერები იმღერეთ, მუდამ რომ ვიცოცხლოო და ამიტომაცაა, სადაც კი მთხოვენ, ყველგან ინოლას სიმღერებს ვმღერი.

- როგორ იქმნებოდა ინოლას სიმღერები, გახსოვს?

- საგანგებოდ არასდროს წერდა. შეიძლებოდა, ქუჩიდან "გამოჰყოლოდა" რაღაც მელოდია და შინ შემოსვლისთანავე როიალზე აეწყო; ან სამზარეულოში კერძის კეთება მიეტოვებინა, როიალს მისჯდომოდა, ჩვენთვისაც მოეხმო სამღერად და ასე შეექმნა მელოდიაცა და ტექსტიც; ან კიდევ შაბათ-კვირას ოჯახით ქალაქგარეთ გასეირნებისას დაბადებულიყო სიმღერა... მუზაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ჰყავდა. პირველ მეუღლესთან, ანზორ სალუქვაძესთან  ცხოვრებისას დაწერილი სიმღერები მასვე ეძღვნებოდა.

საბავშვო სიმღერები, რა თქმა უნდა, შვილების გავლენით დაიწერა. მაგალითად, დათოს დაბადებას საგანგებოდ მიუძღვნა "ნანა" - "პატარა ბიჭო, გენაცვალოს დედა..." ძირითადად, სიყვარულზე წერდა, მაგრამ ყველა სიმღერის ადრესატი არც ვიცი, - მამაჩემსაც უძღვნიდა, ალბათ, სხვა ადამიანებსაც, რაღაც ეტაპზე რომ ესიმპათიურებოდა... მისი სიმღერების უმეტესობას სევდა დაჰყვება, თუმცა ცხოვრებაში საკმაოდ ხალისიანი იყო. 10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი რამ მახსოვს.

ძალიან ხალისიანი იყო, "ხულიგანიც" კი: გადმოცემით ვიცი, რომ სკოლაში ხშირად ჩოხითა და ფაფახით დადიოდა... შეეძლო, ქუჩაში უცებ ხელი გაეშალა და ეცეკვა ან სამარშრუტო ტაქსიში უცებ ეთხოვა ჩემთვის და დათოსთვის, ვიმღეროთო (იცინის). არაჩვეულებრივად თამადობდა, თურმე, მამაკაცების სუფრასაც, მეგობრებს გამორჩეულად უყვარდათ. აი, ასეთი იყო ინოლა. დედის გარდაცვალების შემდეგ "ინოლას სამყარო" ჩემთვის მამუკა იყო, განსაკუთრებულად პოეტური ჩემი უფროსი ძმა დედის პირველი ქორწინებიდან. სიმართლე გითხრა, დედის გარდაცვალება ისე მძიმედ ვერ აღვიქვი, რადგან მაინც პატარა ვიყავი, როგორც მერე, მოგვიანებით მამუკას დაკარგვა. მამუკა ძმაც იყო და მეგობარიც, რომელიც სულიერ საზრდოს მაწვდიდა.

რომ გარდაიცვალა, მეგონა, რომ მეორედ მომიკვდა ინოლა (ცრემლი მოერია)... დათოს თითქოს ინოლას სიკეთე აქვს მოჭარბებულად, მე უფრო მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, - ვერ გეტყვი, ეს პოზაა, კომპლექსი თუ რა. ვიდრე ახლოს არ გამიცნობენ, ვიცი, ასეთად აღმიქვამენ. არადა, სინამდვილეში მეც საკმაოდ ვგავარ ინოლას... თუნდაც ბედისწერით. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დამთხვევაა: მეც დამენგრა პირველი ოჯახი და მასაც;

პირველად 21 წლისა გათხოვდა, მეც - ასევე; 38 წლისამ გამაჩინა მეორე მეუღლისგან, მეც უმცროსი ვაჟი - 5 წლის ანდრია ამ ასაკში გავაჩინე მეორე მეუღლისგან... დედის გარდაცვალებამ დაღი დამასვა - სწორედ ამან გამოიწვია ჩემი კომპლექსები. ინოლას სილაღე მომაკლდა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა მყავდა, მაგრამ კონსერვატორიც იყო. ცეკვა-სიმღერისთვის ჩვენი მოცდენა დროის კარგვად მიაჩნდა.

ჩემგან მეტ სერიოზულობასა და გულმოდგინე სწავლას ითხოვდა, ამიტომაც დავკომპლექსდი და მამასთან არც ვმღეროდი. მეგონა, ჩემი სიმღერა არ მოეწონებოდა. პირველად, 15-16 წლის ვიყავი, მეზობლის დაბადების დღეზე შემთხვევით შემოსწრებულმა რომ მომისმინა და გაოცდა. მერე კი ერთადაც ხშირად ვმღეროდით. რამდენჯერ ინოლას "ფიფქების" მღერა უთხოვია, - გამორჩეულად ეს უყვარდა, - მისმენდა და სადღაც, ფიქრებში იძირებოდა ხოლმე. იმ დროს, ალბათ, დედასთან "მიდიოდა"...

- ია, პირველ მეუღლეს მალე გასცილდი?

- ჩემი პირველი მეუღლე რეჟისორი გოგა თავაძე იყო, - ბათუმის თეატრის რეჟისორი და არა მერაბ თავაძის ვაჟი. 4 წელიწადს ვიყავით ერთად, მერე კი უფროს ვაჟს - დათოს მარტო ვზრდიდი. კარგა ხნის შემდეგ მეორედ დავქორწინდი, ამჯერად კომპოზიტორ და არანჟირების შემსრულებელ თემურ მაისაშვილზე.

- კვლავ დამთხვევაა, არა? - ინოლას მეორე მეუღლე, ანუ შენი მამაც კომპოზიტორი იყო. - თემურს დიდი ხნის განმავლობაში უყვარდი, მისი საოცნებო ქალი იყავი, გვიან კი გაჰყევი.

- ძალიან დიდხანს მელოდა - 10 წელიწადს ვმეგობრობდით (იღიმის). გოგასთან დაშორების შემდეგ გათხოვებაზე აღარც ვფიქრობდი. მარტოც მშვენივრად ვუძღვებოდი ჩემს პატარა ოჯახს და აუცილებლად არ მიმაჩნდა, გვერდით მაინცდამაინც ვინმე მყოლოდა. საკმაოდ ძლიერი, უშიშარი და ამტანი ვიყავი, ამასთანავე, მყავდნენ ძმები:

მამუკა, დათო და მერე დიტოც. მამის მეორე ქორწინებიდან 15 წლით უმცროსი ძმა, ფაქტობრივად, შვილივით გავზარდე. თემურს კი დიდ პატივს ვცემდი, საუკეთესო მეგობარი იყო, ერთგული და მოსიყვარულე, მაგრამ დაოჯახება არ მინდოდა. მერე კი... ბევრი ცუდი ამბავი მიეწყო: მამა გარდაიცვალა, მერე - მამუკა, მერე - ჩემი დედობილი, მამას მეორე მეუღლე, ბევრი ტრავმა მივიღე, ცუდი აზრები მომეძალა, მეშინოდა, მეც ინოლასავით რაიმე დაავადება არ შემყროდა და ამდენმა უარყოფითმა ემოციამ გამტეხა.

ნელ-ნელა ვიგრძენი თემურთან ერთად ყოფნის სურვილიც და აუცილებლობაც. ჩვენმა ქორწინებამ სრულიად შემიცვალა ცხოვრება: თემომ და პატარა ანდრიამ ყველა ცუდი აზრი გამიქარწყლეს. მეც თითქოს თავიდან დავიბადე. ახლა დედასთან მსგავსება დაბრკოლება და ტკივილი აღარ არის, უკვე სხვაგვარად ვცხოვრობ და იმ მსგავსებაშიც მხოლოდ დადებითს ვხედავ. წარსულის მძიმე დღეების გახსენება კი ძალიან არ მიყვარს, თითქოს ბარიერი აღვმართე.

ძალიან ბედნიერი ოჯახი მაქვს: მეც, თემოც და ჩემი ვაჟებიც - დათო და ანდრია - ოჯახურ იდილიაში ვცხოვრობთ. დათო ეკონომისტია, მუშაობს კიდეც, მაგრამ ბუნებით ხელოვანია - ბავშვობიდან მღეროდა, ახლა ფლეიტაზე უკრავს და ჯგუფიც ჰყავს. კარგი სმენა აქვს და საინტერესო თემებსაც ქმნის, არანჟირებასაც აკეთებს - თემურის მუსიკალური ცხოვრება ძალიან ეხმარება. ანდრია 2 წლიდან მღერის, თუმცა მის სმენას დამუშავება სჭირდება, სამაგიეროდ, კარგად ძერწავს, კონსტრუქციების აშენებასაც ცდილობს და მგონია, არქიტექტორი გამოვა - თემურმაც ხომ ეს ფაკულტეტი დაამთავრა!..

- საუბრის დასაწყისში ინოლას ანდერძი ახსენე, რა გიანდერძათ დედამ?

- ყველას მადლობას გვიხდის და მერე ცალ-ცალკე გვწერს: მამას ცოლის შერთვაზე მიანიშნებს, ჩვენი აღზრდა რომ შეუმსუბუქდეს; მამუკას თავისი სულისა და კალმის გამგრძელებელს უწოდებს; მე და დათოს კი "გვეუბნება", რომ უჩინმაჩინის ქუდი ახურავს და სულ ჩვენთან არის, ჩვენ კი მუდამ უნდა ვიმღეროთ მისი სიმღერები, რომ ინოლამ იცოცხლოს...

დღემდე უცრემლოდ ვერ ვკითხულობ ამ ანდერძს, მაგრამ ყველაფერი, ალბათ, მოსახდენი იყო. ვფიქრობ, იმიტომ შემხვდა ამდენი ტკივილი, რომ მერე ბედნიერებაც შემეგრძნო. საკუთარი თავი უნდა განაწყო და მიხვდე, რომ ამქვეყნად ყველაფერი კანონზომიერად ხდება და უკეთესით იცვლება.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება