როგორ გადაურჩა ია ჩანტლაძე ას აქლემად გაყიდვას

როგორ გადაურჩა ია ჩანტლაძე ას აქლემად გაყიდვას

მომღერალი ია ჩანტლაძე, შეიძლება ითქვას, პროფესიონალი მოგზაურია და 15 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე აქვს შემოვლილი, ყველაზე საინტერესო ამბებს უცხოური ვოიაჟებიდან დღეს ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენებს.

- პირველად მშობლების გარეშე საქა­რ­თველო-თურქეთის საზღვარი გადავკვეთე, მეგო­ბრებთან ერთად წავედი დასასვენებლად, 15 წლის ვიყავი. იმავე ზაფხულს ბულგარეთშიც გახლდით. ჩვენთან იმ პერიოდში კურორტები ასე არ იყო მოწყობილი. მაშინ მივხვდი, რომ მოგზაურობით დავავადდი.

ყველა მოგზაურობას თავისი საინტერესო შტრიხი ახლავს. მით უმეტეს, თუკი პირველად ჩადიხარ ამა თუ იმ ქვეყანაში, ყოველთვის გაკვირვებული რჩები, მაგრამ სამი წლის წინ იაპონიაში რომ ჩავედი, მივხვდი, რომ XXII-ე საუკუნის ქვეყანას ტყუილად არ უწოდებენ. ყველა ქვეყანას აქვს ძალიან დიდი კონტრასტები, თუკი ტოკიოს მოვიყვანთ მაგალითად, აქ ეს კონტრასტები საერთოდ არ იგრძნობა, ან მე მოვხვდი ისეთ ადგილებში, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. გარეუბანშიც ყველაფერი მოწესრიგებულია. იმანაც გამაოცა, რომ ყველა იაპონელი ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს, "სტაიანშიკსაც" კი ბედნიერი სახე აქვს (იცინის).

- ტოკიოში კოპოლას ფილმი არ გაგახსენდა?

- "თარგმანში დაკარგულები" ის ფილმია, რომელსაც ბოლომდე ვერ ამოხსნის ის ადამიანი, ვინც ნამყოფი არ არის ტოკიოში. გაგიჟდები, ისე ზუსტად არის დახატული ყველაფერი ამ ფილმში. იაპონიაში ინგლისური არავინ არ იცის და არც ის ჰგონიათ, რომ საერთოდ არსებობს კიდევ სხვა სამყარო. ყოველ წუთას მაჩერებდნენ ქუჩაში და ჩემთან იღებდნენ ფოტოებს არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალები. ასე უბრალოდ მოესურვებოდათ ხოლმე ჩემთან ფოტოს გადაღება. როგორც მე მივხვდი, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მათგან ძალიან განსხვავებული სახეები გვაქვს. ტოკიოსგან კიოტოში რომ გადავინაცვლე, კულტურული შოკი მივიღე, რადგან იქ სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა და წარსულში ვიმოგზაურე. იქაურ სიმშვიდეზე გავგიჟდი, რაც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ დამუფლებია. იაპონია არ ჰგავს არაფერს, ისევე, როგორც სხვა არაფერს არ მოგაგონებს ისრაელი და იერუსალიმი.

- ვიცი, რომ ებრაულად ლაპარაკობ.

- მესმის კარგად, ცოტა ლაპარაკიც შემიძლია. იერუსალიმი ცოტათი გამძიმებს კიდეც, რადგან სულ სხვა ემოციით იმუხტები. ზედმეტი თავისუფლებისა და ზედმეტი მხიარულების უფლება არ გაქვს. უკვე რამდენი ხანია აღდგომის დღესასწაულს იერუსალიმში ვხვდები. მყავს ძალიან კარგი მეგობრები ისრაელში, რომლებიც ტაძარში შესასვლელად საშვს მიკეთებენ ხოლმე, მოვყოლილვარ ჩხუბსა და ჭყლეტაში, მაგრამ ეს ყოველივე თან ახლავს ამ ამბავს.

- ვიცი, რომ ძალიან გიყვარს პარიზი.

- რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ამ ქალაქმა იმდენად დამშოკა, რომ მივხვდი, წინა ცხოვრებაში ფრანგი ვიყავი. როგორც კი პარიზის აეროპორტში აღმოვჩნდები ხოლმე, ვხვდები, რომ სხვანაირად ვსუნთქავ და ვიღიმი. ბევრისგან მომისმენია, რომ პარიზი არ უყვარს. ქვეყანას და ქალაქს გაყვარებს ან ადამიანები, რომლებიც იქ არიან, ან სული, რასაც ვერ ახსნი. პარიზი ჩემი ქალაქია ამ მხრივ. იმდენად აჟიტირებული ვიყავი, რომ პირველად პარიზიდან რომ დავბრუნდი, ფრანგულის სწავლა დავიწყე.

- ყველაზე მხიარული ვოიაჟი გაიხსენე.

- იტალიაში გახლდით მეგობრებთან ერთად და ძალიან ბევრი ვიხალისეთ, ისრაელის ფესტივალიც მახსენდება, სადაც ბენდთან ერთად ვიყავი. ასევე მათთან ერთად ვიყავი ბაქოშიც, სადაც 24 საათი ვიცინე. მოგზაურობა იმ ადამიანებთან ერთად არის კარგი, რომლებიც კარგად გიცნობენ. მეტი არც არაფერია საჭირო. კონცერტის წინ ერთი ასი გრამი ალკოჰოლი და ეგ არის!

- უცხოეთში თუ დაკარგულხარ?

- პარიზში, სასტუმროს კარგა ხანს ვერ მივაგენი, იქ ინგლისურად არ ლაპარაკობენ და პასუხი არავინ გამცა. მერე აღმოჩნდა, რომ სასტუმროს ვუვლიდი გარშემო, თუმცა პარიზში დიდი სიამოვნებით დავიკარგებოდი კიდევ (იცინის).

- შოპინგი უცხოეთში ნაცნობი თემაა?

- სანამ საზღვარგარეთ არ წავედი, მეგონა, რომ არ ვიყავი შოპინგის მოყვარული, უცხოეთში კი ყველაზე კარგად ვშოპინგობ, ყოველთვის მარტო უნდა ვიყო, შევდივარ დიდ სავაჭრო ცენტრებში, დიდი სიით ხელში, გრაგნილებზე მაქვს ჩამოწერილი რა მინდა, რომ არ დამავიწყდეს, რადგან არჩევანისას ძალიან მძიმე ვარ.

- რამდენი დაგიხარჯავს შოპინგში?

- ბარათით ვიხდი და ვხარჯავ იმას, რამდენიც ბარათზე არის. ყოველთვის მეზარება ხოლმე დათვლა (იცინის).

- მოგზაურობა და თაყვანისმცემლები...

- იაპონიაში რომ მივფრინავდი, ჩემ გვერდით იჯდა იაპონელი, რომელთან 12-საათიანმა ნაცნობობამ შედეგი გამოიღო (იცინის). ლეპტოპი მქონდა წაღებული და თვითმფრინავში ვმუშაობდი, ვამზადებდი მასალას საქართველოზე და მქონდა ფოტოები, ის დაინტერესდა ამ ფოტოებით, მეც მოვუყევი საქართველოს მთელი ისტორია (იცინის). მითხრა, ვიცი, რა პროფესიის იქნები, ან მსახიობი ხარ, ან მომღერალიო. ჩემი სიმღერები მოისმინა და გადაიწერა, როგორც აღმოჩნდა, ტოკიოს ერთ-ერთ რადიოში მუშაობდა და როგორც მერე გავიგე, იქ დაატრიალა (იცინის).

ისრაელში ისეთი მკაცრი ბიზნესვუმენის იმიჯით ჩავდივარ ხოლმე, რომ, როგორც წესი, ვერავინ ვერაფერს მიბედავს და ნაცნობებიდან ვიგებ, ამას და ამას მოეწონეო (იცინის).

პირველად რომ წავედი ისრაელში, მოვხვდი იერუსალიმის მუსლიმანთა უბანში. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, ყოვლად უსირცხვილო, საოცრად ჩაცმული ტურისტი, თანაც ჩადრის გარეშე. მეგობართან ერთად რესტორანში შევედი, რესტორნის მფლობელმა კი მოითხოვა ჩემი იქ დატოვება ასი აქლემის სანაცვლოდ (იცინის). საბედნიეროდ, არ დამტოვა მეგობარმა, თორემ ვიქნებოდი მომღერალი ხარჭა, მეშვიდასე (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება