ამჯერად მეგობრები, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე და ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია დავკითხეთ. მართალია, ისინი ბევრ კითხვაში ჩავჭერით, მაგრამ როგორც თავად თქვეს, მეგობრობა ამით არ განისაზღვრება. "რამდენი ხანიც ვიცნობ, იმდენი ხანია მიყვარს ნანიკო", - მითხრა ილუზიონისტმა ინტერვიუს დროს.
- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?
ნანიკო:
- ნამდვილად არ მახსოვს, ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი ზურა.
ზურა:
- გეფიცები, აზრზე არ ვარ. ბავშვობიდან ტელევიზიაში ვარ და რაც თავი მახსოვს, ვიცნობ, ყოველთვის მიყვარდა და მომწონდა ეს გოგო.
- როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ერთმანეთზე?
ზურა:
- პირველივე დანახვაზე მაგრად მომეწონა.
ნანიკო:
- ფილარმონიის უკან მოვხვდით ერთად მე და ზურა, რა ხდებოდა, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რაღაცები გააქრო-გამოაქრო, დამელაპარაკა, კონტაქტში შემოვიდა და აღფრთოვანებული დავრჩი. ჩემს ცხოვრებაში აქტიური ადამიანი შემოიჭრა თავისი გენიალური ფოკუსებით.
- რამდენი წლის არის? შენ?
- აზრზე არა ვარ. მე 39-ის გავხდები ოქტომბერში.
ზურა:
- რამდენ წლისაც უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ყოველთვის მომწონდა პატარაც და დიდიც. მე 50-ის ვხდები თებერვალში.
- ვინ არის ჰოროსკოპით? შენ?
ნანიკო:
- არ ვიცი, მე მორიელი ვარ.
ზურა:
- არ ვიცი, მე თევზები ვარ.
- როდის აქვს დაბადების დღე? შენ?
- ზოგჯერ ჩემი დაბადების დღე მავიწყდება. მეგობრები მახსენებენ ხოლმე, როცა მილოცავენ. კარგი იქნება, ორი დღით ადრე მაინც თუ გამახსენებენ, მოვემზადები მაინც (იცინის), ახლა 50 წლის ვხდები, საიუბილეო თარიღი მაქვს, ყველა ჩემთან იქნებით ჩემი კარგი მეგობრები. 24 თებერვალს მაქვს დაბადების დღე. ნანიკოს დაბადების თარიღი მართლა არ ვიცი.
ნანიკო:
- 21 ოქტომბერს მაქვს დაბადების დღე, ზურას დაბადების დღე არ ვიცი.
- როგორ გგონია, ყვავილები უყვარს? შენ?
- ჩუქება ალბათ უყვარს, მაგრამ თავად არა მგონია უყვარდეს, როცა ჩუქნიან. მე პროცესი მიყვარს, როცა მჩუქნიან, მაგრამ ათ წუთში შეიძლება გადავყარო. ყვავილების სახლში წაღება, მოვლა-პატრონობა არ მიყვარს. ოთახის ყვავილები მირჩევნია.
ზურა:
- სხვას რომ ვჩუქნი, მიყვარს. მარტო ყვავილს კი არა, ჩემთვის ძვირფას ადამიანს რომ ვასაჩუქრებ, ძალიან მახარებს, მათი გაფართოებული თვალები მევასება. ჩემი პროფესია ხომ გაოცებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მიხარია, ხალხს რომ ვაოცებ. ისე, ძალიან მიჭირს საჩუქრის არჩევა. ამიტომ კარგი გამოსავალი მოვძებნე, კონვერტში ვდებ ფულს და ვჩუქნი. რაც უნდა, იმას იყიდის. ნანიკოს ალბათ უყვარს ყვავილები, მაგრამ ძალიან მაგრადაც არა მგონია უყვარდეს.
- როგორ გგონია, რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?
ნანიკო:
- ზურა ისეთი აღზრდილია და ისეთი დიპლომატი, შეიძლება ვერასდროს მიხვდე, რა აღიზიანებს ქალში. მე უზრდელობას, ფამილარობასა და ტყუილს ვერ ვიტან მამაკაცების მხრიდან.
ზურა:
- ჩემი აზრით, უზრდელი მამაკაცი არც ერთ ქალს არ მოსწონს, არც ჭუჭყიანი მამაკაცი მოსწონს ქალს... ჩემი აზრით, ნანიკოს არ ჰყავს "ლუბიმჩიკები". მე ტყუილად არ მომეწონება და შემიყვარდება ადამიანი, კარგად ვიცნობ მის აურას. ნანიკოს გადაცემებს რომ ვუყურებ, სულ სხვადასხვა სტუმარი ჰყავს, ერთი და იმავე სახეებს არ იწვევენ. აქედან დასკვნა, რომ ნანიკო პირფერი და სიაფანდი ტიპი არ არის... მე რაც შემეხება, ქალში ქალი მიყვარს. უზრდელი ქალი არ მევასება, არც მოძველბიჭო ქალები მომწონს. ბევრი მინახავს ასეთი და ძალიან მაღიზიანებს.
- ჯიუტია? შენ?
- საქმეში სიჯიუტე კარგია, თუ ვიცი, რომ სწორად ვიქცევი, რქებითაც გავიტან ჩემსას. ნანიკოც ჯიუტი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ამდენს ვერ მიაღწევდა.
ნანიკო:
- ჯიუტია იმდენად, რამდენადაც უნდა, რომ ყველაფერი თავისი სურვილის მიხედვით გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში სიჯიუტე კარგია. მეც ჯიუტი ვარ.
- როგორ გგონია, მღერის? შენ?
ზურა:
- ნიჭიერი გოგოა, რატომ არ იმღერებს. მეც ვმღერი, მაგრამ იმდენი ნამუსი მაქვს, ფართო აუდიტორიის წინაშე რომ არ წარვდგე რომელიმე არიით (იცინის).
ნანიკო:
- სმენა მაქვს, მაგრამ მომღერალი არ ვარ. არც ზურა მინახავს ამღერებული, მაგრამ მგონია, რომ სმენა მასაც აქვს.
- რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს? შენ?
- მგონი არც ერთზე. მე ყველაზე ცოტა-ცოტა.
ზურა:
- ცოტ-ცოტას გიტარაზეც ვუკრავ და ფორტეპიანოზეც, მაგრამ ეს ნანიკომ კი არა, მგონი, ჩემმა შვილმაც არ იცის. ხალხი ფოკუსებს აკეთებს, მაგრამ ყველა ილუზიონისტი კი არ არის. მარტო რომ ვარ, მაშინ ვუკრავ, ჯარში ვისწავლე რაღაც რუსული სიმღერა: - "პასტოი პარავოზ"... (ღიღინებს), ნანიკოც უკრავს მგონი გიტარაზე.
- როგორ გგონია, სად ურჩევნია შვებულების გატარება? შენ?
- ალბათ ყველგან, სადაც თავს კარგად იგრძნობს, სადაც შეძლებს დასვენებას, იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც არ "ბურღავენ". სხვათა შორის, პოპულარობა ძალიან დამღლელია. კაფეში რომ ზიხარ და ჭამ, მაშინაც პირში გიყურებენ. დედას გეფიცებით, მღლის ეს ყველაფერი.
ნანიკო:
- დასვენება ისაა, როცა არ გირეკავენ, არ გაწუხებენ, ვერ გცნობენ, არ აკონტროლებ დროს. დასვენება შეიძლება თბილისში, წყნეთში, ბათუმში, იტალიაში. იქ, სადაც არ გაწუხებენ. მე ახლა შვებულება მაქვს და მარტო ყოფნა ვარჩიე. ჩემი შვილი დედაჩემთან ერთად გავუშვი დასასვენებლად და მე მარტო დავრჩი თბილისში. აქ მირჩევნია.
- როგორ გამოხატავს გაბრაზებას? შენ?
ზურა:
- გააჩნია ვინ გააბრაზებს. თუ ისეთი ადამიანი გააბრაზებს, ვინც მაგრად ევასება, ალბათ მაქსიმალურად ეცდება, თავი შეიკავოს. მეც შეიძლება რაღაც მომენტში გავგიჟდე, ვაგინო, ვუყვირო და მერე ვინანო, ნეტა რატომ ვიყავი ასეთი რადიკალური-მეთქი.
ნანიკო:
- მე ფეთქებადი მგონია ზურა. მეც ფიცხი ვარ. რომ ვბრაზდები, მეკითხებიან, დიპლომატია სად გაქვსო. რა ვქნა, ამ დროს დიპლომატიაზე ვერ ვფიქრობ.
- მისი საყვარელი კერძი? შენი?
ზურა:
- არ ვიცი. წითელი ღვინო რომ უყვარს, ეგ ვიცი, მე საცივი მიყვარს.
ნანიკო:
- არ ვიცი, მაგრამ ხორცი რომ უნდა ერიოს, ალბათ ისეთი კერძები ეყვარება. მე ქათამი მიყვარს ნებისმიერ მდგომარეობაში.
- როგორი სიმთვრალე აქვს? შენ?
ზურა:
- მთვრალი არასდროს მინახავს. მეც არ ვსვამ დათრობამდე. ბოლოს 2008 წლის 3 მარტს დავთვერი. ძმაკაცი გარდამეცვალა და ბოღმაზე დავლიე.
ნანიკო:
- არ ვიცი. მეც არ მახსოვს, როდის დავთვერი ბოლოს.
- როგორ გგონიათ, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
ზურა:
- კარგად საკუთარ თავსაც არ ვიცნობ. არ ვიცი, სხვა როგორ უნდა მიცნობდეს კარგად. მაგრამ ერთი რამ ვიცი, რამდენი ხანიც ვიცნობ ნანიკოს, იმდენი ხანია მიყვარს. ჩემი ოჯახისთვის პატივსაცემი პიროვნებაა.
ნანიკო:
- ადამიანი იზრდება, იცვლება, ეცვლება დამოკიდებულებები, შეხედულებები, ფასეულობები. შეიძლება, ვერც ერთ კითხვას ვერ გავარტყი, შეიძლება ყველა გამოვიცანი. არ ვიცი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე და ზურა ერთმანეთს არ ვიცნობთ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)