მსახიობი, მწერალი, რეჟისორი... ეს გივი სიხარულიძის რეგალიების არასრული ჩამონათვალია. ზოგი კოლორიტს ეძახის, ზოგს ძალიან უყვარს, ზოგსაც - არა. ამ ხალხს ბატონი გივი ძალით ინტელიგენტებს ეძახის. ახლახან ”კომედი შოუს” კონცერტზე გამოვიდა და მონოლოგი წაიკითხა. თუ რა თემაზე, ამას ინტერვუის წაკითხვისას გაიგებთ. თუმცა ამის გარდა ბატონ გივის არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
- ბატონო გივი, როგორ ჩაიარა ”კომედი შოუს” კონცერტმა ფილარმონიაში?
- ძალიან კარგად. ნიჭიერებით იყო სავსე სცენა. ამიკო ჩოხარაძე ძალიან ნიჭიერი ბიჭია, გიორგი აფციაურიც უნიჭიერესია და საერთოდ, ვანო ჯავახიშვილი და ”კომედი შოუ” დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. ამიტომაც დავთანხმდი მონაწილეობას. ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში ვიყავი. მთელი ჩემი პროგრამა ”ცისფერებისკენ” იყო მიმართული. თუ როგორ წალეკეს დღეს მთელი საქართველო და რა დღეშია ჩვენი ერი. ადრე მამაკაცები უმრავლესობაში ვიყავით და მთელი მსოფლიო აცხადებდა, რომ უმცირესობისთვის პატივი გვეცა. დღეს დადგა დრო, რომ უმცირესობაში მამაკაცები გადავედით და ახლა ჩვენ მოგვხედოს ამ მთავრობამ და ჩვენზე იზრუნოს. ადრე ვისაც უმცირესობას ეძახდნენ, ახლა ისინი გახდნენ უმრავლესთა უმრავლესობა.
- თქვენ მოიფიქრეთ ეგ თემა თუ ”კომედი შოუს” ბიჭებმა შემოგთავაზეს?
- ერთად შევიმუშავეთ. ჩემი ნოველისტური გააზრებაც იყო და მათიც. რაც მთავარია, მე ერთი რამე ვიცი, რომ ”ცისფერებს” მოსაკლავად კი არ დავდევ, არა, მე ვდევ მხოლოდ ერთ რამეს და ეს უნდა მიიღოს ყველამ ყურთასმენად: შენ რაც გინდა იყავი, მაგრამ ავადმყოფი ხარ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, კიბო რომ ჰქონდეს შენს ამხანაგს და მეგობარს, ხომ გვერდში დაუდგები? ასეა, თუკი რამეს შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ და ”ცისფერობიდან” ხელი ავაღებინოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე იმის წინააღმდეგ გამოვდივარ, რომ გაიძახიან, ჩვენ ვართ ყველაზე გაფეტიშებული, ყველაზე ბრძენი, ყველაზე ელიტურიო.
- სად იძახიან, ბატონო გივი?
- როგორ სად იძახიან, თქვენ ვერ ხედავთ, რა ხდება? მსოფლიო კულტურის ვერც ერთ სფეროში ვერ შეაღწევ, ყველგან და ყველაფერში ეგენი არიან. ვერც ჰოლივუდში გახდები ვარსკვლავი, ვერც თეატრალურ ხელოვნებაში, ვერც საესტრადოში, ვერაფერში. ვერსად ვერ გაიხარებ, ეგენი მართავენ მთელი მსოფლიოს კულტურასა და ხელოვნებას.
- საქართველოშიც?
- საქართველოშიც ეგრეა. აი, ზუსტად მაგას ვებრძვი მეც და ეს გადაცემაც. მადლობელი ვარ ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის, ეს აუცილებლად დაწერეთ, მადლიერი ვარ ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის, რომ ეს თემა უკვე გააჟღერეს იუმორისტულად. იქ ის კი არ იყო, რომ ვინმეს ვახრჩობთ ან ვესვრით, არამედ შარჟის თემა გახდა, რომ ჩემი ქვეყანა უბედურდება, ქალები ”ლესბით” არიან დაკავებულები, მამაკაცები კი ჰომოსექსუალიზმით. ამაზე მქონდა ოცწუთიანი პროგრამა.
- შეგიძლიათ ამ მონოლოგიდან ერთი მონაკვეთი მაინც წაგვიკითხოთ?
- ერთი ფრაზა ასეთი იყო: ”ჩემო საყვარლებო, თუ გაიგოთ, რომ თავი ჩამოვიხრჩო, არავის არ დააბრალოთ, მე თვითონ მოვიკალი, იმიტომ, რომ აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. იმიტომ მინდა ჩამოვიხრჩო თავი, ახლა რომ მოვკვდე, კაცურად დამმარხავენ, ჩემს ქელეხსა და ორმოცს ვაჟკაცი ხალხი გადაიხდის. მე რომ ოცი წლის შემდეგ მოვკვდე, ჩემს კუბოს ოთხი კოლჰოტებში გამწყობილი ტუჩებგაკრასკული ცისფერი წაიღებს”.
- მაყურებელს რა რეაქცია ჰქონდა?
- ოვაციებით შეხვდნენ, ყველა დაიღალა, ყველას მოჰბეზრდა ამ საძაგლობის ყურება. ადრე ათ კაცზე ათი ქალი მოდიოდა, ახლა ათ კაცზე ათი კაცი მოდის და რა ქნას იმ ათმა ქალმა?!.
- ისედაც დემოგრაფიული პრობლემა დგას საქართველოში...
- დემოგრაფიის გვაქვს თუ გეოგრაფიის, არ ვიცი, მაგრამ ”პედერასტიზმის” და ”ლესბიანიზმის” პრობლემა რომ გვაქვს, ეს ასპროცენტიანია.
- ბატონო გივი, არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც მათ უფლებებს იცავენ. ამ განცხადებების შემდეგ შეიძლება თქვენ წინააღმდეგ განცხადება გააკეთონ.
- ერთ რაღაცას გეტყვით, მაგათ უფლებებს ვინც იცავს, მათზე მეტად მე ვიცავ. პირდაპირ ვამბობ, რომ არც ერთ ჰომოსექსუალისტს ბრძოლა არ უნდა გამოვუცხადოთ და თოფი არ უნდა ვესროლოთ. პირიქით, მხარში უნდა ამოვუდგეთ და ვეცადოთ, რომ ასეთები არ იყვნენ. მე ვებრძვი იმას, როცა ამბობენ, ჩვენ ვართ გაფეტიშებული, ელიტური სამყარო, ნიჭიერები, სხვა ყველა იდიოტია და მოგვბაძეთ ახალგაზრდობამო. მე არ მინდა, რომ ახალგაზრდა ერმა მათ მიჰბაძოს და თუ მათი უფლებების დამცველები ჩემ წინააღმდეგ გაილაშქრებენ, მე ვეტყვი, რომ ჩემ წინააღმდეგ გასალაშქრებელი არ აქვთ. თავიანთი თავის წინააღმდეგ გაილაშქრონ. თუ ამაზე ისინი ბრძოლას გამომიცხადებენ, მაგათი დედის ტ..... ასე დაწერეთ. მეტი რა გითხრათ.
- კონცერტზე ვსაუბრობდით და ამ თემაზე გადავედით. არადა, მინდოდა, ვახო ბიჭიკაშვილის პაროდიაზე მეკითხა.
- კი, ძალიან კარგად აკეთებს და ამის უფლება მე მივეცი. ვუთხარი, როგორც გინდა და როგორი ინტერპრეტაციითაც გინდა, ისე იმოძრავე, ოღონდ კარგად გამოგივიდეს-მეთქი და პირველი ადგილიც აიღო. როდესაც შენს პაროდიას აკეთებენ, ესე იგი ხალხს აინტერესებ. რატომ ჩემი მეზობელი ვანოს ან თამარას პაროდიას არ აკეთებენ.
- ძალიან ხშირად მოგზაურობთ...
- დიახ, ახლაც ლონდონში უნდა გავფრინდე, მერე ამერიკაში, საფრანგეთში, კონგოში და მერე ავსტრალიაში. ბევრ ქვეყანაში მიწვევენ ჩემი წიგნების გამო. 2006 წელს მე არ ვესწრებოდი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მწერალთა კავშირმა საერთაშორისო ფედერაციის სარევიზიო კომიტეტის წევრად ამირჩია. მაგრამ როგორც კი 2008 წელი დადგა და ომი მოხდა, მე მათკენ გამხედავი არ ვარ და ერთ ადგილას შეიტენონ თავიანთი არჩევა. იმ სახელმწიფოსკენ, რომელიც ჩემს ხალხს გაჟუჟავს და გენოფონდს მომისპობს, გახედვაც აღარ მინდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ასეთი რამე მოხდა. ესე იგი მაფასებენ, მაგრამ მე არ მინდა ისეთი ქვეყნის დაფასება, რომელიც ჩემს ქვეყანას ომს უცხადებს.
- ახლახან თქვენს ერთ-ერთ ლექსზე მაცაცო სებისკვერაძემ სიმღერა დაწერა...
- ეს ჩემი იდეა არ ყოფილა. კარგად იცით, რომ რადიო ”საქართველოს ხმაზე” გადაცემა ”იყოს ქვეყანა” მიმყავდა, მერე რადიო ”აფხაზეთის ხმაზე” ”არასოდეს მომენატრები”. ყველას უკვირდა, რატომ არასოდეს, აფხაზეთზე ვსაუბრობდი და არასოდეს მომენატრება, იმიტომ, რომ ვერასოდეს დავივიწყებ. ცოტა ხანში აფხაზეთი მოსანატრებელი რუსეთს გაუხდება.
- სიმღერაზე ვსაუბრობდით...
- მაცაცო ჩემი მეგობარია და როდესაც გადაცემაში სტუმრად მყავდა, ეს ლექსი წავიკითხე, მაშინვე მითხრა, ამაზე სიმღერა უნდა დავწეროო. ასევე კომპოზიტორმა ამანათაშვილმა იგივე სიმღერა, ”დამიმსხვრიე გულის შუშაბანდები”, დუდუკებზე დაწერა და ეკა კვალიაშვილთან ერთად იმღერებს. ნუნუ გაბუნიამაც დაწერა ჩემს სამ ლექსზე ორი რომანსი და ერთი სიმღერა.
- თქვენს ცნობილ ლექსზე ”ვეღარ გამიგია მძულხარ თუ მიყვარხარ” არ დაწერეს სიმღერა?
- დიახ, ამაზე კომპოზიტორმა დავითაშვილმა დაწერა. ერთხელ ჩემს ერთ-ერთ ლექსზე სიმღერას ნუნუ გაბუნია წერდა. ერთ საღამოს მირეკავს და მეუბნება ორი ტაეპი აკლია და რას იზამო. მე ვუთხარი, 15 წუთში დაგირეკავ-მეთქი და ასეთი რამ დავწერე ”მერე დალია ვნება აშლილმა, ტრფობის ფოთლები ტანზე აისხა”. ეს რომ ვუკარნახე, ჭკუიდან გადავიდა, რამ მოგაფიქრაო.
- ლექსის დასაწერად ყოველთვის მუზას ელოდებით?
- რა თქმა უნდა, შეიძლება ერთი წელი არც მოვიდეს. ჩემი ერთი ლექსი ასე მთავრდება, ”მე შენ აგასხამ უნაზესი ოცნების მძივებს”. ახლა ეგრე არ არის რა, ასე არ მოდის ეს სიტყვები. მე მჭირდება მუზა, რომელიც ღმერთზეა დამოკიდებული. საერთოდ, რა არის მწერალი? ახლა მწერალთა კავშირის ამბები რომ იყო, მე ამ ორგანიზაციის წევრი ვარ და წლების განმავლობაში, წივწივაძის დროს, მწერალთა კავშირის, უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგე ვიყავი. მერე განცხადება დავწერე და წამოვედი. მწერალთა კავშირის წევრად ვრჩები, მაგრამ ხუთი წელია მათი კარი არ შემიღია, მათთან საერთო არ მაქვს. მწერლები რომ ასე დასცხებენ ერთმანეთს, ესე იგი, რაღაცაშია საქმე. არც ერთ მხარეს არ ვადანაშაულებ, მაგრამ არ მომწონს. მწერალთა კავშირში ვარ, მაგრამ იქ კარის შემღები აღარ ვარ. მწერალს მოკარნახედ ღმერთი უნდა ჰყავდეს და რომ დაწერს, ხალხმა უნდა აიტაცოს. რის კავშირი, რა კავშირი. ეს მოძველებულია, არავის არ სჭირდება. ერთი კავშირი უნდა გქონდეს მწერალს ღმერთთან და ხალხთან. მორჩა, მანდ მთავრდება ყველაფერი.
- ბატონო გივი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ, არ გღლით პოპულარობა?
- ქუჩაში რომ მივდივარ, შეიძლება ზოგს ეს ტრაბახი ეგონოს, მაგრამ უამრავი ადამიანი მომდევს, ჩემს შვილთან სურათი გადაიღეო. ერთხელ, მე და დრამატურგი რეზო კლდიაშვილი ზღვაზე ვისვენებდით. მითხრა, ძმაო, ეს დასვენება კი არა, სატანჯველიაო. ზღვამდე ვერ მივაღწიე. ადამიანი ამხელა სიყვარულის ნაპერწკალს რომ გესვრის, შენ ჭიაკოკონა უნდა დაუნთო. მეც ასე ვიქცევი და ძალიან ვიღლები. როგორც იქნა, ზღვამდე მივაღწიე, შევედი და ვხედავ, ორი ბიჭი მოცურავს, ერთს ცალ ხელში აპარატი უჭირავს, ჩემს ძმაკაცს ზღვაში უნდა თქვენთან ერთად სურათის გადაღებაო. გავგიჟდი... ორი პოპულარობა არსებობს, შეიძლება ძალიან პოპულარული იყო და ხალხს არ უყვარდე. მე ხალხს ვუყვარვარ და მეც მიყვარს ხალხი.
- თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც გაკრიტიკებთ...
- ჩემს წიგნებზე კრიტიკა ჯერ არ ყოფილა. არც კინოროლებზე გამიგია, არც ცეკვაზე. ჩემი პიროვნება ბევრს აღიზიანებს, ბევრს უყვარს. მე რა მიხარია, იცით? ჩემი პიროვნება იმას აღიზიანებს, ვინც სულიერად ინტელიგენტი არ არის და თამაშობს. მე უბრალო ხალხს ვუყვარვარ, რომელიც ყველაზე ბრალიანია, მაგრამ უბრალოს უწოდებენ. აი, ისინი არიან სწორედ ინტელიგენცია. მათ რომ ვუყვარვარ, ეს არის ჩემი ბედნიერება.
- თქვენზე ამბობენ, ქართველ ჩეხოვობას იბრალებსო.
- ჩემო კარგო, ფილარმონიაში კონცერტზე ვიყავი და ამის მოწმეები ომარ მხეიძე და ფრიდონ სულაბერიძე არიან. კონცერტს რუსეთის ელჩი, ძალიან ინტელიგენტი კაცი ესწრებოდა, შემდეგ ყველა ნაძირალა გამოდგა. პირდაპირ უთხრა ხალხს, ”ხალხნო, თქვენ გყავთ ქართველი ჩეხოვი, მე წაკითხული მაქვს მისი ნაწარმოებები და ვიცნობ მის შემოქმედებას”.
- პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი ხართ...
- დიახ, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა. ოპოზიციას ჩემგან სწყინს, მაგრამ გამოაშკარავდა, რომ ეს ოპოზიცია ოპოზიცია არ ყოფილა. მე ოპოზიციონერი გავხდები ხვალვე, თუ ჩემი ერი ისეთ კაცს მაჩვენებს, როგორიც იყო მერაბ კოსტავა ან ჟიული შარტავა. დღეს მე მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა შენდება. ახლა ქუთაისიდან მოვდიოდი და გორიდან ანთებული გზა რომ დაიწყო, ყველაფერს ვფიცავ, თავი ბროდვეიზე მეგონა. ჩემი ძველი თბილისი რომ გალამაზდა, ბრმა ვარ, ვერ დავინახო? ბევრჯერ შევხვედრივარ შობას ბერლინში და პარიზში. შანზელიზეზე ვგიჟდებოდი, რა განათებულია და რა ბედნიერებაა-მეთქი. ბედნიერი კაცი ვარ, რომ ორი წლის განმავლობაში შანზელიზეზე ლამაზი იყო ვაკე და რუსთაველი. ეგრე არ არის, ამას დანახვა უნდა, ძმაო. მანქანებს იპარავდნენ და ხალხს იტაცებდნენ. ქურდული სამყარო თავზე ეჯდა ჩემს ქვეყანას და ექვსი საათის შემდეგ ხალხი გარეთ ვერ გამოდიოდა. ეს დაავიწყდა ხალხს? მაგრამ მე ყოველთვის ვიტყვი, ძალიან კარგია, რომ ქვეყანა ლამაზდება, მაგრამ ერთ რამეზე უნდა იფიქროს ჩემმა მთავრობამ, ასეთ გალამაზებულ, გამშვენიერებულ ქალაქებსა და გზებს, ლამაზად მოსიარულე ადამიანები სჭირდება. ბევრი მეგობარი დავკარგე იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის იმპერიას საინფორმაციო ომი მთელ მსოფლიოში მოუგო და დააჩოქა. მე ხომ არ ვამბობ, რომ ავტომატებით მოვუგეთ, პირიქით, ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, ტერიტორიებიც დავკარგეთ, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის ჭკუამ და გონებამ მთელ მსოფლიოში რუსეთს თავი მოსჭრა და ციცერონივით... ეს უნდა დაწეროთ, ციცერონივით მეტყველებს. მის გამოსვლას რომ ვუყურებ, მუსოლინი მახსენდება. როცა ორატორობდა, ქალები, ეს დაწერეთ, ქვეშ იფსამდნენ. მე ხომ არ ვამბობ, რომ მისი ორატორია ყველაფერში მართალია და არაფერი ტყუილი არ უთქვამს. შეიძლება ტყუილიც უთქვამს, მაგრამ ორატორული ნიჭით დაჯილდოებული კაცია. ხომ არ ვამბობ, რა წესიერია და როგორი პატიოსანია. პატიოსანი არის ჩემი მეზობელი გრიშა, იდიოტი, მშიერი კვდება და ორჯერ გული წაუვიდა და დაეცა. პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ სიცრუეც უნდა იყოს და სიმართლეც, მაგრამ იმდენი ნიჭი რომ გაქვს, ხალხს ასე ”აიყვან”... ჩემთვის საამაყო იყო, ევროპარლამენტი ფეხზე რომ წამოდგა და მცირერიცხოვანი ერის პრეზიდენტს ერთი საათი ტაშს უკრავდა. ბოდიში, მაგრამ უნიჭობით ასე არ ხდება.
- რადიო ვახსენეთ, თუ არ ვცდები, ახლა აღარ მუშაობთ?
- მუდმივი სამსახური არ მაქვს. ჩემი შვილი აშშ-ის მოქალაქეა და შეიძლება, საცხოვრებლად ამერიკაშიც წავიდე. არ ვიცი, შეიძლება ”საქართველოს ხმაზე” გადაცემები გავაკეთო. ეს რატომ გადავწყვიტე, იცით? ”შერატონში” შევედი და მთელი მთავრობა იქ იყო. თურმე პრეზიდენტიც იქ იჯდა და დამიძახა, გივი, მოდიო, პლასიდო დომინგო იყო ჩამოსული. მივედი... გოკა გაბაშვილიც იქ იყო, პეტრე ცისკარიშვილიც, უთხრა, თქვენ არ იცით, როგორ მიყვარს მე ამის რადიოგადაცემებიო.
- პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა?
- რა თქმა უნდა, ტყუილს ხომ არ ვიტყვი, შეიძლება პრეზიდენტმა წაიკითხოს ან გოკა გაბაშვილმა, ან პეტრემ, იტყვიან, გაგიჟებულაო. რეალურ ამბავს ვამბობ. მომეფერა და მომესიყვარულა. ერთხელ მე და რეზო კლდიაშვილი მცხეთაში სალობიესთან ვიყავით და იქაც შემხვდა. მითხრა, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის შენს გადაცემებს ვუსმენო. მესიამოვნა. რატომ არ უნდა მესიამოვნოს, პრეზიდენტი ამას რომ მეუბნება? იმას კი არ ვამბობ, რომ ძალიან მაგარი ვარ, ჩვეულებრივი გადაცემაა, მაგრამ მოეწონა და მიხარია. ერთი რამე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, მე პოზიცია და ოპოზიცია არ მაინტერესებს, მე ასე ვმსჯელობ, ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენ გვეყოლება ოპოზიცია და პოზიცია, რომლებიც ისეთ ჭკუაზე დადგებიან, რომ ერთი საქმე აკეთონ, რასაც საქართველოს სიყვარული ჰქვია.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)