ფინური წარმოშობის ცნობილმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა რენი ჰარლინმა მუშაობა დაამთავრა აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ გახმაურებულ ფილმზე, რომელშიც მთავარ როლს ენდი გარსია თამაშობს.
როდის გამოვა ფილმი ეკრანზე, მოიპოვებს თუ არა წარმატებას, - ამ კითხვით კინოსურათის პროდიუსერს დავით იმედაშვილს მივმართეთ, მან გვითხრა: "ფილმის პრემიერის ზუსტი "დეითი" (ანუ ქართულად თარიღი - ნ.მ.) ჯერ ცნობილი არ არის, მის წარმატება-წარუმატებლობას კი გაყიდული ბილეთების რაოდენობა განსაზღვრავს!" დავით იმედაშვილმა გვირჩია, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ერთ-ერთ ინტერნეტგვერდს გავცნობოდით...
აღმოჩნდა, რომ ამ გახმაურებული ფილმის ჩვენება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში უკვე შედგა. ფილმის ერთ-ერთი შემქმნელი ჯორჯ ლასკუ იმასაც ამბობს, რომ კინოფილმის მსოფლიო პრემიერა ამ გაზაფხულზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მისი სათაურიც შეიცვალა - "აგვისტოს ხუთი დღე" და არა "ჯორჯია". საინტერესოა, რომ ფილმის გადაღების პროცესში ჩართული იყო ცნობილი რუსული კასკადიორული კომპანია შტუნტარტ-ი. ფილმის რეჟისორ რენი ჰარლინის კომენტარი კი ასეთია: ეს ფილმი არც ანტიქართულია, არც ანტირუსული და არც ანტიამერიკული, ის, ომის წინააღმდეგ არის მიმართული.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)