საქართველოში ჩატარებულ "ევროვიზიის" კონკურსს ამჯერადაც სკანდალი მოჰყვა. გამარჯვებული ჯგუფ "ელდრაინის" ყოფილი სოლისტი თაკო ვადაჭკორია ამბობს, რომ ჯგუფიდან წასვლა აიძულეს. ინტერნეტსაიტებზე აქტიურად განიხილება ეს საკითხი. ზოგი ამბობს, რომ თაკოს უსამართლოდ მოექცნენ, რომ ფაქტობრივად, მისი წყალობით მოიპოვა ჯგუფმა გამარჯვება და ახლა სოლისტის შეცვლა უსამართლობაა. სიტუაციაში გასარკვევად საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერ ნათია უზნაძეს ვესაუბრეთ:
- "ევროვიზიის" კანონის მიხედვით, როდესაც საპროდიუსერო ჯგუფი წარმოადგენს რომელიმე ჯგუფს და ის ჯგუფი იმარჯვებს, მაშინ "პირველ არხს" ჯგუფთან შეხება არ აქვს. არხი კონტრაქტს აფორმებს საპროდიუსერო ჯგუფთან, რომელიც კონკრეტულ მომღერალს წარადგენს. "ელდრაინი" წარადგინა საპროდიუსერო ჯგუფმა "ტიტანი", შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელშეკრულებას "ტიტანთან" აფორმებს, მანამდე კი "ტიტანმა" მთელ ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა წარმოადგინოს. 27 თებერვალს ჩვენ უკვე უნდა გვქონოდა ხელშეკრულება, რადგან თბილისში უნდა ჩამოსულიყო ფრანგი რეჟისორი პასკალი, რომელსაც უნდა დაედგა "ელდრაინის" სიმღერის სასცენო ვერსია. 26 თებერვალს "ტიტანმა" გვითხრა, რომ ხელშეკრულებას მხოლოდ თაკო ვადაჭკორია არ აწერდა ხელს. ვთხოვე, მოსულიყვნენ და იქ შეთანხმებულიყვნენ. თაკო მეუღლესა და ადვოკატთან ერთად მოვიდა. დათმობებზე ორივე მხარე წავიდა, მაგრამ საბოლოოდ თაკომ მაინც არ მოაწერა ხელი ხელშეკრულებაზე, რადგან ზოგიერთი საკითხი არ აკმაყოფილებდა. ყველა შოკირებული დავრჩით.
- ამბობენ, რომ თაკომ "ევროვიზიის" კონკურსიდან დაბრუნების შემდეგ ხელფასის დანიშვნა მოითხოვა...
- საპროდიუსერო ჯგუფს ის მართლაც სთხოვდა ხელფასის დანიშვნას.
- მსგავსი შემთხვევა ყოფილა? კონკურსანტს ხელფასის დანიშვნა მოუთხოვია?
- მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. მომღერალს, რომელიც "ევროვიზიაზე" მიემგზავრება, თანხა არ მოუთხოვია. არავის უთქვამს, "ევროვიზიიდან" რომ ჩამოვალ, ხელფასი გადამიხადეთო. კონტრაქტში იყო პუნქტი, სადაც ეწერა, რომ როცა ამ ჯგუფს კონკურსის მერე კონცერტზე მიიწვევდნენ და თანხას გადაუხდიდნენ, ის ყველას გაუნაწილდებოდა. "ევროვიზიისთვის" მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. 11 მარტს კლიპი მზად უნდა გვქონოდა. თაკომ ეს ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ მაინც წავიდა. მიუხედავად ამისა, ბევრ ფორუმზე იწერება, რომ გაიმარჯვა თაკომ და ახლა "ევროვიზიაზე" სოფო ტოროშელიძე უსამართლოდ მიდის.
- ფორუმზე იმასაც წერენ, რომ მათ თაკოს დაუმესიჯეს და ის უნდა წასულიყო, მაგრამ რადგან "ელდრაინთან" დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა, მაშინ სოლისტი კი არ უნდა შეეცვალათ, მეორე ადგილზე გასული ადამიანი უნდა წასულიყო კონკურსზე...
- ეს მთელი ჯგუფის შეურაცხყოფა იქნებოდა. სცენაზე ყველა ერთად იდგა. "ელდრაინს" ვერ მოვხსნიდით კონკურსიდან, რადგან მთელმა ჯგუფმა გაიმარჯვა. თაკო გაციებული იყო და კარგად ვერ იმღერა, მაგრამ ჟიურიმაც და მაყურებელმაც ხმა მისცა სიმღერას. რა უნდა გაგვეკეთებინა? მეორე დღეს თბილისში რეჟისორი ჩამოდიოდა. თაკოს ნაცვლად საპროდიუსერო ჯგუფი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდა. საბოლოოდ არჩევანი სოფო ტოროშელიძეზე შეაჩერეს. ჩვენ რომ გვკითხეს, სოფოს კანდიდატურა მოგწონთ თუ არაო, ვუთხარით, რომ თანახმა ვიყავით. ჩვენთვის სულერთი იყო, ვინ იქნებოდა თაკოს ადგილას. მთავარი ის იყო, რომ ჯგუფი ექვსი წევრისგან ყოფილიყო შემდგარი. ვერ წარმოიდგენთ, რა დღეები გამოვიარეთ.
- როგორ შეეგუვნენ სოფო და ჯგუფის წევრები ერთმანეთს?
- ჯგუფის წევრები სოფოს დიდი ხანია იცნობენ. თავად ჯგუფი ძალიან განიცდიდა თაკოს წასვლას, მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.
- "ელდრაინის" ყოფილმა სოლისტმა თქვა, რომ, ფაქტობრივად, აიძულეს წასვლა.
- ძალა არავის დაუტანებია. ოთახიდან რომ გადიოდა, ვკითხე, რას მიკეთებ, სოლისტის გარეშე მტოვებ-მეთქი? არაფერი არ უთქვამს, ისე წავიდა. ამხელა კონკურსის წინ იმაზე იფიქრო, რომ ჩამოვალ, ხელფასი მქონდესო, ცოტა უხერხულია.
- ამბობენ, რომ წელს თბილისში ჩატარებული "ევროვიზიის" შიდაშესარჩევი კონკურსი ძალიან სუსტი იყო, თქვენ ამის შესახებ რა აზრის ხართ?
- ვერ ვიტყვი, რომ სუსტი კონკურსი იყო. ჩემი აზრით, სიმღერები ყველა ჟანრის მოყვარულებზე იყო გათვლილი.
- ბოლო ორი წლის განმავლობაში სასცენო შოუს დადგმისას არჩევანი ფრანგ რეჟისორზე რატომ გაკეთდა?
- პასკალმა თავად გამოთქვა ჩვენი დახმარების სურვილი. წლევანდელ "ევროვიზიაზე" მთლიანად ქართულ პროდუქტს წარვადგენთ. სიმღერა ჯგუფის წევრებმა დაწერეს. კლიპი საზოგადოებრივი მაუწყებელის რეჟოსორებმა გადაიღეს. მხოლოდ პასკალი გვყავს უცხოელი, რომელმაც თავად გამოთქვა დახმარების სურვილი.
- ამბობენ, რომ შარშან "ევროვიზიაზე" წასასვლელად ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა, რა ხდება წელს?
- ასე იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ სოფო ნიჟარაძემ საქართველო ძალიან მაღალ დონეზე წარადგინა. ცნობილია, რომ სოფო ნიჟარაძე დასახელებულია "ევროვიზიის" საუკეთესო ხმად. ეს კი ძალიან დიდი მიღწევაა. "ევროვიზია" ქვეყნის რეკლამაა და როგორც წესი, ქვეყნები ამ კონკურსზე დიდ თანხებს ხარჯავენ. აქ გასაკვირი არაფერია.
- "ელდრაინს" რომელ ადგილს უწინასწარმეტყველებთ?
- ძნელია პროგნოზის გაკეთება. "ევროვიზია" ყველაზე ამოუცნობი და მასშტაბური კონკურსია. მინდა, ყველას ვთხოვო, იქნებ, ცოტა ხნით ყველამ დავივიწყოთ წყენა. სოფოსა და "ელდრაინს" ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა და თუ დაპირისპირება და საქმის გარჩევა კიდევ გაგრძელდება, ჯგუფის წევრებს გული ძალიან დასწყდებათ. გერმანიის ქალაქი დიუსელდორფი ჩვენ კარგად გვაქვს დაცდილი. ზუსტად 30 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო. ახლა სოფო და "ელდრაინი" 10 მაისს იმავე სტადიონზე გამოვლენ და ვნახოთ, რა იქნება.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)