როგორც მსახიობს, ჟურნალისტებთან შეხვედრები და ინტერვიუები დიდად არ სიამოვნებს. ყოველთვის ოპტიმისტი, კინოსტუდია "სანგუკოს" დამფუძნებელი - ნუცა კუხიანიძე ამჯერად გულდაწყვეტილია. პირადად მე, ასეთი ნუცა არასდროს მინახავს. ერთი თვის წინ, როდესაც ამ სტუდიის ახალი ფილმის პრეზენტაციისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე კომენტარი ვთხოვე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ძალიან მალე ისევ ამ ფილმის გამო აღშფოთებულ ნუცა კუხიანიძესთან მომიწევდა შეხვედრა.
- თქვენი კინოსტუდიის ახალი ნამუშევრის (თამარ შავგულიძის ფილმი - "დაბადებულები საქართველოში") პრემიერა კინოთეატრებში უკვე შედგა. მაყურებელმა როგორ მიიღო?
- სამწუხაროდ, ფილმზე მაყურებელი არ დადის, რის გამოც შოკში ვართ! ასეთ უინტერესობას ჩვენი საზოგადოების მხრიდან არ ველოდით. მართლა ვერ ვხვდებით, რა ხდება და რატომ ხდება ასე. საქმე ის არაა, რომ ვინმეს ფილმი არ მოსწონს. უბრალოდ, მაყურებელი კინოთეატრამდე არ მოდის, რომ შეაფასოს. საერთოდ, არც აინტერესებს...
- არადა, როგორც ვიცი, ამ ფილმს კარგი სარეკლამო კამპანია ჰქონდა. თქვენი მხრიდან არაფერი დაგიკლიათ...
- კი, ასეა. "დაბადებულები საქართველოში" არაკომერციული ფილმია. როგორც იცით, ჩვენი სტუდიისთვის მნიშვნელოვანია არაკომერციული, საავტორო კინოს გადაღება. ამიტომ ვიცოდით, რომ ამ ფილმზეც გარკვეული კატეგორიის ადამიანები მოვიდოდნენ და არა ე.წ. "მასა", მაგრამ იმ პიარიდან გამომდინარე, რაც ამ ფილმს გავუკეთეთ, ასეთ შედეგს მაინც არ ველოდით.
- ე.ი. ფილმი ვერ ამოიღებს იმ თანხას (60.000 ლარი), რაც მასზე დაიხარჯა?
- კინოთეატრებში არავინ დადის და - როგორ? დარბაზი ჯერ არ გავსებულა. ვინც საქართველოში ღირებულ კინოს აკეთებს (ფულზე ორიენტირებულ "ნაგავს" არ ვგულისხმობ, რომელიც ჯერ კინოთეატრებში, მერე - "რუსთავი 2"-ზე გავა და მორჩა), მათთვის როგორი სტიმულის დამგდებია, იცით?..
- შენთვის, როგორც კინოსტუდიის დამფუძნებლისთვის, ხელმძღვანელისთვის, ამავე დროს ფილმში მონაწილე მსახიობისთვის, რას ნიშნავს ეს?
- იმას, რომ აქ აღარაფერი მესაქმება! როგორც ჩანს, ჩემი ქვეყანა მე და ჩემნაირებს, ვისაც კინოში რაღაცის გაკეთება სურს, არ იღებს. ჩემი და გუკას 5-წლიანი შრომა წყალში ჩაიყარა...
- რატომ? თქვენი კინოსტუდიის სხვა ნამუშევრებსაც ასეთი სიტუაცია ახლდა?
- არა, ასეთი სიტუაცია არასდროს ყოფილა...
- შესაძლოა, ამ ფილმს "ჭამა და სექსმა" გაუწია კონკურენცია, რადგან მის პარალელურად გადიოდა კინოთეატრებში...
- არც "ჭამა და სექსზე" მისულა დიდი რაოდენობით მაყურებელი. ამის ფონზე, მით უფრო ვერ ვხვდები, რა სახის ნამუშევრები იზიდავს ქართველ მაყურებელს. რა თქმა უნდა, მაინც "ჭამა და სექსის" მსგავსი ფილმები ურჩევნია. თუმცა ამასაც ვერ გაიგებ. რაღაც მგონია, რომ უფრო ცუდი კინო მოსწონთ... ვფიქრობ, რომ ქვეყანამ კულტურული განვითარება შეაჩერა. დიახ, აბსოლუტურად არ მრცხვენია ამის თქმის - გული ძალიან მტკივა. გზების, შენობების, ხიდების მშენებლობა როგორი მოჩვენებითია, იცით? ქართველი ადამიანი შინაგანად აღარ ვითარდება და რაღაც უცხოურის უშნო კოპირებას ახდენს. აზროვნებასა და ფიქრს გადაეჩვია. ამიტომ, დღეს ინდივიდუალობადაკარგული, ემოციაგამოცლილი, უიმედო და აბსოლუტურად დაზომბირებულია საზოგადოება... აქ უყვართ, ერთამანეთს ფრთებს რომ ატეხენ და სიამოვნებას იღებენ. ისე, ასეთი რამ ქართველებს ყოველთვის გვახასიათებდა. ამ ყველაფრით აღშფოთებული ვარ. ქვეყანას კი ეს არ აღელვებს; ადამიანები იმ სივრცეში, რომელშიც ცხოვრობენ, კარგად გრძნობენ თავს... ჩემს მეგობარს ფილმის გადაღებაში დავეხმარე, ის შემოქმედებითად დაიხარჯა, გამოცდილება მიიღო, მსახიობები დაკავდნენ, ნამუშევრისთვის არაფერი დაგვიკლია... ის, რომ ფილმზე მაყურებელი უნდა მოსულიყო, უკვე ჩვენი პრობლემა არ არის. იქ მიუსვლელობით ქვეყანას, საზოგადოებას აკლდება, თორემ მე დავიხურავ ქუდს და წავალ, დიდია მსოფლიო...
- ცუდია, რომ გული ასე გაქვს გატეხილი... ამერიკაში მყოფს მოგეცა შანსი, მოხვედრილიყავი "ჰოლივუდში", რაც ნებისმიერი მსახიობის ოცნებაა. ხომ არ მიგაჩნია, რომ ბოლომდე ვერ გამოიყენე შანსი და ხელიდან გაუშვი?
- საქართველოში იმისთვის დავბრუნდი, რომ ის საქმეები გამეკეთებინა, რასაც 5 წელია, ვემსახურები. მეგონა, ამას რაღაც აზრი და შედეგი ექნებოდა... ერთადერთი შედეგი ის არის, რომ გამოცდილება მივიღე...
- და იქ რომ დარჩენილიყავი, რა იქნებოდა?
- მოვხვდებოდი ზღაპრულ გარემოში და წარმოდგენა არ მექნებოდა, რა ხდება ჩემს ქვეყანაში, ვინ ვარ და საერთოდ, რანი ვართ ქართველები, როგორია დღეს ჩემი ქვეყანა. ვიცხოვრებდი ფანტასტიკურად, მექნებოდა ყველანაირი პირობა და საშუალება, მაგრამ უფრო რთული გზით წავედი. ახლა კი მზად ვარ, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. მგონი, ამისთვის უკვე მომწიფდა სიტუაცია. 3 თვის წინ, ამერიკაში ვიყავი ჩასული და ნიკ ნოლტს სტუმრად ვეწვიე. ბევრი ვილაპარაკეთ. გაიხსენა წარსული და მითხრა, აქ რომ ცხოვრობდი, გამოკეტილი იყავი შენს სახლში, რომელიც ცენტრიდან მოცილებული იყო და საკუთარი სამყარო გქონდაო. ნიკი ჩემთან ხშირად მოდიოდა ხოლმე... მართლაც ასე იყო: ვიყავი ჩემთვის და ვუსმენდი მუსიკას, ვუყურებდი ფილმებს, არც კასტინგებზე დავდიოდი, არც - გასაუბრებებზე...
- ისევ აპირებ ამერიკაში წასვლას?
- ალბათ მალე წავალ...
- გუკაც ამ აზრზეა?
- რა თქმა უნდა. როდესაც ხედავ, რომ ვეღარ ვითარდები, ის ადგილი, სადაც ხარ, უნდა დატოვო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქაურობა არ გიყვარს. მაგრამ დღევანდელი საქართველო მე არ მიყვარს! მე ის საქართველო მიყვარს, რომელიც ჩემშია, რომელიც თავის დროზე მშობლებმა გამაცნეს და შემაყვარეს. რაც ახლა ჩემს ქვეყანაში ხდება, ჩემთან კავშირში არ არის. არ ვიცი, დღეს ეს ვისი ქვეყანაა? ალბათ - ვიღაცის! ჩემი რომ არ არის, ამას ვხედავ!
- შენთვის ყველანაირი როლის თამაში მისაღებია თუ გაქვს გარკვეული შტამპები?
- ნებისმიერ როლს ვითამაშებ; მთავარია, გმირი და ამბავი იყოს საინტერესო, მაგრამ ჩვენთან არჩევანის საშუალება არ არის. ამიტომ, მსახიობობა კარგია იქ, სადაც ამ პროფესიას და ზოგადად, კინოს აფასებენ.
- ნუცა, პირად ცხოვრებაზე საუბარი ჟურნალისტებთან არ გიყვარს. არადა, საზოგადოებას შენი და შენი ოჯახის გარშემო კითხვები ყოველთვის აქვს.
- ინტერვიუს როცა მისცემ, აზრი უნდა ჰქონდეს. როდესაც შემოქმედებითი პაუზა მაქვს, მაშინ ინტერვიუ ზედმეტია. დავჯდე და ადამიანებს გაზეთებიდან და ჟურნალის ფურცლებიდან ველაპარაკო და ვიქადაგო? "ჩემი აზრით", "მე ასე ვფიქრობ" და რაღაც სისულელეები? ასეთი "მარგალიტი" ისედაც ბევრი გვაქვს...
- არც ტოქშოუებში მიდიხარ სტუმრად?
- ცოტა ხნის წინ "ვანოს შოუში" ვიყავი და ისევ ამ ფილმის გამო. პირველად ვიყავი მის შოუში და ისე ვინერვიულე, რა გითხრათ. კი ვიბრძოლე, - არ წავალ-მეთქი, მაგრამ ბოლოს უარი ვერ ვთქვი, თან, ვანო დადებითი ადამიანია და გავრისკე მისვლა. მერე ინტერნეტით ვიღაცამ მომწერა, - სითამამე გაკლდაო... მოკლედ, ვიმეორებ, იქ ამ ფილმის გამო წავედი, რომ ხალხისთვის კიდევ ერთხელ მეცნობებინა ამის შესახებ. სხვა შემთხვევაში, საკუთარი თავის დასაპიარებლად ხომ არ ვივლი შოუებში?!
- არც ნანუკას მიუწვევიხარ "ექსკლუზიურ შოუში"?
- არა, "ექსკლუზიურ შოუში" პრინციპულად არ მივალ... ისე, ძალიან მაინტერესებს იქ "ექსკლუზიური" რა არის?!.
ლალი ფაცია
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)