"ჰარი პოტერის" ბოლო ფილმის "სიკვდილის საჩუქრების" დახურულ პრემიერას ლონდონში ყველა სუნთქვაშეკრული ელოდა. ფანებმა ტრაფალგარის მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და საყვარელი მსახიობების გამოჩენას ელოდნენ.
შესანიშნავად გამოიყურებოდა და ძალიან კარგ განწყობაზე იყო ემა უოტსონი. მიუხედავად იმისა, რომ ის ინტერვიუებში ხშირად ამბობდა, რომ "პოტერიადა" ძალიან მობეზრდა, მან ამ ჯადოსნურ სამყაროში სრული 10 წელი გაატარა - ალბათ სწორედ ამიტომ ვერ შეიკავა თავი და ატირდა.
ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი და რუპერტ გრინტი ავტოგრაფებს არიგებდნენ და ფანებს სიყვარულისთვის მადლობას უხდიდნენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 15 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, "ჰარი პოტერის" ყველა სერია ჯოან როულინგის წიგნების მიხედვით გადაიღეს. მწერალმა თავისი პირველი 4 რომანის ეკრანიზაციის უფლება 1,5 მლნ აშშ დოლარად გაყიდა. პირველი ფილმი 2001 წელს გამოვიდა. მან რეკორდული თანხა - 975 მლნ დოლარი მოიგო.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.