სოფი ლორენი და კარლო პონტი - ნახევარი საუკუნე ერთად

სოფი ლორენი და კარლო პონტი - ნახევარი საუკუნე ერთად

ცნობილი კინოპროდიუსერის - კარლო პონტისა და მომხიბვლელი მსახიობის - სოფი ლორენის სიყვარულის ამბავი საკმაოდ ბანალურად დაიწყო.

სოფია შიკოლონე მეთევზეთა ქალაქ პოცუოლიში დაიბადა და ბავშვობიდანვე ყველასგან გამოირჩეოდა - სიარულის მანერით, საინტერესო გარეგნობით, მაგრამ სოფი მაშინ ამას ვერ აცნობიერებდა.

კარიერაში წარმატებას ის დედამისს უნდა უმადლოდეს, რომელმაც თავისი "ჰოლივუდური" ოცნება ვერ აიხდინა და მთელი გულით უნდოდა, ეს მის ქალიშვილს მაინც გაეკეთებინა. დედის რჩევით, სოფიმ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც გოგონამ რომში გასამგზავრებლად ორი ბილეთი და სამსახიობო ოსტატობის შემსწავლელ კურსებზე დასწრების უფლება მოიპოვა.

სოფის დედა ქმარმა ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს მიატოვა, რის გამოც მან მამაკაცები შეიძულა. მათ მიმართ ზიზღს ქალიშვილსაც უნერგავდა. საბოლოოდ, მამა სინდისმა შეაწუხა და ქალიშვილს გვარი მისცა, თუმცა მოგვიანებით პროდიუსერებმა მსახიობს მამის გვარი მაინც შეაცვლევინეს, რადგან ცუდად ჟღერდა.

სოფია შიკოლონე იმ დღის შემდეგ სოფი ლორენად იქცა.

რომში სოფი პროდუსერებმა მაშინვე შეამჩნიეს, მაგრამ მხოლოდ რეკლამაში გადაღებას ან ეროტიკულ როლებს სთავაზობდნენ. სოფი ასეთ ფილმებში მონაწილეობას დედამისის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც თანხმდებოდა. მოგვიანებით მსახიობის მეუღლე  კარლო პონტიმ ყველა ეს ფილმი შეისყიდა და ლორენი პროფესიული მფარველობის ქვეშ აიყვანა. 19 წლის ლორენისა და 38 წლის პროდიუსერის შეხვედრამ ორივეს ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

კარლო პონტი მილანელი ადვოკატების ოჯახში გაიზარდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იურიდიულ ფირმაში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კინოპროდიუსერობას მიჰყო ხელი და წარმატებასაც მიაღწია. სწორედ მან აღმოაჩინა მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა, შემდგომში კი სოფი ლორენი.

იტალიაში კარლოს აზრს ყველა პატივს სცემდა და მუდმივად რჩევას ეკითხებოდნენ. სოფი მან შემთხვევით, ერთ-ერთ კაფეში ყავის სმისას შენიშნა. მან ლორენის განსაკუთრებული სილამაზე მაშინვე შეამჩინია და სინჯებზე მიიწვია.

პონტიმ მისი ქარიზმა შეიგრძნო და იცოდა, რომ კამერა ამ სამხრეთელ, ენერგიით აღსავსე ქალს შეიყვარებდა, მაშინ პონტი ვერ აცნობიერებდა, რომ სოფი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეოდა. კარლო იმ დროს დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა.

პონტიმ სოფის ცხვირის დამოკლება ურჩია და ფართო თეძოების დამალვას სთხოვდა, რაზეც დამწყებმა მსახიობმა კატეგორიული უარი განაცხადა და სწორადაც მოიქცა - მოგვიანებით ის სილამაზის ეტალონად სწორედ ამ "ნაკლოვანებებმა" აქცია.

თუმცა სოფიმ მაშინ ამის შესახებ არაფერი იცოდა და როლის მოლოდინში კარლოს მისაღებში საათობით იჯდა.

პირველი სერიოზული როლი მან ფილმში, სახელწოდებით "ნეაპოლის ოქრო" შეასრულა და საკმაოდ წარმატებულადაც. გადაღებების ბოლო დღეს ლორენს დაბადების დღე ჰქონდა. კარლომ მას საჩუქრად ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მიართვა. მაშინ სოფი მიხვდა, რომ პონტისთვის კარგ მსახიობზე გაცილებით მეტს ნიშნავდა.

ლორენი აცნობიერებდა, რომ წინ უამრავი სირთულე ელოდა, მაგრამ ვნებამ საღად აზროვნების უნარი დააკარგვინა. სოფის სურდა, კარლოს კანონიერი ცოლი გამხდარიყო.

იმ დროს იტალიაში განქორწინება ძალიან რთული პროცესი იყო. კარლოს სოფის უყვარდა, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. მაშინ სოფიმ გადაწყვიტა ინიციატივა საკუთარ ხელში აეღო.

ჰოლივუდში ფილმის "სიამაყე და ვნება" გადაღებებზე ლორენმა კერი გრანტი გაიცნო, რომელთანაც ფლირტი გააბა. ეს ფაქტი პონტის არ გამოჰპარვია. სოფისაც ეს უნდოდა. ამ საქციელით კარლოს აგრძნობინა, რომ თუ პრობლემებს დროზე არ მოაგვარებდა, მაშინ სხვისი ცოლი გახდებოდა. კარლომ მთელი თავისი ადვოკატები შეყარა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ცოლს მექსიკის ტერიტორიაზე გაეყრებოდა  - სოფიზეც იქვე უნდა ექორწინა.

შეყვარებულები დაქორწინდნენ, მაგრამ ვატიკანმა პონტისა და მისი ცოლის განქორწინება უკანონოდ სცნო, ვინაიდან ის იტალიის ფარგლებს გარეთ მოხდა. კარლო და სოფი იძულებულნი გახდნენ იტალია დაეტოვებინათ. ათი წლის განმავლობაში ისინი განდევნილებივით ცხოვრობდნენ. ბევრი ფიქრის შემდეგ ბოლოს გადაწყვიტეს, საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღოთ. იმისთვის, რომ პონტის განქორწინება კანონიერად ეღიარებინათ, მის ცოლსაც საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მოუხდა.

ლორენისა და პონტის ქორწინება ოფიციალურად მხოლოდ 1966 წელს აღიარეს.

1968 წელს სოფის პირველი ვაჟი შეეძინა, ოთხი წლის შემდეგ - მეორე. მაგრამ ოჯახური ბედნიერება მასთან ძალიან რთულად მოვიდა. პირველი შვილის გაჩენამდე მუცელი რამდენჯერმე მოეშალა, რის გამოც ექიმებმა მას მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. მცირე მოძრაობაც კი შეიძლებოდა ბავშვის გარდაცვალებით დასრულებულიყო. პონტიმ მისთვის საუკეთესო ექიმები დაიქირავა. მსახიობმა ცხრა თვე შვეიცარიაში, ელიტურ სასტუმროში გაატარა. ბოლოს ნანატრი ბედნიერება ეწვია - ის დედა გახდა.

სოფი ლორენმა და კარლო პონტიმ ერთად 50 წელი იცხოვრეს. 2007 წელს კარლო ფილტვების დაავადებისგან გარდაიცვალა.

მომზადებულია lady.mail.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება