სერიალების ვარსკვლავი ("მალიბუს მაშველების", "ვარსკვლავური კარიბჭის"...), 30 წლის ათლეტური აღნაგობის (193 სანტიმეტრი), დამაჰიპნოზებელი თვალების მქონე, მამაკაცურად ქარიზმატული მსახიობი ჯეისონ მომოა ჰოლივუდში ბევრი ქალის საოცნებო მამაკაცი ყოფილა, თუმცა მისი გული ერთადერთ ქალს ეკუთვნის. ამაზე მოგვიანებით, მანამდე კი ჯეისონი გავიცნოთ, როგორც ახალი მასშტაბური ეპიკური ექშენის, "კონანის" მთავარი როლის შემსრულებელი. ეს სურათი აგვისტოს შუა რიცხვებში გამოვიდა ეკრანებზე და უკვე უამრავი მაყურებელი მიიზიდა.
"კომედია საჩემო არ არის"
- ჯეისონ, საგანგებოდ მიგიწვიეს "კონანზე" თუ კასტინგი გაიარეთ?
- რა თქმა უნდა, კასტინგით. გასაუბრება გავიარე და მერე გამიჩნდა აზრი, რომ ჰაკუ შემესრულებინა - ომის ერთგვარი ჰიმნი ჰავაელებთან. რეჟისორებსა და პროდიუსერებს გამოვუცხადე: "გთხოვთ, არაფრის შეგეშინდეთ, მაშინაც კი, როცა ჩემნაირი აყლაყუდა ჰაკუს შეასრულებს თქვენ თვალწინ. ცოტა დაიზაფრებით, მაგრამ გაივლის. ჰაკუ ძლიერი ენერგიაა და თქვენკენ იქნება მომართული! აბა..." და ავმღერდი. სხვა კინოკომპანიების თანამშრომლებიც კი გამოძვრნენ თავიანთი კაბინეტებიდან და ოფისებიდან, შეშინებულები იყურებოდნენ, ვერ მიხვდნენ, რამ ააზანზარა კედლები. აღმოჩნდა, რომ ჰაკუ შესანიშნავი საშუალება იყო.
- "კონანში" ბევრი ბრძოლა მოგიხდათ?
- არც ისე. მაგალითად, ერთი უშველებელი სცენა ჩხუბით, რომელიც ჩვენ თვითონ შემოვიღეთ, წიგნში არ იყო. რეჟისორს ვუთხარი: "მე კონანი ვარ. სიუჟეტის მიხედვით 17 ბრძოლა გავმართე. დროა მართლა ვაჩვენოთ, რას წარმოვადგენ როგორც მებრძოლი, დროა კადრში ვიბრძოლო!"
- ასეთი მაგარი ბიჭების როლები აშკარად გიზიდავთ...
- ჰო, კომედია ნამდვილად არ არის საჩემო.
- საოჯახო კომედიებში არ მოგწონთ თამაში?
- ძალიან მომწონს. მე ხომ მაგარი საინტერესო ტიპაჟი ვარ, ხომ გესმით! რომანტიკულიც. მაგრამ მთელი გულით მიყვარს ისეთი გმირები, როგორიც კონანია. ასეთები დღეს თითქმის აღარ არიან კინოსა და ტელევიზიაში. არ მინდა სპაიდერმენების და ბეტმენების ტიპის ბიჭბუჭების თამაში. ჩემი ამპლუა მგზნებარე, მებრძოლი, სიყვარულით გულანთებული მანქანაა. მეკობრე, ქურდი, ყაჩაღი - აი, რა მომწონს, ეს მაგარია. ანტიგმირიც კი უფრო ახლოს არის ჩემთან, რომელიც კი არ შველის გატაცებულ გოგონებს, არამედ თვითონ იტაცებს.
"ჩემთვის სულ ერთია, შვარცენეგერი რას იტყვის ამაზე"
- როგორი იყო კონანის განსახიერება?
- ძნელი. კონანი ჩემი პირველი მთავარი როლია დიდ კინოში. დამიჯერეთ, ეს ფსიქიკაზე მოქმედებს. არ არის იოლი ისეთ დონეზე თამაში, რომ ფილმის მთავარი ვარსკვლავი იყო. ფორმაში უნდა იყო, მენტალურად და ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.
- ბევრი ვარჯიში გიწევდათ?
- ო, დიახ. დღეში ექვსი-შვიდი საათი დამღლელი ფიტნესი. მოხარშული ქათმის მკერდი, რომლებიც მხოლოდ ერთი შეხედვით არის მაცდუნებელი საჭმელი. გემოთი მუყაოს ბევრად არ სჯობს. ყოველ ორ საათში - მოხარშული მუყაო. ღმერთო, რამდენი მოთმინება ჩავდე ამ ფილმში! იმედია, მაყურებლებს მოეწონებათ. და ეს რიმეიკი არ არის, ჩვენს კინოში არაფერია იმისგან, რასაც არნოლდი აკეთებდა. ეს სულ სხვა, ახალი ამბავია. იგივე ლეგენდარული პერსონაჟი, მაგრამ სხვა ფილმი.
- აქვს თქვენთვის მნიშვნელობა არნოლდ შვარცენეგერის აზრს თქვენს როლზე?
- ვაღიარებ, ჩემთვის სულ ერთია, შვარცენეგერი რას იტყვის, დამლოცავს თუ არა. დიახ, მიყვარს არნოლდი, ვაფასებ, მომწონს მისი ფილმების ყურება. შეიძლება კონანის თამაშის დროს მის კვალდაკვალ მივდივარ, თუმცა სხვა რამ გამოდის. მე ვერც კი გავბედავ არნოლდთან შედარებას. მასავით ვერ ვიმუშავებდი. შეიძლება მოეწონოს ჩვენი ფილმი, ან არა. მაგრამ გპირდებით, კინოკარიერას არ მივატოვებ, თუ მას ჩემი კონანი არ მოეწონება.
- როგორ ფიქრობთ, ორთაბრძოლაში მოუგებდით?
- არა, დარწმუნებული ვარ, რომ გამლახავს... გადაღებების დროს მიფიქრია კიდეც ამაზე, რომელიმე თოქ-შოუში რომ გამოვსულიყავით მე და არნი და მაგრად გაველახე. სასაცილო იქნებოდა.
- თვითონ რომელ ფილმებს უყურებთ, რა წიგნებს კითხულობთ?
- სხვათა შორის, უცნაურია, მაგრამ კინოს ყურება არ მიყვარს. საერთოდ არ მიყვარს. მე მომწონს კითხვა. შინ ტელევიზორი არ მაქვს. არც ელექტროფოსტა. არც ტელეფონი. ვკითხულობ წიგნებს, ვზრუნავ ბავშვებზე, ვუკრავ გიტარაზე. მიყვარს იაპონური პოეზია, ასევე შარლ ბოდლერი, მემუარები. განურჩევლად ვნთქავ წიგნებს. იქნებ მართლა ბარბაროსი ვარ?
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)