ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში გამართულ კონკურსზე - "მის სამყარო - 2011" ანგოლელმა ფერადკანიანმა ლეილა ლოპესმა გაიმარჯვა. მეორე ადგილი კი "მის უკრაინას", 23 წლის ოლესია სტეფანკოს ერგო, რომელმაც ასევე "ყველაზე სექსუალური კონკურსანტის" ტიტულიც მოიპოვა.
გამარჯვებულს საჩუქრად 120 000 დოლარად ღირებული გვირგვინი და ნიუ-იორკში მდებარე ბინა გადასცეს.
კონკურსში 89 მანდილოსანი მონაწილეობდა. გამარჯვებისთვის ფინალში 16 კანდიდატი იბრძოდა, რომელთაგან 15 - ჟიურიმ, ერთი კი მაყურებელმა გამოარჩია.
როდესაც ტრადიციისამებრ "მის სამყარო-2010"-მა ჰიმენა ნავარეტემ ლოპესს გვირგვინი გადასცა, მან თქვა:
"დიდება უფალს, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ისეთი შემქნა, როგორიც ვარ. არაფერს შევცვლიდი. საკუთარ თავს მივიჩნევ ქალად, რომელიც, პირველ ყოვლისა, შინაგანი სილამაზით არის დაჯილდოვებული".
გამარჯვებულმა ასევე აღნიშნა, რომ კონკურსანტებს შორის ყველაზე მეტად მის საქართველოსა და მის იტალიას დაუმეგობრდა და მათთან მეგობრობას მომავალშიც გააგრძელებს.
ლეილა ლოპესი 1986 წელს ქალაქ ბენგელაში დაიბადა. დიდ ბრიტანეთში, სადაც ის მენეჯმენტს სწავლობს, მან "მის ანგოლა UK"-ის ტიტული მოიპოვა. ორი თვის შემდეგ კი 21 კონკურსანტს აჯობა და "მის ანგოლას" კონკურსში გაიმარჯვა.
"მის სამყაროს" კონკურსი ყოველ წელს ტარდება. პირველი კონკურსი 1951 წელს ლონგ-ბიჩში გაიმართა. წელს კი ის მესამოცედ ჩატარდა. 1996 წელს კონკურსის ჩატარების უფლება დონალდ ტრამპმა და ტელეარხმა NBC-მ შეიძინეს.
კონკურსში საქართველოს "იმიჯ ცენტრის" მოდელი, პირველი ვიცე-მის საქართველო - 2010, 24 წლის ეკა ღურწკაია წარმოადგენდა.
სან-პაულოში მიმდინარე კონკურსი პირდაპირი ეთერით მსოფლიოს 189 ქვეყანაში გადასცეს.
მომზადებულია REUTERS-ის მიხედვით.