რას ფიქრობს რასელ ქროუ ქართველ მორაგბეებზე?

რას ფიქრობს რასელ ქროუ ქართველ მორაგბეებზე?

რამდენიმე დღის წინ სიდნეის დრამატული ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტ "ნიდაში" ჰოლივუდის ავსტრალიელი კინოვარსკვლავი რასელ ქროუ გვეწვია და მასტერკლასი ჩაგვიტარა. სტუდენტები რასელ ქროუს "ნიდას" შესასვლელთან დავხვდით.

როგორც კი შენობაში შემოვიდა, თქვა: ჩემს სახლში დავბრუნდიო - ჰოლივუდის ავსტრალიელი კინოვარსკვლავი სწორედ "ნიდას" კურსდამთავრებულია. რასელ ქროუს მიერ ჩატარებული მასტერკლასი ძალიან საინტერესო იყო. მან სტუდენტებს ცნობილი დრამატურგების პიესებიდან ნაწყვეტები წაგვაკითხა და ეტიუდებიც გაგვაკეთებინა, პარტნიორობაც თვითონ გაგვიწია. სცენაზე რასელ ქროუსთან ერთად ვთამაშობდით. ეს დღე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნება. რასელ ქროუს ხელოვნებასთან ერთად ძალიან უყვარს სპორტი.

ის მორაგბეთა კლუბ "რებიტოსის" მფლობელია. რამდენიმე თვის წინ მეც გავწევრდი "რებიტოსის" ფანკლუბში. იმხანად კლუბის მენეჯერმა დამაკავშირა რასელ ქროუსთან და მას "ყველა სიახლისთვის" რამდენიმე შეკითხვა დავუსვი სპორტის თემაზე. ამჯერად კი ჰოლუვუდის ვარსკვლავის ძებნა არ დამჭირვებია: თვითონ მოვიდა "ნიდაში". ასე რომ, ჩვენი გაზეთის მკითხველს რასელ ქროუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ვთავაზობთ:

- იცით, რომ "ნიდა" მსოფლიოს კინოსა და თეატრის ერთ-ერთი პრესტიჟული ინსტიტუტია. აქ სწავლა ყველა მსახიობის ოცნებაა და მიხარია, რომ დღეს "ნიდაში" მასტერკლასის ჩატარების საშუალება მომეცა. თითოეულ თქვენგანში - სტუდენტებს გგულისხმობთ - დიდი პოტენციალი დავინახე. ყველანი გულანთებულები და მოწყურებულები ხართ, გიყვართ თქვენი პროფესია. ვფიქრობ, მსახიობმა უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი ფული, სახელი და დიდება კი არა, საქმის სიყვარულია. თუ მართლა გიყვართ თქვენი საქმე და მსახიობობა თქვენი მოწოდებაა, მაყურებელიც შეგიყვარებთ და დაგაფასებთ.

- თვითონაც "ნიდაში" სწავლობდით. როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის წლებს?

- ეს იყო საუკეთესო წლები ჩემს ცხოვრებაში. ნეტავ შემეძლოს ამ დროის დაბრუნება. უამრავი თავგადასავალი მქონდა, შარშიც ხშირად ვეხვეოდი ხოლმე. მახსოვს, ჩემი ცეკვის პედაგოგის, ლისას დაბადების დღე იყო და გადავწყვიტე, მისთვის საჩუქარი მიმეძღვნა. შინ ორიგინალური და უცნაური ნივთების კოლექცია მქონდა. ამოვარჩიე რეზინის ხელის მტევანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნამდვილს - ფრჩხილებზე წითელი ლაქიც კი ესვა. შევფუთე ლამაზად და მივართვი ლისას. საჩუქარი ძალიან გაუხარდა და შუბლზე მაკოცა, მაგრამ აუდიტორიიდან გამოსვლა ვერც მოვასწარი, კივილის ხმა რომ შემომესმა: ლისას რეზინის ხელი ადამიანის მოჭრილი ხელი ჰგონებია და ძალიან შეშინებია.

მას შემდეგ გამინაწყენდა და ცეკვის გაკვეთილებზე დასწრება ამიკრძალა. აღარ ვიცოდი, რა მექნა. მინდოდა, როგორმე შემომერიგებინა და მისთვის სუნამო შევიძინე. ამჯერად ქალბატონმა ლისამ საჩუქრის მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა გაკვეთილებზე დასწრების უფლება მომცა (იცინის). ის სუნამო კი ჩემს მეგობარ გოგონას ვაჩუქე.

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?

- დიახ, ბავშვობიდან ვოცნებობდი. 8 წლის ვიყავი, შინ სპექტაკლების დადგმა რომ დავიწყე. მეზობლად მცხოვრებ ბავშვებს შემოვიკრებდი ხოლმე და როლებს ვანაწილებდი, მე კი რეჟისორიც ვიყავი და მსახიობიც. რეპეტიციებს ჩემს ოთახში გავდიოდით, მისაღებ ოთახში კი ჩვენი პატარა თეატრი მოვაწყვეთ. საკუთარი ხელით ვამზადებდით ბილეთებს და ვყიდდით. მაყურებლები, ძირითადად, ჩვენი მშობლები და ახლობლები იყვნენ.

- გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით რას ყიდულობდით?

- რაგბის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებს. სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს. ყველა თამაშზე დასწრება მინდოდა და ხშირად ჩემი ლანჩის ფულითაც თამაშებზე დასასწრებ ბილეთს ვყიდულობდი. გაკვეთილებს ვაცდენდი და სტადიონზე გავრბოდი ხოლმე.

- მორაგბეთა კლუბ "რებიტოსის" მფლობელი ხართ. რამდენიმე თვის წინ მისი ფანკლუბის წევრი მეც გავხდი.

- მე კლუბის თანამფლობელი ვარ ბიზნესმენ პიტერ ჰოლმსთან ერთად. ძალიან სასიხარულოა, ჩვენს ფანკლუბში რომ გაწევრებულხართ. "რებიტოსს" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰყავს ფანები. სპორტსმენებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრების მხარდაჭერას. "რებიტოსის" სლოგანია: "ჩაიცვით წითელი და მწვანე, გაერთიანდით, - ძალა ერთობაშია!"

- ვიცი, რომ სიდნეიში რასელ ქროუს "საინტერესო ნივთების მუზეუმი" არსებობს. მასზეც გვიამბეთ.

- მუზეუმში ინახება სხვადასხვა რეკვიზიტი და კოსტიუმი, რომელიც ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებში გამოვიყენეთ, მათ შორისაა "გლადიატორი", "ამერიკელი განგსტერი"", "ნოკდაუნი" და სხვა. მუზეუმი სიდნეიში ჩამოსულ ტურისტებს მოსწონთ და ეს ძალიან მახარებს.

- ბევრს მოგზაურობთ. ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში მოგწონთ ცხოვრება?

- ახალ ზელანდიაში, ველინგტონში დავიბადე. 4 წლის ვიყავი, მშობლებმა ავსტრალიაში რომ ჩამომიყვანეს. ეს ქვეყანა ძალიან შემიყვარდა. სიდნეიში ჩემი საყვარელი უბანია "ვულუმულუ", სადაც ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ კერძო სახლში. ხშირად მიწევს ქვეყნიდან გამგზავრება, მაგრამ დიდხანს ვერსად ვჩერდები - ჩემი სახლი მენატრება. ასე რომ, ავსტრალიაში ყველაზე მეტად მომწონს ცხოვრება.

- 2011 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატში ქართველი მორაგბეებიც მონაწილეობდნენ. როგორ შეაფასებთ მათ თამაშს და რას ურჩევთ ქართველ სპორტსმენებს?

- ჯორჯიას საკმაოდ პერსპექტიული გუნდი ჰყავს, რომელიც ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, ისინი ხშირად უნდა შეხვდნენ მაღალი დონის გუნდებს, კიდევ უფრო რომ აიმაღლონ კლასი. დიდი მნიშვნელობა აქვს ფანების მხარდაჭერასაც: შექმენით ფანკლუბი, მხარში ამოუდექით სპორტსმენებს და ყველანი გაერთიანდით წარმატების მისაღწევად!

სპეციალურად "ყველა სიახლისათვის" ავსტრალიიდან

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება