"მსგავსი შოუს წაყვანაზე ოთარი ჯერ კიდევ 10 წლის წინ ოცნებობდა"

"მსგავსი შოუს წაყვანაზე ოთარი ჯერ კიდევ 10 წლის წინ ოცნებობდა"

"ღამის შოუს" პოპულარულმა წამყვანმა - ოთარ ტატიშვილმა და თიკა სვანიშვილმა ოჯახი 15 წლის წინ შექმნეს და მას მერე ერთად არიან. სად გაიცნეს ერთმანეთი? როგორ ცხოვრობს პოპულარული ექიმისა და მსახიობის ოჯახი? საერთოდ, რა გზა განვლო წარმატებამდე? ამ ყველაფერს ბატონი ოთარის მეორე ნახევარი მოგვიყვება.

- თიკა, გვიამბეთ, რას საქმიანობთ, რით ხართ დაკავებული?

- პროფესიით სტომატოლოგი ვარ და ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობ. ჩვენი შვილი - ნანიკო 13 წლისაა. ინტერესიანი გოგონაა, ენების შესწავლა მოსწონს და ახლა სკოლაში იაპონურს ეუფლება. უყვარს მუსიკა, რაშიც ალბათ მამას ჰგავს, - ყოველთვის გემოვნებიან და დახვეწილ კომპოზიციებს უსმენს...

- მსმენია, რომ ოთარს გემოვნებიანი და მრავალფეროვანი მუსიკალური დისკების კოლექცია აქვს.

- დიახ და ამანაც ხელი შეუწყო ნანიკოს მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას. ოთარი ბავშვობიდან სერიოზული მელომანია და შვილსაც ხშირად ურჩევდა, რა ჟანრის მუსიკისთვის უნდა მოესმინა. მოგეხსენებათ, მას რადიოში ჯაზის შესახებ გადაცემა მიჰყავს, მაგრამ კლასიკური მუსიკაც არანაკლებ უყვარს და მასში კარგადაც ერკვევა...

- მსახიობური მონაცემები ნანიკოსაც ხომ არა აქვს?

- სხვათა შორის, ნანიკო უფრო ადრე იყო მსახიობი, ვიდრე ოთარი. 7 წლის გახლდათ, როდესაც გოგა პიპინაშვილთან, სტუდიაში, სრულიად შემთხვევით მოხვდა. გოგამ პირველივე დღიდან ჩასვა სპექტაკლში და მათი "ჰელადოსი" 2 წლის განმავლობაში იყო თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარში. ამასთან, ეს წარმოდგენა საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა თეატრში (დაახლოებით 150 სპექტაკლი) ითამაშეს.

- როგორ ფიქრობთ - ნანიკო პროფესიად მსახიობობას აირჩევს?

- ბავშვებს ხშირად ეცვლებათ ინტერესები და ვერ გეტყვით, ბოლომდე გაჰყვება თუ არა ხელოვნებას. თუმცა უკვე გამოცადა, თუ რა რთული და შრომატევადი სამუშაო აქვთ მსახიობებს. ამას წინათ გამოგვიცხადა, - ძალიან მინდა, ფეხსაცმლის დიზაინერი გამოვიდეო... მოკლედ, ჯერჯერობით საბოლოო არჩევანი გაკეთებული არა აქვს. საერთოდ, ხელოვნებისკენ რომ უფრო აქვს მიდრეკილება, ეს ფაქტია. არ მიყვარს გამოთქმა, - ნიჭიერია, მაგრამ ცოტა ზარმაციო, - მაგრამ მგონია, რომ ეს ნანიკოზეა ნათქვამი. მოუსვენარი გოგონაა; რომ მეცადინეობს, ნორმალურად დაჯდომაც კი არ შეუძლია.

- მამა-შვილს მეგობრული ურთიერთობა აქვთ?

- მათი ურთიერთობა მართლაც განსაკუთრებულია. ასეთი სიყვარული და ურთიერთგაგება მამა-შვილს შორის იშვიათად მინახავს. ოთარი ნანიკოს თითქმის ყველაფერზე ეთანხმება. ისიც დიდ პატივს სცემს მამის აზრს. ოღონდ მას არ აწყენინოს და თუ საჭიროა, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი იმოქმედებს.

- ოთარი ძალიან დაკავებულია, ბევრი სამსახური აქვს და ალბათ შინ ცოტა დროს ატარებს, არა? და აქვე გვითხარით, როგორი მეუღლეა?

- მართლა ძალიან დაკავებულია და სახლში თითქმის არასდროს არის. გვიან ბრუნდება და ისეთი დაღლილია ხოლმე, რომ ლაპარაკის თავიც არა აქვს. როცა დავქორწინდით, მოსკოვში ვცხოვრობდით და ირგვლივ ახლობელი არავინ გვყავდა. ამიტომ, საკუთარი თავის პატრონები ჩვენვე ვიყავით. ოთარი აბსოლუტურად დამოუკიდებლად ინახავდა ოჯახს. ბევრი რამ დააწვა მხრებზე... კარგია, როდესაც მეუღლე სულ გვერდით გყავს, მაგრამ როცა ეს ვერ ხერხდება - რა გაეწყობა?! ვცდილობთ, კვირაში ერთხელ მაინც, სამივე ერთად სადმე წავიდეთ. რთულია, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიეთ მის ასეთ დატვირთულ ცხოვრებას.

- როგორი იყო ოთარ ტატიშვილი, სანამ ტელესერიალის პოპულარული მსახიობი გახდებოდა?

- ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემთვის შეიცვალა. ოთარი ახლაც ისეთივეა, როგორიც 10-15 წლის წინ იყო. ვისაც მასთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, ამაში დამეთანხმება. ეს მას ჩაცმის სტილზეც ეტყობა. რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, მის დანახვაზე ყველას ეღიმება. ვფიქრობ, ბედნიერებაა, როცა ადამიანებს შენი დანახვა უხარიათ.

- როგორც მეუღლე, მის რომელ დადებით თვისებას გამოარჩევდით?

- ჩვენ უპირველესად, უახლოესი მეგობრები ვართ. ოთარს უარყოფითიც ბევრი აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, მაგრამ კარგი თვისებები სწონის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლეა, მაგრამ მასთან თანაცხოვრება და საერთოდ ურთიერთობა ძალიან კომფორტულია. უპრეტენზიო ადამიანია. შესაბამისად, მისი ასეთი ხასიათი მშვიდად და წყნარად ცხოვრების საშუალებას გვაძლევს.

- როდის გაიცანით ერთმანეთი და რამ შეუწყო ხელი თქვენს დაახლოებას?

- მე და ოთარმა ერთმანეთი სამედიცინო უნივერსიტეტში, საერთო მეგობრების წრეში გავიცანით და დავმეგობრდით. როდესაც მე უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ის უკვე სწავლას ამთავრებდა და "კავეენის" გუნდში - "კოზანოსტრა" თამაშობდა. ბევრი შეჯიბრება იმართებოდა არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც და ოთარიც აქტიურად იყო ამ ყველაფერში ჩაბმული - პოპულარული და გამორჩეული ბიჭი იყო.

- იმ დროისთვის მას პირველი მეუღლე უკვე ჰყავდა?

- დიახ და ამიტომაც იყო, რომ მასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა და მეტი არაფერი. იმდენად ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, რომ ზოგჯერ მერევა კიდეც, ისინი უფრო ადრე გავიცანი, თუ - ოთარი. ცხოვრებაში ისეთი რაღაცებიც ხდება, რასაც წინასწარ ვერ დაგეგმავ და ვერ იტყვი - ეს მე არ დამემართებაო, მაგრამ... ჩვენ შორის ძლიერი და სერიოზული გრძნობა გაჩნდა და მეგობრობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა...

- როდის აღმოაჩინეთ, რომ ერთმანეთი გიყვარდათ? როგორ განვითარდა თქვენი რომანი?

- ერთხელაც, დამირეკა და მითხრა: - სად დაიკარგე? შენი ნახვა მინდაო. როცა შევხვდით, მივხვდი, რომ მის მიმართ რაღაც სხვანაირი გრძნობა მქონია... იმის შემდეგ ხშირად ვხვდებოდით. დაახლოებით ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით და უკვე მეხუთე კურსზე გახლდით, როცა დავქორწინდით.

- როგორი ურთიერთობა აქვთ ნანიკოსთან ოთარის შვილებს პირველი ქორწინებიდან?

- შესანიშნავი. მათ შორის ისეთივე სითბო და სიყვარულია, როგორიც ერთ სახლში გაზრდილ და-ძმებს შორის. ორივე ძალიან კარგი ბიჭია: ზუკა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, შოთიკო კი ჯერჯერობით მოსწავლეა, 15 წლისაა და რადგან მასა და ნანიკოს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა, ერთმანეთთან უფრო მეგობრობენ. ხშირად გამიგონია, თუ როგორ ეამაყება ნანიკოს, რომ უფროსი ძმები ჰყავს და ისინიც, როგორც უმცროს დას, ძალიან ფაქიზად ექცევიან. ბავშვებს ხშირი კონტაქტი აქვთ.

- როგორც ვიცი, ოთარის პირველი მეუღლე თქვენი ახლო მეგობარი იყო. ახლა თუ გაქვთ მასთან რაიმე კონტაქტი?

- არა, რა თქმა უნდა... ეს ალბათ არც მისთვის იქნებოდა სასიამოვნო და არც - ჩემთვის. ბავშვებთან კი აბსოლუტურად ჩვეულებრივი, კარგი ურთიერთობა მაქვს.

- თქვენ პირადად, ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი უფრო მოგწონთ თუ მსახიობი?

- მოსკოვში რომ ვცხოვრობდით, ერთ-ერთ არხზე "ღამის შოუს" მსგავსი გადაცემა გადიოდა, რომელიც უგოლნიკოვს მიჰყავდა; სტუდიაში ბენდიც მუშაობდა. ოთარი კი იმ გადაცემის ყურებისას ამბობდა ხოლმე, - რა მაგარი შოუა, მას მეც დიდი სიამოვნებით წავიყვანდი და ასეთ სახელს დავარქმევდი, - "როცა ჩაქრება ჭადრებშიო". ეს დაახლოებით 10 წლის წინ იყო. წლების შემდეგ, როდესაც სერიალში მოხვდა, თვითონაც განიცდიდა და ჩვენც, რადგან არაპროფესიონალი მსახიობია და წინასწარ არავინ იცოდა, რა და როგორ გამოუვიდოდა... ვფიქრობ, გადაცემა "ღამის შოუ" ჯერჯერობით განვითარების პროცესშია! სერიალი კი 4 წლის განმავლობაში გადიოდა და ძალიან შეუყვარდა მაყურებელს, თუმცა თავიდან ზოგიერთს ისიც არ მოსწონდა. ოთარისთვის სერიალი მეორე ოჯახივით იყო - კვირაში 3-4 დღე, დილიდან შუაღამემდე, იქ "ცხოვრობდა" და კოლექტივის წევრებიც ერთი ოჯახის წევრებივით იყვნენ ერთმანეთთან. გადაცემა უფრო სანერვიულო და საპასუხისმგებლოა... მე კი ოთარი სერიალშიც მომწონდა და შოუშიც. ვფიქრობ, მისი ინტელექტი და დადებითი თვისებები შოუში უკეთ გამოვლინდება, ვიდრე სერიალში ვლინდებოდა, სადაც დაწერილი როლი უნდა მოერგო.

- როგორ ეგუება იმ ფაქტს, რომ "შუა ქალაქში" აღარ მონაწილეობს?

- თვითონაც ამბობდა, ცვლილებები საჭიროაო... სერიალიდან გამოთიშვის შესახებ არ დაუჩივლია, მაგრამ ალბათ მაინც გული სწყდება, სერიალის ახალ მსახიობებს კი გულშემატკივრობს.

- საზოგადოების დიდ ნაწილს ახალი მსახიობები დიდად არ მოსწონს და ძველების დაბრუნების სურვილი აქვს. ამ თემაზე ინტერნეტფორუმებზეც აქტიურად წერენ.

- ზოგჯერ ეს ახალი მსახიობები, რაღაც კუთხით, მეცოდებიან კიდეც: დიდი კონკურენციის პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან ძალიან პოპულარულ სერიალში უხდებათ თამაში. თავიდან ბევრს ძველი გუნდიც არ მოსწონდა, მაგრამ მერე ძალიან შეიყვარეს! ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ძველების დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, თუმცა სერიალში სიტუაცია თანდათან როგორ შეიცვლება, არავინ იცის... ყველას წარმატებებს ვუსურვებ!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება