ესპანეთის უმდიდრესი ქალბატონი - 85 წლის ჰერცოგინია ალბა, ოქტომბერში 60 წლის ალფონსო დიასს გაჰყვა ცოლად, თუმცა თვალი უკვე სხვა მამაკაცებისკენ გაურბის. ამ დღეებში ესპანეთში ფილმ "შეუსრულებელი მისია: პროტოკოლი მოჩვენების" პრემიერა გაიმართა. პრემიერას ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ჰერცოგინია ალბაც დაესწრო.
პრემიერაზე ალბა ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად მივიდა, თუმცა კეკლუცი ჰერცოგინია მთელი საღამოს განმავლობაში მთავარი როლის შემსრულებელ ტომ კრუზს გვერდიდან არ მოშორებია. ის სიამაყით იდგა 49 წლის მსახიობის გვერდით, მასთან ერთად წითელ ხალიჩაზე პოზირებდა, თმას ისწორებდა, თვალები უბრწყინავდა და ჰოლივუდის ვარსკვლავს ნაზად უღიმოდა. თავად კრუზი შეწუხებული ჩანდა და აღარ იცოდა გულანთებულ მოხუცს სად დამალვოდა. წითელ ხალიჩაზე პოზირების დროს მან თავს კოლეგებთან საუბრის გაბმით უშველა.
ჰერცოგინია "გინესის რეკორდების წიგნშია" შესული, როგორც ყველაზე მეტი სამეფო ტიტულის მფლობელი - ის 8 - საჰერცოგო, 19 - სამარკიზო და 22 - საგრაფო ტიტულს ფლობს, ასევე ვიკონტის, ბარონისა და რაინდის თითო-თითო ტიტულს.
ალბა დაქორწინებული ორჯერ იყო, მაგრამ ორივე ქმარი დაკარგა. ალფონსოს გამო ალბა ნათესავებს დაუპირისპირდა, რომლებიც უთანასწორო ქორწინებას აპროტესტებდნენ. კონფლიქტის შედეგად ალბამ მემკვიდრეობის დიდი ნაწილი დაკარგა, მათ შორის სასახლეები, აგარაკები, ასევე გოიას, ველასკესის, მურილიოს, რემბრანდტისა და რუბენსის ნახატების კოლექცია. თუმცა ამის მიუხედავად, ჰერცოგინიას უდარდელი სიბერისთვის საკმარისი ქონება დარჩა - ამჟამად მისი ქონება 5 მლრდ დოლარს შეადგენს.
ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე, ალბა ხმაურიან სკანდალში გაეხვა: ქორწილის წინა დღეს ჟურნალ Interviu-ს გარეკანზე, იბიცაზე 30 წლის წინ გადაღებული ფოტო დაიბეჭდა, რომელზეც ჰერცოგინია წელს ზემოთ შიშველია გამოსახული.
მომზადებულია alloverpress.com-ის მიხედვით.