მაია ასათიანი დის მსახიობობას მხარს არ უჭერდა

მაია ასათიანი დის მსახიობობას მხარს არ უჭერდა

ვერონიკა კალანდარიშვილი განახლებულ "შუა ქალაქში" პრანჭია და ამავე სერიალის ერთ-ერთ გმირზე შეყვარებულ ნუცას თამაშობს. ჩვენი რესპონდენტი 19 წლისაა და თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს, მართალია, პროფესიის არჩევისას დეპრესიაშიც ჩავარდა, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მისმა არჩევანმა გაამართლა. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ვერონიკა ცნობილი ტელეწამყვანის მაია ასათიანის ნახევარდა გახლავთ, თუმცა საზოგადოებამ ის ცნობილი დისგან სრულიად დამოუკიდებლად გაიცნო.

- ვერო, გილოცავ ახალ წელს, მოკლედ გვითხარი, როგორ შეხვდი 2012-ს?

- მადლობა. მეც გილოცავთ ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდი. მილოცვებისა და აღნიშვნის შემდეგ მეგობრებისა თუ ახლობლების ოჯახში "ვიმეკვლევეთ" (იღიმება), შევიკრიბეთ საკმაოდ მრავლად და ერთ ჩვენს მეგობართან შევჩერდით, რომელმაც წვეულება სპეციალურად ჩვენთვის მოაწყო. პირველ იანვარს კი, ტრადიციისამებრ, მაიასთან მივედით და 2012 წლის დადგომა კიდევ ერთხელ, ოჯახურ გარემოში ვიზეიმეთ.

- რაც შეეხება სერიალს "შუა ქალაქში" და შენს გმირს, მათ შესახებ რას გვეტყვი?

- სერიალში კასტინგის მეშვეობით მოვხვდი. საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა და შეიძლება ითქვას, გავრისკე. არ მეგონა, თუ ამიყვანდნენ, რადგან გამოუცდელი ვიყავი. ჩემთვის მოულოდნელი იყო როცა მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. რაც შეეხება ჩემს გმირს, ნუცას, პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მისგან სრულიად განსხვავებული ვარ, ერთადერთი მსგავსება ჩვენ შორის ენერგიულობაა, ხასიათი კი სხვადასხვანაირი გვაქვს. ნაზი, პრანჭია ნუცას საპირისპირო ტიპაჟი გახლავართ. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, თავს ყველამ უნდა მოუაროს, პრანჭიაობით არ გამოვირჩევი. მაკიაჟს მხოლოდ მაშინ ვიკეთებ, როცა განსაკუთრებულ ადგილას, თუნდაც ქორწილში მივდივარ.

- სერიალში ყოველთვის მაკიაჟით ხარ, როგორ შეეგუე ამას?

- თავიდან ძალიან მიჭირდა და ვიზაჟისტი გაწამებული მყავდა, რადგან უნდოდა განსაკუთრებულად კარგად გაეკეთებინა ვიზაჟი, რაზეც სულ ვწუწუნებდი. დროთა განმავლობაში კი დამარწმუნა, რომ რასაც მიკეთებდა ნამდვილად საჭირო და კარგი იყო, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა. სულ სხვა მხრიდან დამანახვა ჩემი თავი.

- შენი და შენი გმირის ჩაცმის სტილი თუ ემთხვევა ერთმანეთს?

- პრინციპში ესეც განსხვავებულია, მაგრამ მსგავსება ისაა, რომ როგორც მე, ასევე მას ნახატებიანი სამოსი გვიყვარს. თუმცა, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ სამოსი მიხდებოდეს და იყოს კომფორტული. ისე, ადრე სულ დიდი ზომის ტანსაცმელი მეცვა, ახლა ჩემს ზომებში გადავედი. ალბათ იმიტომ ვარჩევდი დიდი ზომის სამოსს, რომ პუტკუნა ვიყავი, ამის კომპლექსი მქონდა და დიდი ზომის ტანსაცმლით ვცდილობდი ამის დაძლევას.

- ახლა თუ აკონტროლებ წონას?

- მას შემდეგ, რაც დიეტების დახმარებით სასურველ ფორმაში ჩავდექი, რასაკვირველია, წონას მუდმივად ვაკონტროლებ. თუმცა, იმდენი ხნის განმავლობაში ვიყავი დიეტაზე, რომ ზოგჯერ ვეღარ ვზომავ, ბევრს მივირთმევ და ისევ მიწევს ცოტა ხნით განტვირთვა. მიხარია, როცა სარკეში ვიყურები და გამხდარ ვეროს ვხედავ, ეს ერთგვარ სტიმულს მაძლევს.

- სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად თუ ვარჯიშობ?

- სიმართლე გითხრათ, ზამთარში ცოტა მეზარება ვარჯიში, ზაფხულში უფრო ვარ ამით დაკავებული. თუმცა, ვინაიდან ახლა არდადეგები მაქვს, აერობიკაზე სიარული დავიწყე, ცოტა ხანში კი კარატეზე შესვლასაც ვაპირებ.

- რატომ მაინცდამაინც კარატე? ამით თაყვანისმცემლების მოგერიებას ხომ არ აპირებ?

- არა, არა (იცინის), იმიტომ შევდივარ კარატეზე, რომ ვიყო ფორმაში, ვიყო ელასტიკური და ამასთანავე შემეძლოს თავდაცვა და თავდასხმაც.

- ისევ ჩაცმას მივუბრუნდეთ, სერიალში ყოველთვის შარვლითა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩანხარ, ეს ვეროს სტილია, თუ შენი გმირი მოითხოვს ასეთ ჩაცმულობას?

- პრინციპში ეს ორივეს სტილია. ვერც წარმომიდგენია ნუცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, სულ კი იპრანჭება, მაგრამ იმდენად დაფარფატებს, რომ არც კი მოუხდებოდა ქუსლიანი ფეხსაცმელი. რაც შემეხება მე, ანუ ვეროს, მაღალი ვარ და არ მინდა, ვიდევ უფრო მაღალი გამოვჩნდე. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ სამოსის თვალსაზრისით ბრენდებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ჩემთვის იმას უფრო აქვს მნიშვნელობა, რომ სამოსი იყოს ლამაზი და მიხდებოდეს. მეორადებშიც მიყიდია სამოსი, ვიცი ისეთი ადგილები, სადაც იყიდება არა გამოყენებული, არამედ საზღვარგარეთ "დაბრაკული" სამოსი. სწორედ იქ ნაყიდი მაისური მეცვა ერთი პერიოდი გაუხდელად, საღამოს ვრეცხავდი და დილით ისევ ვიცვამდი. საერთოდ, მჩვევია სამოსის ამოჩემება.

- სამკაულები გიყვარს?

- ერთი ბეჭედი მაქვს, რომელიც ხუ­თი წელია არ მომიხსნია, ვერ ვიკეთებ სამაჯურებს, მაგრამ ძალიან მიყვარს კულონები, ორი საყვარელი სამკაული მაქვს, ერთი არის მაიმუნის ფორმის კულონი, მე მაიმუნის წელიწადში ვარ დაბადებული და ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩემთვის, მეორე კი გახლავთ რობოტი (იღიმება). ასევე, ძალიან მიყვარს პეპელა და პეპლის ფორმის აქსესუარები, მგონია, რომ პეპელა თავისუფლების სიმბოლოა. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს შარფები, სადა სამოსს ამრავალფეროვნებს. ამ ბოლო დროს მოდაში ფერადი შარვლები შემოვიდა და ესენიც ძალიან მომწონს.

- ვერო, არ შეიძლება არ გკითხო შენი და მაია ასათიანის დედმამიშვილობის შესახებ, ნახევარდები ხართ ხომ?

- მე და მაია დედით ერთნი ვართ და სიტყვა ნახევარდა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომწონს, ჩვეულებრივი დედმამიშვილები ვართ. ის ჩემზე 15 წლით უფროსია, ამიტომ უფრო დეიდის ფუნქციები აქვს საკუთარ თავზე აღებული (იცინის). როცა მსახიობობა გადავწყვიტე, ოჯახში მხარს არავინ მიბამდა, არავის უნდოდა ჩემი მსახიობობა, მათ შორის არც მაიას, უნდოდათ უფრო პერსპექტიული პროფესია ამერჩია. ერთი პერიოდი თითქოს გადავიფიქრე კიდეც, მაგრამ ბოლოს, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, ძალიან გამიჭირდა, დეპრესია დამემართა იმის გამო, რომ სამსახიობოზე არ ვაბარებდი. პირველი, ვინც მიხვდა, რომ პოზიციები უნდა დაეთმო, მაია იყო. მიუხედავად ამისა, რატომღაც მგონია, რომ ყველას უნდოდა მისაღებ გამოცდებზე ჩავჭრილიყავი, ამას ჩემთან არ ამბობდნენ, მაგრამ ალბათ გულში მაინც ასე ფიქრობდნენ (იღიმება).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება