ცნობილი მომღერლის, ემი ვაინჰაუზის გარდაცვალებიდან 6 თვის თავზე, დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მთლიანად მის ხსოვნას მიუძღვნა.
მოდელებს ემის მსგავსი ვარცხნილობები ჰქონდათ, ხოლო კაბებში, რომელიც ჟან პოლ გოტიემ შექმნა, ემის სტილი და მისი საყვარელი 50-იანი წლების მოდა აშკარად შეიმჩნეოდა.
რამდენიმე მოდელი პოდიუმზე სიგარეტით ხელშიც გამოვიდა. მთელს ჩვენებას ფონად ემის სიმღერები გასდევდა.
ვაინჰაუზის უნიკალური სტილი, ყოველთვის ორად ყოფდა მოდის კრიტიკოსთა აზრს. ზოგს ის აღიზიანებდა, მავანს აღაფრთოვანებდა. ჟან პოლ გოტიე ყოველთვის მოხიბლული იყო მომღერლის ცხოვრების სტილით, ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და რაღა თქმა უნდა, ხმით. სწორედ ამიტომ გახდა ემი ვაინჰაუზი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერის სრული კოლექციის მუზა.
თავად ვარსკვლავის საყვარელი ბრენდი Fred Perry იყო.
ჟან პოლ გოტიეს ჩვენებასთან დაკავშირებით ემი ვაინჰაუზის მამამ კომენტარი გააკეთა. მიჩ ვაინჰაუზის თქმით, ეს იყო ”ცუდად დადგმული შოუ”, რომელმაც მისი ქალიშვილი მხოლოდ უარყოფითად წარმოაჩინა.
”არ ველოდით, რომ ემის იმიჯს იმისთვის გამოიყენებდნენ, რომ კაბები გაეყიდათ”, - განაცხადა მომღერლის მამამ.
მისი თქმით, პოდიუმზე სიგარეტით გამოსული მოდელები ცუდი ტონი იყო და ემის შემოქმედებას ჩრდილს აყენებდა.
მომღერლის სახელს კიდევ ერთი პროექტი დაუკავშირდება. უკვე ცნობილია, რომ ვაინჰაუზის ცხოვრებასა და სიკვდილზე ფილმს გადაიღებენ.
პროექტით უკვე დაინტერესდნენ ცნობილი პროდიუსერები - ტასა როსი და ჯეფ ბერგი, თუმცა ჯერ კიდევ არჩევენ მთავარი როლის შემსრულებელსა და სცენარს.
ფილმის სიუჟეტი დაფნი ბარაკის პოპულარული წიგნის - "ემის გადარჩენისას" მიხედვით განვითარდება, რომელიც ვარსკვლავის მეგობრებზე, ოჯახზე და ნარკოლოგიურ ცენტრში მის იძულებით ვიზიტებზე მოგვითხრობს.
ემი ვაინჰაუზი 23 ივლისს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.