ხატია ბუნიათიშვილი - "გარდა ხელებისა, მაქვს გონება, ასე რომ, დაზღვევა არ მჭირდება"

ხატია ბუნიათიშვილი - "გარდა ხელებისა, მაქვს გონება, ასე რომ, დაზღვევა არ მჭირდება"

ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება და უცხოური პრესა მასზე ბევრს საუბრობს. ჩვენი დროის უდიდესი მუსიკოსი, მარტა აგრერიხი ხატია ბუნიათიშვილს ასე ახასიათებს: "ხატია ექსტრაორდინარული ტალანტის მქონე პიანისტია, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა განსაკუთრებულმა ნიჭმა, ბუნებრივმა მუსიკალურობამ, წარმოსახვის უნარმა და ბრწყინვალე ვირტუოზულობამ". ხატია ბუნიათიშვილი შემოქმედებით გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება:

- ექვსი წლიდან ვუკრავ, მაგრამ ისე ბუნებრივად მოხდა ყველაფერი, ზუსტად არც მახსოვს, როგორ დაიწყო ჩემი კარიერა. ჩემს ყოველ გამოჩენას მოჰყვებოდა ხოლმე რამდენიმე საკონცერტო წინადადება. შემდგომ მასშტაბი გაიზარდა და წინადადებები უკვე სააგენტოებისგან და ხმის ჩამწერი კომპანიებისგან წამოვიდა... ვცდილობ, დიდ წარმატებასაც და მარცხსაც მშვიდად შევხვდე.

- საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრება არ გიჭირდათ?

- არა, იმიტომ, რომ ბევრს ვმუშაობდი, თანაც ყოველთვის ვგრძნობდი ოჯახის თანადგომას. როდესაც პირველად ჩავედი ვენაში სასწავლებლად, მსოფლიოს დაპყრობაზე ისე არ ვფიქრობდი, როგორც გამოცდილების მიღებასა და სიახლეების ძიებაზე, თუმცა მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ ევროპულ მენტალიტეტთან შეგუება და ადგილის დამკვიდრება არ გამჭირვებია.

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მაქვს... ახლახან გამოვიდა ჩემი ალბომი, რომელიც ეძღვნება ფერენც ლისტს. ალბომს მოჰყვება შემოქმედებითი ვიდეო, რომლის შექმნა ჩემი იდეა იყო. ამ ვიდეოთი გამოვხატე განწყობა, რომელიც ალბომს გასდევს. ამჟამად სან-ფრანცისკოში ვიმყოფები. აქ სამჯერ დავუკრავ რაველის ნაწარმოებებს, რომლებიც პირველად თბილისში შევასრულე. საერთოდ კი, 2012 წლისთვის 120-მდე კონცერტი მაქვს დაგეგმილი.

- ცნობილი პიანისტების მსგავსად, თქვენც ხომ არ გაქვთ ხელები დაზღვეული?

- არა. არა მგონია, ხელებზე რამე პრობლემა შემექმნას, თუმცა არაფერია გამორიცხული. გარდა ხელებისა, მაქვს გონება, ასე რომ, დაზღვევა არ მჭირდება.

- რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

- პირადი ცხოვრება ჩემთვის განსხვავებული ადამიანური ემოციების ურთიერთმონაცვლეობაა, ამიტომ ბევრი რამ ხდება.

- რას იტყვით თანამედროვე ქართულ კულტურაზე? ბევრი ამბობს, რომ ის სავალალო მდგომარეობაშია...

- სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, საქართველოში მომხდარ ყველა მოვლენას ვადევნო თვალი. თუმცა არა მგონია, კულტურის მდგომარეობა სავალალო იყოს, რადგან ხანდახან ისეთი რაღაც ხდება, რაც გულს გვიხარებს. მიმაჩნია, რომ თუ ხელოვანი შეძლებს საკუთარი სამყაროს შექმნას და ნაკლებად დააინტერესებს, რა რეაქცია ექნებათ ამ სამყაროს გარეთ და როგორ შეესაბამება მისი სამყარო იმ მოთხოვნებს, რომელიც პოპულარობისთვის არის საჭირო, შეინარჩუნებს საკუთარ გზას და მასზე უსასრულოდ ხეტიალის უფლებას...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება