ლექსო თორაძე - "ისეთი ამაყი უნდა იყო, რომ არავისი გშურდეს"

ლექსო თორაძე - "ისეთი ამაყი უნდა იყო, რომ არავისი გშურდეს"

მას შეუძლია აგატიროს, გაგახაროს, გაგახსენოს, დაგამახსოვროს, ის არ ცხოვრობს დროსა და სივრცეში, ის სულ არის, მთავარია დანახვა, შეგრძნება და მიღება შეგეძლოს. მარტივია და თან გენიალური, მის გარეშე სამყარო გაცილებით უარესი იქნებოდა. ბედნიერებაა მუსიკა, ბგერა, ნოტი რომ არსებობს. უფრო დიდი ბედნიერება კი მუსიკის გადმოცემაა, ამ დროს ადამიანი თითქოს თვითონ ხდება მუსიკა და მერე მისი მსმენელიც, მე, სხვა, ყველა... ღვთისგან ბოძებული ნიჭია, შეგეძლოს დაუკრა და ასობით ადამიანი აღაფრთოვანო. ალექსანდრე თორაძეს უფალმა ეს ნიჭი უბოძა, მფარველმა ანგელოზმა კი დაიფარა, გაუფრთხილდა და დააჯერა, რომ ის ნამდვილი მუსიკოსია, როიალთან მიიყვანა, პატარა თითები კლავიშებზე დაადებინა და აგრძნობინა, მიახვედრა, ჩასჩურჩულა: ეს შენი ადგილია!

მისი ცხოვრება გრძელია, საინტერესო და მრავალფეროვანი, წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა აქამდე მოსვლა ურთულესი იყო, იმდენი გადაიტანა, იმდენი დაიტია გულმა... გული თურმე რამხელა ყოფილა. წარმატებული იყო, გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ სათქმელს იტყოდა, ადგილს დაიკავებდა და ისტორიაშიც შევიდოდა. ორკესტრთან ერთად უკვე ცხრა წლისამ დაუკრა, მას შემდეგ იყო მოსკოვში ჩაიკოვსკის კონსერვატორია და კონცერტები. თვითონ ამბის მოყოლას იმ პერიოდიდან იწყებს, როცა იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. გაექცა საბჭოურ წყობას და რუსულ უხეშობას, მითითებებს და ცხოვრებასა თუ პროფესიაში ჩარევას. საბჭოური წყობა? რაღაც კარგიც იყო, მაშინ მაღალ დონზე იყო სწავლება, პროფესიონალი პედაგოგები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მაქსიმალური ცოდნა მიგეღო, ეს ყველა სფეროს ეხებოდა. ამ ყველაფერში ცუდი ის იყო, რომ თუ განვითარების გარკვეულ ეტაპს მიაღწევდი და მზად იყავი შენი სიტყვა გეთქვა, წინ ვერ მიდიოდი, მათი იდეების, პროპაგანდის და რეჟიმის მონა უნდა ყოფილიყავი. კონცერტი, როცა მათ უნდოდათ, მაშინ იმართებოდა და სადაც უნდოდათ, იქ. ზოგჯერ ხელოვანებს საშუალებას აძლევდნენ საზღვრებს გარეთ გასულიყვნენ, ზოგჯერ არა...

იძულებით შორს საქართველოდან

ბრატისლავაში კონცერტი ჰქონდა, რაც იმ დროს დიდი მიღწევა იყო. ერთ დღეს ბრატისლავის ფილარმონიის დირექტორმა აცნობა, რომ დაურეკეს საბჭოთა საელჩოდან და უთხრეს, რომ პრაღაში საბჭოთა და ჩეხი ხალხების მეგობრობის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე უნდა დაეკრა. ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან სულ ათიოდე წლის წინ საბჭოთა არმიამ პრაღას ტანკებით გადაურა, ახლა კი... დაცინვაა?! მაშინვე თავის დაძვრენაზე დაიწყო ფიქრი. უთხრეს, რომ ჩაიკოვსკის პირველი კონცერტის მესამე ნაწილი უნდა შეესრულებინა, თუმცა ლექსოს საკუთარ თავთან დიალოგი ჰქონდა:

- იცი, რომ ეზიზღებათ საბჭოთა კავშირი?

- მერე?

- თან იქ არასდროს დაგიკრავს...

- ჰო, არ დამიკრავს.

- ჰოდა, არ შეიძლება ამ კონცერტში მონაწილეობა, ეს ღირსების საკითხია.

- ნამდვილად, უბრალოდ როგორმე უნდა გამოვძვრე, თან ისე, რომ წყლიდან მშრალი გამოვიდე.

უამრავი აზრი მოფრინდა, ელვის სისწრაფით ენაცვლებოდა ერთმანეთს, ფიქრობდა, რა ეთქვა, რა მოემიზეზებინა. ბოლოს მესამე ნაწილის ნაცვლად მთლიანი კონცერტის დაკვრა შესთავაზა, რაც დაახლოებით 35 წუთს გრძელდება. ცდილობდა აეხსნა, რომ საბჭოთა არტისტისთვის წარმოუდგენელია პირველად გამოვიდეს პრაღაში გამართულ კონცერტზე და ჩაიკოვსკის კონცერტის მხოლოდ მესამე ნაწილი დაუკრას. მეორე მხარემაც გადადგა სათანადო ნაბიჯი და ახალგაზრდა ხელოვანს ორმაგი ჰონორარი შესთავაზა. პიანისტი აღშფოთდა, უთხრა, რომ სრულიად უფასოდაც შეუძლია დაუკრას, ეს უბრალოდ ღირსების საკითხია და თუ მისცემენ მთლიანი კონცერტის შესრულების საშუალებას, დიდი სიამოვნებით გამოვა. წარმომადგენელი ზემდგომ ორგანოებთან სათათბიროდ გავიდა, 15 წუთში შემოვიდა და ოთხმაგი ჰონორარი შესთავაზა. 25 წლის ლექსო თორაძეს 800 აშშ დოლარს სთავაზობენ, რაც იმ დროისთვის მთელი ქონება იყო. უარის შემდეგ იყო მუქარა, ეუბნებოდნენ, რომ მისი კარიერა სწორედ იქ და იმ დღეს დასრულდა, რომ მომავალში საზღვრებს გარეთ ვერასდროს გავა და კონცერტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა მაინც არ დათმო. სამინისტროში დაიბარეს, იყო შანტაჟი და კიდევ ათასი საშინელება, რომლის გახსენებაც არ უნდა.

წასვლის მიზეზი ეს არ გამხდარა, თუმცა ეს დასაწყისი იყო, მომავალში იძულებული გახდებოდა, მორჩილი და რეჟიმის მონა გამხდარიყო, ამიტომაც წავიდა.

ამერიკაში

ახალგაზრდა პიანისტი ამერიკაში ჩასვლამდე ცნობილი და წარმატებული იყო. მიუხედავად ამისა, თავიდან ძალიან გაუჭირდა. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ლექსო თორაძეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ჰქონდა, ჟურნალისტები ათას კითხვას უსვამდნენ. ცდილობდა, თავშეკავებული ყოფილიყო, საქართველოში ხომ უახლოესი ადამიანები, მშობლები და და დატოვა. იცოდა, უთვალთვალებდნენ, მის სატელეფონო საუბარს უსმენდნენ, სიფრთხილისა და საჭიროების შემთხვევაში მტკიცებისთვის თავადაც იწერდა ახლობლებთან საუბრებს - "თუ კა-გე-ბეს აქვს ჩანაწერი, მე რატომ არ უნდა მქონდეს?"... გუშინდელ დღესავით ახსოვს მამასთან ბოლო საუბარი, მან ურჩია, კარგი შთაბეჭდილება შეექმნა იმ ხალხზე, ვინც საქართველოში დატოვა. ამ რჩევამ გააოცა. მამამ ასე აუხსნა: "დღეს ეს თემა ყველას აინტერესებს, მაგრამ მალე აქტუალურობას დაკარგავს. ამიტომ არ მოიტყუო, არც ის თქვა, რას აკეთებენ აქ ან როგორი რეჟიმია, უბრალოდ, გაჩუმდი..." პრესკონფერენციას დაახლოებით 150 ჟურნალისტი ესწრებოდა. საუბარმა, კითხვა-პასუხმა სულ რამდენიმე წუთში დაკარგა ინტერესი, ყველას მისი პოლიტიკური განცხადებები აინტერესებდა, მაგრამ პიანისტი ამაზე არ ლაპარაკობდა.

ჩუმად მომხდარი დიდი ტრაგედია

პირველი პრესკონფერენცია 7 ნოემბერს გაიმართა, ეს თარიღი კარგად ახსოვს, მის მეხსიერებაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. მამა კა-გე-ბეში 5 ნოემბერს დაიბარეს, 24 საათი იქ იყო, არავინ იცის, რა მოხდა, არც შეუძლია ეს წარმოიდგინოს. შინ დაბრუნებულმა არაფერი შეიმჩნია, მეუღლისა და ქალიშვილის დასამშვიდებლად, ყველაფერი რიგზეაო, თქვა და... იმ დღეს გარდაიცვალა. ამერიკაში ამბავმა არ მიაღწია, ლექსოს არავინ უთხრა, გაუფრთხილდნენ და დაუმალეს. გრძნობდა, რაღაც რიგზე ვერ იყო, ყოველდღე რეკავდა, თუმცა ოჯახის წევრებისგან ვერაფერი გაიგო. 28 ნოემბერს ლექსო თორაძეს ამერიკაში პირველი კონცერტი ჰქონდა, იმ დილას პარიზელმა "თანამშრომლებმა" დაურეკეს და ეს სამწუხარო ამბავი ამცნეს, თან მომხდარის გამო მწუხარებაც გამოთქვეს. სასწრაფოდ სახლში დარეკა, მაგრამ დედამ, ქალბატონმა ლიანამ უთხრა: "ჩემი არ გჯერა და მაგ აგენტების გჯერა? როგორ დაუშვი, რომ გატყუებ, მამა კარგადაა..."

კონცერტმა ბრწყინვალედ ჩაიარა, თუმცა პიანისტს არაფერი ახსოვს, უკრავდა, მაგრამ მამაზე ფიქრი არ ეშვებოდა. ემოციურად ძალიან დაიღალა, ტაშისა და ბრავოს შემდეგ არტისტთან მისალოცად ბევრი ქართველი მივიდა, იყვნენ უკრაინელებიც, სომხებიც, რუსებიც კი... მამის ამბავი ლექსომ თითქმის ყველას ჰკითხა, თუმცა სიმართლე არავინ უთხრა. მეორე დღეს დილის შოუში მიიწვიეს, ინტერვიუმ მშვიდად, პოლიტიკაზე საუბრის გარეშე ჩაიარა. სასტუმროში დაბრუნებულს უთხრეს, რომ საჩუქარი დაუტოვეს. საოცარი სიმშვიდით გახსნა, ქართული გაზეთი იყო, სადაც მამის ნეკროლოგს წააწყდა...

მდგომარეობიდან კარგა ხანს ვერ გამოვიდა. წლების მერე გაიგო, რომ მამის პანაშვიდებზე ხალხი მისვლას ვერ ბედავდა იქამდე, სანამ ედუარდ შევარდნაძე არ მივიდა. მძიმე იყო სახლიდან ასე შორს ყოფნა, თან კონცერტები დაგეგმილი ჰქონდა, შეჩერება შეუძლებელი იყო... გზის გაგრძელება გაუჭირდა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული განაგრძო.

წლების შემდეგ ისევ საქართველოში

თითქმის ცხრა წელი გავიდა, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოდგომის თბილისი, თბილი სახლი, დედა, და, მონატრება... შემდეგ კიდევ 12 წელი, მერე პრეზიდენტის ინაუგურაცია, მოგვიანებით თავისი სტუდიის პიანისტებთან ერთად ჩამოვიდა, ბოლოს სულ ცოტა ხნის წინ "იავნანას" ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე დაუკრა. "გასაოცარია ის საქმე, რასაც პაატა ბურჭულაძე აკეთებს. ყოველთვის მზად ვარ, გვერდით დავუდგე"...

უძველესი გამონათქვამია - გინდა სწავლა, მაშინ ასწავლე! ეს სიბრძნე პიანისტმა ცხოვრებაში გადმოიტანა, ბევრი მოსწავლე ჰყავს, ამჯერად კი 12-მდე სტუდენტს ასწავლის. კონცერტისთვის ყოველთვის მათთან ერთად ემზადება, რეპეტიციებს გადის, შემდეგ გადახედავს და სთხოვს, შენიშვნები უთხრან, იდეები გაუზიარონ. თავიდან ვერ ბედავენ, მაგრამ შემდეგ საინტერესო აზრებს გამოთქვამენ, ასე სწავლობს მასწავლებელიც და მოსწავლეც. როგორც წესი, ყოველი კონცერტისას ერთ-ერთ სტუდენტთან ერთად მაინც ასრულებს რამეს, ეს ეხმარება ახალგაზრდა პიანისტს და ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად, მას საქართველოში სანგვონ კიმი ჩამოჰყვა. ახალგაზრდა პიანისტმა კონსერვატორიის დარბაზში კონცერტი გამართა და თბილისში გაზაფხულისთვის ჩამოსვლა უკვე დაგეგმა. სანგვონი ლექსო თორაძის ყოფილი სტუდენტია. ამერიკის კანონები უფლებას არ აძლევს, დღემდე ოფიციალურად მის მოსწავლედ ითვლებოდეს.

მისთვის უბრალოდ დედა

საშინელებაა, რომ გაფანტულები არიან, ლექსო თორაძე ამერიკაში, ინდიანას შტატში ცხოვრობს, მისი და ლონდონში, ორი შვილი ჰიუსტონში, დედა კი თბილისში. 37 წელია დედის დაბადების დღეზე, თბილისში მასთან ერთად არ ყოფილა, წელს ეს ტრადიცია დაირღვა და ქალბატონი ლიანა ასათიანის 85 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს. საოცარი სითბო და სიყვარულია დედა...

შვილები

ორი შვილი ჰყავს, დავითი და ალექსი, დედასთან საქართველოს ფარგლებს გარეთ იზრდებიან. ერთხელ საქართველოში ჩამოიყვანა, უნდოდა სცოდნოდათ, როგორია ნამდვილი საქართველო, ურთიერთობები. სანადიროდ წაიყვანა, საქართველო მაქსიმალურად მოატარა, ბევრი აჩვენა, აუხსნა... ბოლოს ბაბუის საფლავზე წაიყვანა და აღელვებულებს ჰკითხა: მაშინ როცა ამის დრო მოვა, როგორ ფიქრობთ, სად უნდა იყოს ჩემი სამუდამო განსასვენებელი? ორივემ უთხრა, რომ მისი ადგილი საქართველოშია! ჯერ ადრეა, წასვლას არც აპირებს, წინ უამრავი გეგმა, კონცერტი და ბედნიერი დღეა.

ის მსოფლიო დონის პიანისტია, ის ქართველია

ჩვენი შეხვედრა დასრულდა, სულ რამდენიმე საათში ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა მივიდეს, ისევ საქართველოდან შორს, ამერიკაში მიემგზავრება. მისგან წამოსულმა შევნიშნე, რომ ორ საათზე მეტი ვსაუბრობდით. მის გვერდით იყო სიგარა, ვისკი და მოგონებები. ალექსანდრე თორაძეზე ფიქრები დიდხანს გამყვა, საუბარი იყო ემოციური, ცრემლიანიც. მისთვის თითქოს გაცოცხლდა წარსული, ჩემთვის კი, არტისტის მოგონებები ფიქრებად მოვიდა და სადღაც ღრმად დაილექა. მალე ის დაბრუნდება საქართველოში, ისევ ჩაეფლობა ურთიერთობებში, ისევ მოეფერება მეგობრებს, ნათესავებს, დედას... მერე ისევ წავა, ისევ ცივი და შორეული ამერიკა და ალბათ ასე იქნება ბოლომდე...

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება