25 თებერვლიდან ტელემაყურებელი ქართულ-ლიტვურ სერიალს - "ღვინის გზა" - იხილავს. მთავარი გმირი ლიტველი გოგონა დაივაა, რომელიც საქართველოში თავშესაფრის საძებნად ჩამოვა და დიდ სიყვარულსაც აქ შეხვდება. სერიალი ქართულ-ლიტვურ ტრადიციებზე, სიყვარულსა და თავგანწირვაზეა. მასში გარკვეული კრიმინალური დეტალებიცაა ასახული. სცენარის ავტორი, ლიტველ კოლეგებთან ერთად, აკა მორჩილაძეც გახლავთ; რეჟისორები კი მარინა კულუმბეგაშვილი და ცნობილი ლიტველი მსახიობი, ალვიდას სლეპიკასი არიან. სერიალში მთავარ როლებს მსახიობი აგნე გრუდიტე და ვახო ჩაჩანიძე ასრულებენ. მათ გადასაღებ მოედანზე ვესტუმრე. საშინელი სიცივის მიუხედავად, ისინი მთელი საათის განმავლობაში ქუჩაში იდგნენ და ერთ პატარა სცენას იღებდნენ, მერე კი ინტერვიუზეც სიამოვნებით დამთანხმდნენ...
- როგორ მოხვდით ამ სერიალში?
ვახო:
- კასტინგის მეშვეობით. საერთოდ, არაერთ სააგენტოსთან ვთანამშრომლობ და ჩემი პირადი მონაცემები ყველგან დატოვებული მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მსახიობი ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა და კასტინგის შესახებ მაუწყა. საერთოდ, ეკა ძალიან ზრუნავს ჩემზე - სერიალ "კლინიკაშიც" მისი მეშვეობით მოვხვდი... რაც შეეხება ამ სერიალს - როცა როლზე დამამტკიცეს, ისიც კი არ იცოდნენ, რომელი გმირი უნდა განმესახიერებინა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ნიკოს როლი უნდა შემესრულებინა, რომელსაც ლიტველი გოგონა, დაივა შეუყვარდება. სერიალის შესახებ სხვას ვერაფერს გეტყვით, ამის უფლება არ მაქვს.
აგნე:
- პროფესიით მსახიობი ვარ და არაერთ სერიალში მითამაშია. როცა "ღვინის გზაში" მონაწილეობა შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა, ამ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყოდი.
- აქამდე საქართველოში ყოფილხარ?
- არა, საქართველოში პირველად ვარ და აქაურობა ძალიან მომწონს!
- განსაკუთრებით, რა მოგეწონა ჩვენს ქვეყანაში?
- პირველ რიგში, ქართველი ხალხი. თქვენ თბილი, ყურადღებიანი და გულღია ადამიანები ხართ. ძალიან ლამაზია თბილისი. უკვე მთელი თვეა, აქ ვარ და ეს ქალაქი, აქაური ხალხი დღითი დღე უფრო მეტად მიყვარდება.
- ხალხში ალბათ, შენი პარტნიორებიც იგულისხმე, არა? როგორ დაახასიათებ ვახოსა და ლევან ხურციას?
- ალბათ დამეთანხმებით, რომ ორივე ძალიან სიმპათიური მამაკაცია. გარდა ამისა, საკმაოდ ყურადღებიანი პარტნიორები არიან. მათ ძალიან კარგად ესმით ჩემი. როცა ვინმესთან ერთად მუშაობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ლაპარაკის გარეშე, მხოლოდ გამოხედვით უგებდეთ ერთმანეთს. თამაშის დროს თვალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში გამიმართლა - ორივე ძალიან კარგი პარტნიორია. მათთან საერთო ენა ადვილად გამოვნახე.
- ვახო, შენ რას გვეტყვი აგნეზე?
- აგნე ძალიან კარგი პარტნიორია. მასთან ურთიერთობა მხოლოდ ლიტვურ ან ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. მართალია, ინგლისური კარგად არ ვიცი, მაგრამ ბარიერი მაინც გადავლახე და ამ ენაზე ვურთიერთობთ. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ინგლისურს მასწავლის. გადაღების დროს თუ ხედავს, რომ როლში ვარ შესული, არ არსებობს, იხუმროს ან უადგილოდ გაიცინოს; პირიქით - ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ყურადღება სხვა რამეზე არ გადავიტანო. გარდა ამისა, გარეგნულადაც ძალიან ლამაზია და ისედაც, კარგი ადამიანია. დიდი ხანი არ არის, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ უკვე დავმეგობრდით.
- როგორც ვიცი, ეს სერიალი ერთ-ერთ ლიტვურ ტელეარხზეც გავა. ჩვენთან მისი ჩვენება 25 თებერვლიდან დაიწყება. ლიტველები როდის იხილავენ?
- 20 თებერვლიდან. ლიტველ მაყურებელს კვირაში 4 დღის განმავლობაში, "ღვინის გზის" თითო სერიას უჩვენებენ. ქართულ ტელეარხზეც ოთხ სერიას უჩვენებენ, მაგრამ - ორ დღეში.
- სულ რამდენი სერია იქნება?
- პირველი სეზონი 45 სერიისგან შედგება. თუ ამ ნაწილს მაყურებელი კარგად მიიღებს და სერიალი რეიტინგული იქნება, მაშინ მეორე სეზონსაც გადაიღებენ, რომელშიც 35 სერია იქნება.
საუბარში სერიალის რეჟისორი, ალვიდას სლეპიკასი ჩაერთო:
- ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ხომ შეიძლება, "ღვინის გზა" ქართველ ხალხს არ მოეწონოს? ამ შემთხვევაში, მეორე სეზონს აღარ გადავიღებთ.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ საქართველოსთან გეთანამშრომლათ და ერთობლივი სერიალი გადაგეღოთ?
- უკვე კარგა ხანია, საქართველოში სერიალის გადაღებას ვგეგმავთ. აქამდე გადავიღე სერიალი, რომელიც ლიტვის შეიარაღებულ ძალებს ეხებოდა და რამდენიმე ეპიზოდი საქართველოში ვითარდებოდა: ეს ეპიზოდი 2008 წლის აგვისტოს ომამდე, აქ გადავიღეთ (სხვათა შორის, მასში ქართველი მსახიობი - ლევან ხურციაც მონაწილეობს) და სწორედ იმ პერიოდში შევუთანხმდით ქართულ მხარეს, რომ ერთობლივ სერიალს გადავიღებდით. საერთოდ, ჩვენი ფირმა - "ვიდეო მეტრო" სერიალებს სხვადასხვა ქვეყანაში იღებს. მაგალითად: ლატვიაში, ბულგარეთში. ახლა რუმინეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. საქართველო რატომ შევარჩიეთ? - ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა; ალბათ იმიტომ, რომ ლიტვასა და საქართველოს ერთმანეთთან არასდროს უომია და ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს რაღაცით ჰგავს კიდეც.
- როგორც სერიალის პრომოებიდან შევიტყვე, სიყვარულის გარდა, მასში გარკვეული კრიმინალიც არის ასახული...
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გვინდოდა, ამ სერიალში პატარა კრიმინალური მარცვალი ჩაგვედო, მაგრამ საქართველოში ასეთი სიუჟეტების გადაღება არ მოისურვეს. ვიცი, რომ ქართველები ტურისტების მოზიდვაზე მუშაობთ. საქართველოს ხსენებაზე, ნებისმიერი ეროვნების ადამიანს იმის ასოციაცია უნდა გაუჩნდეს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც უნდა ჩახვიდე და კარგად დაისვენო, ასეთ შემთხვევაში კი სხვა ქვეყანას შენს სამშობლოში მომხდარი კრიმინალი არ უნდა უჩვენო... მოკლედ, ჩვენ გვესმის თქვენი და ამიტომაც, კრიმინალური სცენა ლიტვაში გადავიღეთ. აგნეს გმირი ლიტვიდან საქართველოში იმიტომ გამოიქცევა, რომ მას იქ მოკვლით ემუქრებიან. მეტს ვერაფერს გეტყვით. და კიდევ, ძალიან გთხოვ, ეს ყველაფერი ისე დაწერე, რომ სამსახურიდან არ გამაგდონ.
- ვახო, როგორც არაერთი სერიალის მონაწილე, როგორ ფიქრობ, "ღვინის გზა" გაამართლებს?
- ამ საკითხში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა გაამართლოს... ალვიდასი ლიტვაში საკმაოდ ცნობილი მსახიობია და შესაბამისად, მას ჩვენი, არტისტების ენა კარგად ესმის და არაჩვეულებრივად გვიხსნის, თუ რა სურს, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. მასთან მუშაობა საინტერესოა.
- სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" აღარ მონაწილეობ?
- კარგა ხანია, იქ აღარ ვთამაშობ. როგორც ვიცი, ძველი სეზონი დამთავრდა და რამდენიმე მსახიობი კიდევ დაითხოვეს.
- აგნეს პარტნიორობის გარდა, კიდევ რითი ხარ დაკავებული?
- რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, მომავალში სად მიხილავს მაყურებელი: სერიალში, რეკლამაში თუ თეატრის სცენაზე. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და გაჩერებას არ ვაპირებ....
- გერმანიაში დაბრუნებას აღარ გეგმავ?
- იქიდან ძლივს დავბრუნდი და კიდევ იქ მიშვებ? გერმანია ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ მხოლოდ სტუმრის სტატუსით ჩავალ ხოლმე.
- აგნე შენი ოჯახის წევრებს თუ იცნობს?
- არა. ვინაიდან ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი გვაქვს, ეს ვერ მოვახერხეთ. თუმცა აგნე საქართველოში კიდევ ექვსი თვის განმავლობაში იქნება და ჩემი ოჯახის წევრებსაც აუცილებლად გავაცნობ.
- აგნე, გათხოვილი ხარ?
- შვილი მყავს, მაგრამ გათხოვილი არ ვარ. მეგობარი მამაკაცი მყავს.
ნათია ჟივიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)