ბრიტანელ მოდელს, კეიტ მოსს მარჯვენა ხელი პარალიზებული აქვს. უსიამოვნება პარიზში სასტუმრო Ritz-ში მოხდა. დილას გამოღვიძებულმა მოდელმა აღმოაჩინა, რომ ხელის თითებს ვერ გრძნობდა.
"მან მაშინვე სასტუმროს ექიმი გამოიძახა, ხოლო პარიზიდან სახლში დაბრუნებულმა ექიმს კიდევ ერთხელ მიმართა", - განუცხადა ჟურნალისტებს მოდელის მეგობარმა. ექიმმა მოსს იდაყვის ნერვის დაჭიმვის დიაგნოზი დაუსვა. მოდელი მკურნალობს, მაგრამ მსგავსი დაჭიმვა დროებით დამბლას და ძლიერ ტკივილს იწვევს.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოსმა და მისმა მეუღლემ, მუსიკოსმა ჯეიმი ჰინსმა ახალ სახლში გადასვლასთან დაკავშირებით დაგეგმილი წვეულება გადადეს. კეიტ მოსის გამოჯანმრთელების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
მოდელი კეიტ მოსი მრავალი მოდური ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის სახე იყო. მოსი ყველაზე მდიდარი მოდელების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.