გასულ კვირას რადიო "აფხაზეთის ხმის" გადაცემა "ცოტა ყავა და ბევრი ჭორი", რომელიც ნუკი კოშკელიშვილსა და გიორგი ნაზღაიძეს მიჰყავთ, სკანდალით დასრულდა, მიზეზი კი ჟურნალ "რეიტინგის" ინტერვიუ გახდა, რომელიც წინა ნომერში გამოქვეყნდა. საუბარია ინტერვიუზე, სადაც ანრი ჯოხაძე და ნინო ჩხეიძე ია ფარულავას დაუპირისპირდნენ. ანრი და ნინო ამბობდნენ, რომ ტელეწამყვანის გამონათქვამები მათ მიმართ პირადი დამოკიდებულებით არის გამოწვეული. რადიოგადაცემის წამყვანებმა გადაწყვიტეს, ამ სტატიის შესახებ აზრი თავად ია ფარულავასთვის ეკითხათ და დაურეკეს კიდეც. გიორგი ნაზღაიძის შეკითხვამ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ზემოხსენებული ინტერვიუ, ია ძალიან გააღიზიანა. როგორც მოდელი და წამყვანი მიიჩნევს, მან იმ დღეს ფარულავასგან შეურაცხმყოფელი სიტყვები მოისმინა. ია ფარულავამ გიორგის უთხრა, დააყენე ერთი ადგილი, ვიცით, რომ ბევრგან ამ ერთი ადგილით ხარ მოსულიო. ამ სიტყვების გამო ია ფარულავას უახლოეს მომავალში გიორგი ნაზღაიძესთან სასამართლო დარბაზში მოუწევს შეხვედრა. ჩვენთან ინტერვიუს შემდეგ სკანდალური იმიჯის მქონე ტელეწამყვანი ადვოკატთან შესახვედრად გაეშურა.
- ამაზე შემიძლია, შემდეგი რამ გითხრათ. ყველა ყველაფერს ძალიან მალე ტელევიზიითაც გაიგებს. პრესის საშუალებით კი ვამბობ, რომ ია ფარულავას სასამართლოში ვუჩივი. ვინც მოისმინა რადიოგადაცემა, გასაგები იქნება, რა მიზეზითაც ვუჩივი.
- გახსოვს ამგვარი შეურაცხყოფა შენ მიმართ?
- არც ჩემ მიმართ მახსოვს და არც სხვების მიმართ, თუმცა ამ ჩვენს შოუბიზნესში, რომელიც წვალობს და ჯახირობს, ძალიან მომრავლდა ინციდენტები და შეურაცხყოფები. ერთი რამის თქმა შემიძლია შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დროა, ზოგიერთი მოჯდეს თავის ადგილზე!.. მე ნუ შემეხებიან. ვისაც უნდათ, შეეხონ. მე მათ არ ვემეგობრები და არ მაქვს საერთო, მხოლოდ საქმიანი შეხება მაქვს. გამიგია ბევრი რეპლიკა, რომელიც მათგან წამოსულა, თუმცა პირადად არ უთქვამთ ჩემთვის, ესეც უნდა დამთავრდეს!.. შენც იცი და ყველამ, რომ ერთმანეთს პირში ვუღიმით და ზურგს უკან ვჭორაობთ. ამას ჩემს თავზე არ ვამბობ, ზოგად ტენდენციაზე ვლაპარაკობ. საქართველოში ეს დამკვიდრებული ტენდენციაა. მე ვეწინააღმდეგები ამას, ნუ ვიტყვით ცუდს იმაზე, ვისაც არ ვიცნობთ. იმავეს ვითხოვ ჩემ მიმართაც. თუ ვიცი, რომ კარგი წამყვანია და მომღერალი და პირადად არ ვიცნობ, არ მაინტერესებს მისი სხვა ცხოვრება. არ ვხარჯავ ამაში დროს.
- რატომ არის მოდური დღეს შოუბიზნესურ წრეში შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთისთვის?
- ალბათ ევროპის არასწორი გავლენაა. ვცდილობთ, გადმოვიღოთ ყველაფერი, მაგრამ ვერ ვხვდებით, როგორ. თუ უნდათ ვიღაცებს, მეტი პიარი გაიკეთონ ერთმანეთის შეურაცხყოფით, ამას მე არ ვემხრობი.
- თუმცა თავად მიგყავს რადიოგადაცემა, რომელიც პირად თემებზეა ორიენტირებული.
- ჩვენ არაფერს ვიგონებთ. დიდი ხანია გადის გადაცემა და ვისთანაც დავრეკეთ აქამდე, ნებისმიერი ადამიანი მიჩივლებდა, მე რომ მათზე რაიმე მომეგონებინა. ვაძლევთ შესაძლებლობას ცნობილ ხალხს, ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიონ საზოგადოება ამა თუ იმ ჭორში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მათ პიარზეც მუშაობს, რადგან შემდეგ კვირას ისინი აუცილებლად ხდებიან ჟურნალების სტუმრები. ბევრი მათგანი იატაკზე იყო და ჩვენი გადაცემის შემდეგ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ასე რომ, ზოგმა მადლობაც კი უნდა გადაგვიხადოს და ამას ხმამაღლა ვამბობ.
- ზედმეტ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებ თქვენს გადაცემას?
- არა. ეს ასეთი გადაცემაა. როცა შემომთავაზეს მისი წაყვანა, მეგონა, რომ მხოლოდ ჭორების შესახებ იქნებოდა საუბარი, მაგრამ ჩვენ ვრთავთ ყველა მხარეს და ირკვევა რეალური ამბები.
- ჩვენი ინტერვიუ ჭორი არ ყოფილა, რამ გააბრაზა ია ფარულავა შენზე?
- არაფერი მომიგონებია და არც დამიმატებია. არავინ თქვას, რომ როცა თავის სახელსა და გვარს ამოიკითხავს ჟურნალში, არ ყიდულობს და არ ეცნობა მასალას. ვერავინ იტყვის, ჩემზე მასალა არ წამიკითხავს და არ დავინტერესდიო. ერთი ფრაზა ამოვიკითხე - ანრი ჯოხაძე და ნინო ჩხეიძე ია ფარულავას უპირისპირდებიანო. არაფერი დამახინჯებულად არ მითქვამს. მე ნეიტრალური ვარ და არც ერთ მხარეს არ გადავდივარ. არ ვიცი, რამ გააბრაზა.
- შენ შესახებ რეპლიკებს საფუძველს ის ხომ არ აძლევს, რომ თავად ლაპარაკობ გულწრფელად პირადულ ამბებზე პრესასთან?
- გამიგია ჩემზე ჭორი, რომ მყავს მდიდარი ბიძა და მისი დახმარებით მოვედი შოუბიზნესში თუ ტელევიზიაში. ნეტავ, მყავდეს მილიონერი ბიძა, მაგრამ რომც არსებობდეს ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ტელევიზიისა თუ რადიოს ხელმძღვანელს უნდა, დასვას ეთერში წამყვანი, რომელიც სულელია და ვერ მეტყველებს? აქედან გამომდინარე, არც ვიღაცის ნაცნობობით მოვსულვარ ამ სფეროებში, არც ფულით და მით უმეტეს, არც მიკიბულ-მოკიბული ცხოვრებით. ჭორი ჭორია, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ჩემით მივაღწიე ყველაფერს. ამიტომ არ უნდა მესროლო რეპლიკა, როცა არ მიცნობ, ვინ ვარ და ეს დაუმსახურებელია. როცა ია ფარულავამ ასეთი რამ მითხრა, მე და ნუკი გავოცდით, რადგან თემა შეიცვალა და დარტყმა გადმოვიდა ჩემზე. ჩემი პლუსი ის იყო, რომ თავი შევიკავე და გავაგრძელე გადაცემა, მაგრამ შესაძლოა, სხვას არ გაეგრძელებინა და დიდი შეურაცხყოფა მიეყენებინა მეორე მხარისთვის. მე წამყვანი ვარ და ჩემი ვალდებულება ისაა, რომ გადაცემა ჩვეულებრივ ჩარჩოებს არ გასცდეს, პირადი განხილვა კი გადაცემის მიღმა შეიძლება. თან, როდესაც ადამიანი უზრდელია, მასზე მაღლა დავდგები ჩემი განათლებითა და ზრდილობით და იმავეთი არ ვუპასუხებ.
- გიორგი, შენზე მდიდარი ბიძის ამბავი არ მსმენია, მაგრამ მდიდარი საყვარლის, რომელიც ფინანსურად გეხმარება, გამიგია...
- ეს ჭორი მეც გამიგია. ამბობენ, რომ მყავს ასაკოვანი, გამოცდილი ქალი საყვარლად. ყოველთვის ვაღიარებდი, რომ გამოცდილ ქალებთან მქონია სექსუალური კავშირი. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ასაკოვანს რას ეძახიან? 35-36 წლის ქალი ასაკიანია? მე 27 წლის ვარ. ახლა ჩემს ცხოვრებაში არ არის ეს ქალბატონი, მაგრამ ვაღიარებ, რომ იყო. მირჩევნია, გამოცდილ ქალბატონთან მქონდეს ურთიერთობა, ცხოვრება აქვს ნანახი, მასთან ისაუბრებ იმ თემებზე, რომლებზეც შენს თანატოლებთან ვერ ისაუბრებ და სექსუალური კავშირისას ძალიან კარგია გამოცდილი ქალი. თუმცა იმის თქმა, რომ მდიდარი ქალი მინახავდა, სისულელეა. ნეტავ, ყოფილიყო (იცინის). ვხუმრობ...
- ისე, ეს მისაღები იქნებოდა შენთვის? ალფონსი რომ ყოფილიყავი...
- ალფონსი არის მამაკაცი, რომელიც გამოძახებით მუშაობს.
- ალფონსი ნიშნავს მამაკაცს, რომელიც ქალის ხარჯზე ცხოვრობს.
- ალფონსობას არ ვუწოდებ უფროსი ასაკის ქალთან ცხოვრებას. ორივე რაღაცას იღებს ამ ურთიერთობიდან, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ფული არ მაქვს. ორ ადგილას ვმუშაობ, ტელევიზიასა და რადიოში, გარდა ამისა, მაქვს ჩემი ბიზნესი და ჩემი შემოსავალი თვეში 3000 ლარს აღწევს. სასაცილოა იმის თქმა, რომ ვინმე მინახავდა. ბინაც მაქვს, მანქანაც და ფულიც. ჩემი აზრით, სასურველი სასიძო ვარ (იღიმება). ხალხი იგონებს ჭორებს, მაგრამ ვაღიარებ, რომ მეც ვაძლევ ზოგჯერ ამისთვის საბაბს. რეალურ გიორგი ნაზღაიძეს ჩემი მეგობრები იცნობენ. ორი სახე მაქვს, ერთი შოუბიზნესისთვის არის. ეს ტიპაჟი სპეციალურად მაქვს შექმნილი შოუბიზნესისთვის. არ მინდა, ჩემი რეალური სახე უცნობმა ადამიანებმა იცოდნენ.
- და რეალური როგორი ხარ?
- ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი. ზოგადად თავისუფალი ადამიანი ვარ და არ ვიცი, რატომ მეძახიან ამის გამო სკანდალურს. მარტივად გეტყვი - დილას ვდგები, მივდივარ სამსახურში, თუ კრებაა, ვესწრები, სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვზივარ სახლში, ვსაუბრობ, ყავას ვსვამ და ვუყურებ ტელევიზორს. უქმეებზე ვერთობი სადმე. საქართველოში არ არის გასაქანი მართლა სკანდალური ადამიანებისთვის. რომ მოგინდეს, სხვანაირი ვერ იქნები.
- რომ გქონდეს გასაქანი, როგორი სკანდალური იქნებოდი, რას გააკეთებდი?
- მსოფლიოში რა ხდება, შევხედოთ და მივხვდებით, რომ აქ არანაირი სკანდალი არ ხდება. მე მოვაწყობდი ფოტოგადაღებას - შიშველი გადავიღებდი იმ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც მიპირისპირდება.
- ახლა რატომ ვერ გააკეთებ?
- არიან კარგი ფოტოგრაფები, მაგრამ ალბათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უნდა იყოს, იქით ვერავის ვერ შევეხვეწები.
- ამას წინათ "ფესიბუქზე" შენი სტატუსი წავიკითხე, ივანა მელაისთან რომანს გაბრალებენ?
- ნოდარ მელაძის გადაცემაში მივიღე მონაწილეობა, სადაც ივანა მელაიმ სიმღერის შესრულებისას ვარდი მესროლა. ხალხი კითხულობდა, რა ხდება შენსა და ივანას შორისო. ვარდის სროლა იმას ნიშნავს, რომ ვიღაც მაბამს, ან მე ვაბამ? ვარდის სროლა არაფერს ნიშნავს, მათ შორის არც ფლირტს. ივანას ვიცნობ, მაგრამ ახლოს არა.
- მაკა შალიკაშვილი და შენ ბოლო დრომდე "მზესუმზირების" ეთერში ერთად არ ისხედით. რატომ დაუპირისპირდით ერთმანეთს?
- თავიდან, როცა ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით, კონფლიქტი მოხდა ჩვენ შორის. გიას რაღაც ვუთხარი, მაკამ რეპლიკა მესროლა და მე ეს ყველაფერი სხვანაირად მივიღე. რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთად აღარ ვისხედით. ტელეკომპანია "მზის" პროდიუსერმა დაგვსაჯა და ერთად აღარ გვსვამდა, ახლა ისევ სამნი ვართ გადაცემაში. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა მაკასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ამისი დამამტკიცებელი იქნება ჩვენი ნახევრად შიშველი ფოტოები, რომელიც მე და მაკამ გადავიღეთ. ხელში მყავს ატაცებული. ნუცა შანშიაშვილის ახალი კლიპი მალე გამოვა და ამ კადრებს იქ ნახავთ და იმასაც, როგორი კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.
- შერიგებისას პირველი ნაბიჯი ვინ გადადგა?
- ისევ და ისევ "მზის" პროდიუსერმა, რომელმაც კრებაზე დაგვიბარა და იქ შევრიგდით. მანამდე კი დახოცილი გვყავდა ერთმანეთი, პირში ვუთხარით ყველაფერი, რასაც ერთმანეთზე ვფიქრობდით. მან მითხრა, შენი მინუსი ისაა, რომ არც ერთი თემა და საერთოდ არაფერი არ გაინტერესებსო. მეც იგივე ვუთხარი, მაგრამ დედის გინება და ხელის გარტყმა არ ყოფილა.
- ისე, ეთერში დიდად დაინტერესებული სახით მართლა არ ზიხარ ხოლმე.
- თუმცა საინტერესო შეკითხვებს ვსვამ. რაღაც მომენტში თუ სხვანაირი სახის გამომეტყველება მაქვს, ეს ჩემი ბრალი არ არის. არაფერი რომ არ მაინტერესებდეს ცხოვრებაში, ამდენს ვერ მივაღწევდი. ვერ ვიტყვი, რა ბიზნესი მაქვს, ჯერჯერობით ვმალავ, არც ერთი სამსახური რომ არ მქონდეს, მაინც კარგად ვიცხოვრებდი. გარდა ამისა, ტელევიზიასა და რადიოში დავიმკვიდრე თავი და ჩემი რთულად გამოსათქმელი გვარი შეიძლება ყველამ არა, მაგრამ ბევრმა მაინც დაიმახსოვრა.
- პოპულარობა შენი მიზანი იყო?
- არა. შესაძლოა, ერთი შეხედვით არ მეტყობა, რომ ბევრი მისწავლია, მაგრამ ხანდახან ჯობია, დებილის შთაბეჭდილება დატოვო და სინამდვილეში ჭკვიანი იყო, ვიდრე პირიქით. სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული და მეორეში რომ ვსწავლობდი, ექვსი თვის განმავლობაში სიგარეტს ვყიდდი. მგონია, რომ ეს სამუშაო არსად არ არის სასირცხვილო. თუ ევროპას გადავხედავთ, ბევრმა ვარსკვლავმა მიმტანობით დაიწყო. ყველას ვერ ვასიამოვნებ. ჩემი გზა მაქვს. უნდათ, მიმიღონ, უნდათ - არა. ზოგს მოვეწონები, ზოგს არა. არის ბევრი ადამიანი, ვისაც მოსწონს ჩემი ცხოვრების გზა. ვერავისთვის ვერ შევიცვლები.
- ერთი ადამიანი არ არსებობს, რომლისთვისაც შეიცვლები?
- სიყვარულზე გადავედით (იღიმება)? ექვსი წელი, 17 წლის ასაკიდან მიყვარდა გოგონა, მხოლოდ სახელს ვიტყვი, ხათუნა. მართალია, ჩვენ ერთად არ ვართ, მაგრამ ის დღემდე ჩემშია. ხათუნა იტალიაშია, თუ ჩამოვიდა, ბევრჯერ მიფიქრია, რომ მოვიტაცებ და ჩემთან დავტოვებ. ამას არ გამოვრიცხავ. თუ დაბრუნდება და თანახმა იქნება, დარწმუნებული იყოს ყველა, რომ ცოლად მოვიყვან.
- როგორი უნდა იყოს შენი რჩეული, შენსავით სკანდალური?
- უნდა მიგებდეს. შესაძლოა, ჩემსავით გიჟი იყოს ან წყნარი. მე სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ვმეგობრობ და ყველას ვეწყობი.
- იქნებ, შენი რჩეული იმიტომ წავიდა, რომ შენი ცხოვრების წესი არ მოსწონდა?
- მაშინ არ ვიყავი ცნობილი და როცა პირველ რეალურ შოუში შევედი, მაშინ გაფრინდა იტალიაში. არ მიდიოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო და აეწყო საკუთარი ცხოვრება. ამით მე ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან იმ დროს მე ვერაფერს მივცემდი. ახლა ამ სიტყვებს ვნანობ. დღეს ის იტალიაში ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. მეშინოდა, რომ მას ჩემთან არაფერი ექნებოდა... შეცდომებზე სწავლობს ადამიანი (იღიმება).
P.S. ვინაიდან საქმე სასამართლო გარჩევას ეხება, კომენტარისთვის ია ფარულავას დავუკავშირდით, თუმცა ტელეწამყვანმა ამ თემაზე არაფრის თქმა არ ისურვა.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)