BBC-ის არხზე გამოჩენილი ახალი დეტექტიური სერიალი ნამდვილ სენსაციად იქცა. კონან დოილის რიგით 73-ე ეკრანიზაციამ პირველად გადაიყვანა კლასიკური გმირები თანამედროვე დროში და ჩანაფიქრმა გაამართლა. არასტანდარტულმა შერლოკმა- ბენედიქტ კამბერბეჩმა კი მაყურებელი მონუსხა.
დოსიე
ბენედიქტ კამბერბეჩი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ბრიტანელი მსახიობია. "შერლოკამდე" "ბი-ბი-სის" ტელესერიალ "ჰოკინგით" გაითქვა სახელი, სადაც ასევე მთავარ როლს თამაშობდა. 36 წლის ბენედიქტი მსახიობების- ტიმოთი კარლტონისა და ვანდა ვენტემის შვილია. 2001 წლიდან დგას თეატრალურ სცენაზე, კლასიკურ პიესებში თამაშობს. განსაკუთრებით გახმაურებულია მისი ნამუშევარი სპექტაკლში "ფრანკენშტაინი". ასევე აქტიურად არის დაკავებული ბრიტანულ ფილმებში და სატელევიზიო პროექტებში.
კამბერბეჩს ცოლი არ ჰყავს. 12 წელი ხვდებოდა მსახიობ ოლივია პულეს, მერე- დიზაინერ ანა ჯონსს, თუმცა არც ერთზე არ უქორწინია. ამჟამად მარტოობით ტკბება.
ცოტა ხნის წინ გამოვიდა მისი მონაწილეობით ფილმი "საბრძოლო ცხენი". ამ ფილმზე, ასევე "შერლოკის" მესამე სეზონსა და პროექტზე "ვარსკვლავური გზა-2" ბენედიქტმა ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.
"ისღა დამრჩენია, ნერვები გიშალოთ"
- ჯეი ჯეი აბრამსმა "ვარსკვლავური გზის" გადაღებებზე მიგიწვიათ. ვინ უნდა განასახიეროთ?
- ზურგს უკან იურისტი მიდგას და ჩამჩურჩულებს, რომ არაფერი არ უნდა ვთქვა (იცინის). ძალიან აღელვებული და ნასიამოვნები ვარ. მიხარია, მაგრამ ამაზე ვერ ვისაუბრებ. ეს მხოლოდ უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.
- რა გრძნობაა, როცა ასეთი მოთხოვნადი გახდით და გამუდმებით ყურადღების ცენტრში ხართ?
- ო, ეს თავბრუს მახვევს, ეს ყურადღება დიდად სასიამოვნოა. თუმცა სულ უნდა გახსოვდეს, რომ მიმდინარე თუ მოსალოდნელი ნამუშევრის მასშტაბის მიუხედავად, ეს ყველაფერი მხოლოდ სამუშაოა. საქმე კარგად უნდა გააკეთო და თან არ უნდა მისცე უფლება, რომ მთლიანად გშთანთქას. ვიცი, რომ ჩემი პასუხი მეტისმეტად ინგლისური და მკაფიოა, მაგრამ ასეა. და ისიც ფაქტია, რომ ყოველთვის სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, როცა მორიგ კასტინგს წარმატებით გავივლი ან საინტერესო წინადადებას მივიღებ. აზარტში შევდივარ. უკვე ათი წელია ვმუშაობ. საკმაოდ გვიან დავიწყე, ლამის 30 წლის ვხდებოდი. არადა, ჩემ გარშემო ბევრია ისეთი, ვინც გაცილებით ახალგაზრდაა და უფრო შორსაც წავიდა. მაგრამ ამას ვერ ვუწოდებდი ბუნებრივ წინსვლას. თავს ძალიან იღბლიანად და ბედნიერად მივიჩნევ, რომ ეს თანდათანობით მოხდა. და უცებ, მოულოდნელად რომ აღმოვჩნდი ლამის მოვლენების ეპიცენტრში, ეს ბევრ საინტერესოს მპირდება, ასე არ არის? საზოგადოებაში იტრიალო და თან პირადი ცხოვრების ასპექტები შეინარჩუნო- ამის თამაში ძალიან სახალისოა. ამისთვის საჭიროა სათვალეები და ქუდები, სურვილი, დარჩე შეუმჩნეველი ნებისმიერი საშუალებით და თან შენიღბვის ილეთებს კარგად უნდა ფლობდე. მშვენივრად ვატარებ დროს და ამიტომაც მაქვს შესაძლებლობა, ფანტასტიკურ ფილმებში ვითამაშო, შესანიშნავი ადამიანების გარემოში ვიტრიალო.
- "შერლოკის" მესამე სეზონში დაბრუნდებით?
- იცით, ეს საკმაოდ პრობლემურია, თუ მეორე სეზონის ბოლო ეპიზოდის დასასრულს გავითვალისწინებთ. სხვათა შორის, სხვა იურისტიც არის, რომელიც დაჟინებით მირჩევს, დუმილი შევინარჩუნო. ისღა დამრჩენია, ნერვები გიშალოთ.
"ჰიტლერს შევხვდებოდი"
- ძნელია ბრიტანელების კერპის- შერლოკის განსახიერება?
- ჰოლმსი პირველ ადგილზეა ლიტერატურულ გმირებს შორის ეკრანიზაციის მხრივ. ეს ოფიციალურად არის რეგისტრირებული გინესის რეკორდების წიგნში. ეს შთამბეჭდავი რამაა. ვფიქრობ, ნებისმიერი მსახიობი, რომელიც ამ გმირს განასახიერებს, დაძაბული იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემ წინაშე იყო ერთგვარი სუფთა ფურცელი, გენიალური ჩანაფიქრის წყალობით- ჩემი შერლოკი XXI საუკუნეშია გადმოყვანილი.
- თქვენ თვითონ თუ გაქვთ საყვარელი მოთხრობა შერლოკ ჰოლმსის ამბებიდან?
- საყვარელი, არა. თუმცა მომწონს "ოთხთა ნიშანი".
- რაიმე ჰობი თუ გაქვთ?
- ცხენით ჯირითი, აკვალანგით ყვინთვა და მოტოციკლები.
- რომ შეგძლებოდათ ვინმესთან, ცოცხალთან თუ მკვდართან შეხვედრა, ვინ იქნებოდა ეს და რას ეტყოდით?
- ჰიტლერი. ვეტყოდი, რომ მისი ნახატები შესანიშნავია, ჯობს პოლიტიკისგან შორს იყოს და ვინმე გაჟიმოს. ცოცხლებიდან... ასევე ვთხოვდი ღრმად ჩაესუნთქა და ვკითხავდი, რამეს ხომ არ დალევდა.
- ხშირად ხუმრობთ თქვენს გვარზე...
- ჰო, ის აბაზანაში გაზების გაშვებას ჰგავს, ძველი და რთულად წარმოსათქმელია. თვითონაც კი ვერ წარმოვთქვამ უშეცდომოდ. როცა მსახიობის პროფესია ავირჩიე, დედა მირჩევდა, გვარი შემეცვალა, მაგრამ არ დავუჯერე...
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)