კრისტი ყიფშიძეს ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარმა გული ატკინა

კრისტი ყიფშიძეს ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარმა გული ატკინა

ტელეპროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ჯერ იყო და, აჩიკო მეფარიძემ განაცხადა, რომ პროექტს საკუთარი ინიციატივით ტოვებდა, თუმცა დააბრუნეს და იმავე ტურში დაატოვებინეს შოუ. მერე ქართულ ტურში სუხიშვილების ორი მოცეკვავე იდგა აუტსაიდერებში, რასაც შედეგად კახუჩელას გავარდნა მოჰყვა, მესამე ტურში კი პროექტი კრისტი ყიფშიძემ დატოვა. ჟიურის კრიტიკის ძირითადი მიზეზი მისი ვარცხნილობა და ქორეოგრაფია გახდა, რაც მოცეკვავეებმა საკუთარ შეცდომად არ აღიქვეს. დღეს ჩვენი სტუმრები კრისტი ყიფშიძე და მისი მეწყვილე ლევან ახვლედიანი არიან.

- წინა კვირას პროექტი დატოვეთ, ხომ არ განაწყენდით ვინმეზე, ბოლო ტურზე განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარეს...

- ჰო, გაგვაკრიტიკეს და ვფიქრობ, უსამართლოდ. ეს ცეკვა ჩვენი დადგმული არ იყო. ნახაზი გააკეთეს უკრაინელმა ქორეოგრაფებმა დიმამ და ალიონამ, როლებიც ამ პროექტში მისი დაწყების დღიდან მუშაობენ. ეს ადამიანები წარმატებულნი არიან თავიანთ საქმეში. კიევში, მოსკოვში არაერთ მსგავს პროექტში ყოფილან ჩართული, პროფესიონალები არიან. მე მათ ბოლომდე ვენდე. ბოლო ტურის ცეკვა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო დადგმა. ეს არ იყო მხოლოდ ცეკვა, აქ იყო ნაჩვენები ხასიათი, ეს იყო მონოსპექტაკლი, მთელი წარმოდგენა. მე განვასახიერებდი როქსანას. ეს არის "მულენ რუჟის" ერთ-ერთი კურტიზანი ქალი. თუ გაქვთ ნანახი ბაზ ლურმანის ფილმი "მულენ რუჟი", სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს, გეცოდინებათ, როგორ აცვია ამ პერსონაჟს, ან როგორი მუსიკაა და როგორ ვითარდება მოვლენები სცენაზე. ჩემი მეწყვილე მდიდარი, ტირანი კაცი უნდა ყოფილიყო, რომელსაც საყვარელი ღალატობს და იმდენად უყვარს, რომ მაინც ვერ ტოვებს. ცემა და მუშტი-კრივი სცენაზე არც გაგვიმართავს, რამაც ჟიური გააღიზიანა. აქცენტი იყო თმაზე. მან თმაში მომქაჩა და მიმათრევდა. ეს ჩვენ გავაკეთეთ თეატრალიზებულად. ნუთუ ჟიურის არც ერთ წევრს ტულუზ ლოტრეკის ცნობილი ნახატები არ უნახავს მულენ რუჟის სერიიდან?!

ლევანი:

- ბოლო ტურში არაერთი ტექნიკური შეცდომა დავუშვით, მეგონა, ჟიური ამაზე გაამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ რატომღაც აქცენტი ქორეოგრაფიაზე გადაიტანეს. ქორეოგრაფების შეცდომა ჩვენთვის არ უნდა დაებრალებინათ. თემატიკის გარეშე ცეკვა მოსაბეზრებელი იქნებოდა მაყურებლისთვის. ამან ძალიან გამაღიზიანა. გოჩა ჩერტკოევმა, ფაქტობრივად, მოწოდებები გააკეთა, რომ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. მინდა გითხრათ, რომ კრისტის ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდნია იმ მოძრაობების დროს, რაც მათ დაგვიწუნეს. ეს იყო თეატრალიზებული დადგმა. რუსთაველის თეატრში, იმ სცენაზე, სადაც "ცეკვავენ ვარსკვლავები" ტარდება, არაერთი მსგავსი სცენა დაუდგამთ და არ მგონია, რომელიმეს ასეთი რეაქცია გამოეწვია მაყურებელში. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, თუ როგორ მასწავლიდნენ ჟიურის წევრები, როგორ მოვექცე ქალს. ისეთ ოჯახში გავიზარდე, ჭკუას ამ საკითხში ვერავინ დამარიგებს. ქალს ხელით შევეხები კი არა, არც ვაწყენინებ. მე ხელოვანი ვარ, მსახიობი და მოცემულ როლს განვასახიერებდი.

- თუ გქონიათ საუბარი ჟიურის წევრებთან?

კრისტი:

- ველაპარაკე გოჩას, რომელიც, სხვათა შორის, სწორედ თქვენს ჟურნალში წერდა, ჯერჯერობით მხოლოდ კრისტის ვალსმა დამაკმაყოფილაო. მეოთხე ტური რომ დამთავრდა და გავვარდი, მაშინაც იგივე გაიმეორა, შენი ვენური ვალსის მსგავსი ნომერი ჯერ არ მინახავსო. ეგ ვენური ვალსიც დიმას დადგმული იყო, ამიტომაც ვენდეთ ბოლომდე.

ლევანი:

- მე მქონდა ჩემი ვერსია, მქონდა იდეა, რომ ვყოფილიყავი მხატვარი და გამეცოცხლებინა ჩემი დახატული ქანდაკება, რომლითაც ძალიან მოვიხიბლე, და შემდეგ მასთან მეცეკვა. ეს თემატიკა არ ჩაჯდა იმ მუსიკაში, რომელზეც უნდა გვეცეკვა და ამიტომაც დავთანხმდი მათ წინადადებას და შემოთავაზებულ ნომერს. თუ ასეთი სადიზმი და აგრესია გამოვავლინეთ სცენაზე, მანამდე რატომ არავინ გვირჩია, ეს არ გაგვეკეთებინა? რეპეტიციაზე ყველა ხედავდა, რას ვდგამდით, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რა უნდა გვეცეკვა სცენაზე.

- კრისტი, ჟიურიმ ყურადღება გაამახვილა შენს ვარცხნილობაზეც.

- მე მყავს ჩემი პირადი სტილისტი, ვართანა. სხვასთან ვერ გავიკეთებ თმას, არ შემიძლია. პროექტს ჰყავს თავისი სტილისტები, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს სტილისტს ვენდობი. თუკი ვინმე ცნობილი და გემოვნებიანი ქალია თბილისში, ყველა ჩემს სტილისტთან დადის. ვერც კი გეტყვით, როგორი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ვარცხნილობამ. გაოცებული დავრჩი, როცა ნანუკამ თქვა, არ მეგონა ჩემი ვარცხნილობის მერე რამე თუ გამაოცებდაო. გული დამწყდა, რომ ჟიური არ იყო გარკვეული, რა სახე შევქმენით. ნანუკა პირველ კონცერტზე ისეთი უცნაური, არაორდინარული ვარცხნილობით მოვიდა, "ფეისბუქი" მისი ფოტოებით და კომენტარებით იყო აჭრელებული. თუმცა ეს ჩემთვის არც ახალი იყო და არც გასაოცარი. ჩვენებებზე რა ვარცხნილობა აღარ მქონია, გადაპარსული თავითაც კი გამოვსულვარ აუდიტორიის წინაშე. ამიტომაც არ გამაღიზიანა მისმა ვარცხნილობამ, მაგრამ არ მეგონა, თუ ჩემს ვარცხნილობას თავისას შეადარებდა. ან რატომ იყო გაოცებული ჩემი ვიზუალით? ცოტა არ იყოს, მეწყინა. მერე გამეცინა კიდეც.

- კრისტი, ხომ არ გილაპარაკიათ შენ და ნანუკას იმ ტურის შემდეგ?

- არა, რა უნდა მეთქვა. რაც ნაკლებს ილაპარაკებ და რაც უფრო მაღლა დაიჭერ თავს, მით უფრო კარგი იქნება შენთვის. ამ შემთხვევაში ნანუკას არ ვგულისხმობ. როცა ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, ჯობს, ყურადღება არ მიაქციო. "ფეისბუქზე" ჩემმა მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა დაჭამეს ერთმანეთი. ხალხს მარტო სალაპარაკო თემა მიეცი და... ვფიქრობ, რომ არასამართლიანად დავტოვე პროექტი. მგონი, ყველაზე მონდომებული ვიყავი, დილიდან დაღამებამდე დაუღალავად ვშრომობდი, რომ ის შედეგი მიმეღო, რასაც მერე თქვენ ეკრანზე ხედავდით. ბევრი შრომა, ნერვები და პირადი გრძნობებიც ჩავდე ამ პროექტში. ამიტომაც მეწყინა ის, რაც ბოლოს მითხრეს. მაგას ჯობდა ეთქვათ, ცუდად იცეკვეო. ამ შემთხვევაში ვერ შევეწინააღმდეგებოდი, იმიტომ, რომ ბევრი პროფესიონალი ზის ჟიურიში და მათ ჩემზე უკეთ იციან, კარგად ვცეკვავ თუ ცუდად. მაგრამ როცა გეუბნებიან, კარგად შეასრულე, ხასიათიც დაგვანახვე და ვარცხნილობა და ქორეოგრაფია არ მოგვეწონაო, ცოტა გაუგებარია ჩემთვის. არ შეიძლება, კონკურსანტს დაუწუნო დადგმა, კოსტიუმი, ვარცხნილობა და ამაში დააკლო ქულები. ყველაზე მეტად რამაც გამაგიჟა, ეს იყო ჩემი შვილის ცრემლები. თან კი არ ტიროდა, ბღაოდა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე... სხვათა შორის, როცა ამ პროექტში მივედი, სხვა კონკურსანტები დამხვდნენ. მაშინ არავინ იყო "იმედის" სახე. მერე ნელ-ნელა გამოჩნდნენ. აი, მაშინ ვინანე, რომ დავთანხმდი ამ წინადადებას. "იმედის" ოთხი სახე, პლუს ჟიურის ერთი წევრი, უკვე არაობიექტურობის ეჭვს ბადებს.

- მანამდე ვინ იყო მათ მაგივრად პროექტში?

- უნდა ყოფილიყო ზურა ყიფშიძე, დუეტი "ჯორჯია", მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ უნდა ყოფილიყო. მთავარი ისაა, რომ მაშინ "იმედის" არც ერთი სახე არ ფიგურირებდა ამ პროექტში. თამამად ვიყავი. კი ამბობდნენ, ამას და ამას უნდა მისცენ ბინა, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მთავარი მოგება არ არის. ამ პროექტში ბინისა და პრიზისთვის არ მივსულვარ. მთავარია სამართლიანი კონკურენცია, მე მინდოდა მეცეკვა, ცეკვა მესწავლა. დიდი სითამამე სჭირდება იმას, რომ გამოხვიდე ამხელა აუდიტორიის წინაშე და პარკეტზე ვალსი იცეკვო, მით უმეტეს, თუ მანამდე შეხებაც არ გქონია ცეკვასთან. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მე ცეკვა ვისწავლე, ხალხს ჩემი ნომრები მოსწონდა. ამისთვის მადლობა ამ პროექტს.

- კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ეს პროექტი ლელა წურწუმიასთვის გაკეთდა, რომ მას უნდა გადასცენ ბინა... კონკურსანტებს შორისაც თუ იყო ასეთი საუბრები?

- ასეთი საუბრები ნამდვილად იყო. იმასაც ამბობდნენ, ჩვენ ლელას ფონი ვართო. მე არასდროს არ ვყოფილვარ არავის ფონი და არც არავის კონკურენტი ვარ. შემდეგ ტურზე ბოშური უნდა მეცეკვა და ამაზე დამწყდა გული. ამ ტურზე ჩემი შვილი, ნატაშკაც უნდა გამოსულიყო. ძალიან უნდოდა ამ პროექტში მონაწილეობა და ასაკი არ აძლევდა ამის საშუალებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბოშური ოჯახი უნდა გაგვეკეთებინა და ნატაშკას საშუალება ეძლეოდა, მონაწილეობა მიეღო ამ ნომერში. გული დამწყდა, რომ ეს ვერ მოხერხდა.

- კრისტი, ახლა ალბათ მეტი დრო გაქვს პირადი ცხოვრებისთვის, როგორ განვითარდა შენი და თაზოს ურთიერთობა იმ საჯარო სიურპრიზის შემდეგ?

- მაგაზე ლაპარაკი არ მინდა. თუ რაიმე ახალი იქნება, ვიცი, არ გამოგეპარებათ (იღიმება). არ მიყვარს ჩემს პირადულზე ლაპარაკი. ძალიან გავბრაზდი, თაზომ ასეთი რამ რომ გააკეთა. იძულებული გამხადა, ამ თემაზე მელაპარაკა.

"რეიტინგი" მადლობას უხდის ფოტოგრაფ გიორგი ცაავას მასალაში გამოყენებული ფოტოების მოწოდებისთვის.

იხილეთ ვიდეო: სექსუალური და უკომპლექსო კრისტი "ბომონდისათვის" პოზირებს

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება