ნეკა სებისკვერაძის კარიერა და ყველაზე "კარგი" ასაკი ოჯახის შესაქმნელად

ნეკა სებისკვერაძის კარიერა და ყველაზე "კარგი" ასაკი ოჯახის შესაქმნელად

წარმატების საიდუმლო ამჯერად, მომღერალმა ნეკა სებისკვერაძემ გაგვანდო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი საზოგადო საქმიანობას განსაკუთრებულ ელფერსა და ენერგიას მატებს, მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაქორწინების გადაწყვეტილება რაც შეიძლება გვიან უნდა მიიღო. საუკუნის სენი - დროის დეფიციტი, როგორც აღმოჩნდა, მისთვისაც ძალზე მტკივნეული თემაა, თუმცა დროსთან ჭიდილში ჯერჯერობით, გამარჯვებული მაინც თავად რჩება...

- ნეკა, გაიხსენეთ ქართული რომანსების საღამოები პარიზში. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ პროგრამით? წარმატებულად ჩაიარა ტურმა?

- პარიზული კონცერტი გამორჩეული იყო ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული კონცერტებისგან, რადგან იქ ჩვენს პროგრამას ნიკოლოზ რაჭველი შემოუერთდა. მისმა აკომპანემენტმა საოცარი ხიბლი შესძინა კონცერტს. ეს იყო ქართული კულტურის ცენტრ "ლაზის" მიერ ორგანიზებული საღამო სალონურ გარემოში. დარბაზში იყო ბევრი ემოცია, ცრემლი და უამრავი არაჩვეულებრივი მსმენელი. ეს ჩემთვის პირველი კონცერტი იყო ამ არაჩვეულებრივ ქალაქში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იგი შედგა. ქართული ლირიკული სიმღერისა და რომანსის ხიბლი კიდევ ერთხელ შევახსენეთ ემიგრანტებს, მათ ფრანგ მეგობრებს კი ქართული სასიმღერო მუსიკა გავაცანით.

- ამჟამად თუ ხართ რაიმე ახალი საქმით დაკავებული ან თუ აპირებთ რაიმე პროექტში ჩაბმას უახლოეს მომავალში? ხომ არ უნდა ველოდეთ ტელეეკრანზე თქვენს გამოჩენას?

- სულ ცოტა ხნის წინ მქონდა ორი კონცერტი: მონაწილეობა მივიღე ლაშა ღლონტის კონცერტში და კომპოზიტორ ავთო შარვაძის 65 წლის საიუბილეო საღამოზეც მიმიწვიეს. ამჟამად განსაკუთრებული სიახლე არ მაქვს. ვეძებ რომანსის ჟანრის ახალ საინტერესო სიმღერებს, რომ პროგრამა განვაახლო.

- რა ინდივიდუალურ თვისებებს უნდა ვფლობდეთ წარმატების მისაღწევად?

- შრომისმოყვარეობას, უპირველეს ყოვლისა.

- როგორც ამბობენ, ნიჭიერ ადამიანს საკუთარი ნიჭი არ მოასვენებს. არის ეს წარმატების გარანტი?

- რა თქმა უნდა, და ამას ძალიან ხშირად ვიმეორებ, განსაკუთრებით, დამწყებ მუსიკოსებს ვახსენებ ხოლმე ამას. ნიჭიერებას შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობაც თუ ახლავს თან, არაფერი ქრება უკვალოდ.

- თუ მიგაჩნიათ, რომ იღბლიანი ხართ? საერთოდ, რა დატვირთვა აქვს იღბალს თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- მჯერა და ვიცი, რომ უფლის წყალობა ყოველთვის თან მდევს. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო და ისე ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, რომ ეს წყალობა მუდამ ჩემი თანამდევი იყოს. ძალიან ბევრი სირთულე შემხვედრია შემოქმედებით ცხოვრებაში და უფლის წყალობით, გადამილახავს. ამ დროს სიძლიერე არასდროს მტოვებდა...

- ხშირად გიმართლებთ? ხშირად აღმოჩენილხართ სწორედ იქ და იმ დროს, სადაც და როცა უნდა ყოფილიყავით?

- კონკრეტული შემთხვევისას - შესაძლოა, მაგრამ ყოველთვის ასე ნამდვილად არ მომხდარა. ვისაც ასე ემართება, შეუძლია თქვას, რომ ძალიან გაუმართლა.

- ხშირად წასულხართ დათმობაზე, თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ?

- რა თქმა უნდა. დათმობა, შემრიგებლობა, პატიება - ის აუცილებელი თვისებებია, რომელიც პროფესიული საქმიანობის წარმატებულად აწყობაში გეხმარება. ბევრი რამ უნდა დათმო, თუ მიგაჩნია, რომ ეს მართებულია. არის სიტუაციები, როცა საკუთარი თავის შეფასებისას, პრინციპულობა ჯობია. ვერ იტყვი, კონკრეტულად სად, რა მომენტში რა ჯობს, მაგრამ მე ხშირად დამითმია. საერთოდ, დეტალებს გამოკიდება არ მჩვევია; მგონია, რომ ამით ცხოვრება რთულდება. მე მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ასე რომ, ვცდილობ, ამით სიამოვნება მივიღო.

- მიზანი ხშირად ამართლებს საშუალებას?

- ალბათ კი.

- ცრურწმენების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- არ მიყვარს, როცა მარილი იბნევა, თუმცა - რატომო? - რომ მკითხოთ, ვერ გიპასუხებთ. ბავშვობიდან მესმოდა, რომ ცუდის ნიშანია, და უაზრო აკვიატებაა ალბათ... ცრურწმენებთან დაკავშირებული "შიშები" ნამდვილად არ მაქვს (იცინის).

- რაიმე ნივთს ხომ არ ატარებთ თან, რომელსაც თქვენთვის წარმატება მოაქვს?

- ბავშვობიდან მქონდა დედას ნაჩუქარი, ციცქნა ჯვარი, რომელიც დავკარგე და გული ძალიან მეტკინა. დღეს მაქვს მეუღლის ნაჩუქარი ჯვარი, რომელსაც არასდროს ვიცილებ.

- რომელიმე სხვა პროფესიაზე თუ გიოცნებიათ?

- კინორეჟისორობაზე ვფიქრობდი პატარაობისას. ეს ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესო სფეროა...

- შეგიძლიათ გულდასმით აკეთოთ საქმე, რომელიც სიამოვნებას არ გგვრით, მაგრამ დიდი მატერიალური დაინტერესება ახლავს?

- თუ სიამოვნებას არ მანიჭებს კონკრეტული საქმის კეთება, გულს ვერ დავუდებ.

- როგორ ახერხებთ დროის სწორად განაწილებას?

- ო-ო, ეს არის ალბათ ამ საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემა. როგორც იცით, სწორედ იმიტომ, რომ დროის სწორად განაწილება დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამ თემას ბევრ სემინარს, ფორუმსა თუ ლექციას უთმობენ. ვცდილობ, ვიხელმძღვანელო კონკრეტული გრაფიკით, რომელიც ყოველთვის წინასწარ მაქვს შედგენილი. უკვე 10 წელია, ბლოკნოტის გარეშე ვერ მნახავთ; ყველაფერი გაწერილი მაქვს და ეს ძალიან მეხმარება. რაც ოჯახი შევქმენი, უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩება საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის. სამსახური, ორი პატარა, ინტერვიუები, ღონისძიებები... ძალიან ძნელია დროის სწორად განაწილება, მაგრამ მაინც ვცდილობ, კარგად დავალაგო ხოლმე ყველაფერი...

- რამდენად რთულია, იყო წარმატებული, როდესაც ხარ მეუღლე, დედა?.. უშლის ეს ხელს კარიერას თუ პირიქით, სტიმულს, ძალას, ენერგიას გმატებთ სამუშაო პროცესში?

- სტიმულს და ენერგიას ნამდვილად მმატებს, თუმცა პრობლემა ისევ დროის ფაქტორია. მუსიკას "უყვარს", როდესაც მხოლოდ "მასში ხარ" და "მასთან ხარ"... ძალიან ბევრი საინტერესო და ღირებული დრო მიაქვს, თუნდაც ერთი ნაწარმოების შექმნას. სანამ პატარები არიან შვილები, ალბათ ბუნებრივიცაა, რომ მთლიანად მათზე ხარ კონცენტრირებული, თუმცა მუსიკას იმდენად დიდი როლი უკავია ჩემს ცხოვრებაში, რომ მის გარეშეც ვერ ვძლებ...

- რას ურჩევთ გოგონებს, რომლებიც წარმატებულ კარიერაზე ოცნებობენ? თქვენი აზრით, როდისაა ხელსაყრელი ოჯახის შექმნა, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით?

- ოჯახის შექმნა ნებისმიერ შემთხვევაში, 23-24 წლამდე არ არის სასურველი, ეს ძალზე პატარა ასაკია. თუ უფრო იქითაც გადასწევთ, არ ინანებთ (იცინის). სანამ კარგად არ ჩამოყალიბდები და არ გაიაზრებ, რა არის ოჯახი, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ შემდეგ იმედგაცრუება არ იგემო. მე 24 წლისას უკვე შვილი მყავდა. ჩემი მეუღლე 27-ის იყო. ორივეს კარგად გვქონდა გააზრებული, რა ნაბიჯს ვდგამდით და დღემდე ხაზს ვუსვამთ იმას, თუ რა კარგ ასაკში შევქმენით ოჯახი.

- თქვენი აზრით, რომელი თვისებები უნდა გვქონდეს, რომ ფორტუნის "კეთილგანწყობილება" დავიმსახუროთ?

- ნიჭი, შრომისმოყვარეობა, იმ საქმის დიდი სიყვარული, რომელსაც ემსახურები; მუდამ ფორმაში ყოფნა, ორგანიზებულობა, სიახლეების ძიებისკენ ლტოლვა და პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარი თავის და ირგვლივ მყოფი ადამიანების წინაშე ყოველთვის უნდა გქონდეს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება