თუ ვინმეს შეხვდით და ორად მოგეჩვენათ, სათვალის გაკეთებას ნუ იჩქარებთ, რადგანაც თქვენ წინაშე ზოდიაქოს ნიშანთაგან ყველაზე ცვალებადი - ტყუპი იქნება. მერყევი, ცნობისმოყვარე, მოუსვენარი, ძალზე ჯიუტი, ფიცხი და ზედმეტად ემოციური - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ თათული ედიშერაშვილის ზოდიაქოს ნიშანია. ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ მათი ცხოვრება მუდმივი აღმაფრენა-დაცემის უწყვეტ ციკლს წააგავს. ვნახოთ, რას გვეტყვის თავად თათული...
- არ მეგულება ადამიანი, რომელსაც თავისი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება ერთხელ მაინც არ ჰქონდეს წაკითხული. ამ მხრივ გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. დახასიათება სიტყვასიტყვით არ მახსოვს, მაგრამ ჩემს ხასიათთან იმდენად ბევრი თანხვედრა აღმოვაჩინე, გავოცდი. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცების ამოცნობა კარგად მეხერხება.
- მათ რით გამოარჩევ?
- ძალიან გულუხვები, ემოციურები და მრავალმხრივები არიან. ახსნა მიჭირს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტყუპია. ჩემი მეგობარი - თამუნა ნიკოლაძეც ტყუპია. ძალიან ერთნაირები ვართ.
- ცნობისმოყვარე ხარ?
- უჰ!!! ძალიან ცნობისმოყვარე ვარ! ყოველთვის მაინტერესებს, რა ხდება იქ, სადაც არ ვარ, მაგრამ იმიტომ კი არ მაინტერესებს, რომ მერე დავჯდე და ვიჭორაო, განვიხილო. დედაჩემი მეხუმრებოდა: რაც მეტს გაიგებ, მით მალე დაბერდებიო. რა ვქნა, როცა გარშემო ცხოვრება დუღს, ინერტული ვერ ვიქნები.
- მოუსვენარიც ხარ?
- ხან მოუსვენარი ვარ, ხან - არა, მაგრამ არა მგონია, ჩემი მოუსვენრობით ვინმეს ვაწუხებდე. ზოგჯერ ისეთი წყნარი ვარ, საკუთარ თავს ვერ ვცნობ.
- მერყევი ხასიათი გაქვს?
- კი და ეს მაზიანებს; შეიძლება მაღიზიანებს კიდეც, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდები. ვაიმე, რა გულწრფელი ვარ (იცინის)...
- მერყევი ხასიათის გამო დაზარალებულხარ?
- კონკრეტული ფაქტები არ მახსენდება, მაგრამ არაერთხელ მქონია განცდა, რომ რაღაც სწორედ ჩემი მერყევი ხასიათის გამო დამემართა. სულ რაღაცაზე ვნერვიულობ, სულ განცდებში ვარ. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან მომწონს.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ მხიარული ადამიანი ხარ...
- მგონი, ვარ კიდეც. სხვების გამხიარულება მაშინაც შემიძლია, როცა თავად ცუდ განწყობილებაზე ვარ. რაღა დაგიმალო და, ისიც შემიძლია, რომ ადამიანს ხასიათი გავუფუჭო - ესეც კარგად გამომდის. თუმცა ამას სპეციალურად არასდროს ვაკეთებ. მოწყენილობა არ მჩვევია.
- "ხანდახან ძალზე ჯიუტია, ფიცხი და ემოციური".
- ხანდახან - არა, სულ ჯიუტი ვარ. ვაიმე, რა ხდება, საკუთარ თავზე რა საშინელებებს ვლაპარაკობ?.. სხვისი აზრი ყოველთვის მაინტერესებს, შენიშვნასაც ვიღებ. ფიცხიც ვარ - მალე ვინთები და მერე ვწყნარდები. წყენას ან სიხარულს გულში ვერაფრით შევინახავ, იმწუთასვე ვიღაცას უნდა გადავცე, გამოვხატო. რაც შეეხება ჩემს ემოციურობას - ეს თვისებაც მოჭარბებულად მაქვს. ემოციები ყველგან "გოდრებით მიდგას".
- "ნებისმიერი მამლის ცხოვრება მუდმივი აღმაფრენა-დაცემის უწყვეტ ციკლს წააგავს". შენს შემთხვევაშიც ასეა?
- ნამდვილად ასეა! ხომ ხედავ, ჯერჯერობით ყველაფერში გეთანხმები... სულ შენება-ნგრევის პროცესში ვარ. ნგრევა მქონია როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე პირად ცხოვრებაშიც. პროფესიაში პოპულარული ძალიან დიდი შრომის შედეგად გავხდი... სიმართლე გითხრა, ძალიან ძნელია, როცა ერთ დღეს გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ იქ აღარ ხარ, სადაც გგონია, მუშაობ. ესეც ხომ ნგრევაა? ყოველ შემთხვევაში, გადასატანად რთულია! ამ დროს საკუთარ თავში უნდა გამონახო იმის ძალა, რომ არ დაიბოღმო, არ გაბოროტდე და ადამიანებს საშინელებები არ უსურვო.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)