როგორ დაიძვრინა თავი ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან ზურა პირველმა

როგორ დაიძვრინა თავი ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან ზურა პირველმა

მსახიობი ზურა პირველი განსაკუთრებულად პოპულარული სოციალურ ქსელში გახდა. მის მიერ შექმნილი გმირები, ვულკან ბოგრეშელი და მისი მეუღლე მერიკო, "ფეისბუქის" მომხმარებელმა განსაკუთრებულად აიტაცა. ამჟამად პოლონეთში, ქალაქ შჩეჩინში ცხოვრობს. გასულ ხუთშაბათს მაია ასათიანმა "პროფილში" მიიწვია და სპეციალურად ამ გადაცემისთვის სამი დღით ესტუმრა თბილისს. გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის ახლოს გაგვეცნო პოლონეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი, რომელსაც ვულკანისა და მერის გმირების შექმნის გარდა, ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია საკუთარ პროფესიაში.

-  თბილისში ლენინის ქუჩაზე დავიბადე, ახლანდელ კოსტავაზე. თავისუფლების მოედანს დღემდე ლენინის მოედანს ვეძახი და ამაზე ხშირად დამცინიან მეგობრები. ეს იყო ჩემი ბავშვობის უბედნიერესი პერიოდი. განსაკუთრებულ გარემოში ვცხოვრობდი. უზარმაზარი სახლი იდგა, ჩვიდმეტი ოთახი, ორი ეზო, სასახლე იყო. ჩვენთან მამისა და მამიდის მეგობრები, ძველი ვერელები იკრიბებოდნენ. დიდ ოთახში ორი ფორტეპიანო იდგა და სალონური საღამოები ეწყობოდა. ბავშვებიც ამ შესანიშნავი დღეების მონაწილეები ვიყავით. დიდხანს მეგონა, რომ უფროსებმა ცუდი სიტყვები არ იცოდნენ. სანამ დედ-მამა ცოცხალი მყავდა, მათ შორის დაძაბული საუბარიც კი არ ყოფილა, ამას როგორ ახერხებდნენ, დღემდე არ ვიცი. ახლაც, როცა რამე მიჭირს და ცუდად ვარ, ძალას იმ პერიოდის გახსენებით ვიკრებ.

-  დედმამიშვილებზე მოგვიყევით.

-  მყავს უფროსი და მარიკა, რომელიც მეცნიერია და მასთან ერთად ვცხოვრობ პოლონეთში, და ორი წლით უმცროსი ძმა, გოგი პირველი. პროფესიით ფიზიკოსია, მაგრამ დღეს რაღაც ბიზნესი აქვს, არ ვიცი, რა.

-  პროფესია როგორ შეარჩიეთ?

-  ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. სპექტაკლებს არ ვდგამდი, მაგრამ განუწყვეტლივ ვცეკვავდი და ვმღეროდი. მამას საოცარი ფერის ზაპოროჟეცი ჰყავდა, რომელშიც მთელი თბილისი ეტეოდა. დანომრილი მქონდა სიმღერები და მახსოვს მიკვეთდნენ, ახლა პირველი იმღერე, მეორე, მე­ათე... ნომერი პირველი სიმღერა იყო - "ყვავილებში დამეკარგე", მეორე - "სირტაკი"... ბავშვობაში კბილის ექიმობაც მინდოდა. დღისით ექიმი ვყოფილიყავი და საღამოს "რიჟიკა". არა მასხარა, არამედ "რიჟიკა". ოლეგ პოპოვს წერილებს ვუგზავნიდი და პასუხს ჩემები მიგზავნიდნენ, ნაწერი აუცილებლად წითელი ფერის იყო. მე და ოლეგი ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ვწერდი.

-  სკოლის პერიოდში თეატრა­ლური თვალსაზრისით არ აქტიურობდით?

-  არა, ძალიან მიყვარს გართობა და მიმაჩნია, რომ ადამიანი იმისთვის დაიბადა, ბედნიერი იყოს და არა ჯანმრთელი. თეატრში, ოპერაში ხშირად დავდიოდი მეგობარ ნინო კვიტატიანთან ერთად. ორკესტრანტები უკვე გვცნობდნენ, მერე ჩუმად სიგარეტს ვეწეოდით, ქუჩაში ვცეკვავდით, საოცარ დროს ვატარებდით. 55-ე სკოლა დავამთავრე და პირველივე წელს თეატრალურ ინსტიტუტში მოვეწყვე. ისეთი თავხედი ვიყავი, რომ ერთ-ერთი გამოცდის ნიშნების გამოცხადებაზე არ მივედი. ხუთს მივიღებდი აბა, რა იქნებოდა-მეთქი. ტუტუცი ბავშვი ვიყავი.

-  ვინ იყვნენ კომისიაში, როდესაც აბარებდით?

-  მიშა თუმანიშვილი იყო კომისიის თავმჯდომარე და ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი ლილი იოსელიანი. მაშინ ძალიან სასაცილო კბილები მქონდა. ლექსი რომ წავიკითხე, მეტყველების პედაგოგმა ბაბულია ნიკოლაიშვილმა მითხრა, ახლოს მოდი, ზურა, ახლოს. დაკრიჭე, აბა, კბილები და უცებ ამბობს, დედა, ღმერთო ჩემო, რა არეულობა აქვს პირში (იცინის).

-  ვინ იყვნენ თქვენი ჯგუფელები?

-  ნინო ბრეგვაძე, ლიკა გუნცაძე, ლელა ალიბეგაშავილი, თინიკო თურქიაშვილი, ნინო კვიტატიანი, შალვა კიკვაძე, ალექსი ჯაყელი, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს და იქ შესანიშნავი თეატრი აქვს, მიშა გომიაშვილი, გია როინიშვილი, დათო ბასილიძე, ბესო მეგრელიშვილი. ჩვენი პედაგოგი ლილი იოსელიანი გახლდათ, ქალი მოვლენა. ამ პატარა არსებაში უდიდესი ძალაა. რეპეტიციების დროს ტუალეტში არ გადიოდა, საჭმელს არ ჭამდა. პირველად მასთან სახლში რომ მივედით და დავინახეთ, ქალბატონმა ლილიმ შეჭამა და ჩაი დალია, გაოგნებულები ვუყურებდით.

-  პირველი სერიოზული როლი გაიხსენეთ.

-  ეს იყო დონ კიხოტი, რომელმაც ისე ჩაიარა, არაფერი გამიგია. შეყვარებული ვიყავი და არ მაინტერესებდა. ქალბატონი ლილი სულ მეუბნებოდა, ინანებ, ზურა, ინანებ, შეიძლება, ასეთი როლის თამაშმა აღარ მოგიწიოსო. საბედნიეროდ, გამიმართლა და ბევრი კარგი როლი ვითამაშე.

-  თქვენი სიყვარულის ობიექტიც მსახიობი იყო?

-  არა, ჩემზე ხუთი წლით უფროსი ექიმი. ჩემი ჯგუფელის მეგობარი გახლდათ. მაშინ ასაკობრივი სხვაობა გულშიც, ყურშიც და ყველგან ხვდებოდათ. მასას ჩვენი ურთიერთობა არ მოსწონდა. ერთად ცხრა წელი გავატარეთ. დღეს აღარ არის ცოცხალი. ჩერნობილის აფეთქება რომ მოხდა, როგორც სამედიცინო მუშაკი, თან გასათხოვარი, იქ მიჰყავდათ, ამიტომ ხელი მოვაწერეთ. ფიქტიურ ხელმოწერას ვეძახდით, მაგრამ ეს აღარ იყო ფიქტიური. ის ისეთი დაბნეული იყო, მეჯვარემ ყვავილები რომ მოუტანა, ამას რა ვუყოო და ნაგვის ყუთში ჩააგდო. შემდეგ დავშორდით. მე, როგორც უზნეო ადამიანს, მალე გამიარა სიყვარულმა, მაგრამ ბოლომდე მეგობრებად დავრჩით.

-  პარალელურად სამსახიობო საქმიანობასაც ეწეოდით?

-  თეატრალურის დამთავრების შემდეგ განაწილება დაიწყო, მაგრამ არც ერთი ადგილი არ მომეწონა. გადავწყვიტე, სოხუმის თეატრში წავსულიყავი. ქალბატონმა ლილიმ მითხრა, სისულელეს ნუ აკეთებ, ორი ადგილია მოზარდ მაყურებელთა თეატრში შალვა გაწერელიასთან და იქ წადიო. ბატონი შალვა იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როდესაც გარდაიცვალა, კინაღამ თან გავყევი. პირველი პერიოდი დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, რეპეტიციებზე ვიგვიანებდი. მერე, როდესაც დავმეგობრდით, მსახიობები რომ შვებულებაში მიდიოდნენ, ჩვენ მაინც ვრჩებოდით. დავრბოდით კუს ტბაზე, სულ ერთად ვიყავით.

-  ზურა, ვისთან ერთად ცხოვრობდით?

-  თავიდან მშობლებთან. შემდეგ ჩემი და პოლონეთში წავიდა და მის სახლში, ვაკეში სამოთახიან ბინაში გადავედი. ერთხელ სპექტაკლს ვესწრებოდი. სლავა ნათენაძე თამაშობდა და მსახიობს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა მაყურებლთან. უცებ ამბობს, ახალგაზრდებს პრობლემები აქვთ. ახლა ამ დარბაზში იქნება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯიბეში ვაკეში სამოთახიანი ბინის გასაღები ედებაო. ავდექი, მე მაქვს-მეთქი (იცინის).

-  სიყვარული აღარ მოვიდა?

-  სიყვარული სულ მიდი-მოდის. სიყვარულის გარეშე ახლა ვცხოვრობ პოლონეთში. შეიძლება, მარადიული სიყვარული არ მქონია, მაგრამ რამდენჯერაც მოდიოდა, იმდენჯერ მანადგურებდა. ახლა პენსიაში ვარ თუ შვებულებაში, არ ვიცი. ახალ ურთიერთობას თუ ვიწყებ და ვგრძნობ, ცოტა მესიამოვნა, იმწუთას დავკრავ ფეხს და მივდივარ. ამ განცდების თავი აღარ მაქვს.

-  პოლონეთში წასვლამდე აქ როგორ ცხოვრობდით?

-  თეატრი ბატონ შალვა გაწერელიასთან ერთად დავტოვე. სულ ვერიდებოდი აქამდე საუბარს და ახლა აღარ დავმალავ. საკმაოდ უსამართლო სიტუაციაში წამოვიდა ბატონი შალვა, მას უღალატეს. როგორიც არის ქართული თეატრის ისტორია - ყველა გენიალური ადამიანი უნდა გამოაგდონ. ბატონი შალვაც გამოაგდეს. უღალატეს, ზურგში დანის დარტყმით. მასთან სახლში წავედით და იქ ვიკრიბებოდით. მსახიობები ალბათ ცოტა ქარაფშუტა ხალხი ვართ, რადგან იქაც ბედნიერები ვიყავით. მერე ჩვენმა ძვირფასმა სახელმწიფომ რაღაც მოგვიხერხა და ყველა მუსკომედიის თეატრში მიგვიღეს. "უზარმაზარი" ხელფასი, ათი ლარი გვქონდა. ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებდით, ვაზელინი და გრიმი ჩამოდიოდა (იცინის). მერე ბატონმა შალვამ "გაყრის" დადგმა დაიწყო. მასთან ვრეპეტიციობდით, მაგრამ მაშინვე ვიცოდით, რომ ამ სპექტაკლს თეატრში დადგმა არ ეწერა. მერე დაიწყო მიწვევები სხვადასხვა თეატრიდან, მაგრამ მე ინსტიტუტში ბატონ შალვასთან ასისტენტად წავედი. ბოლოს სამი წლის წინ ვნახე. ცუდად იყო. დარიგება დამიწყო, რაც არ სჩვეოდა, თავი ცუდად ვიგრძენი, რადგან მისი საუბარი ანდერძს ჰგავდა. არ მოგისმენთ-მეთქი და გაბრაზდა, გაჩერდი ახლა, მომისმინეო. ანდერძივით რაღაც მითხრა, არ მოსწონდა, პოლონეთში რასაც ვაკეთებდი.

-  საქართველოდან რატომ წახვედით?

-  ალკოჰოლიკი გავხდი. ამისთვის ყველა პირობა მქონდა. სამოთახიანი ბინა ვაკეში, ფულს ჩემი და მიგზავნიდა და ერთი ძაღლი მყავდა - აგამემნონი. საშინლად არ უყვარდა, როცა ვსვამდი. დიდ ლოგინზე ერთად გვეძინა. ღამე რომ გამეღვიძებოდა და გვერდზე მდგარი არყის ბოთლისკენ ხელს წავიღებდი, გადმომხედავდა და ეჭვიანი ცოლივით გადაბრუნდებოდა. ოჯახი შეწუხდა, ორჯერ ვცადე მკურნალობა საქართველოში, მაგრამ ისევ ძველ მდგომარეობას ვუბრუნდებოდი. თავის დანებებაში ხელს ის მიშლიდა, რომ სასმელი არ მეტყობოდა და სამარცხვინოდ ვიქცეოდი. ამის გამო შევყევი. ბოლოს პოლონეთში დასთან გამგზავნეს. რადგან უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ხელები მიკანკალებდა და გადაადგილება მიჭირდა. პოლონეთში წასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თან მიდიხარ ქვეყანაში, სადაც ალკოჰოლიზმი ყვავის. იქ ალიმა, მონღოლი ექიმი გავიცანი. მან მიმკურნალა და ბოლომდე გამომიყვანა მდგომარეობიდან. ახლა ათასში ერთხელ თუ დავლევ.

-  როგორ დაუბრუნდით თქვენს საქმიანობას?

-  პოლონეთის ქალაქ შჩეჩინში ვცხოვრობ, რომელიც გერმანიის საზღვართან მდებარეობს. ძალიან ლამაზი ქალაქია, მდინარე ოდრაზე დიდი სასახლეებით. ერთ-ერთში, საზღვაო უფლისწულთა სასახლეში ვმუშაობ, ვმღერი. ისე დასთან ერთად სასტუმროში ვცხოვრობ. პროფესიას მაშინვე დავუბრუნდი. თეატრალურ სასწრაფო დახმარებაში დავიწყე მუშაობა. მთელი დასი მივდივართ იმ ადამიანებთან, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ. ბავშვებთან, რომლებსაც ერთი თვე ან კვირა დარჩათ. მერე გვიმეგობრდებიან, ღმერთზე, რელიგიაზე გეუსაუბრებიან. ამ ფონდს ასევე აქვს ნამცეცების თეატრი. 0-3 წლამდე ბავშვები და ფეხმძიმე ქალები მოდიან. ისეთი ფანები გვყავს, ქუჩაში რომ გვხედავენ, მშობლები ვერ აკავებენ. ძალიან მოსწონთ ქართული ასოები და შჩეჩინში ყველა ბავშვმა იცის ქართულად საკუთარი სახელის დაწერა.

მერე სიმღერა დავიწყე, არადა, არც ხმა მაქვს და არც სმენა. თავიდან ელიტურ კლუბში ვიმღერე და ქართული სიმღერა ისე მოეწონათ, საღამოების გამართვა შემომთავაზეს. ქართულ სადღეგრძელოებს რომ ვამბობდი, თავიდან ანეკდოტები ეგონათ. არადა, უდროოდ წასულებისა და დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო როგორ არის ანეკდოტი? ქართული სადღეგრძელო ფილოსოფიისა და იუმორის სინთეზია. ჩემი კონცერტებიც სიმღერისა და სადღეგრძელოს ნაერთი იყო.

-  ბატონი შალვას ანდერძი თუ შეასრულეთ?

-  დიახ, ძალიან დავიღალე, ბაყაყების, კუსა და მზის თამაშით. არამსახიობთა თეატრი შევქმენი. ახლა ცამეტი "მსახიობი" მყავს, იქიდან ექვსი უფასო. ძველი ვილა ვიქირავე და რეპეტიციებს იქ ვატარებთ. სპექტაკლებზე ბილეთებს ვერ ვყიდით, რადგან დაცულია საავტორო უფლებები და თუ ბილეთს ყიდი, ყველაფერზე თანხა უნდა გადაიხადო.

-  ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარულია თქვენი გმირები, ვულკანი და მერი. მათი პერსონაჟები როგორ შეიქმნა?

-  რამდენიმე დღე ვისვენებდი, ლექსი "გაზა გაზა გაზაფხული" დავწერე, გავიწეწე თმა და ვიდეო გადავიღე. "ფეისბუქზე" დადების შემდეგ უამრავი ადამიანი შემეხმიანა. მერე გამოჩნდა მისი მეუღლე მერი. მისი პარიკი ჰელოუინისთვის მქონდა შეძენილი. მათ ცხოვრებაში არც ერთი ისეთი პერსონაჟი არ შემომიყვანია, რომელზეც არ ვგიჟდები. დოსტოევსკი, კაფკა, გალაკტიონი, ბრიჯიტ ბარდო, მაიკლ ჯექსონი.

-  და ყველა გმირი თქვენს სახლში ცხოვრობს ან სტუმრად მოდიან...

-  დიახ, ვულკანი და მერი პარიზში, "მულენ რუჟის" მახლობლად ცხოვრობენ. ხანდახან ჩადიან და იქვე კარაქსა და ქართულ მინერალურ წყალს ყიდულობენ, მაგრამ არ მგონია, იქ ნამდვილად იყიდებოდეს (იღიმება). უამრავი ადამიანი მწერს, ძალიან შეიყვარეს ეს პერსონაჟები. მათ წერილებს ცრემლის გარეშე ვერ ვკითხულობ. საერთოდ, ნოსტალგია კლავს ადამიანს, საშინელებაა, ღამურაა. მე იქაც საქართველოში ვცხოვრობ, "ფეისბუქი" ჩემთვის საქართველოა. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ "რუსთავი 2"-მა სიკვდილს გადამარჩინა. ბატონი შალვას გარდაცვალების შემდეგ ჭამა შევწყვიტე. არაფერზე არ ვფიქრობდი. მის ვიდეოებს ვუყურებდი და იმ დღეს, როდესაც გარდაცვალების ამბავი გავიგე, სპექტაკლის დასასრულს გული წამივიდა. დღემდე ცუდად ვარ. წელს არც ვაპირებდი ჩამოსვლას და როდესაც შემომთავაზეს, პირველი, რაც ვთქვი, ის იყო, რომ ბატონი შალვას საფლავზე წავიდოდი.

-  თქვენს გმირებს რა ბედი ეწევათ, როდესაც პოლონეთში დაბრუნდებით?

-  იმედი მაქვს, ასეთი დატვირთული გრაფიკი არ მექნება და როგორც დასაწყისი არ დამიგეგმავს, ფინალსაც ვერ დავგეგმავ. მერიკოს გმირი ძალიან მიყვარს, ბრძენი ადამიანია. არ ვიცი, ოდესმე ამ გმირებს გადავიტან თუ არა სცენაზე. ალბათ არა... რეჟისორი თუ რამეს მოიფიქრებს, მაშინ დავფიქრდები, თორემ მსახიობი რეჟისორის გარეშე ძალიან უსუსურია.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება