მოდის ბიზნესში დაბრუნებული სოფო ჭყონია ქართული მოდის პრობლემებზე ალაპარაკდა

მოდის ბიზნესში დაბრუნებული სოფო ჭყონია ქართული მოდის პრობლემებზე ალაპარაკდა

31 მაისიდან 3 ივნისამდე ქობულეთში, "ჯორჯია პალასში" ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსი "იყავი შემდეგი" გაიმართება. კონკურსის არტდირექტორი ჯიჯი რეჯინია, ორგანიზატორი - სოფო ჭყონია, რომელიც დროის ერთ ნაწილს საფრანგეთში ოჯახთან ატარებს, მეორე ნაწილს საქართველოში. სოფო თავის საქმიანობას დაუბრუნდა და სურს, ახალგაზრდა დიზაინერებს ხელი შეუწყოს უცხოეთში განათლების მიღებაში. კონკურსის ფარგლებში უცხოელი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური 17 დიზაინერის შემოქმედებას შეაფასებს, ჟიურის ფავორიტებს საშუალება მიეცემათ, სწავლა გააგრძელონ პლანეტის პრესტიჟულ მოდის სკოლებში, სენ მარტინში, მარანგონიში და ა.შ. ამ კონკურსის შესახებ სოფო ჭყონიას ვრცლად ვესაუბრეთ.

- ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსი "ბე ნეხტ", ანუ "იყავი შემდეგი", წლების წინ დაარსდა.

- ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი ამ დროს, მაგრამ შვილი რომ მყავდა, მახსოვს (იღიმება). კონკურსი ქალთა საქველმოქმედო ფონდმა დააფუძნა. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი და სულისჩამდგმელი დედაჩემი გახლდათ. არსებობს ასეთი კონკურსი "რუსული სილუეტი", რომელსაც ნიკიტა მიხალკოვის მეუღლე წლებია მართავს, მან შესთავაზა ქართულ ფონდს, საქართველოშიც გაემართათ მსგავსი კონკურსი. ნინო ჩუბინიშვილი ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა, ის გენიოსია, ნიჭიერი დიზაინერია და როცა მოსკოვში გაემგზავრა "რუსულ სილუეტზე", იქაც გაიმარჯვა.

ფონდი 5-6 წლის განმავლობაში ატარებდა ამ კონკურსს, თუმცა მერე საქართველოში არეულობა დაიწყო, აღარც ორგანიზატორებს ეცალათ მოდისთვის და არც არავის.

ვფიქრობდი, რომ საქართველოში მოდის სფეროში აღარ ვიქნებოდი აქტიურად ჩართული, თუმცა საქართველოს მოდის კვირეულმა თანამშრომლობა შემომთავაზა. მე მეხებოდა უცხოელი სტუმრების, პრესისა და ბაიერების ჩამოყვანა. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში ეს სფერო არასწორი გზით მიდის და ავხსნი რატომ - პირველი ისაა, რომ დიზაინერები ამ სფეროში საკმარის განათლებას ვერ იღებენ. სამხატვრო აკადემია ჩემზე განაწყენდა, რადგან ერთხელ ვთქვი, რომ დიზაინის სფეროში განათლება ცუდია, თუმცა ეს მათი ბრალი არ არის, ყველაფერი დიდ თანხებს უკავშირდება, მით უმეტეს, მოდის ბიზნესში, სადაც კოლექციის შექმნას საკმაო თანხა სჭირდება. მე მომინდა ჩვენების გაკეთება, წავედი ლილოს ბაზრობაზე ნაჭრების შესაძენად, ხვალ დავპატიჟე ხალხი და ვაჩვენე - ეს არ არის სწორი, თუმცა ამას აკეთებს დიზაინერების 99 პროცენტი. აქ მოდის ცენტრი ვერასდროს შეიქმნება. არსებობს რამდენიმე ქალაქი, რომლებიც დანარჩენ მსოფლიოს კარნახობს მოდის ტენდენციებს. თუ გინდა იყო დიზაინერი, ჟურნალისტი თუ კრიტიკოსი, უნდა გაემგზავრო რომელიმე ამ ქალაქში და შესაბამისი განათლება მიიღო.

- თქვენ ეს პრობლემები საქართველოს მოდის კვირეულზე ნახეთ?

- დიახ. მისი ორგანიზატორები ძალიან დიდ თანხებსა და შრომას დებდნენ ამ საქმეში, თუმცა საბოლოო გამოხმაურება ნეგატიური იყო და ყველა ამბობდა, რა საჭიროა საქართველოში ორი მოდის კვირეულიო, ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები. თუკი შენს საქმეს შედეგი არ მოაქვს, მის კეთებას რა აზრი აქვს?!..

- მაკა მეტრეველს, რომელიც საქართველოს მოდის კვირეულს უწევს ორგანიზებას, გააცანით თქვენი მოსაზრებები?

- მაკა აღარ აკეთებს ამ საქმეს, დაანება თავი და საქართველოს მოდის კვირეული დაიხურა. ეს იყო სწორედ იმის შედეგი, რაზეც უკვე ვისაუბრე. მაკაც წვალობდა და სამწუხაროა, რომ ვერაფერი გამოვიდა. როცა ამხელა საქმეს ეჭიდები და მოდის ინდუსტრიის შექმნა გინდა საქართველოში, ეს დღევანდელ დღეს არარეალურია. რაც შეეხება ჩვენს კონკურსს, ეს დროულია, რომ მივცეთ დიზაინერს საშუალება, წავიდეს საზღვარგარეთ და იქ მიიღოს განათლება. ჟიურის წინაშე ყველა დიზაინერი თავისი პორტფოლიოთი წარდგება და ჩვენ შევუმოწმებთ ყველა დეტალს, თითოეულ ნაკერს. ზოგს მკაცრად შეიძლება უთხრან, რომ დიზაინერობა მისი საქმე არ არის. ჟიურის ზოგიერთი წევრი ძალიან უხეშია.

- ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსზე მოწვეული სტუმრები ჩა­მოგვითვალეთ, მათ შორის თუ არიან ამგვარი უხეში ადამიანები?

- მათ შორის ერთ-ერთი, საკმაოდ რთული ადამიანი გახლავთ ჟურნალისტი დაიან პერნე, რომელიც დიდი ხანია, ამ სფეროშია და პროფესიონალიზმს ითხოვს. 18 მოწვეული სტუმარი გვყავს და რომ ვთქვა, აქედან ყველა მხიარული და გაღიმებული იქნება-მეთქი, ტყუილი იქნება (იღიმება). მარანგონის ინსტიტუტმა უნდა მისცეს დაფინანსება ერთ-ერთ დიზაინერს და მისი წარმომადგენელი, რასაკვირველია, შეფასებისას ძალიან მკაცრი იქნება.

- როგორ ფიქრობთ, აღმოჩნდება მათ შორის ერთი მაინც ისეთი, რომელიც ასეთ მკაცრ ჟიურის მოაწონებს თავს?

- სხვათა შორის, ბევრი ნიჭიერი დიზაინერია 17 მონაწილეს შორის. მე არ ვამბობ, რომ ისინი უკვე ჩამოყალიბებული არიან. შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ, არ გამოვრიცხავ, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიონ. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, თუმცა ეს მხოლოდ ნედლეულია, ცხოვრობენ მოდის ჟურნალებით და ამბობენ, რომ აქ უნდათ მოხვედრა, მაგრამ არ იციან, რომ ამ სფეროში დიდი მუშაობაა საჭირო, დაგხვდება ბევრი დახურული კარი, რომელიც უნდა შეამტვრიო. დარწმუნებული ვარ, ქართველ დიზაინერთა პრეტენზიული და ამბიციური ჯგუფის 99% ამას ვერ გაუძლებს. ისინი ამას გარედან უყურებენ, ბრჭყვიალებს და მიმზიდველია, მაგრამ ამ ცხოვრების მიღწევა რომ რთულია, არავინ ფიქრობს. საქართველოში პოპულარობის მიღწევა ადვილია. აბა, ჩაატარეთ საფრანგეთში ჩვენება მოუმზადებლად და ნახავთ, რამდენი ჟურნალისტი დაესწრება მას. აქ კი არაფერი ხდება და მედიას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ქართველი დიზაინერები სასათბურე პირობებში არიან...

- ამას წინათ ბიჭოლამ აღიარა, რომ სამოსს ლილოს ბაზრობაზე შეძენილი ნაჭრებით კერავდა და შემდეგ საკმაოდ ძვირად ყიდდა.

- ბევრისგან გამიგია, ნაჭერი ვიყიდე ხუთ ლარად და სამოსი გავყიდე 600 ლარადო. თუ ეს გააკეთე, არც უნდა თქვა, სირცხვილია, რადგან მომხმარებელს ატყუებ. ჩვენთან დიზაინერებმა თავიანთი კოლექციის დამზადება არ იციან, ცოტამ თუ იცის კონსტრუირება, მაგალითად, ტატუნა ნიკოლაიშვილმა, რომელიც ყოველთვის სუფთად მუშაობს. ბევრი კი კოლექციებს მხოლოდ შოუსთვის ამზადებს, ახლოს რომ მიხვალ და შეხედავ, სამოსი არ ვარგა, ილუზიაა ჩვენებაც და კოსტიუმებიც.

გიჟური იდეები ბევრს აქვს და საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მზა ტანსაცმელზე ვსაუბრობ. რადგან ჩვენთან არ არსებობს არც მასალა, არც მკერავი, არც დანადგარი, ამიტომ დიზაინერებმა თავად უნდა ისწავლონ ყველაფერი, რომ ამგვარ კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარი კოლექცია თავად შეკრან.

- თქვენ არ გაცვიათ ქართველ დიზაინერთა სამოსი...

- არ მაცვია, რადგან არ მომწონს ხარისხი, თუმცა შემიძენია უცხოელი ახალგაზრდა დიზაინერების სამოსი და ტანზე შემომხევია. ეს მხოლოდ ქართველების პრობლემა არ არის.

- მოდის სფეროში ისევ აქტიურად ჩაერთეთ?

- დავბრუნდი. გულახდილად გეტყვით, ამას არ ვაკეთებ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არც იმისთვის, რომ ჟურნალების გარეკანზე მოვხვდე. ჩემი ამბიცია ის არის, რომ რასაც ვაკეთებ, იყოს სწორი და ხარისხიანი. კონკურსის ჩატარება იმისთვის არ მინდა, რომ შემდეგ ტელევიზიით ვიმეტიჩრო. საერთოდ ნუ გამოვჩნდები, უბრალოდ, მინდა, დავეხმარო სტუდენტებს, რომლებსაც უჭირთ და გაჭირვებულ გარემოში ცხოვრობენ. მათ ნული აქვთ შანსი, რომ საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ და შესაძლოა, ტრაგიკულადაც კი დაასრულონ ცხოვრება დამსხვრეული ოცნებების გამო, ამიტომ მინდა, დავეხმარო ფინანსურად, ან რაიმე შესაძლებლობები გავუხსნა. კონკურსი კი ის ფორმატია, რითაც მათ საზღვრებს გავუხსნით.

- თავად არასდროს გნდომებიათ დიზაინერობა?

- არა, რადგან ამისი ნიჭი არ მაქვს და არც პრეტენზია მქონია ოდესმე. საფრანგეთში ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც მაინტერესებს. საქართველოშიც დიდ დროს ვატარებ და საფრანგეთშიც, საქმიდან გამომდინარე. ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაც არის, რადგან იქ ვიღებ იმას, რისი განხორციელებაც აქ მინდა.

- თქვენს ახალ საქმიანობაზე მოგვიყევით.

- ძალიან მიყვარს მოდა და კინო. ამ ორი სფეროს სინთეზით ჩემთვის საინტერესო პროდუქტს ვქმნი. ეს არის დოკუმენტური ფილმების ციკლი, ვიღებ ცნობილ პერსონებთან ინტერვიუებს, ეს ეხება არა მხოლოდ მოდის სფეროს წარმომადგენლებს. აქ საუბარია სიყვარულზე, წარმატებაზე, იმაზე, რა არის მისთვის ღმერთი. ორსაათიანი ინტერვიუებია ამ საკითხებზე.

- ანუ ჟურნალისტის როლი მოირგეთ.

- ასე გამოდის. უკვე 16 პერსონა გადავიღე - ერთი სერია ეძღვნება ჟურნალ "ვოგის" ყველა მოხსნილ რედაქტორს, რადგან ამ ჟურნალიდან თავისი ნებით არავინ მიდის (იღიმება). ყველას რაღაც მიზეზის გამო უშვებენ. მე დავინტერესდი, რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში "ვოგის" შემდეგ. ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერე ქალთან, რომელიც ამჟამად 92 წლისაა, 15 წელი ფრანგული "ვოგის" რედაქტორი იყო, ახლა არის გონკურის აკადემიის პრეზიდენტი, მან აღმოაჩინა ივ სენ ლორანი. სწორედ მისი რედაქტორობის პერიოდში მიიყვანეს 16 წლის ივ სენ ლორანი "ვოგში", რათა მისი ესკიზები ეჩვენებინათ.

- ეს ფილმები სადმე გავა?

- საქართველოში არა, რადგან არც ერთი არხი არ დაინტერესდა. მე შევთავაზე, მაგრამ ასეთი თემები ჩვენთან არ აინტერესებთ, აქ მხოლოდ გასართობი ტელევიზიებია და ცეკვა-თამაშს ეთმობა დიდი ადგილი. კიდევ ერთ საინტერესო ადამიანთან ჩავწერე ინტერვიუ, ეს გახლავთ ივ სენ ლორანის მუზა, ქალბატონი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დიზაინერის გვერდით იყო. ამ ფილმების სერიაში შევა ბევრი მსახიობი, მწერალი, დიზაინერი, რომელთაც ჩვენი ეპოქის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. რამდენიმე არხს უკვე შევთავაზე უცხოეთში. მაგალითად, რუსულ "კულტურას" და ძალიან მოეწონათ, მცირე შესწორებების შეტანა უნდათ, თუმცა არა მგონია, დიდი ცვლილებები შევატანინო.

ჩავწერე არაჩვეულებრივი ქალი, 100 წლის მადამ კარვენი, რომელმაც შექმნა სუნამო "მაგრიფი". ასეთი მეხსიერება მე არ მაქვს, მას ყველაფერი ახსოვს (იღიმება).

- საქმის გარდა ოჯახითაც ხართ დაკავებული. როგორ ათავსებთ ერთმანეთთან?

- ვასწრებ. საღამოს საათებს მუდმივად ჩემს შვილთან ერთად ვატარებ. სულ ვფიქრობდი, კარიერა თუ პირადი ცხოვრება? ალბათ ძლიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს, რომ ორივე ჰქონდეს. ქალისთვის მნიშვნელოვანია და მე ამგვარ კატეგორიას ვეკუთვნი, ჰყავდეს ქმარი და შვილები, ასევე ჰქონდეს საკუთარი საქმე. თუ ამბიციური ადამიანი ხარ და ძიების პროცესში ხარ, ამის გარეშე ვერ შეძლებ.

- თუმცა მეუღლეც უნდა გიწყობდეს ხელს.

- მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს, ამიტომ ეს პრობლემა არასდროს მქონია.

- უმცროსი შვილი რამხელაა?

- 4 წლის ხდება 20 აგვისტოს. თემურ-ფილიპი ჰქვია, მამა რუსი ჰყავს და ჩემს მეუღლეს მამის სახელის დარქმევა უნდოდა, მე კი მამაჩემის სახელი დავარქვი.

თემური სულ თან დამყავს და ჩემთან არის. მივხვდი და ეს ალბათ ასაკმა მოიტანა, რომ შვილების გარეშე არსებობა არ შემიძლია. თუ სადღაც მარტო ვარ, ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. ხმაური მჭირდება. უფროსი შვილი 15 წლისაა.

- მოდისადმი მიდრეკილება აქვს?

- არა, ჩოგბურთელობას აპირებს, სპორტსმენია (იღიმება).

- საქმეზეც ვისაუბრეთ და ოჯახზეც. როგორ ფიქრობთ, ახლა დაგიდგათ ბედნიერების პერიოდი?

- მეშინია ამ სიტყვების თქმა, რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერება ის მდგომარეობაა, როცა საკუთარ თავსა და გარემოსთან ჰარმონია გაქვს. ამ ეტაპზე ეს მაქვს. სულ ვცდილობ, არ ვიყო გაღიზიანებული, ბოროტება და შური არ მქონდეს. რაკი ეს თვისებები არ გამაჩნია, ვარ ძალიან კომფორტულად. ალბათ ეს უფრო შესაბამისი სიტყვაა. ბედნიერება კიდევ სხვა რამეა.

- კარგად გამოიყურებით, ამისთვის რას აკეთებთ?

- დიდი მადლობა (იღიმება). ვვარჯიშობ იოგას, რაც ძალიან მეხმარება ფიქრისა და კონცენტრირებისთვის. თუკი ადამიანი ბოღმა არ ხარ, მუდმივად კარგად იქნები. რაც თბილისში ხდება, ერთმანეთის კბენა და ჭამა, ეს ყველაფერი რომ არ იყოს, ბევრი რამ უკეთესად გაკეთდება.

ყველაფერს მიაღწევ, რასაც მოინდომებ, თუკი მიზანს დაისახავ და სიზარმაცე არ გძლევს. მე ძალიან წარმატებული ვიქნებოდი დღეს, ზარმაცი რომ არ ვიყო. ვიცი, რომ ეს ჩემი მინუსია და სანანებელი მაქვს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება