გურამ მაკალათია "ელდრაინი 2"-ის დრამერი გახდა. ახალ ჯგუფთან ერთად ყოველდღე რეპეტიციას გადის და უნდა, მაყურებლის წინაშე რაც შეიძლება მალე წარდგნენ. გუფის უკვირს "ელდრაინის" გარშემო განვითარებული მოვლენები და იხსენებს თავისი ძველი ჯგუფის "იანგ ჯორჯიან ლოლიტას" ამბებს. როცა ჯგუფის სოლისტი ნიკა კოჩაროვი ლონდონში წავიდა, თურმე იქ მეორე "იანგ ჯორჯიან ლოლიტა" შექმნა. ახალი ჯგუფი თურმე ძველი, თბილისური ჯგუფის სიმღერებს ასრულებდა.ნიკას შესრულებულ სიმღერებს კი თბილისში მისი ყოფილი ჯგუფის წევრები პირველები აფასებდნენ. გუფის ამიტომაც ვერ გაუგია, რატომ გაიმართა ჯგუფის სახელ "ელდრაინზე" ასეთი დავა.
- გუფი, "ელდრაინის" სოლისტმა სოფო ტოროშელიძემ გასულ კვირას "რეიტინგთან" ინტერვიუში აღნიშნა, გუფის საქციელი ძალიან გაგვიკვირდა, არაკოლეგიალურად მოიქცაო.
- მგონი კოლეგიალობა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. სერგო სულაძე, რომელიც "ელდრაინის" პროდიუსერი იყო, ჩემი მეგობარია. მთხოვა და სიამოვნებით დავთანხმდი ჯგუფში დაკვრაზე. მე ვარ დაქირავებული მუსიკოსი. სხვა სამსახური, ან სხვა ბიზნესი არ მაქვს. კარგ შემოთავაზებას ყოველთვის ვთანხმდები.
- რადგან სერგო შენი მეგობარია, არ ურჩიე, "ელდრაინის" ნაცვლად ჯგუფისთვის სხვა სახელი დაერქმია?
- სერგო მიიჩნევს და აქვს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ "ელდრაინი" მისი შექმნილია. ფაქტია, რომ საქმე სასამართლოშია შეტანილი. თუ სოფოს მიაჩნია, რომ არაკოლეგიალობაა ის, რაც მე გავაკეთე, ეს მისი უფლებაა. ამ შემთხვევაში სოფოზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე ვარ დრამერი და დაკვრა ჩემი პროფესიაა. მგონია, რომ პრობლემა სახელი არ არის. საქართველოში სახელი არაფერს იძლევა. თანაც დიდ ბრენდზე არ გვაქვს საუბარი. "ელდრაინი" მხოლოდ მეოთხე წელია, არსებობს.
- თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ დიდ წარმატებას მიაღწიეს. "ევროვიზიის" კონკურსზე იყვნენ და "ემთივი"-მ მათ კლიპის გაშვება შესთავაზა.
- "ევროვიზია" არაფრის მომცემი კონკურსია, რომელზეც ქართველებს გადაგვეკეტა გონება და გვინდა მოვიგოთ. ეს კონკურსი მუსიკალური თვალსაზრისით არაფერს წარმოადგენს. არც "ემთივი"-ს შეთავაზებაშია ჯერ რაიმე რეალური. მე ერთი წელი ვუკრავდი ნიაზ დიასამიძესთან, მაგრამ მან მითხრა, რომ აღარ მოსწონდა ჩემი დაკრული და წამოვედი. ამაში საჩხუბარი არაფერია. მუსიკოსი მიწვევს ჯგუფში დასაკრავად და მოგვიანებით მისივე გადასაწყვეტია, დამტოვებს თუ გამიშვებს.
- ნიაზ დიასამიძეს რა არ მოეწონა შენს დაკრულში?
- ნიაზი არის მუსიკოსი და ადამიანი, რომელსაც თავისი იდეები აქვს. სულ ერთ სიმაღლეზე ყოფნა ძნელია. როცა "33 ა"-ს კონცერტზე მიდიხარ, გინდა ახალი სიმღერაც მოისმინო და ძველიც. მაგრამ მუსიკოსს უნდა თუ არა კიდევ ძველი სიმღერის დაკვრა, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება "ელდრაინის" თემას, არ მინდა, ამ შემთხვევაში ჩემი სახელი ფიგურირებდეს. პროდიუსერების გადასაწყვეტია, რას და როგორ გააკეთებენ. მომწონს ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ამ ჯგუფში ვმუშაობ. მომწონს მათი ენთუზიაზმიც და მუსიკასთან დამოკიდებულებაც. ისინი ახალგაზრდები არიან და მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა.
- ინტერვიუს დასაწყისში მითხარი, მუსიკოსი ვარ და ჩემი შრომით უნდა ვარჩინო ოჯახიო. ოჯახში რა სიახლეები გაქვთ? ბავშვს ხომ არ ელოდებით?
- ბავშვს ჯერ არ ველოდებით. ღმერთი რასაც ინებებს, ყველაფერი ისე იქნება.
- ყოფილ მეუღლესთან, თამუნა მუსერიძესთან თუ გიწევს ურთიერთობა?
- ბავშვის გამო მიწევს მასთან შეხვედრა.
- ხშირად ვრცელდება ხმები, რომ თამუნა შეყვარებულია და რატომღაც შეყვარებული ყოველთვის სხვადასხვაა.
- კარგია მერე, ჩვენ ვართ სკანდალების ქვეყანა. თამუნას კი სკანდალები უყვარს. რაც გავიცანი, მასზე ასეთი შთაბეჭდილება შემექმა. მე, მაგალითად, მიყვარს "ბარაბანი", თამუნას უყვარს სკანდალები. ყველა ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად. ნებისმიერი ცხოვრების ფორმა სწორია, თუ შენ მოგწონს.
- ე.ი. ფიქრობ, რომ ასე ადვილადაც არ უყვარდება და უბრალოდ სკანდალებს ქმნის?
- შეიძლება უყვარდება კიდეც, არ ვიცი. ეს ცხოვრების ისეთი ფორმაა, როცა სულ ბედნიერი ხარ. როცა ადამიანთან ოთხი ან ხუთი წელი ხარ და მას შორდები, მერე ხუთი წელი ამაზე დარდობ და როცა უცებ-უცებ გიყვარდება, სულ ბედნიერი ხარ. ეს ჩემი თეორიაა და არა მგონია, პრაქტიკაშიც ასე იყოს, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მომწონს, როცა ადამიანები ბედნიერები არიან.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)