ნინო ჩხეიძეს ბოლო დროს ხშირად იწვევენ ფილმებში სათამაშოდ. მომღერალი ამით ძალიან ბედნიერია. მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჟურნალისტიკაზე შეაჩერა. არჩევანს არ ნანობს, მაგრამ არც ძველი ოცნების დავიწყება უნდა.
- ნინო, ბოლო დროს ფილმებში დაგაკავეს. მსახიობის კარიერის აწყობას გეგმავ?
- მსახიობობაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. სკოლა რომ დავამთავრე და უმაღლესში ვაბარებდი, ცუდი დრო იყო. საქართველოში კინო საერთოდ არ არსებობდა, ომიანობის წლები ახალი დამთავრებული იყო. ამიტომ, არც მიფიქრია, რომ თეატრალურში ჩამებარებინა. თეატრის სცენა და კულისები ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, ათი წლის წინ არ იყო მსახიობობა ისეთი პერსპექტიული პროფესია, რომლითაც შეიძლებოდა დავსაქმებულიყავი. ამიტომ ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჩემდა საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში გამოჩნდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და ეპიზოდურ როლებში ვმონაწილეობ. ხმამაღალი ნათქვამია, მსახიობი ვიქნები-მეთქი, რომ ვთქვა. "შუა ქალაქში" პატარა როლი მქონდა. შემდეგ ავთო ვარსიმაშვილის ფილმში მივიღე მონაწილეობა და ეპიზოდური როლი შევასრულე. მალე კიდევ ერთ ახალ ფილმში გადამიღებენ, რომელშიც მთავარი როლი მექნება და ძალიან მიხარია.
- "შუა ქალაქში" როგორ აღმოჩნდი?
- ჩემი შვილი გიჟდება "შუა ქალაქზე". რომ შემომთავაზეს მონაწილეობა, პირველ რიგში მისი ხათრით წავედი. რასაკვირველია, ყველა შემთხვევაში წავიდოდი, მაგრამ ჩემს შვილს რომ უხაროდა, მეტი სტიმული მომეცა. გადაღებებზე წავიყვანე და მერე ერთი თვე ამ ყველაფრით ბედნიერი იყო. როლისთვის მართლა ვემზადებოდი. გადასაღებ მოედანზე რომ მივედი, ერთ დუბლით ჩავწერეთ, არადა, ძალიან მინდოდა, გადაღებები გაგრძელებულიყო და ვეხვეწებოდი, ასე მალე არ გამიშვათ-მეთქი.
- თხოვნამ გაჭრა? "შუა ქალაქში" კიდევ გიხილავთ?
- სამწუხაროდ, "შუა ქალაქში" აღარ ვიქნები.
- ავთო ვარსიმაშვილის რომელ ფილმში მიიღე მონაწილეობა?
- "იდიოტოკრატია 3"-ში, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე. ფილმის საუნდტრეკიც ჩემი იქნება. შემდეგ ფილმს კი, რომელშიც ვითამაშებ, დათო ბეჟიტაშვილი გადაიღებს. ამ შემთხვევაში მთავარი როლი მექნება და ფილმის საუნდტრეკიც ჩემი იქნება.
- ფილმის გადაღებები როდის დაიწყება?
- სავარაუდოდ ივნისში, კახეთში დავიწყებთ გადაღებებს.
- შეყვარებული გოგონას როლს შეასრულებ?
- არა, ფილმში ჩემზე იქნებიან შეყვარებულები.
- კამერის შიში არ გაქვს?
- არა, მიყვარს კამერა და გადაღებები. ამით ვცხოვრობ. როცა არ მაქვს ეს ყველაფერი, ცუდად ვარ. ძალიან მიყვარს კამერა და მოგზაურობა.
- "იდიოტოკრატიაში" რა როლი გაქვს?
- ფილმზე ჯერ არაფრის თქმა არ მინდა. ჯობია, ამ ყველაფერზე თავად რეჟისორმა ილაპარაკოს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ავთოსთან მუშაობა ძალიან გამიადვილდა. ის გადასაღებ მოედანზე აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევს და კომფორტს გიქმნის. ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ რეჟისორს უნდა ეყვირა და შენიშვნები მოეცა. ავთო იმდენ თავისუფლებას აძლევს ყველას, რომ გიადვილდება როლში შესვლა და იმის გადმოცემა, რასაც საკუთარ გმირზე ფიქრობ. რაც მთავარია, ძალიან მობილიზებულია და მალე იღებს ფილმებს.
- შემდეგი ეტაპი შენს სამსახიობო კარიერაში რა იქნება?
- რომ გითხრა, ჰოლივუდში მივდივარ-მეთქი, ძალიან სასაცილო იქნება.
- ოცნებობ ჰოლივუდზე?
- რატომაც არა (ეცინება).
- რადგან მღერი კიდეც, შეიძლება რომელიმე მიუზიკლშიც გიხილოთ.
- სხვათა შორის, ჰოლივუდში უნდათ, ერთ-ერთ ფილმში გამოიყენონ ჩემი სიმღერა "წაღვერი და თბილისი". ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, იმ ფილმში ჩემი გადაღება არ უნდათ. მარტო ჩემი სიმღერა სჭირდებათ.
- ფილმის რეჟისორი ვინაა?
- მოლაპარაკებებს ჩემი მენეჯერი აწარმოებს. ვიცი მხოლოდ ის, რომ უნდათ, ფილმის საუნდტრეკი "წაღვერი და თბილისი" იყოს. რა თქმა უნდა, ჯერ ნებართვას სიმღერის ავტორს ვთხოვ და მოლაპარაკებებს მერე გავაგრძელებ. მოკლედ, ჰოლივუდში ჯერ სიმღერას დავიწყებ და მერე ალბათ ფილმებშიც გადამიღებენ (იცინის). ჰოლივუდში ჩასვლის და პოპულარობის მოპოვების ასეთი გეგმა მაქვს (იცინის).
- ვნახოთ, როგორ განვითარდება შენი სამსახიობო კარიერა. ამასობაში სიმღერა ხომ არ დაივიწყე?
- არა, რას ამბობ. ახალ ალბომზე ვმუშაობ. ჩემი სხვა ალბომებისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ ყველა სიმღერის ავტორი მე ვარ. ტექსტების დაწერაში ნანა ცინცაძე მეხმარება. ახალ ალბომში შესული სიმღერებიდან მხოლოდ ორი მათგანის ტექსტის ავტორი ვიქნები. ამ ალბომის წარდგენას შემოდგომაზე ვაპირებ. მინდა, ძალიან ეფექტური და დასამახსოვრებელი პრეზენტაცია მოვაწყო. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს. გარდა ამისა, რადიო "დარდიმანდის" დაბადების დღისთვის ვემზადები აქტიურად, რომელიც ივნისშია. სპეციალურად ამ დღისთვის მომღერლები ჩაწერენ სიმღერებს, მოგვიანებით ეს სიმღერები მთელი წელი იტრიალებს ჩვენი რადიოს ეთერში.
- საკუთარ თავზე ბევრს მუშაობ. როგორც ვიცი, დიდი ხნის განმავლობაში ცეკვაშიც მეცადინეობდი. საკუთარი შესაძლებლობები პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ გეჩვენებინა, არ გინდოდა?
- საკუთარ თავზე მართლა ბევრს ვმუშაობ, მაგრამ ჩემი თავის ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. ვაღიარებ, რომ ხანდახან ცოტა სიზარმაცე მძლევს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ყველა სიმღერა და კლიპი ხარისხიანი იყოს. ჩემზე ბევრნაირი აზრი შეიძლება მოისმინოთ. ზოგს მოსწონს ჩემი სიმღერები, ზოგს - არა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ უხარისხოდ ვაკეთებ რამეს. ძალიან მომთხოვნი ვარ. "ცეკვავენ ვარსკვლავები" მომწონდა, სულ ვესწრებოდი კონცერტებს.
- ვის გულშემატკივრობდი?
- ჩემი ბევრი მეგობარი მონაწილეობდა. თავიდან მხოლოდ მაყურებელი ვიყავი. მაგრამ ბოლოსკენ ძალიან მინდოდა, თიკო სადუნიშვილი და სამორი ბალდე ყოფილიყვნენ ფინალში და ასეც მოხდა.
- რომელიმეს უმესიჯებდი?
- სამორის დავუმესიჯე. ალბათ არ მივიღებ ამ პროექტში მონაწილეობას. კარგი და რეიტინგული პროექტია, მაგრამ არ ვიცი, ჩემი იმიჯისთვის რამდენად კარგი იქნება. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ არ იქნებოდა კარგი. მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო და მაყურებელს თავი არ მოვაბეზრო.
- სამეჯლისო ცეკვები არ გიყვარს?
- ცეკვები ძალიან მიყვარს, მაგრამ შემოთავაზებაზე მაინც უარი ვთქვი. ასეთი დასკვნა საბოლოოდ მას შემდეგ გავაკეთე, რაც "პროფილის" პროექტში მივიღე მონაწილეობა და ლედი გაგას იმიჯი მოვირგე. გადაცემას მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ ჩემს რეიტინგზე ამ იმიჯმა კარგად არ იმუშავა. ამას ხალხის კომენტარებიდან გამომდინარე ვამბობ. მგონია, რომ ხალხს ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ და ბევრი ექსპერიმენტი საჭირო არაა. სულ ვამბობ ხოლმე, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ მგონია, რომ ამ პროექტში მონაწილეობაზე მომავალშიც უარს ვიტყვი. მირჩევნია, ჩემი დრო და ენერგია ჩემს საქმიანობაში ჩავდო.
- ვინ უნდა ყოფილიყო შენი მეწყვილე?
- "ვერნისაჟის" მოცეკვავე გიორგი ტორიაშვილი, რომელიც კაბუსთან ერთად გადაღებულ კლიპში ჩემი პარტნიორია. თეა გობეჯიშვილთან პერიოდულად სულ ვვარჯიშობ და გიორგისთან კარგად ვარ შეხმატკბილებული. ამიტომ მინდოდა, ჩემი მეწყვილე ის ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უკან დავიხიე.
- მითხარი, რომ მოგზაურობა გიყვარს. რამდენიმე დღის წინ დაბრუნდი პარიზიდან. პარიზში ხშირად ხარ. როგორც ვხვდები, შენი საყვარელი ქალაქია...
- როგორც კი ორი დღე გამომიჩნდება თავისუფალი, მაშინვე პარიზში მივდივარ. ასე მოკლე დროში იმ ქალაქს, სადაც ნამყოფი არ ხარ, ვერ დაათვალიერებ. ყველაფრის ნახვას მინიმუმ ერთი კვირა სჭირდება. პარიზი კარგად ვიცი და ამიტომ იქ ჩასვლა ტვინის განიავების საუკეთესო საშუალებაა.
- ფრანგულიც ხომ არ ისწავლე?
- მქონდა მცდელობა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- პროფესიით ჟურნალისტი ხარ. გაქვს საკუთარი ტელევიზია "აფხაზეთის ხმა". არ გიფიქრია გადაცემების გაკეთება საკუთარ არხზე?
- ეს ყველაფერი ბევრ ენერგიასა და შრომას მოითხოვს. რასაც აკეთებ, ხარისხიანი უნდა იყოს. ურეიტინგო გადაცემის გაკეთებას აზრი არ აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე გადაცემას არ გავაკეთებ.
- თუმცა ალბათ გიფიქრია, როგორ ან რა გადაცემას წაიყვანდი...
- იდეებს არ გაგიმხელთ, რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ მომპარეს, ან არ გამოვიდა. ძალიან ბევრი გადაცემის იდეა მაქვს, რომელიც შეიძლება, მეც წავიყვანო და სხვამაც. ამ იდეებს სავარაუდოდ ოქტომბრიდან განვახორციელებ ჩემს ან სხვა არხზე.
- რომელი გადაცემის გაკეთება არ გამოვიდა?
- დაახლოებით ერთი წლის წინ მე და ანრი ჯოხაძეს "იმედზე" გადაცემა უნდა წაგვეყვანა. საცდელი ჩაწერებიც გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოვიდა. მოგვიანებით ეს გადაცემა "მუსიკალური ლიგის" სახელით გავიდა ეთერში და აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ გადაცემისგან, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით. როდესაც მომღერალს მიჰყავს გადაცემა, ძალიან სარისკოა. გადაცემისა და მომღერლის რეიტინგი ერთმანეთზე აისახება და თუ ურეიტინგო გადაცემა მიგყავს, ეს მომღერლის კარიერაზეც გადადის. ჩემი და ანრის პროექტი რომ გაჩერდა, ალბათ ჩემთვისაც და ანრისთვისაც კარგი იყო.
- "ევროვიზიის" კონკურსზე ანრის საგულშემატკივროდ მიდიხარ?
- ძალიან მინდა წასვლა. ჩემს მეუღლეს აქვს ღვინის ქარხანა, რომელიც "ევროვიზიის" კონცერტზე ქართული საღამოს ერთ-ერთი მასპინძელი იქნება. ეს საღამო უცხოელებისთვის საქართველოს გაცნობას შეეცდება. ძალიან მინდა, ამ დროს ბაქოში ვიყო და ანრის ვუგულშემატკივრო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩემს მეუღლეს რამდენად ექნება დრო. ანრის ძალიან ვგულშემატკივრობ. ის პირდაპირია და ბევრს ამის გამო არ უყვარს. მე კი ანრი ძალიან მიყვარს და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს.
- შენ რატომ არასდროს არ იღებ კონკურსებში მონაწილეობას?
- კონკურსში მონაწილეობის ამბიცია არასდროს მქონია. არ მაქვს საკონკურსო ვოკალი და თან ვერ ვიტან, როცა ვნერვიულობ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)