გია მირზაშვილი: "ხელოვანმა ხმა უნდა ამოიღო ქვეყანაში დასადგურებული უსამართლობის წინააღმდეგ"

გია მირზაშვილი: "ხელოვანმა ხმა უნდა ამოიღო ქვეყანაში დასადგურებული უსამართლობის წინააღმდეგ"

გია მირზაშვილის ფერწერა სისადავითა და სიღრმით გამოირჩევა, წარმატებით ახერხებს ორი მუზის - მხატვრობისა და პოეზიის მსახურებას; გია მირზაშვილი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ხან

"ჯინსების თაობას" უწოდებენ, ხანაც - დაკარგულ თაობას. მხატვარი წარსულსა და დღევანდელ პრობლემებზე გვესაუბრება.

- ბატონო გია, თუ ფიქრობდით, ორჭოფობდით, ვიდრე ჩვენს, ასე ვთქვათ, მერკანტილურ დროში მხატვრობას გადაწყვეტდით?

- ეს ყველაფერი ძალზე ბუნებრივად, თავისთავად მოხდა. ადრეული ასაკიდან, სამი წლიდან ვხატავდი, ბევრს ვმუშაობდი და ისე შევტოპე, საკუთარ თავს სხვა არჩევანი აღარ დავუტოვე. წლები გამოცდილებას გძენს, სწავლობ და გარკვეულ პერიოდში, ძნელია, არ მოექცე სხვისი გავლენის ქვეშ. მერე, მთავარია, მზა რეცეპტებზე განაცხადო უარი და შენი, სხვებისგან განსხვავებული სათქმელი თქვა.

- თქვენი მამა, თენგიზ მირზაშვილი მე- 20 საუკუნის ერთ- ერთი აღიარებული მხატვარია. საქართველოში ხშირად ამბობენ ცნობილი ადამიანების შვილებზე - მამის ჩრდილიდან ვერ გამოვიდაო, ვერც შედარებას გაურბიხარ: მამა სჯობს თუ შვილი? იქცა თუ არა ეს თქვენთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად?

- არა, ასეთი რამ არ ყოფილა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მამას არასოდეს მოუცია საბაბი; ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩემი ნამუშევარი მოსწონდა, ძალზე მკაცრი შემფასებელი იყო, მაგრამ ზედმეტი მითითებებით არასოდეს შევუზღუდივარ. ასე რომ, ჩრდილსა თუ მზეზე დგომის პრობლემა არასოდეს მქონია, საქმეს ვაკეთებდი.

- ცნობილია, რომ თენგიზ მირზაშვილს ხალხმრავლობაში ერჩივნა ხატვა, თქვენთვის როგორია იდეალური სამუშაო გარემო?

- მე განმარტოება მირჩევნია. ჩემთვის წარმოუდგენელია სხვაგვარ გარემოში ხატვა, დიდად კომუნიკაბელური არ ვარ და, ალბათ, ესეც ახდენს გავლენას.. ტილოსთან პირისპირ უნდა დავრჩე.

- პოლიტიკურ- ეკონომიკური ცვლილებების ფონზე არაერთი მხატვარი დარჩა თავის პრობლემებთან პირისპირ, სოციალური გარანტიების გარეშე. როგორ აისახა ეს პროცესი თქვენს შემოქმედებაზე?

- ვფიქრობ, თუ შენს საქმეში ბოლომდე იხარჯები, ღრმად წვდები და ზერელედ არ აკეთებ, პრობლემებს, მათ შორის, ფინანსურს, უფრო იოლად უმკლავდები. ასეა - მხატვარს ფული ხან გაქვს, ხან - არა, და იმაზე ხარ დამოკიდებული, ჰყავს თუ არა შენს ნახატს მყიდველი, კერძო გალერეების მომრავლებამ ამ მხრივ, ჩვენი მდგომარეობა ცოტა შეამსუბუქა.

- როგორ შეაფასებთ თბილისის ახალ არქიტექტურულ ძეგლებს, მათ შორის, შუშის ხიდს ძველ თბილისში? საზოგადოების ნაწილი მის დემონტაჟზეც კი ლაპარაკობს.

- ჩემთვის ეს ხიდი კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არანაირად არ "ჯდება" იქაურ გარემოში, ხელოვნურად, უგემოვნებოდ არის ჩაგდებული. ეფარება ძალზე ლამაზ ხედს, იმას, რამაც თბილისი მსოფლიოს ერთ- ერთ ღამის ქალაქად აქცია და დღემდე მის სავიზიტო ბარათად რჩება თუნდაც ტურისტების მოსაზიდად, რაზედაც დღეს ასე ხშირად ლაპარაკობენ.

- თქვენ 1970- 80- იანი წლების თბილისის "ოქროს ახალგაზრდობის" წარმომადგენელი ხართ. თქვენ და თქვენი მეგობრები: გეგა კობახიძე, ირაკლი კოსტავა, ირაკლი ჩარკვიანი, ქეთი ქობულია - ცნობილი ხელოვანებისა თუ უმაღლესი პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენელი ელიტური ოჯახებიდან იყავით. როგორ მოხდა, რომ სწორედ თქვენში გაჩნდა ყველაზე მძაფრი პროტესტი იმის მიმართ, რაც გარშემო ხდებოდა?

- ჩვენ უსამართლობის განცდა, თავისუფლებისაკენ ლტოლვა გვაერთიანებდა. ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ჩვენ მეგობრები ვიყავით, ვიკრიბებოდით და არანაირი ორგანიზაცია არ შეგვიქმნია.

- ირაკლი კოსტავაზე ცოტა რამ თუ არის ცნობილი. თქვენი აზრით, რატომ გადადგა მან ეს საბედისწერო ნაბიჯი?

- ირაკლი კოსტავა საოცრად ნიჭიერი, გონიერი ადამიანი იყო, მხოლოდ ინფორმირებული კი არა, როგორიც დღეს არის ზოგიერთი, წიგნიერი ადამიანი იყო, პროფესიით მათემატიკოსი, დედის კვალს გაჰყვა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს. კაცი, რომელსაც მიენდობოდი და დაეყრდნობოდი, ძალზე ახალგაზრდა, 24 წლისა დაიღუპა, მართლაც დაიღუპა. გულჩათხრობილი იყო, მაგრამ მისგან ასეთ ნაბიჯს არავინ ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ჰქონდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე, დავლიეთ... ღრმა დეპრესიის არაფერი ეტყობოდა. დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს.

- ანუ, შესაძლოა, ეს არც იყო თვითმკვლელობა?

- ძალზე უცნაური რამ მოხდა. ალბათობა 50/50- ზეა.

- თქვენი აზრით, მისმა ოჯახურმა ტრაგედიამ, მშობლების დაშორებამ. მამის, მერაბ კოსტავას პატიმრობამ თუ განაპირობა მისი ნაბიჯი?

- მშობლების ურთიერთობაზე ჩვენთან არასოდეს უსაუბრია, მამის დაპატიმრებას, გადასახლებას მართლაც ძალიან განიცდიდა, წუხდა და ცხადია, ეს მის სულიერ მდგომარეობას ამძიმებდა. ირაკლი არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა, მოგვიანებით ირაკლის დედამ, რუსუდან ბერიძემ გამოსცა მისი ლექსების კრებული, რომელიც მხატვრულად გავაფორმე.

- "თვითმფრინავის საქმეზე" შეგეკითხებით! თუ იცოდით გეგა კობახიძისა და სხვების ამ განზრახვის შესახებ?

- ნამდვილად არ ვიცოდი, რაც დღემდე მიკვირს - გეგა კობახიძეს საიდუმლოს შენახვა არ შეეძლო. ბოლო დროს მეგობრებს ჩამოგვშორდა, სხვებთან უფრო ხშირად იყო.. როცა კა- გე- ბე- ში მე და ირაკლი ჩარკვიანი დაგვიბარეს, გვკითხეს, ვიცოდით თუ არა გეგას ამ გადაწყვეტილების შესახებ...

- დაკითხვისას ირაკლი ჩარკვიანმა მართლა თქვა უარი, რუსულ ენაზე ეპასუხა კითხვებისთვის?

- შესაძლოა, ასეც ყოფილიყო, ცალ- ცალკე ოთახებში შეგვიყვანეს. რამდენიმე ადამიანი გვკითხავდა, ერთი მათგანი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, გვარად პავლიონოკი, სოჭიდან. საოცრად გამჭოლი მზერა ჰქონდა, სადღაც, სიღრმეში იყურებოდა, თვალს არ გაცილებდა, ნაბეჭდს არც კი უყურებდა მერე, როცა ტექსტი მაჩვენა, ერთი შეცდომაც არ იყო. დაწვრილებით გვეკითხებოდა, როგორი იყო გეგა კობახიძე, იყო თუ არა ნარკომანი და ა.შ.

- იყო თუ არა მოულოდნელი გეგა კობახიძის ეს ნაბიჯი?

- გეგას დასავლური ცხოვრების სტილი ძალზე მოსწონდა, ეოცნებებოდა. მე კი ნაკლებად მიზიდავდა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც ბევრი რამ არ მომწონდა. ვუსმენდით აკრძალულ მუსიკას, გვინდოდა, ისეთივე მოდური ჯინსები გვცმოდა, როგორიც საზღვარს მიღმა ჩვენს თანატოლებს, მაგრამ ქვეყნის დატოვებასა და სამუდამოდ იქ წასვლაზე არასოდეს გვისაუბრია. როგორც ჩანს, ეს აზრი მის გონებაში თანდათან მწიფდებოდა. მაგრამ მეგობრებს არაფერი გვითხრა და ამით გაგვიფრთხილდა კიდეც. როცა ვინმე საიდუმლოს გაგიმხელს, ამ საქმის თანამონაწილე ხდები. ალბათ, იმასაც ხვდებოდა, რომ მის ნაბიჯს მაინცდამაინც არ მოვიწონებდი. იყო ასეთი ქართველი დისიდენტი რეზო მხეიძე, რომელმაც თურქეთში მარტოდმარტომ, ზღვით გადაწყვიტა გადასვლა. მიზნისკენ ისე უნდა იარო, სხვა არ დააზარალო.

- ირაკლი ჩარკვიანი პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენელთა ოჯახიდან იყო, თუმცა მისი ცხოვრების სტილი ე.წ. საწინააღმდეგო იყო, რაც ხშირად ხდებოდა მითქმა- მოთქმის საგანი.

- ირაკლი ჩარკვიანი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. 2000 წელს, უთანხმოების გამო, დავშორდით. თუმცა ეს, ალბათ, კანონზომიერიც იყო, რადგან მან თავის საქმეში მეტ წარმატებას მიაღწია, მე კი - ჩემში. პირისპირ საუბრისას ირაკლი სულ სხვა ადამიანი იყო - ღრმა, ჩაფიქრებული, საკმარისი იყო მესამე გამოჩენილიყო, განსაკუთრებით ქალი, მყისვე იცვლებოდა - "პუბლიკაზე" იწყებდა მუშაობას, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მართლაც იყო ყველასგან განსხვავებული. მას ბევრ რამეს აბრალებდნენ, ზოგჯერ საკმაოდ უსიამოვნოსაც, აღიზიანებდათ მისი საყურე და ამის გამო კონფლიქტიც ჰქონია. ესეც პოზა იყო, ცდილობდა ეპატაჟური ყოფილიყო, ზუსტად იცოდა, როგორ ეთამაშა მაყურებელზე, ესეც ხომ შოუბიზნესის ნაწილია? პრაგმატულიც იყო, ალბათ, გენეტიკურად მოსდგამდა თავისი პოლიტიკოსი წინაპრებისგან.

- თქვენ თუ მიიჩნევთ თავს "დაკარგული თაობის" წარმომადგენლად?

- სამწუხაროდ, უმრავლესობა წავიდა, ცოტანი დავრჩით და ვცდილობთ, ვთქვათ: ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ! როცა ირაკლი ჩარკვიანის პანაშვიდზე მივედი, იქ იყო ფოტო, რომელზეც ირაკლი, გეგა კობახიძე და მე ვართ გამოსახული, და ჩემდაუნებურად, მეგობრებს ვუთხარი: ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ...

- ჰიტლერისდროინდელი გერმანიის ცნობილი მხატვარი ამბობდა, ჩემგან რამდენიმე მშვენიერი ნატურმორტიც საკმარისია, რომ შთამომავლობის წინაშე ვალი მოვიხადოო. თქვენი აზრით, უნდა გამოხატავდეს ხელოვანი თავის პოზიციას?

- სათქმელი შემოქმედებითაც უნდა თქვა და ჩაერიო კიდეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. საბჭოთა ეპოქაში გვქონდა პოზიცია და ახლა რატომ უნდა გავდგეთ განზე? ხელოვანმა სიმართლე უნდა თქვა და ხმა ამოიღო შენს ქვეყანაში დასადგურებული უსამართლობის წინააღმდეგ, ან კი ვინ გაავლო ზღვარი საკუთარსა და საქვეყნო საქმეს შორის?

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება