თბილისში ცნობილი რუსული ჯგუფის, ДДТ -ს კონცერტი გაიმართა. კონცერტს "თბილისი ველზე" ჯგუფის ათასობით გულშემატკივარი დაესწრო.
კონცერტის ქრონომეტრაჟი 45 წუთით იყო განსაზღვრული, თუმცა თაყვანისმცემლების თხოვნით, ჯგუფს რამდენჯერმე მოუწია ცნობილი ჰიტების შესრულება, რის გამოც კონცერტი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ДДТ -ს კონცერტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ.
ჯგუფის სოლისტი იური შევჩუკი მთელი კონცერტის განმავლობაში ხაზს უსვამდა, რომ ქართველ და რუსი ხალხს ერთმანეთთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ და დღეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებული ვითარება დროებითი და გამოსწორებადია.
თბილისში ДДТ 1-ელ ივნისს, ფესტივალის - "თბილისი ოპენ აირ"-ის ფარგლებში ჩამოვიდა. ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციაც გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციაზე მკაცრად იკრძალებოდა პოლიტიკურ თემატიკაზე კითხვების დასმა, შევჩუკი თავად შეეხო პოლიტიკის თემას და განაცხადა, რომ ის ომის მომხრე არ არის და სურს, კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. მან გაიხსენა 2008 წელს კონცერტი "არ ისროლო", რომელიც ოსებთან, ქართველებთან და უკრაინელებთან ერთად მომზადდა.
"ოლიმპიისკის" სტადიონზე შეკრებილი იყო 25 000 ადამიანი. გვეშინოდა არაფერი მომხდარიყო, თუმცა ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ამ კონცერტში ასევე მონაწილეობდა ნინო ქათამაძე და როდესაც მან სიმღერა დაიწყო, ყველა გაჩუმდა. ხალხი ტიროდა. მე ომის მომხრე არ ვარ, მე მინდა, რომ კონფლიქტი დიპლომატიურად გადაწყდეს. ეს არის ჩემი გულწრფელი განაცხადი", - აღნიშნა იური შევჩუკმა.
ჯგუფ ДДТ-ს ჩაწერილი აქვს 19 სტუდიური ალბომი, საიდანაც 4 რუსულ ტოპ-ასეულშია. ჯგუფს გამართული აქვს 400-ზე მეტი პერფორმანსი რუსეთის წამყვან ფესტივალებზე, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იხილეთ ვიდეო: ДДТ-ს ემოციური და ხალხმრავალი კონცერტი "თბილისი ველიზე"




ასევე იხილეთ:
ДДТ-ს სოლისტმა თბილისში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა
იური შევჩუკის "სამშობლო" მოსკოველი მომიტინგეების მხარდასაჭერად