ნინო გაჩეჩილაძეს ცოლიან კაცთან რომანი არ მოსწონს

ნინო გაჩეჩილაძეს ცოლიან კაცთან რომანი არ მოსწონს

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს ეკრანზე გამოსვლისთანავე შეუყვარდა. როგორ იქმნება პოპულარული სერიალი, როგორ იწერება სცენარი, ირჩევა მსახიობები, რა სიახლეს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში და რა ხდება კულისებში? - ამ ყველაფერზე სცენარისტი ქეთი დევდარიანი და პროდიუსერი ირაკლი საღინაძე მოგვითხრობენ.

ირაკლი:

- სერიალს მე, მიშა მშვილდაძე და გიორგი ლიფონავა ვგეგმავთ; მონახაზს ქეთი ეცნობა და პერსონაჟებს შორის დიალოგს წერს.

ქეთი:

- სერიალის წარმატებას ალბათ ის განაპირობებს, რომ ჩვენს პერსონაჟებში საკუთარ თავს ხედავს ხალხი. ამ გმირებს პროტოტიპები ჰყავთ, მათნაირი ადამიანები სინამდვილეში არსებობენ.

- სცენარში თუ შეგაქვთ ამბები, რომლებიც თქვენს სამეზობლოში, სამეგობროში მომხდარა ან სადღაც ყური მოგიკრავთ?

- კი, ოღონდ ცოტა გროტესკულ სტილში ვწერ. თავიდან 4 ძირითადი გმირი გვყავდა: დათო, ნინა და მისი დაქალები; მერე დაემატა სხვა პერსონაჟები, რომლებიც გზადაგზა შევქმენით. მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, თავადაც არ ვიცით. ვცდილობთ, რეალობა ცოტა იუმორით წარმოვაჩინოთ - ხალხი ვაცინოთ დედამთილზე, მეგობრებზე, მათ თაყვანისმცემლებზე. მეტი იუმორით შევხედოთ იმას, რაც გარშემო ხდება. დავამატებ, რომ შემოქმედებითი ჯგუფი გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ.

- სცენარის წერისას თუ ითვალისწინებთ, თქვენ მიერ შექმნილ ტიპაჟს მიესადაგება თუ არა მსახიობი?

- ეს მნიშვნელოვანია. თავიდან, როცა წერა დავიწყე, არ ვიცოდი, რომელ როლს რომელი მსახიობი შეასრულებდა და ამის გამო ცოტა მიჭირდა. ახლა მუშაობა გაცილებით გამიადვილდა. ვიცი, მსახიობი ფრაზას როგორ იტყვის, როგორ გამოიყურება, რა შესაძლებლობები აქვს და ა.შ.

- რომელ პერსონაჟს გამოარჩევდით?

- საერთოდ, მთელი სერიალი მიყვარს. გამოკვეთილი დადებითი გმირი არც გვყავს, ზოგჯერ ისინიც ცუდად იქცევიან, ზოგჯერ ძალიან საყვარლები არიან. ცხოვრებაშიც ხომ ასე ხდება.

- თქვენს ახლობლებს, რომელთა მიხედვით ტიპაჟი შეგიქმნიათ, პერსონაჟებში საკუთარი თავი თუ ამოუცნიათ?

- ამოუცნიათ. ზოგს დაურეკავს და დამმუქრებია, მოგკლავო (იცინის)... მისი ნათქვამი უცვლელად გამოვიყენე, კატოს ვათქმევინე.

- რომელი - "რა გესიყვარულება, შე დეგენერატო"?

- არა მარტო.

- თქვენს "ფეისბუკის" გვერდზე მაყურებელი სერიებს აანალიზებს. მათ აზრს ითვალისწინებთ?

- ვკითხულობ და ხშირად ვითვალისწინებ, თუ არ მწერს, ეს პერსონაჟი მოაშორე, არ მომწონსო.

ირაკლი:

- როცა რომელიმე პერსონაჟი მოწონებას იმსახურებს ან ინტრიგას ტოვებს, მომავალ სერიებში მას მეტად ვტვირთავთ. მაყურებლები კარგ იდეებსაც გვთავაზობენ.

- მათ მოსაზრებებს მეც გავეცანი. ერთ-ერთი მათგანი ლევან ჯიბღაშვილის გმირის გამო გამოთქვამდა პრეტენზიას - მისი ჯდომის მანერამაც კი გამაღიზიანაო.

- ლევანი სწორედ ასე უნდა მჯდარიყო, როგორც მაყურებელმა ნახა. ცოტა გამომწვევი გმირი კი არის, გოგონებს ეპრანჭება.

ქეთი:

- მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანია, საკუთარი გარეგნობით სარგებლობს. ლევანის სურათმა ძალიან ბევრი "ლაიქი" დაიმსახურა, გოგონებს მოსწონთ. მალე ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გახდება.

- მაყურებელი ვარაუდობს, რომ სამივე დაქალთან რომანს გააბამს.

- არა, ეგ არ მოხდება. ალბათ ასეთი შემთხვევები ცხოვრებაში ყოფილა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, უხამსობა ვაჩვენოთ. ლევანს ოფისის გოგონებიდან სამივე ეპრანჭება, მაგრამ მას კატო მოსწონს.

- რომელია თემა, რომლებზეც სერიალში ყურადღებას შეგნებულად არ ამახვილებთ?

ირაკლი:

- პოლიტიკა. არ გვინდა, სერიალის სტილი დავარღვიოთ. ამ თემას იშვიათად, გაკვრით ვეხებით. რატომ უნდა ვალაპარაკოთ რომელიმე გმირი პოლიტიკაზე? ასეთ შემთხვევაში მისი პოზიცია უნდა გამოჩნდეს; ეს კი გააღიზიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ. ასეთ თემას არ შევეხებით, არ იქნება მომგებიანი.

ქეთი:

- მაგრამ ეს ირიბად მაინც ჩნდება - ბებია ალუჩის გაძვირებას აპროტესტებს და ამაში ხელისუფლებას სდებს ბრალს... ბაბუაც სულ ტელევიზორს უყურებს, სხვა საქმე არც აქვს. პოლიტიზებული ადამიანია, არც ერთ საინფორმაციო გამოშვებას არ ტოვებს.

- მუშაობის როგორი სტილი გაქვთ - ეთერში გასულ სერიებს დაწერილი და გადაღებული რამდენი სერიით უსწრებთ?

- დაწერილი გვაქვს დაახლოებით 6-7 სერიის ამბები და რამდენიმე - გადაღებულიც.

ირაკლი:

- ერთდროულად 5 სერიაზე ვმუშაობთ. რამდენიმე სალოკაციო ადგილი გვაქვს, ვთქვათ, ერთ-ერთ ლოკაციაში 36-ე, 37-ე, 38-ე სერიების სცენებს ვიღებთ. ორი ჯგუფია - პავილიონის და გარე გადაღებების. ტელევიზიის პავილიონში 4 ლოკაციაა: ოფისი და გმირების სახლები. ზოგჯერ ბინას ვქირაობთ, ქუჩაში გავდივართ. არ გვინდა, ჩაკეტილები ვიყოთ. სერიალს კინოკამერით, კინოს პრინციპით ვიღებთ. ძალიან შრომატევადი და რთული პროცესია.

- უახლოეს სერიებში ახალ პერსონაჟებს ხომ არ ვიხილავთ?

- მომდევნო სერიებში ახალ-ახალი პერსონაჟები შემოდიან, მაგრამ ისინი ისეთივე მთავარ გმირებად ვერ იქცევიან, როგორიც ლევან ჯიბღაშვილის პერსონაჟია.

- ზაფხული დაიწყო, სატელევიზიო სეზონი მთავრდება; სერიალი ეთერში როდემდე გავა?

- ივლისის ბოლომდე.

ქეთი:

- სულ 50 სერია გავა. პირველი სეზონი საკმაოდ დიდი გამოგვივიდა. სერიალი ინტრიგით დამთავრდება. რა მოხდება, დაახლოებით ვიცით, დეტალები დასაზუსტებელია. იმედია, სექტემბრის ბოლოს მუშაობა განახლდება.

- მსახიობები გადაღების დროს პროტესტს გამოთქვამენ?

- ყველა მსახიობი რაღაცას აპროტესტებს, ყველას "ანგელოზის" თამაში სურს. ნინოს ხშირად თავისი გმირის - კატოს საქციელი არ მოსწონს. ნინო გაჩეჩილაძისთვის ცხოვრებაში კატოსნაირი გოგო მიუღებელია, არ მოსწონს ცოლიან კაცთან რომანი და ა.შ.

ირაკლი:

- მსახიობებს ხომ როლების თამაში დიდხანს უწევთ; პერსონაჟის საკუთარ თავთან გაიგივების განცდა აქვთ.

ქეთი:

- ნინა ამბობს: სულ სახლში რატომ ვზივარ? გააცილე ქმარი, შვილები!.. ერთფეროვნებამ დაღალა. სამსახური არა აქვს. მაკა ძაგანიას გმირი - თინა მისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. არ უნდა ძალიან მკაცრი იყოს, მაგრამ უწევს.

- ნინას ძველი შეყვარებული გამოჩნდა; მისი და დათოს ოჯახს ხომ არაფერი ემუქრება?

- ჩვენს გულშემატკივრებს ამის ძალიან ეშინიათ. მაყურებელს ამ "იდილიას" არ დავურღვევთ. ამ თემაზე ბოლო დღეებში დიდი სჯა-ბაასი გვაქვს.

- არ შემიძლია, არ გკითხოთ ბავშვებზე, რომლებიც მსახიობებივით თამაშობენ...

ირაკლი:

- ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე საოცარი ბავშვები არიან; ორივე ძალიან კარგია. ამ რეჟიმით ცხოვრება მათ ასაკში ადვილი არ არის: ხშირად აქ დილიდან დაღამებამდე უწევთ ყოფნა და მოთმინებით გველოდებიან.

- პერსონაჟები თქვენთან კასტინგით ხვდებიან?

- ჩვენ გვყავს კასტინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე, გვაქვს მუშაობის გამოცდილება. მაგალითად, ბებიის როლზე ძალიან ბევრი მსახიობი ვნახეთ; მერე ეკამ ქალბატონი მედეა ლორთქიფანიძე მოიყვანა და ყველანი შევთანხმდით, რომ ქოთქოთა მანანა ბებო ის უნდა ყოფილიყო.

ქეთი:

- არც ერთი მსახიობი ახლობლების წრიდან არ აგვიყვანია. იმის გამო, რომ ახლობელს არ ეწყინოს, სერიალში უნიჭობას ვერ გავუშვებთ. ისეთ ტიპებს ვეძებთ, რომლებიც პერსონაჟებს მიესადაგებიან.

- ქეთი, ერთი სერიის სცენარის დაწერას დაახლოებით რამდენ დროს ანდომებთ?

- 1-2 დღეში ვწერ. ყველაზე რთული პროცესები - სიუჟეტის მოფიქრება და გადაღებაა. ეს პერსონაჟები ჩემთვის იმდენად ახლობლები და შინაურები არიან, რომელი რა სიტუაციაში როგორ მოიქცევა, ვხვდები. სირთულე ის არის, რომ მაყურებლის ინტერესი დაიჭირო, მუხტის შენარჩუნება შეძლო.

ირაკლი:

- მაყურებლის მოთხოვნით, კვირაში 2 სერიას ვუშვებთ. ახლა სამს ითხოვენ, მაგრამ ვეღარ დავამატებთ. ძალიან შრომატევადი საქმეა. ყველანი - გამნათებლიდან და მემონტაჟიდან დაწყებული, მუსიკალური გამფორმებლით დამთავრებული, თავდაუზოგავად შრომობენ. აქ დილის 4 საათზე რომ მოხვიდეთ, ნახავთ, რომ ხალხი მუშაობს. შემოქმედებითი ჯგუფი ძალზე შეკრულია.

- გადაღებისას ალბათ სახალისო ამბავიც ხშირად ხდება...

- რა თქმა უნდა. ბევრი მასალა დაგროვდა და იდეა გაგვიჩნდა, გადავიღოთ სერიალი სერიალის გადაღებაზე, შიდა სამზარეულოს ინტრიგებით.

ქეთი:

- გამოხმაურებებს აქტიურად ვადევნებ თვალს. ის, რომ მაყურებელმა ეს სერიალი შეიყვარა, ჩემთვის დიდი სტიმულია. წარმატება უშრომლად არ მოდის. თითოეულ ფრაზას ვუფრთხილდები. ვცდილობ, სიმართლე ისე ვთქვა, არავინ გავანაწყენო. დედაჩემსაც კი ამ სერიალის შესახებ ელაპარაკებიან.

- "ფორმულა კრეატივში" როგორ მოხვდი?

- პროფესიით გერმანისტი ვარ. "ფორმულა კრეატივთან" 2009 წლიდან ვთანამშრომლობ. ამ ჯგუფთან სხვა იდეით მოვედი - ჩემი გადაცემის გაკეთება მინდოდა. აქ ძალიან კარგი გარემოა, შანსს ყველას აძლევენ. გადაცემის "პილოტიც" ჩავწერეთ, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე. სწორედ ამ დროს "კლინიკაზე" მუშაობას იწყებდნენ და მიშა მშვილდაძემ და ირაკლიმ მომცეს შანსი, როგორც სცენარისტს, ძალები მომესინჯა. მათი მადლიერი ვარ. ადამიანების მოსმენის ჩვევა ბავშვობიდან მქონდა. ცნობისმოყვარე ვარ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2 ადამიანი თუ ლაპარაკობდა, მათაც კი ვუსმენდი. შემიძლია, ნებისმიერ თემაზე მოლაპარაკე ადამიანს ვუსმინო. დედაჩემის, მეზობლის, მეგობრის, ნათესავის ლაპარაკში ფრაზებს ვიჭერ და ვიყენებ, ზოგჯერ - ჩემს ფრაზებსაც ვამატებ. საკუთარ თავს თუ არ დასცინე, ისე როგორ გამოვა?

- დაბოლოს, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს, რომელიც თქვენი მაყურებელიც არის?

- მადლობას. მათი სიყვარული ჩემთვის დიდი სტიმულია.

ირაკლი:

- როცა შრომობ, ყველაზე მთავარია, მაყურებლის სიყვარული დაიმსახურო. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მაყურებელმა სამშაბათი და შაბათი საღამო საინტერესოდ გაატაროს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება