ექსკლუზიური დეტალები ანა გურჯის ცხოვრებიდან

ექსკლუზიური დეტალები ანა გურჯის ცხოვრებიდან

სკანდალური ფილმის კადრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა, მსოფლიო არეულობის მიზეზი გახდა. "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველ მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმის რეჟისორი აშშ-ის მოქალაქე ვინმე ბესლი ნაკულა გახლავთ. იგი კოპტი (მართლმადიდებელი არაბების ტომი) ქრისტიანია. წარსულში ორჯერ ნასამართლევი, ერთხელ - გადასახადების გადაუხდელობისთვის, მეორედ - საბანკო ანგარიშების გაყალბების გამო. ამ ეტაპზე გაქცეულია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა სცენარი სწორედ ციხეში ყოფნის დროს დაწერა. ფილმის კადრების გავრცელების შემდეგ გაირკვა, რომ რეჟისორმა მსახიობები მოატყუა.

ანა გურჯი - ეს იმ ქართველი გოგონას სახელი და გვარია, რომლის შესახებაც გასულ კვირას მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. "ისლამის უცოდველობაში" ანა მუჰამედის ახალგაზრდა ცოლს თამაშობს, თუმცა ფილმის გადაღებისას იცოდა, რომ მის "მეუღლეს" ჯორჯი ერქვა და ფილმს - "უდაბნოს მებრძოლები". ანამ საქართველო 17 წლის ასაკში დატოვა და ამერიკაში სამსახიობო კარიერის გასაკეთებლად გაემგზავრა. მალე დაოჯახდა და ახლა ლოს-ანჯელესში მეუღლესთან, მის ორ შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. გურჯი - მისი ფსევდონიმია, ნამდვილი სახელი და გვარი ანა გიორგობიანია. ანაზე სასაუბროდ მის დას, ხათუნა გიორგობიანს ვესტუმრეთ.

- თბილისში ვცხოვრობ, მყავს და - ანა. მამა რეჟისორია, დედა - მუსიკოსი. პროფესიით მეც რეჟისორი ვარ. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაქვს გადაღებული, ერთ-ერთში თამაშობს ანა, საიდანაც მისი კარიერა დაიწყო. ანაზე ცამეტი წლით ვარ უფროსი, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია. სკოლა თბილისში დაამთავრა, ჩუმი, წყნარი ბავშვი იყო. სულ კომპიუტერთან იჯდა და რაღაცებს წერდა. ბავშვობიდან იცოდა, რომ მსახიობი გამოვიდოდა. მამა ამის წინააღმდეგი იყო. იცის, მსახიობობა როგორი რთული პროფესიაა, მაგრამ ანამ მაინც თავისი გაიტანა.

- თეატრალური ინსტიტუტი თბილისში დაამთავრა?

- არა, 17 წლის იყო, როცა ამერიკაში გაემგზავრა. მოკლემეტრაჟიან ფილმში გადასაღებად მიიწვიეს. მერე ლოს-ანჯელესში დარჩა და ახლა შექსპირის სკოლაში სამსახიობოზე სწავლობს.

- ამერიკაში რა ფილმში გადაიღეს?

- არ მახსოვს, როგორც გითხარით, ანამ პირველად ითამაშა ჩემს ფილმში "ეს დღე რომ არ ყოფილიყო", იქ პატარაა, 13 წლის. შემდეგ უნგრელებმა გადაიღეს სრულმეტრაჟიან ფილმში "ცინკა პანა" და ამის შემდეგ მიიწვია ამერიკელმა რეჟისორმა.

- ძირითადად როგორ როლებს თამაშობდა ანა?

- ამ სკანდალურ ფილმს თუ არ ჩავთვლით, მაგალითად, ბოლო ფილმში სამი კლონი ითამაშა, ასევე იქ ორ სპექტაკლში აქვს ნათამაშები. ანა ახლა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, მისი მეუღლე სტივენ ბერეზი მუსიკოსი და პროდიუსერია. აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მისი კარიერა წინ მიიწევდა. მშვენივრად მოეწყო, მეუღლე მხარში უდგას. საერთო შვილი ჯერ არ ჰყავთ.

- სკანდალურ ფილმზე ვისაუბროთ, რომელიც რეალურად ერთი წლის წინ გადაიღეს. როგორ მოხვდა ანა ამ როლზე?

- მისწერეს, რომ კასტინგზე მისულიყო, ასე სულ სწერენ. ზოგ კასტინგზე გადის და როლზე ამტკიცებენ, ზოგზე ვერა. ფილმი თავიდან სხვა სცენარით და სათაურით გააცნეს. ისტორიული ფილმი უნდა ყოფილიყო. შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: დედამიწაზე კომეტა ვარდებოდა, რის შემდეგაც რამდენიმე ტომი გადარჩებოდა და მოთხრობილი უნდა ყოფილიყო, როგორ ცხოვრობდნენ ეს ტომები გადარჩენის შემდეგ. ყველა გმირს სხვა სახელი ერქვა. მერე გადამონტაჟდა ეს ფილმი და ახალი სათაური გაუკეთეს - "ისლამის უცოდველობა". მთავარ გმირს კი მუჰამედი დაარქვეს, არადა ფილმში მანამდე ჯორჯი ერქვა და საერთოდ არ ყოფილა ისლამზე საუბარი. ანა ამ გამუჰამედებული ჯორჯის ახალგაზრდა ცოლს თამაშობდა.

- არის თუ არა ფილმში ეროტიკული სცენები?

- ანასთან არა, მაგრამ რასაც ვუყურე, ერთ-ერთ მსახიობთან არის.

- როდის გაიგო ანამ ფილმის გადაკეთების შესახებ?

- არეულობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტით გაიგო. შემდეგ ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და დიდი ამბავი დაიწყო. მათ ყველა მსახიობი მოიძიეს, მაგრამ ანაზე დიდი აქცენტი გაკეთდა. ყველა სტატიაში წერია, რომ ამ ფილმში ის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია.

- გარდა ჟურნალისტების ყურადღებისა, ანას ვინმე ხომ არ დამუქრებია?

- დიახ, მისდიოდა მუქარის წერილები, მაგრამ ასევე მხარდამჭერი წერილებიც მუსლიმანებისგან. ამბობს, რომ ახლა მუქარა ცოტა შემცირდა.

- ანას პროდიუსერი მეუღლე როგორ შეხვდა ამ სკანდალს?

- ყველა ძალიან ნერვიულობს, სტრესში არიან. ერთ დღეს რომ აღმოაჩენ, პროვოკაციულ ფილმში გაქვს ნათამაშები, საშინელებაა. ყველა მსახიობი მოტყუებული დარჩა.

- ბესლი ნაკულა - ასე ჰქვია რეჟისორს, რომელმაც ფილმი გადაიღო, მის შესახებ რა იცოდა ანამ, სანამ კასტინგებზე მივიდოდა?

- არაფერი, ლოს-ანჯელესში მცხოვრები ერთი ჩვეულებრივი რეჟისორი იყო, რომელიც ვითომ ამ დიდი ისტორიული ფილმის გადაღებას აპირებდა. თავიდან უთხრა, რომ ჯერ პილოტურ ვერსიას იღებდნენ, რადგან ძალიან დაბალი ბიუჯეტი ჰქონდათ და მერე უნდა მოეძია თანხა და სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაეღო. ასე იცოდა ყველა მსახიობმა და შესაბამისად, სცენარიც სხვა იყო. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. წინასწარ დაგეგმეს, რომ მსახიობები მოეტყუებინათ. მათ რომ სცოდნოდათ, რა ფილმში იღებდნენ, არავინ დათანხმდებოდა.

- ჰონორარი თუ აიღო ანამ?

- რაღაც სტატიაში უწერია ანას, რომ დღიური ჰონორარი გადაუხადეს, ძალიან მცირე. ხომ გითხარით, ფილმს დაბალი ბიუჯეტი ჰქონდა, სულ სტუდიურ მწვანე ფონზეა გადაღებული.

- ფილმში მონაწილე სხვა მსახიობებიდან რომელიმე საზოგადოებისთვის ცნობილი თუ არის?

- არ ვიცი, რომელიღაც სტატიაში წავიკითხე, რომ ერთ-ერთი მსახიობი სერიალ "სი ეს აი"-ში თამაშობდა. სხვები ცნობილები არ ყოფილან, ასეთ დაბალბიუჯეტიან ფილმში სათამაშოდ არ წავიდოდნენ.

- ამ ერთი წლის განმავლობაში ანამ არ მოიკითხა, რა ბედი ეწია ამ პილოტურ ვერსიას?

- არა, ეს ფილმიც არ ყოფილა. ანამ იცოდა, რომ ის კაცი ან მოიძიებდა ფულს ფილმისთვის, ან ვერა. თუ მოიძიებდა, მერე რეჟისორი თავად დაუკავშირდებოდა. ახლა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბლეფი იყო. თავიდანვე გათვალეს, რომ ასეთი რაღაც მომხდარიყო.

- უცნობ რეჟისორთან თამაში ალბათ იმიტომ გარისკა, რომ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობია...

- იქ ასეა, როცა დამწყები მსახიობი ხარ. ბევრი რეჟისორი გირეკავს და როლს გთავაზობს. ისეთი ცნობილი ჯერ არავინ დაკავშირებია. ასეთ პატარა როლებს კი ყოველთვის თანხმდებოდა.

- ანა გვარად გიორგობიანია, თუმცა სამსახიობო კარიერა ანა გურჯით დაიწყო.

- აქედან წასვლამდე ამერიკელი მენეჯერი ჰყავდა, რომელმაც ურჩია, გიორგობიანი ძალიან დიდი გვარია და რაიმე ფსევდონიმი აირჩიეო. რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა და ვინაიდან გურჯი ქართველს ნიშნავს, ანამ ეს აირჩია.

- როგორია ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა?

- არ მელაპარაკება, ემოციური სტრესი აქვს. მთელი დღეები ძირითადად წევს. ერთი-ორჯერ ძალიან ვთხოვე, ჩემთან ესაუბრა. დედა იქ ცხოვრობს ანასთან ერთად და მომსწრეა ამ ყველაფრის. მამა თბილისშია და ძალიან განიცდის. იმედია, ეს ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. აქ, ჩვენს ოჯახზე ჯერჯერობით არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

- ანა ამ ეტაპზე პრესასთან არ ურთიერთობს...

- იმდენად ცუდად არის, თქვა, ცოტა ხანს მაცალონო. თან ურჩიეს, ადვოკატი აიყვანოს და მასთან ერთად ისაუბროს. იმდენი ჟურნალისტი უკავშირდება მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ შეიძლება, მათ შორის ვინმე პროვოკატორი იყოს. ამ ეტაპზე წერილი გამოაქვეყნა და ბოდიში მოუხადა ყველა მუსლიმანს. როგორც ანა, ისე ჩვენი ოჯახი, ყველა რელიგიას პატივს ვცემთ. ჩვენთვის მიუღებელი ის, რაც მოხდა, ამ ფაქტმა შეძრა მსოფლიო.

- თქვენ თუ იცით, როგორია დანარჩენი მსახიობების მდგომარეობა და ერთმანეთს თუ უკავშირდებიან?

- ინტერნეტში ვნახე, ერთმა გოგონამ გააკეთა განცხადება, ასევე ქალბატონმა, რომელიც ანას დედის როლს თამაშობდა.

- თუ იცით, რას ითხოვენ მსახიობები რეჟისორისგან? პირადად ანა რას მოითხოვს?

- პირველ რიგში ფილმის ამოღებას. დანარჩენი არ ვიცი, ვნახოთ, რას ეტყვის ადვოკატი, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანმა, ვინც ეს ავანტიურა ჩაიდინა და ამდენი ხალხი ბრმა იარაღად გამოიყენა.

- ანამ და მისმა მეუღლემ სად გაიცნეს ერთმანეთი?

- ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე, სადაც სტივი კოპროდიუსერი იყო. მალე იქორწინეს. რაც აქედან გაემგზავრა, საქართველოში არ ჩამოსულა. მისი გეგმა იყო, სამსახიობო კარიერა აეწყო, ფილმებსა და სპექტაკლებში ეთამაშა. ბავშვობიდან ამბობდა, რომ წავიდოდა. ვაშაყირებდი, ფრთხილად იყავი, ტრაპზე ფეხი არ დაგიცდეს-მეთქი.

- მართალია, ახლა ძალიან მძიმეა თქვენი ოჯახის მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია, რომ ანას, როგორც მსახიობის, პოპულარობა ძალიან გაიზარდა.

- ამას ბევრი მეუბნება, მაგრამ ანამ მითხრა - ამ ფასად? ეს ხომ არ არის რაღაც ისეთი სკანდალი, რომ უბრალოდ პოპულარული გახდე. ეს არის მძიმე ისტორია, თავისი მსხვერპლით და ამ ფასად გაპიარება არ სჭირდებოდა ანას.

- ახლა ანას სახლიდან გასვლა ეკრძალება?

- არა, უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით სულ შინ არის. თან გარეთ უამრავი ჟურნალისტია, კომენტარის ჩაწერას ცდილობენ. სულ იქ არიან. მენეჯერი, ქმარი, ყველა ურჩევს, მშვიდად, წყნარად იყოს სახლში. მართლა მძიმე მდგომარებაშია, როგორც დედა მეუბნება, ვერ იძინებს. მასზე მუქარის წერილებიც მოქმედებს. ამერიკული საზოგადოება გაგებით მოეკიდა ამ ამბავს, მუსლიმანური საზოგადოების ნაწილიც.

- მძიმეა მათთვის ფილმის სახელწოდებაც...

- თავდაპირველი სახელწოდება იყო "უდაბნოს მებრძოლები". ქართული საზოგადოების გამოხმაურება ჯერჯერობით დადებითია, ყველა ხვდება, რომ ანა ბრმა იარაღად გამოიყენეს. ეს ამბავი რამდენიმე დღით ადრე ვიცოდი, ვიდრე აქ გახდებოდა ცნობილი და ველოდებოდი, რომ მალე აქაც გაიგებდნენ. თავიდან ანას რომ ველაპარაკე მითხრა, ამ თემაზე კომენტარი არ გამეკეთებინა, მაგრამ მერე დამირეკა და პირიქით, მითხრა, რაც იცი, თქვიო.

- როგორ ცხოვრობდა ანა საქართველოში?

- მუდმივად კომპიუტერთან იჯდა, მოთხრობებს, რომანებს და ფილმის სცენარებს წერდა. ახლაც წერს. წიგნის გამოცემას აპირებდა. სულ სახლში იყო, ჩემთან მეგობრები რომ მოდიოდნენ სტუმრად, გამოვიდოდა, მიესალმებოდა და ისევ თავის ოთახში შედიოდა. არასოდეს გამოირჩეოდა სკანდალური ცხოვრებით. მისი მიზანი აქედან წასვლა და მაქსიმუმის მიღწევა იყო სამსახიობო კარიერაში.

- საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს?

- ახალ წელს აპირებდა, მაგრამ ახლა რა მოხდება არ ვიცი, შეიცვლება თუ არა მისი გეგმები. ამას ჰქვია, შარო, საიდან მოდიხარო.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება