რას ფიქრობს ახალ მინისტრთა კაბინეტზე ხატია შამუგია და რატომ ჩამოაქვეითეს ნინა წკრიალაშვილი

რას ფიქრობს ახალ მინისტრთა კაბინეტზე ხატია შამუგია და რატომ ჩამოაქვეითეს ნინა წკრიალაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში შოუბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული, ზოგი სიმღერ-სიმღერით არიგებდა მაისურებს სოფელ-სოფელ, ზოგი კი მმართველი გუნდის დამარცხების შემთხვევაში თავის მოკვლით იმუქრებოდა... პარფიუმერიულ ქსელ "ისი პარის" ე.წ. სახე ხატია შამუგია "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ღონისძიებებში აქტიურობით გამოირჩეოდა.

- ხატია, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აგიტაციაში. ნაციონალების არჩევნებში დამარცხების შემდეგ კვლავ ამ გუნდის მხარდამჭერად რჩებით?

- ვერ ვიტყვი, რომ ნაციონალების წინასაარჩევნო აგიტაციაში ვიყავი ჩართული. უბრალოდ, ვუძღვებოდი მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. წამყვანი ვარ და ვაკეთებდი ჩემს საქმეს. არ ვეწეოდი არანაირ აგიტაციას, თუ არ ჩავთვლით "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებს, რომელიც სცენაზე იყო განთავსებული.

- ხაშურის კონცერტზე სწორედ თქვენ შეახსენეთ მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" დაპირებები, რომ ამ გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მათ ექნებოდა შუქი, წყალი და გაზი...

- ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბაჩო ქიტიაშვილი ჩემი მეგობარია. სწორედ მისგან ვიცოდი, რომ ხაშურის მოსახლეობას ექნებოდა წყალი. ამ კონცერტის შემდეგ ხაშურში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი და წყალსაცავი გახსნა. ასე რომ, ეს ფუჭი დაპირება არ ყოფილა...

- მოგწონთ ახალი მინისტრთა კაბინეტი?

- ჯობდა, პარფიუმერიაზე გვესაუბრა... ისე კი, ახალი მინისტრთა კაბინეტი მომწონს. ბევრ მათგანს ვიცნობ და პირადადაც მივულოცე.

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემთხვევაში ჰარაკირით იმუქრებოდა, როგორც ჩანს, კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული რჩება. მართალია, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მაგრამ როდესაც "იმედის" ეთერში ახალი პროექტი, "ხმა" გავიდა, მან "ფეისბუქზე" მომღერალ ნინო ჩხეიძეს დაუწერა: "გილოცავთ! აჩვენეთ მთელ საქართველოს, რა კარგები ვართ ეს ნაცები!" სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ცნობა, რომ ნინა წკრიალაშვილი კულტურის სამინისტროდან წასვლას აპირებს და იქვე "დაგვამშვიდეს", თავის მოკვლას არ აპირებსო... ვესაუბრებით კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ თამარ ჩიხლაძეს.

- ქალბატონო თამარ, ნინა წკრიალაშვილმა დაწერა განცხადება კულტურის სამინისტროდან წასვლის შესახებ?

- ნინას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ წარმოუდგენია. მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენც "ფეისბუქიდან" შევიტყვეთ.

P.S. "არანაირ თანამდებობაზე აღარ ვარ. რამდენჯერმე დამაგვიანდა სამსახურში და ჩამომაქვეითეს. ახლა ამ სამმართველოში მხოლოდ სპეციალისტად ვმუშაობ. ხელფასი 680 ლარი მაქვს. ამას ახლა პირველად ვამბობ. სამსახურიდან ჯერჯერობით არ მივდივარ, ველოდები, როდის მოვა ახალი ხელმძღვანელობა და გამათავისუფლებს, თუმცა თუკი ისინი სამსახურიდან არ გამიშვებენ, მე მაინც წავალ", - განუცხადა ნინა წკრიალაშვილმა საინფორმაციო პორტალ "ამბები.გე"-ს და დასძინა, რომ იგი კვლავაც რჩება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკისა და მისი გუნდის მხარდამჭერად.

ნინა წკრიალაშვილი კულტურის სამინისტროში კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსად 2010 წლიდან მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას კომპოზიტორი და მომღერალი ნანა მესხი დაიკავებს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება