LEO JEE-ს 5-წლიანი კონტრაქტი და არშემდგარი რომანტიკული ურთიერთობა

LEO JEE-ს 5-წლიანი კონტრაქტი და არშემდგარი რომანტიკული ურთიერთობა

"ევროვიზიის" შიდა შესარჩევ კონკურსზე წარუმატებლობის შემდეგ, Leo Jee-ს (ლევან ჯიბლაძე) გაუმართლა: შვედურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ახლა ევროპის მუსიკალური სფეროს დასაპყრობად ემზადება...

- სიმღერით - It's my life "ევროვიზიის" შესარჩევ ტურზე გავედი. სამწუხაროდ, მაშინ ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ჩემი სიმღერით შვედური კომპანია - Iguana Studio დაინტერესდა, რომელსაც ჩემ შესახებ მასალები პროდიუსერმა - ეკატერინე ჩიტაშვილმა (საერთაშორისო საკონცერტო კომპანია "მაქსიმუმის" გენერალური დირექტორი) მიაწოდა. შვედურ კომპანიასთან 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. პირველი მაღალბიუჯეტიანი კლიპი ბულგარეთში გადავიღეთ. მასში ცნობილი მოლდაველი მომღერალი და მოდელი - ირინა ტარასიუკი მონაწილეობს, რომელიც კასტინგის შედეგად შეარჩიეს. მგონი, ეს გოგონა კლიპს ძალიან მოუხდა.

- გოგონების შერჩევის პროცესში შენც მონაწილეობდი?

- არა, არ ვმონაწილეობდი. ბულგარეთში ჩასულს ირინა დამახვედრეს. ძალიან მომეწონა - მართლა ლამაზი გოგონაა. მალე ახალ სიმღერაზე ახალი კლიპის გადაღება იგეგმება და ევროპის მასშტაბით, კლიპის როტაციას კომპანია უზრუნველყოფს. ჩემს მუსიკალურ ალბომზე ცნობილი სტუდია იმუშავებს, რომელიც ბევრ პოპულარულ მომღერალთან თანამშრომლობს. კლიპი MusicBox-ზე რომ მივიტანე, ლიზა ვადაჭკორიამ მითხრა: ისეთი მაგარია, სულ მინდა, ვუსმინო და ვუყუროო. პრემიერის მეორე დღიდან, ტოპათეულებში პირველ ადგილზეა. ალბათ, ხალხს მართლა მოსწონს...

- სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ვინ არის?

- თავად ვარ. სიმღერა ზაფხულში, მეგობრების წრეში, გიტარის თანხლებით დავწერე; შემდეგ არანჟირება გავუკეთეთ. თავდაპირველად, ჩვეულებრივი ბალადა იყო, საბოლოო ჯამში კი ამერიკული პოპვერსია გამოვიდა - ლამაზი და ენერგიული.

- შენს რომანტიკულ სიმღერას კონკრეტული ადრესატი თუ ჰყავს?

- კონკრეტული ადრესატი - წარმატებაა (იღიმის)! ადამიანი იმისთვის იბრძვის, რომ საკუთარი ცხოვრება კარგად წარმართოს. ძალიან მინდა, ჩემი საქმე კარგად ვაკეთო...

- კლიპის გადაღება დიდხანს გრძელდებოდა?

- ვარნაში (ბულგარეთში) ძალიან ლამაზი ადგილებია და იქაურობა კლიპისთვის ამიტომაც შევარჩიეთ. ამინდმაც შეგვიწყო ხელი, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო კადრის გადაღებისას, სადაც ტალღა მარტყამს, წავიქეცი და თავი დავარტყი. ამიტომაც, გადაღება ცოტათი გახანგრძლივდა - 3 დღე დაგვჭირდა.

- კლიპში შენი და ირინა ტარასიუკის საერთო სცენები არ არის...

- ირინა ტარასიუკი ფანტასტიკური ადამიანი და კარგი მომღერალია. სხვათა შორის, დუეტის ჩაწერას ვგეგმავთ. ძალიან მინდოდა, კადრში ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ რეჟისორმა სხვაგვარად მოისურვა. ირინა საკუთარ ქვეყანაში ამ კლიპის გაპიარებაზე აქტიურად ზრუნავს და ჩვენ შესახებ იქაურ ჟურნალ-გაზეთებში ბევრს წერენ.

- მგონი, გულდაწყვეტილმა აღნიშნე, - მინდოდა, კადრში ერთად ვყოფილიყავითო. ირინასთან რომანტიკული ურთიერთობა გსურდა, რომელიც არ შედგა?

- მასთან რომანტიკული ურთიერთობის სურვილი არ გამჩენია-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებ, მაგრამ ირინა ტარასიუკი გათხოვილია და თანაც - ბავშვს ელოდება. შეიძლება, ახლა უკვე მშობიარობს კიდეც: წეღან მომწერა, - წამი წამზე ბავშვს ველოდებიო (იცინის)... კლიპის გადაღებისას მშვენიერ ფორმაში იყო. მისი ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე, ძალიან გამიკვირდა. ირინას რჩეული ცნობილი მოლდაველი მომღერალი გახლავთ.

- ლევან, კომპანიისგან შემოსავალი უკვე გაქვს?

- მგზავრობის ხარჯებიდან დაწყებული, კომპანია ყველაფერს უზრუნველყოფს. ჰონორარს რაც შეეხება, ჯერ არ მაქვს. ალბომი უნდა შეიქმნას, რამდენიმე კლიპი გადავიღოთ და მერე ვნახოთ, რა და როგორ მოხდება... ამჟამად საიტი მზადდება - ინტერნეტსივრცე Leo Jee-ის შესახებ ინფორმაციით შეივსება. კონცერტის გასამართავად ცხადია, მხოლოდ 1 სიმღერა საკმარისი არ არის. იმედია, ჩემი ნამუშევრები გაჰიტდება და მერე მეც კარგად ვიქნები, ტრიფონაც და მარგალიტაც (იცინის). ეკა ჩიტაშვილს ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი; ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო Tork Studio-ს წარმომადგენელ გიორგი ალთუნაშვილს და ქართულ პრესას - მხარდაჭერისთვის.

- ქალბატონი ეკა როგორ გაიცანი?

- დაახლოებით 5 წელია, რაც ეკას ვიცნობ. როცა "იურმალას" შესარჩევი კონკურსიდან დავბრუნდი, მოლდავეთში ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსზე მიმიწვიეს, სადაც გავიმარჯვე - გრან-პრი ავიღე. ეკა სწორედ იქ გავიცანი და მას შემდეგ, უახლოესი მეგობრები ვართ. ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი რომ არ გამოჩენილიყო, ისევ საქართველოში ვიქნებოდი, უპერსპექტივოდ.

- უცხოეთში გულშემატკივრები გაიჩინე?

- რა თქმა უნდა! მოლოდავეთსა და ბულგარეთში ბევრი მიცნობს. უცხოეთში შემსრულებლის მიმართ პატივისცემა იციან.

- სამაგიეროდ, როგორც მითხარი, საქართველოში ინტერნეტით მოკვლით გემუქრებიან...

- ჩემ შესახებ ინტერნეტში სტატია გამოქვეყნდა, რომელზეც ვიღაცამ კომენტარი დამიტოვა, - შენ უნდა მოკვდე და არ გაიხარო, ნაგავი ხარ. შვედებთან კონტრაქტი კი არ უნდა გააფორმო, არამედ სიკვდილის მანქანას უნდა გამოგაბან და გათრიონო! საბედნიეროდ, კეთილისმსურველებიც მწერენ. მესმის, რომ იდეალური არავინ არის - მტერი ყველას ჰყავს, მაგრამ მე - მოზღვავებული რაოდენობით. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ვძულვარ: მე მაინც მიყვარხართ და ვიცი, ადრე თუ გვიან, მაინც შემიყვარებთ (იცინის). ჩემს გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი - მათი დამსახურებაა, რომ ჩემი სიმღერა რადიოშიც და ტელევიზიაშიც ძალიან მოთხოვნადი არის...

უკვე მეორე პრეცედენტი დაფიქსირდა, როცა მომღერალს საჯაროდ, მოკვლით დაემუქრნენ: ერთხელ ინტერნეტში ჯასტინ ბიბერს სიკვდილი უსურვეს, რაზეც მთელი ამბავი ატყდა. აი, ბატონო, ახლა ქართველსაც მისურვეს მსგავსი რამ (იცინის).

- იმედია, ისეთივე წარმატებული გახდები, როგორიც - ბიბერია...

- ფინანსურად მაინც, არა?!.

- მისი შემოქმედება არ მოგწონს?

- ყველა მშრომელ ადამიანს ვაფასებ. ფაქტია, ამ ბავშვმა თავის სფეროში ეპოქა შექმნა - ყველა თინეიჯერი მის სიმღერებს უსმენს. თანაც - ბიბერი გენიალურად ცეკვავს. ისე, ადრე უფრო კარგად მღეროდა, ახლა კი გარდატეხის ასაკშია... იცი, რა? ნახევარი საქართველო ჯასტინ ბიბერს ლანძღავს. არადა, ნეტავ, მისნაირი მომღერალი ქართველებსაც გვყავდეს.

- ლანძღვის საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, მთავარია, წარმატებას მიაღწიო?

- ჯასტინ ბიბერზე უარესი მომღერლები საქართველოში არ გვინახავს? ხომ ძალიან ბევრნი არიან? გვარ-სახელების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. მე არავის ვლანძღავ - რაც უნდათ, ის აკეთონ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: ქართველი მომღერალი ლეო ჯი ახალი კლიპით ევროპის დაპყრობას გეგმავს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება