რუსი მომღერლები თბილისში სასტუმროში არიან გამოკეტილები - სკანდალი ჯგუფ "9 გრამმ"-ის ირგვლივ

რუსი მომღერლები თბილისში სასტუმროში არიან გამოკეტილები - სკანდალი ჯგუფ "9 გრამმ"-ის ირგვლივ

უცხოელი მომღერლების "გადაგდება" საქართველოში უკვე ჩვეულებად იქცა. ამჯერად ქართულმა მხარემ ცნობილი რუსული ჯგუფი "9 გრამმ" ”გადააგდო”. რუსული რეპ-ჯგუფი საქართველოში სამი დღის წინ ჩამოვიდა, გუშინწინ კი კლუბ "სენატში" კონცერტი გამართეს. მუსიკოსებს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ სასტუმრო, რომელშიც დაბინავდნენ, მათ ნომრების დატოვების უფლებას არ აძლევს.

იმის გამო, რომ მუსიკოსებს სასტუმრო "კოპალადან" თანხის გადაუხდელობის გამო არ უშვებენ, პირველი არხის დილის გადაცემის პირდაპირი ჩართვაც ჩაიშალა. აღმოჩნდა, რომ კონცერტის ორგანიზატორებმა არა მხოლოდ სასტუმრო, კლუბი "სენატიც" ”გადააგდო”, რომლისთვისაც იჯარის ფული ჯერაც არ გადაუხდიათ და კლუბი 5000 დოლარით დაზარალდა.

Ambebi.ge სასტუმრო "კოპალას" მენეჯერს, გიორგი ბონიატოვსკის დაუკავშირდა:

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფ "9 გრამმ"-ს, რომელიც თქვენს სასტუმროში იყო დაბინავებული, არ აძლევთ ნომრების დატოვების საშუალებას და ამის გამო მათ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში ჩართვაც კი ჩაეშალათ, მართალია?

- მართალია, ფული არ გადაუხდიათ ორგანიზატორებს და როგორ გავუშვა მომღერლები სასტუმროდან? ყოველდღე გვატყუებენ, დღეს მოვიტანთ, ხვალ მოვიტანთო.

- რამდენია გადასახდელი?

- 1306 ლარი აქვთ გადასახდელი. რომელიც ჯერაც არ გადაუხდიათ. ახლაც ველოდებით, რომ მოიტანენ ფულს და თუ მოიტანეს, გამოვუშვებთ.

Ambebi.ge კონცერტის ორგანიზატორს, დინას დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი გვარის გამჟღავნება საჭიროდ არ ჩათვალა.

- დინა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი "9 გრამის" სასტუმროს ფული არ გადაიხადეთ და მათ არ უშვებენ სასტუმრო "კოპალადან"...

- არ არის მართალი. ჯგუფი უკვე მიფრინავს საქართველოდან.

-სასტუმროც ადასტურებს ამ ინფორმაციას და ვიცით, რომ ერთ-ერთ არხზე დაგეგმილი ჩართვაც სწორედ ამის გამო ჩაიშალა

- კარგად ბრძანდებოდეთ.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება