"გაისად "ევროვიზია" საქართველოში ჩატარდება" - პროგნოზი, რომელსაც ჯგუფის "შინ" ლიდერი, ზაზა მიმინოშვილი აკეთებს

"გაისად "ევროვიზია" საქართველოში ჩატარდება" - პროგნოზი, რომელსაც ჯგუფის "შინ" ლიდერი, ზაზა მიმინოშვილი აკეთებს

"ევროვიზია 2014" ახლოვდება. ჯგუფი, რომელიც ამ კონკურსზე საქართველოს წარმოადგენს, საგულდაგულოდ ემზადება. თბილისში ჩამოვიდა ჯგუფ "შინის" ლიდერი ზაზა მიმინოშვილიც, რომელიც "ამბები.გე"-ს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს. მუსიკოსი გარკვეულ პროგნოზებსაც აკეთებს არა მარტო წლევანდელ კონკურსზე, არამედ "ევროვიზია 2015"-ის გამართვის ადგილზეც.

- მოახლოვდა "ევროვიზიის" კონკურსი. როგორ ემზადებით?

- ფინალს ვუახლოვდებით. მე ჩემი ჯგუფის წევრებისგან განსხვავებით, ერთი კვირით ადრე ჩამოვედი. ახლა სამზადისის ბოლო პერიოდია. 27 აპრილს კოპენჰაგენში მივფრინავთ, სადაც ბოლო ეტაპი იწყება, ხმის პრობლემატიკიდან დაწყებული, ვიზუალით დასრულებული, ყველა დეტალი უნდა დამუშავდეს. ამიტომ, ახლა ქართულ მხარეს აქვს სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო ჩასატარებელი.

- ქართულ მხარეში ვის გულისხმობთ?

- საორგანიზაციო კომიტეტს - საზოგადოებრივ მაუწყებელს და ასევე ჩვენს გუნდს. ჩვენს ვიზუალურ მხარეზე რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი და მხატვარი თამრიკო ფოცხიშვილი მუშაობენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილები ზუსტად დავადგინოთ, ანუ კოპენჰაგენში როგორ წარვდგებით.

- რა იქნება თქვენი მთავრი მესიჯი?

- მიზეზი, რისთვისაც "შინი" ამ პროექტში მონაწილეობაზე დათანხმდა, იყო გზავნილი, რომელიც ჩვენს სიმღერაში ჩაიდო. ის საორგანიზაციო კომიტეტის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციასაც დაემთხვა. ამჯერად ქართულმა მხარემ რაღაც ისეთი სათქმელი უნდა წარმოაჩინოს, რომელიც არის ზოგადი, მაგრამ ამავე დროს ქართულიც... რომ ძალიან ზოგადის აუცილებელი ნაწილი ვართ და სიმღერამაც ზუსტად ეს იტვირთა.

- რა ჰქვია სიმღერას?

- მასში ჩვენებური იუმორი ჩავრთეთ. "ევროვიზიის" ყალიბის მოთხოვნით, მუსიკალური ნომერი სამწუთიანი უნდა იყოს. ამიტომ მას "სამი წუთი დედამიწამდე" - ასე დავარქვით.

- ეს რას ნიშნავს?

- ადამიანის დიდ დაბრუნებას თავის საწყისთან. იმისთვის, რომ ეს ყველასთვის გასაგები იყოს, სიმღერის ენად ინგლისური ავირჩიეთ. ნომერი ქართული ჟღერადობით იქნება, მაგრამ ზოგადიც. მოკლედ, ამ სიმღერამ საკუთარ თავზე ბევრი რამ აიღო, - წარმოიდგინეთ, მრავალჟამიერი ბახთან ერთად ჟღერს. ეს არის გზავნილი, რომლითაც ადამიანს ეუბნები, რომ არ უნდა დავკარგოთ ერთადერთი სამშობლო, დედამიწა, რომელიც ადამიანს მიეცა. ეს მესიჯი კი იმიჯის, ვიზუალის, სიტყვიერი და მუსიკალური თანხვედრის საშუალებით უნდა გავაგზავნოთ.

- რას გვეტყვით მარიკო ებრალიძეზე, რომელიც "ევროვიზიის" კონკურსზე ამ სათქმელს თქვენთან ერთად იტყვის. როგორ აფასებთ მას და როგორი აღმოჩნდა მასთან თანამშრომლობა?

- მასთან თანამშრომლობა ჩვენი სურვილი იყო. თავიდან, როდესაც საუბარი ტელევიზიასთან დავიწყეთ, რომ "შინს" ამ კონკურსზე საქართველო წრედგინა, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ჩვენთან ერთად, ახალგაზრდა, ელვარე, ნიჭიერი სახე ყოფილიყო. მარიკოს შორიდან ვიცნობდით. მასთან თანამშრომლობის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ მარიკოს ნიჭიერებასთან ერთად, საოცარი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა აქვს. გაცილებით პოზიტიური აღმოჩნდა ჩვენი მასზე მანამდე შორიდან შექმნილი შთაბეჭდილება.

- როგორც ვიცი, მასთან სკაიპის საშუალებით თანამშრომლობდით, რადგანაც "შინს" უცხოეში უწევს მოღვაწეობა.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სიმღერაში ჩადებულია აზრი, რომ ციფრული სამყაროდან დედამიწაზე აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ, ციფრული სამყარო მანძილზე სწორედ წარმატებულ თანამშრომლობაში დაგვეხმარა.

- საბოლოოდ "ევროვიზიაზე" რა შანსები გაქვთ? ამ კონკურსზე საერთოდ, დიდი როლს პოლიტიკა თამაშობს ხოლმე. თქვენ რას იტყვით?

- ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკა და სხვა ასპექტი ასეთ დროს ცუდ როლს თამაშობს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ მიმართულებითაც სრული კარტბლანშია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპას აქვს პოლიტიკურადაც შანსი, თქვას, რომ ძალა ერთობასა და გაერთიანებაშია. წელს "ევროვიზიის" სლოგანია "შემოგვიერთდი". ამ ყველაფრის განთვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იქ წარსადგენ სიმღერებს შორის ჩვენი ნამუშევარი გამორჩეული და ერთადერთია, რომელიც ახლოს არის წლევანდელი კონკურსის მოთხოვნებთან. ამიტომ ქართველმა ემიგრანტებმაც უნდა იბრძოლონ, შემოგვიერთდნენ და მხარი დაგვიჭირონ, ვინაიდან ჩვენ მათ სათქმელსაც ვამბობთ, რომ ყველას სამშობლო დედამიწაა, სადაც უნდა დავბრუნდეთ! მოკლედ, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ "ევროვიზია" შემდეგ წელს საქართველოში ჩატარდეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.ეგ"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება