შალვა რამიშვილი ტელევიზიას მარგო ლუჩკოსთან, დელფინსა და 35 ბალერინასთან ერთად უბრუნდება

შალვა რამიშვილი ტელევიზიას მარგო ლუჩკოსთან, დელფინსა და 35 ბალერინასთან ერთად უბრუნდება

ძალიან მალე შალვა რამიშვილის გადაცემას ''იმედის'' ეთერში ვიხილავთ. მასთან ერთად შოუს მარგო ლუჩკო წაიყვანს. შალვა რამიშვილთან გადაცემაზე საუბრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ძალიან ეფექტურად და სკანდალურად აპირებს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას. ჩვენი ინტერვიუ კი ცოტა უცნაური გამოვიდა, თუმცა ალბათ, ჩვენი რესპონდენტისგან სიურრეალისტური პასუხები არ გაგიკვირდებათ.

- შალვა, რა ტიპის გადაცემას ამზადებთ?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ გადაცემა იქნება კარგი.

- ვნახოთ, ასეთი ამბიციური განაცხადის შემდეგ რას შემოგვთავაზებთ.

- ეს არაა ამბიცია. გინახავთ ადამიანი, რომელიც საერთოდ არაა ამბიციური და ამბობს, რომ მისი გადაცემა იქნება ცუდი?!

- რა თემებზე იქნება თქვენი გადაცემა?

- შემიძლია ჩამოვთვალო თემები, რომელიც არ იქნება ამ გადაცემაში: გლობალური დათბობა, ვეშაპების რეწვის პრობლემები და ასტრონავტების აღმოჩენების საკითხები. დანარჩენი ყველა თემაზე ვისაუბრებთ მსუბუქად და იუმორით.

- მარგო ლუჩკო რატომ აირჩიეთ თანაწამყვანად?

- მარგოს აქვს დამთავრებული ''აიბისისთან'' არსებული ჟურნალისტური კურსები. ძალიან კარგად ფლობს ინტერვიუს აღების ნეიროლინგვისტურ ტექნიკას. დამაბნეველად მოქმედებს რესპონდენტებზე. შეუძლია, რესპონდენტს ათქმევინოს ნებისმიერი დეტალი ინტიმური ცხოვრებიდან.

- მარგოს იცნობდით, თუ გადაცემის მზადების პროცესში გაიცანით?

- მარგოს შესახებ რამდენიმე წლის წინანდელ კალენდრის ფურცელზე წავიკითხე. პატარა მოსახევი კალენდრები რომაა, იმ ფურცელზე ეწერა მარგოს ამბები. ახლა გავიცანი და დავრწმუნდი, რომ რაც იმ კალენდრის ფურცელზე ეწერა, მართალია.

- წლების წინ წაკითხული ასე კარგად დაგამახსოვრდათ?

- მაშინ მარგომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გამიხარდა, რომ ასეთი ქალბატონი არსებობდა და მაშინ დავგეგმე, რომ თუ შოუს გავაკეთებდი, ჩემთან ერთად იქნებოდა წამყვანი.

- რამდენი წლის წინანდელ ამბავს მიყვებით?

- ეს იყო 2006 წლის კალენდარი.

- 2006 წლის მერე ბევრი შოუ გქონდათ, მაგრამ მარგო არ ყოფილა თანაწამყვანი.

- კი, მაგრამ, მე ფაქტობრივად პოლიტიკურ შოუებს ვაკეთებდი, ვიბრძოდი მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც გარკვეულწილად პოლიტიკურ შეფერილობას აძლევდა შოუებს. ახლა მიხეილ სააკაშვილი დამარცხებულია და შესაბამისად, მარგოს გამოყენება ძალიან პროდუქტიულად შემიძლია.

- უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, პირველი გადაცემა რა თემაზე იქნება?

- რა თქმა უნდა. პირველი გადაცემა გადის ეთერში, როდესაც ჯორდანო ბრუნოს დაწვიდან სრულდება 450 წლისთავი და ჩვენ შევეცდებით, რომ გადაცემას იუმორისტულად და სკეტჩურად წითელ ხაზად გაჰყვეს ეს ღირსშესანიშნავი დღე. გადაცემაში გვექნება აუზი, გვეყოლება ცოცხალი დელფინი, რომელსაც აკვარიუმით მოვიყვანთ, გვეყოლება 35 ბალერინა, რომლებთანაც ჩვენ უკვე დადებული გვაქვს კონტრაქტი.

- ამას ხუმრობთ, თუ მართლა ამბობთ?

- ''ხუმრობთ'' რას ნიშნავს, არაფერს არ ვხუმრობ. ბალერინები დელფინთან ერთად შეასრულებენ თავ-ბრუდამხვევ ტანგოს.

- ძალიან საინტერესოა და ვერ ვხვდები, ჯორდანო ბრუნოსთან დელფინი რა კავშირშია.

- ზუსტად ამას იხილავს ძვირფასი ტელემაყურებელი. ჩვენ გვაქვს ეკლექტური შოუ, ეს ცოტა ექსპერიმენტული შოუ იქნება და ვეცდებით დაუკავშირებელი ელემენტების ერთმანეთთან შერწყმას.

- რა პერიოდულობით გავა ეთერში გადაცემა?

- გვინდოდა, კვირაში ორჯერ გაგვეკეთებინა. ღამის ვარიანტიც გვინდოდა ყოფილიყო, ეროტიკული მომენტებით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე კვირაში ერთხელ, შაბათს ათ საათზე გავიდეთ ეთერში.

- შაბათს ათ საათზე კონკურენტ ტელევიზიაში გადის სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'', სავარაუდოდ, რეიტინგების ბრძოლა იქნება.

- რომელ არხზე ლაპარაკობთ?

- ''რუსთავი 2''-ზე.

- აა, მახსენდება ასეთი არხი, ''დარდუბალა'' გადიოდა თავის დროზე.

- გახსენდებათ და ახლა, როგორც ვხვდები, არ უყურებთ.

- ზუსტად არ მაგონდება, მაგრამ მე მგონი, ვუყურებ. მე ყველა არხს ვუყურებ. ვუყურებ სერიალებს, ზესტაფონის ტელევიზიას და ალბათ ''რუსთავი 2''- საც ვუყურებ.

იხილეთ ვრცლად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები