"უკრაინელ გოგოსთან სტივ ჯობსმა "გამყიდა" - რეპერ მასტერის ამბავი "ამბებისთვის"

"უკრაინელ გოგოსთან სტივ ჯობსმა "გამყიდა" - რეპერ მასტერის ამბავი "ამბებისთვის"

რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი სპეციალურად ჩვენთვის, ერთ მხიარულ ამბავს იხსენებს, რომელიც მის უკრაინაში ყოფნას უკავშირდება.  

- როდესაც კიევში გადაღებებზე ვიმყოფებოდი, სადაც ჩემი და უკრაინელი მომღერლის დუეტზე - "თბილისი-კიევი" კლიპს ვიღებდით, ასეთი კურიოზი გადამხდა. პრინციპში, ეს კურიოზიც "თბილისურ-კიევურია", რადგან მისი ნახევარი იქ დაიწყო და აქ გაგრძელდა...

- რას გულისხმობ?

- კიევში, როგორც ხდება ხოლმე, კლუბში ერთი გოგო გავიცანი... ალბათ, ერთმანეთს ოთხი დღე ვხვდებოდით. ამდენი ხანი ადამიანთან რომ ურთიერთობ, ზრდილობის საკითხია, შენს ქვეყანაში მოიწვევ და დავპატიჟე კიდეც, - საქართველოში ჩამოდი, გაგიმასპინძლდები-მეთქი. ოღონდ, თავი დიდად არ გამომიდვია, როგორც იტყვიან, ცალყბად ვუთხარი. მანაც თავი ზრდილობიანად დამიქნია და ამასთან დაკავშირებით დიდი ემოცია არც გამოუხატავს. იმის მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ და თბილისში წამოვედი...

- რა მოხდა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ?

- ის მოხდა, რომ ფიქრებით მაინც იქითკენ ვიყავი, - ძალიან მომეწონა ქალაქი კიევი... იქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. იმ ქალაქში როგორც კი ჩახვალ, რაღაც პოზიტივი იგრძნობა. ევროპაში ბევრგან ვყოფილვარ, ამერიკაშიც, მაგრამ კიევი მართლა განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. შეიძლება იმიტომ, რომ ძმაკაცთან ერთად ვიყავი, შეიძლება იმიტომ, რომ იქ გადაღებები მქონდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ კიევმა თავი ძალიან შემაყვარა...

უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე იყო გასული, ჩემს აგარაკზე, წავკისში ვიყავი ასული და იმ გოგოსგან წერილი მივიღე: "გიორგი, ჩამოვდივარ და ხვალ უკვე შენთან ვიქნები". მეგონა, ხუმრობდა და არ დავუჯერე. მერე იმ ბილეთის ფოტო გამომიგზავნა, რომლითაც თბილისში მოფრინავდა და რომელიც "ინსტაგრამზე" ჰქონდა ატვირთული...

იმ ბილეთის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ შარში ვიყავი, რადგან ჯიბეში მხოლოდ 40 ლარი მედო და ჩემთან სტუმრად, ერთი კვირით, უკრაინელი გოგო მოდიოდა. მოკლედ რომ ვთქვა, მზად არ ვიყავი. ამ ყველაფრის ფონზე პირველი რაც თავში მომივიდა, იმ გოგოს მივწერე: - აუ, კოპენჰაგენში ვარ-მეთქი და შარშან დანიაში გადაღებული ჩემი ფოტო გავუგზავნე. ეს იმ მოსაზრებით გავაკეთე, რომ იქნებ ახლა ჩამოსვლა გადაიფიქროს, მერე ცოტას "მოვიხოდები" და შესაბამისად დავხვდები-მეთქი...

- რა გიპასუხა?

- ასეთი რამ მომწერა: კოპენჰაგენში კი არა, კარგადაც ვიცი, სადაც ხარ და სმაილები დამაყარა. მივხვდი, რომ "დამწვა," მაგრამ როგორ, ეს ვერ გავიგე. უეცრად დავხედე ჩემს აიფონს - "ფეისბუქზე" ვემესიჯები, ჩართული მაქვს ლოკაციის მისათითებელი ისარი და ჩემი მესიჯი ასე გამოიყურება: "მე კოპენჰაგენში ვარ" - და დაბლა აწერია SENT FROM TSAVKISI, GEORGIA ანუ სტივ ჯობსმა "გამყიდა", რომ წავკისში ვიყავი და არა კოპენჰაგენში...

ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ვხუმრობდი. მოკლედ, ვერ გამოვძვერი... ჩამოვიდა ის გოგო და კარგადაც დავხვდი. ჩვენს დედაქალაქში ერთი კვირა დარჩა, მერე მშვიდობიანად გავაცილე და ვისწავლე, რომ ზრდილობის გამო არ უნდა დაპატიჟო ადამიანი შენს ქვეყანაში, რა იცი და მართლა რომ ჩამოვიდეს? თუმცა მასთან ერთად, მართლა კარგი დრო გავატარე... მშვენიერი გოგო და პოზიტიური ადამიანია!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება