რით მოხიბლეს ბასა ფოცხიშვილი ქართველმა ჯარისკაცებმა

რით მოხიბლეს ბასა ფოცხიშვილი ქართველმა ჯარისკაცებმა

მასთან ინტერვიუს ჩაწერა საკმაოდ რთულია. ძნელია, ისეთი დრო დაამთხვიო, როცა საქმე არ აქვს, სულ გადარბენაზეა. ასეთი დრო ახლა დაუდგა, თორემ ცოტა ხნის წინ ისეთი პერიოდიც იყო, საქართველოში სამუშაო საერთოდ რომ არ ჰქონდა, ამიტომ ხშირად საზღვარგარეთ დადიოდა და ბასა ფოცხიშვილიც ქართველებმა თითქოს დაივიწყეს. ამბობდნენ, ბასა წინა ხელისუფლებას ვერ მოერგო და ამიტომ დაიკარგაო... მერე თქვეს, ბიძინა ივანიშვილისთვის სოციალური კლიპი უნდა გადაეღო, მაგრამ კონფლიქტი მოუვიდათ და ყველაფერი ჩაიშალაო.

მოკლედ, ქართველი რეჟისორის გარშემო ბევრი კითხვა დაგროვდა. ახლა მის ცხოვრებაში აქტიური ეტაპია. ახლახან დაამთავრა ''ევროვიზიის'' კლიპზე მუშაობა და ახლა ქართული ნომრის სცენოგრაფიაზე მუშაობს. გარდა ამისა, ქართული ჯარისთვის გადაიღო კლიპები, რომლებსაც საზოგადოება სულ მალე იხილავს. მის პირად ცხოვრებაშიც უკვე დიდი ხანია კარგი ეტაპია. უკვე რამდენიმე წელია ბასასა და რადიო ''უცნობის'' დირექტორის და ბიზნესმენის კოკო კაპანაძის სიყვარულის ამბავი გრძელდება...

- დიდი ხანია, ქართულ პრესაში არ გამოჩენილხართ, რა ხდება ბასა ფოცხიშვილის შემოქმედებაში?

- ბოლო პერიოდი დაკავებული ვიყავი. ''ევროვიზიის'' ქართველი მონაწილეებისთვის კლიპი გადავიღე. ძალიან მომწონს კომპოზიცია და შემსრულებლები. ''შინის'' დიდი ხნის თაყვანისმცემელი ვარ, მარიკო ებრალიძე კი ჩემთვის აღმოჩენა იყო. მან თავისი ინდივიდუალიზმითა და ეშხით მომხიბლა. ძალიან ლამაზია, ჯაზის მომღერლის გარეგნობა აქვს და არა პოპვარსკვლავის, რაც ძალიან მომწონს. კომპოზიცია მაღალმხატვრულია, კონკურსის ფორმატისგან განსხვავდება. აქ ცოცხალი ინსტრუმენტებია. ეთნოც არის, პოპიც, კლასიკაც და ძალიან საინტერესოა. იქაც წერენ, რომ ამით ''ევროვიზიის'' ფორმატი უფრო განვითარდება, რადგან ამ სიმღერამ სიახლე და გამბედაობა შეიტანა. კონიუნქტურის ნასახიც არ არის აქ და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ამ პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე კლიპის გადაღებისგან, სიმღერის ჩაწერის დროს და სცენოგრაფიის რეპეტიციებისას, რაც უკვე დავიწყეთ.

ახლახან დავამთავრე ქართული ჯარის ორი სარეკლამო რგოლის გადაღება. მართლა აღფრთოვანებული ვარ ქართული ჯარით. ეს არის დასავლური სტანდარტის და ქართული სულისკვეთების ჯარი. მოვიხიბლე ქართველი ჯარისკაცების ფიზიკური მონაცემებით, ადამიანური თვისებებით. გული გამინათდა, რომ გადავხედე, ისეთი ლამაზები იდგნენ, ისეთი ვაჟკაცები და დახვეწილები, რომ გული სითბოთი და სიამაყით ამევსო.

- როგორც ვიცი, თქვენ გააკეთეთ გადაცემა ''1 წუთი მაესტროზე''.

- კი, მაკა ასათიანის იდეა იყო ეს პროექტი. ამ გადაცემაზე ვიმუშავე. ავაწყვე პროექტი, სტილისტიკა, ქუდები გადავიღე და ახლა თინა ასათიანი აკეთებს ამ გადაცემას არაჩვეულებრივად.

- ერთი პერიოდი საერთოდ არ ჩანდით, წინა ხელისუფლების მიმართ ანტიპათიით იყავით განწყობილი, თქვენი გააქტიურება ხელისუფლების ცვლილებას ხომ არ უკავშირდება? ახლა უფრო გაგეხსნათ გზები?

- არა, იმედი მაქვს, რომ ჩემი გზები არც ერთ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. რაც იყო, იყო, უკვე წარსულია. მათზე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობდი, როცა იყვნენ და ახლა უკვე უხერხულია მათზე საუბარი. ის პერიოდი, რაც აქ არ ვჩანდი, ხან იტალიაში ვიყავი, ხან - აზერბაიჯანში, რადგან აქ არ ვმუშაობდი.

- მართალია, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით სოციალური კლიპი უნდა გადაგეღოთ, გადაღებებზე არ დაგემორჩილათ, თქვენ უარი თქვით კლიპის გადაღებაზე და კონფლიქტი მოგივიდათ?

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ახლა თქვენ დიდი ხნის ამბავს მეკითხებით და არც მახსოვს. ასე, წერენ ხოლმე სისულელეებს და მე არც ვკითხულობ. ეს დიდი ხნის წინ იყო.

- ისევ საქმიანობაზე გკითხავთ. კიდევ რას უნდა ველოდოთ მომავალში ბასა ფოცხიშვილისგან?

- ვნახოთ, მერე რა იქნება. კოპენჰაგენში ''ევროვიზიაზე'' უნდა გავემგზავრო და გავაკეთო სცენოგრაფია.

- რა ხდება, თქვენი აზრით, დღეს ქართულ შოუბიზნესში, როგორი ვითარებაა?

- მიმაჩნია, რომ ამჟამად ზოგადად ქართულ კულტურაში გაჩერებული და გაყინული პერიოდია, მაგრამ იმედი მაქვს, ძალიან ახლო მომავალში ეს სფერო ამოძრავდება. ამის გამო გული ძალიან მტკივა და ძალიან ვწუხვარ. მე კულტურა საქართველოს სავიზიტო ბარათად და ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია და არა მარტო საქართველოსი, არამედ ყველა ქვეყნის. ქვეყანას კულტურით ვაფასებ. იმედია, ისეთი სიახლეები გაჩნდება, როგორიც ზოგადად ქართულ კულტურას შეეფერება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება