ფეხმძიმე მეგი გოგიტიძე უკრაინულ "ვოისში" გამარჯვებისთვის იბრძვის

ფეხმძიმე მეგი გოგიტიძე უკრაინულ "ვოისში" გამარჯვებისთვის იბრძვის

მომღერალი მეგი გოგიტიძე საზოგადოებამ პროექტიდან - "ვარსკვლავების აკადემია" გაიცნო, დღესდღეობით კი მისი ნამღერი ბევრს მოსწონს და უკრაინული "ვოისის" "ბრმა კასტინგზე" ფეხმძიმე მეგის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ, მან რამდენიმე ეტაპი გადალახა და ახლა უფრო სერიოზული "შეტევისთვის" ემზადება.

- მეგი, პირველ რიგში, გილოცავ უკრაინულ "ვოისში" მნიშვნელოვანი ეტაპების გადალახვას.

- დიდი მადლობა. "ბრმა კასტინგის" შემდეგ, რომლის ვიდეოც ქართველებმა ინტერნეტის მეშვეობით იხილეთ, "რინგსა" და "ნოკაუტში" გამოსვლამაც წარმატებით ჩაიარა. სხვათა შორის, "ბრმა კასტინგზე" ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი. საკმაოდ ვინერვიულე, სიმღერაც არასწორად შევარჩიე და საკუთარ თავთან რაღაც პრეტენზიებიც მაქვს, - როგორც მე მინდოდა, ისე ვერ გამოვედი. მანამდე "ყვავილების ქვეყანა" შევასრულე და ძალიან მოეწონათ. "რინგზე" მე და ჩემმა მოპაექრემ ერთი და იგივე სიმღერა შევასრულეთ, "ტრენერმა" კი არჩევანი ჩემზე გააკეთა.

- ჟიურის ერთ-ერთი წევრი თამრიკო გვერდწითელია, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულო და საამაყოა.

- დიახ, მეამაყება, რომ ასეთი სერიოზული პროექტის ჟიურიში ქართველი მომღერალიც არის. თამრიკო გვერდწითელი შესანიშნავი ადამიანია. თავიდან, "ვოისის" გვერდი რომ შევავსე, არ ვიცოდი, ჟიურიში ვინ იქნებოდა და როცა ქალბატონი თამრიკო დავინახე, ძალიან გამიხარდა.

- რატომ გადაწყვიტე, უკრაინულ პროექტში გეცადა ბედი?

- უკრაინა საკმაოდ ახლოს არის საქართველოსთან. ვიცოდი, იქ წასვლას უპრობლემოდ შევძლებდი და ამიტომაც გადავწყვიტე, ბედი სწორედ იქაურ მუსიკალურ კონკურსში მეცადა. თანაც, ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს. მე და ჩემმა მეუღლემ წასვლა ერთად გადავწყვიტეთ. ჩემთვის საინტერესო იყო, უკრაინელები როგორ მიმიღებდნენ.

- კიევში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, შიშის მომენტი არ გქონდა, როცა საქართველოდან მიდიოდი?

- როცა ქმართან ერთად ვარ, არაფრის მეშინია. ის ჩემთვის სერიოზული საყრდენია და თუ რაიმე ისეთ საფრთხეს ვიგრძნობდით, რასაც ვერ გავუძლებდი, უკან წამომიყვანდა. საბედნიეროდ, ფიზიკურად არაფერი შეგვხებია, მორალურად კი, რა თქმა უნდა, ჩვენც მხარში ვედექით მეგობრებს.

- პროექტში მოხვედრამდე, ოდესმე კიევში თუ გქონია კონცერტი?

- კი, 1-2 კონცერტი მქონდა ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში, სადაც ჩემი მეგობარი, ძალიან მაგარი მუსიკოსები უკრავენ.

- "ვოისში" ქართულ სიმღერას თუ შეასრულებ?

- აუცილებლად, ოღონდ, ჯერ ვერ გავამხელ, როდის რა იქნება. უკრაინელებს ქართველები ისევე უყვართ, როგორც ჩვენ - ისინი და აქედან გამომდინარე, კარგად იციან ჩვენი სიმღერის სიღრმე და სულიერება, მე კი რასაც ვმღერი, ყოველთვის გულით ვმღერი.

- კონკურსებს მღელვარება და ემოციები ყოველთვის თან ახლავს. ორსულობის დროს ასეთ საქმესთან შეჭიდება რთული არ არის?

- მართალია, სასიამოვნოდ დამღლელი საქმეა, მაგრამ 7 თვის ორსულისთვის, ეს მაინც რთულია... კონკურსანტებთან ვმეგობრობ, კარგი ადამიანები არიან. თბილისში რომ ვიყავი, სულ მწერდნენ: რას შვრები, როდის ჩამოხვალო? თან, ფეხმძიმედ რომ ვარ, ჩემ მიმართ უფრო მეტად ყურადღებიანები არიან.

- როგორ ფიქრობ, შენი ფეხმძიმობა ჟიურის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას იქონიებს?

- არა მგონია, ასე მოხდეს. სიმღერა რომ არ შემეძლოს, პროექტში ხომ არ ამიყვანდნენ? "ვოისში" მოხვედრა სურდა გოგონას, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, ქმარმა კი მიატოვა. მოკლედ, ტრაგიკული ცხოვრების მქონე ადამიანი იყო, მაგრამ ვერ იმღერა და პროექტში არ აიყვანეს. თუ ვერ იმღერებ, სხვას ფეხმძიმობით ვერანაირად ვერ გადაფარავ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება