რის გამო აკრიტიკებენ სალომე შარვაძეს

რის გამო აკრიტიკებენ სალომე შარვაძეს

"საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა. ნაკლებად რომანტიკოსია. მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციას ეფუძნება. სამაგიეროდ, სტაბილური და მუდმივია. ამაყია. თუ მის დამცირებას შეეცდებით, თქვენ წინაშე ღრიალა "ცხოველი" აღიმართება. ყურადღების ცენტრში ყოფნაზე გიჟდება. წინააღმდეგობები არ თრგუნავს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ლომს, ეს კი მსახიობ სალომე შარვაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. "ეძიე ვარსკვლავი შენი" ლამის ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა. ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება ჩემს ხასიათს ემთხვევა.

- "ლომი მართავს ჰოროსკოპის მეხუთე სახლს, რომელიც სიყვარულსა და თეატრს განაგებს".

- მსახიობი ვარ. ვიდრე ამ პროფესიას ავირჩევდი, მანამდე ფარმაცევტულიც დავამთავრე, მაგრამ ფარმაციაში საკუთარი თავი ვერ "დავინახე". სამსახურში თუ ბოლომდე ვერ ვიხარჯები, თუ საქმისადმი ინტერესი არ მაქვს, იქ ვერ გავჩერდები.

- "ვერ იტანს სიბნელეს, მარტოობას, - ეს მისთვის დამთრგუნველია".

- მართალია. რაღაც პერიოდი ჩემი მეუღლე საქართველოში არ იყო, მე კი ღამე მარტო დარჩენის ძალიან მეშინოდა, სინათლეს არ ვთიშავდი, ტელევიზორიც მთელი ღამე ჩართული მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ არ მეძინა. ამ მდგომარეობას დიდხანს ვერ გავუძელი და მეუღლის დაბრუნებამდე საცხოვრებლად დედასთან გადავედი.

- "ლომებს შორის ვერ ნახავთ საკუთარ თავზე ჩაფიქრებულ ნატურას".

- ამას ვერ დავეთანხმები. საკუთარ თავზე, ჩემს დადებით და უარყოფით თვისებებზე ბევრჯერ მიფიქრია. უშიშარი ვარ, ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. ნებისმიერი სიტუაციიდან ვიპოვი გამოსავალს. ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და დარდსა და ვაი-ვუიში არ უნდა გავატაროთ. ოპტიმისტი ვარ.

- "ამაყია. თუ მის დამცირებას შეეცდებით, თქვენ წინაშე, ღრიალა "ცხოველი" აღიმართება".

- ძალიან მომთმენი ვარ, მაგრამ როცა მოთმინების ფიალა ივსება, საქმის გარჩევას კი არ ვიწყებ, არამედ უბრალოდ, გავერიდები ადამიანს.

- "ღრიალა" როდის ხდები?

- ეს ძალიან იშვიათად ხდება. სულ რამდენიმე ეპიზოდი მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან და გონებაში ადამიანების გაკვირვებული სახეები მაქვს ჩარჩენილი.

- სხვების მართვა გიყვარს?

- ზოგჯერ საკუთარ შვილსაც ვერ ვმართავ.

- "ხშირად ადამიანებს ზემოდან დაჰყურებს".

- არც ეს არის ჩემი თვისება. თავმდაბალი ვარ. ვერ წარმომიდგენია, რა სიმაღლეზე უნდა ახვიდე ან ვინ უნდა გახდე, რომ ადამიანებს ზემოდან დაუწყო ყურება.

- ლიდერის თვისებები გაქვს?

- ზოგჯერ არ მინდა ლიდერობა საკუთარ თავზე ავიღო, მაგრამ უნებურად, ასე გამომდის.

- "გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე".

- ამაზე მართლა ვგიჟდები. სულ მიკვირს ადამიანების, რომლებიც უარს ამბობენ ფოტოს გადაღებაზე, სატელევიზიო სიუჟეტში კადრში მოხვედრაზე, რადგან ჩემთვის მსგავსი რამ ძალიან უცხოა.

- "მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება. სცადეთ და ეს უთხარით, გაგინაწყენდებათ".

- სხვა ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად ვერევი. თუ ვხედავ, რომ ხრამში იჩეხება, ვეტყვი, მაგრამ ჭკუის სწავლებას ვერავის დავუწყებ, მით უმეტეს, ზრდასრულ ადამიანს. ჩვენ ხომ ბევრ რამეს საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ.

- კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

- კრიტიკას გააჩნია. ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან, - წონაში ძალიან მოიმატეო. ეს მომწონს, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს ვუყვარვარ და ჩემ გამო ნერვიულობენ; ზოგი ამას სხვა მიზეზის გამო მეუბნება და ცხადია, ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც კარგია, რადგან გონზე მოსვლაში მეხმარებიან... სოციალურ ქსელში ჩემს გმირს ლანძღავენ; არ მოსწონთ, რომ ქმარზეა დამოკიდებული და ამბობენ, - ღირსი იქნება, ზაზა თუ უღალატებსო. მომწონს, ასე რომ იწერება. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიალს ბევრი მაყურებელი ჰყავს. მომავალ სერიებში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება: მეტი ინტრიგაა და არც ერთი წუთით არ მოიწყენთ.

- შენი გმირის ოჯახურ სიმყუდროვეს საფრთხე ემუქრება, არა?

- რაღაც ნიშნები გამოიკვეთა... ვნახოთ, სცენარისტი სამომავლოდ რას დაგეგმავს. ზაზა ცნობილი მექალთანეა და მგონი, ახალ მეზობელსაც რაღაცას უპირებს.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის მზესავით ანათებს ან დარდისგან კვდება".

- გამოდის, რომ მზესავით ვანათებ (იცინის). ერთგული ვარ. ვცდი­ლობ, მეუღლე ყოველთვის კარგ ხასიათზე იყოს, სანერვიულო ამბები ავარიდო და პრეტენზიებით, ყოფითი პრობლემებით არ დავღალო. არის საკითხები, რომლებსაც დამოუკიდებლად ვაგვარებ. თავადაც ასე იქცევა, ძალიან ყურადღებიანია.

- "არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად დახმარებაზეც უარს ამბობს, თავად კი ამას სიამოვნებით აკეთებს".

- ნამდვილად ასეა! 15 წლიდან ვმუშაობ და საკუთარი შემოსავალი მაქვს. საჩუქრების კეთება მაგიჟებს. არ ვფიქრობ იმაზე, რომ ფული დავზოგო და იაფფასიანი შევარჩიო. რაც არ მომწონს, სხვას არასდროს ვაჩუქებ. ასტროლოგები იმას არ ამბობენ, ლომი მფლანგველიაო?

- ხშირად გაკოტრების ზღვარზე იმყოფებაო...

- აი, ეს მართალია: ერთ დღეს ვხარჯავ და მეორე დღეს უფულოდ ვრჩები. ცუდი თვისებაა, მაგრამ რა ვქნა. სამაგიეროდ, უფულოდ დიდხანს არ ვარ. ეტყობა, იღბალიც მწყალობს.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ შენმა მეუღლემ ლატარიაში დიდი თანხა მოიგო...

- (მაწყვეტინებს) 450.000 ლარი მოიგო. ჩემი მეუღლეც ოპტიმისტია, მომავალს იმედით შეჰყურებს (ალბათ სხვანაირი კაცის გვერდით ვერ ვიცხოვრებდი). იმ პერიოდში სახლში თანხასთან დაკავშირებით დიდი პრობლემა გვქონდა. ვიცოდი, "ტოტოს" ხშირად თამაშობდა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მოიგებდა, ჰქონდა ბილეთი, რომელიც შეძენისას არ გაატარა, არადა, იმ ბილეთსაც მოუგია; მეორე გათამაშებაზე კიდევ უყიდია. იმ დღეს დედაჩემთან ვიყავი. მეგობართან ერთად მოვიდა. რომ მითხრა, - თანხა მოვიგეო, დაჯერება გამიჭირდა. მერე ტელევიზიებმა დაიწყეს რეკვა... მიმაჩნია, რომ ადამიანი საკუთარ ბედს თავად წარმართავს. ვფიქრობ, ყურებჩამოყრილი და მოწყენილი არ უნდა იყო. პრობლემა ნებისმიერ ადამიანს აქვს, ფულიანსაც და უფულოსაც, ამის გამო კი ძაძების ჩაცმა არ ღირს. მთავარია, კარგ განწყობაზე იყო.

- "მას უყვარს ყველაფერი პირველი ხარისხის. გართობაზე შეუძლია, მთელი ქონება დახარჯოს".

- მთლად ასეც არ არის საქმე, ცოტათი უკანაც ვიყურები. ისე კი, გართობა ძალიან მიყვარს. მეგობრების შეკრება, ლამაზი, მშვიდი საღამოები დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- "წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა".

- ეს სიტყვები ჩემს ხასიათს 100%-ით ემთხვევა.

- "საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა".

- მართლა? საიმედო მეგობარი ვარ, მაგრამ ჭკუიდან თუ არ გადამიყვანენ, საფრთხეს არავისთვის წარმოვადგენ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი გონებიდან ვშლი. ბიჭად რომ დავბადებულიყავი, მოჩხუბარი ვიქნებოდი.

- მიზანი, რომელსაც დღემდე ვერ მიაღწიე...

- ჩემი მიუღწეველი მიზანი წონაში დაკლებაა. ახლა რისთვის ვიბრძვი? ერთ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც მინდა, კარგად დამთავრდეს. ბაბუა - მიხეილ ვარდიშვილი მხატვარი იყო და ნიკო კეცხოველთან, გოგლა ლეონიძესთან მეგობრობდა. 95 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლეში არაერთი მასშტაბური გამოფენა მოაწყო, მაგრამ ნამუშევრები ქვეყნის გარეთ არასდროს გაუტანია. ყაზახეთში ერთი გამოფენა უკვე მოვაწყვეთ, კიდევ 4 ქვეყანაში გვინდა, გამოვფინოთ. იმედია, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ამასთან, მისი კატალოგის გამოცემაზეც ვფიქრობ. ახლახან გამოიცა მხატვართა რეიტინგების კატალოგი, სადაც ბაბუა პირველ "ბ" კატეგორიაში გადის. ამ ყველაფერში მეუღლე მეხმარება.

- "გარშემო მყოფები პასიურობის გამო საყვედურობენ".

- პასიური მაშინ ვხდები, როცა ხასიათზე ვერ ვარ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ასეთ დროს შემიძლია, მთელი დღე ტელევიზორთან ვიჯდე და არაფერი გავაკეთო.

- "ნაკლებად რომანტიკულია. მისი სიყვარული "მიწიერ", ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციას ეფუძნება. სამაგიეროდ, სტაბილური და მუდმივია".

- ჰო, ვერ ვიტყვი, რომ რომანტიზმში ვარ გადავარდნილი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში არც უამისობაა. გამორჩეულად რომელი დღე მახსოვს? იშვიათია დღე, სამსახურში არ გამომიაროს და შინ ერთად არ დავბრუნდეთ. აღარაფერს ვამბობ სიურპრიზებზე, საჩუქრებზე, ბევრ სასიამოვნო მოულოდნელობაზე... ვიდრე ოჯახს შევქმნიდით, მომიტაცა. მაშინ პატარა ვიყავი და არც ვიცოდი, რა მინდოდა. ვთხოვე, - თუ მართლა გიყვარვარ, უკან მივბრუნდეთ-მეთქი. მაშინ ის 35 წლის იყო და მის გარშემო ყველამ იცოდა, რომ ცოლი მოჰყავდა, მაგრამ თხოვნა გაითვალისწინა. ამით ჩემს თვალში ძალიან ამაღლდა... ერთხელ სპექტაკლი რომ მქონდა, რამდენჯერმე მითხრა: ავად ვარ, სახლში უნდა დავრჩე, არ გეწყინოს, ვერ მოვალო და სცენიდან შევნიშნე, პარტერში იჯდა.

- ასტროლოგები ვირთხის, გველისა და მამლის წელში დაბადებულ ადამიანთან ქორწინებას გირჩევენ...

- მართლა? ჩემი მეუღლე ვირთხის წელშია დაბადებული. თურმე, ჩვენი ბედნიერების საიდუმლო რაში ყოფილა (იღიმის).

- დაბოლოს, ასტროლოგები გირჩევენ, კარგი იქნება, თუ უფრო მეტად დიპლომატიური იქნები და კომპრომისის ხელოვნებას ისწავლიო.

- დიპლომატია მაკლია, ქვეშ-ქვეშა არ ვარ. ჩემს ხასიათში სიფიცხე უფრო მეტი დოზითაა. მსახიობი გახლავართ, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაში თამაში არ შემიძლია, განწყობა სახეზე "მაწერია". ადამიანი თუ ამად მიღირს, კომპრომისზე წასვლა პრობლემა არ არის, მაგრამ ზედმეტად ვერასდროს ვერავის მოველაქუცები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია