ქართველი წარმოშობის რეჟისორი კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქართველი წარმოშობის რეჟისორი კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

კანში 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ოქროს პალმის რტო თურქ რეჟისორს, ნური ბილგე ჯეილაინს გადაეცა ფილმისთვის "ზამთრის ძილი". კინოსურათი ხანდაზმულ მსახიობზე მოგვითხრობს. რეჟისორმა აღიარა, რომ მის შთაგონებაზე რუსი მწერლის, ანტონ ჩეხოვის პიესებმა იქონია გავლენა. "ზამთრის ძილი" კინოფესტივალის ყველაზე გრძელმეტრაჟიანი ნამუშევარიც აღმოჩნდა - მისი ხანგრძლივობა 3 საათი და 16 წუთია.

ფესტივალის გრანპრი იტალიელი რეჟისორის, ალიჩე რორვახერის ფილმს "სასწაულებს" ერგო. ფესტივალზე წარმოდგენილ ორადორ ქალ რეჟისორს შორის ალიჩე ერთ-ერთი გახლდათ. რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი "ლევიაფანი" საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს, ფესტივალის საუკეთესო რეჟისორი კი ამერიკელი ბენეტ მილერი გახდა ფილმით "მელიებზე მონადირე".

საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ ჯულიანა მური (ფილმში "ვარსკვლავური რუკა") და ტიმოტი სპოლი (ფილმში "მისტერ ტერნერი").

არასაკონკურსო პროგრამით წარმოდგენილ ფილმებს შორის საუკეთესოდ ფრანგი რეჟისორის, მარი ამაშუკელის ფილმი Party girl აღიარეს და "ოქროს კინოკამერით" დააჯილდოვეს.

34 წლის რეჟისორი და სცენარისტი, მარი ამაშუკელი პარიზში, ქართველი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში დაიბადა. წელს ის ფესტივალის დებიუტანტი გახლდათ.

მომზადებულია leparisien.fr-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება