"ჩემი ზედა ტუჩი ჰაერს აპარებს, ამიტომ "ტრუბაზე" ვეღარ ვუკრავ" - "მოულოდნელი კითხვები" ნინას

"ჩემი ზედა ტუჩი ჰაერს აპარებს, ამიტომ "ტრუბაზე" ვეღარ ვუკრავ" - "მოულოდნელი კითხვები" ნინას

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა ბოლო დროს არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, - იმღერა, იცეკვა, პოპულარულ სერიალშიც გადაიღეს, ახლა სერიოზული ნახტომისთვის ემზადება, ზაზა შენგელიამ "ბრავო რეკორდსში" მიიწვია - საკონცერტო პროგრამაზე უნდა დაიწყოს მუშაობა. ამასთან, საზაფხულო სიმღერის ჩაწერასაც აპირებს, რომელსაც გაჰიტებას უწინასწარმეტყველებს.

მოკლედ, ახლა ის ბლიც-სერიის, ანუ "მოულოდნელი კითხვების" ობიექტი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, ახლაც  გულწრფელი აღმოჩნდა, საკუთარ თავი კრიტიკულადაც შეაფასა და რაღაც კითხვებს იუმორითაც მიუდგა...   

- სად ხარ ახლა?

- სახლში ვარ და თმას ვიხვევ, "პალიტრა ტვ"-ში უნდა გავიქცე, "განოსა და კოტეს შოუში"...

- როგორ ხასიათზე ხარ?

- დღეს რომ გავიღვიძე, უკვე მზე იყო ამოსული, აივანზე გავედი და მშვენიერ ხასიათზე დავდექი. ისე, ბოლო დროს გამოვიმუშავე ასეთი რამ: როგორი ამინდიც უნდა იყოს (წვიმა თუ ქარიშხალი), ვამბობ, რა კარგია, დღეს მშვენიერი ამინდი იქნება და არაჩვეულებრივ გუნებაზე ვდგები...

- ნინა, ვაკელი ხარ?

- მე გორელი ვარ, მაგრამ ვაკეში ვცხოვრობ...

- "სოფლელს" ვის უწოდებ?

- კარგ სოფელს და სოფლის მოსახლეობას რა სჯობია?! ვგიჟდები დასავლეთ საქართველოს სოფლებზე. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ იქ სადმე, რომელიმე რაიონში სახლი მქონოდა, რადგანაც მათი გამწვანებული და მოვლილი ეზოები სულ მომწონდა... ისე კი, "სოფლელობა" რაზეც მკითხე, მიმაჩნია, რომ ადამინის შინაგანი მდგომარეობაა. მაგრად მესოფლელებიან "შავი გაგების" ქალები და კაცები. აი, ჩემთვის ეგენი არიან ჩარჩენილები და განუვითარებლები... 

- მოდი, საკუთარი თავი შორიდან შეაფასე.

- ნინა არავის არაფერს უშავებს, აქვს უამრავი პრობლემა, ტკივილი, მაგრამ არ შეუძლია, სამაგიეროს გადახდა. ცდილობს, ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოს იმდენად, რომ ამით საკუთარ თავსაც კი აზარალებს. სულ ჰგონია, რომ მის გარშემო ყველა კარგია, მაგრამ მერე ხვდება, რომ ასე არ არის. თავს გვიან აჯერებს იმაში, რომ ვიღაცაში უაყოფითი თვისებები შენიშნოს... ცდილობს, ადამიანებს ირგვლივ კომფორტი შეუქმნას და საკუთარ პრობლემებს არავის ახვევს... კულინარიულ ამბავში ცოტა ზარმაცია, თან, ეს საქმე მისდა სამარცხვინოდ, კარგად არც გამოსდის, ალბათ იმიტომ, რომ გულს ვერ უდებს. მან ბევრი დრო დაკარგა ტყუილად. შეეძლო რაღაცები გაეკეთებინა, რასაც ახლა საკუთარ თავს ვერ პატიობს... მაგრამ არა უშავს...

- როდის "ფეთქდები"?

- როდესაც რაღაცას 2-3 წლის განმავლობაში ვითმენ... როდესაც რაღაც დაგროვდება - ადამიანი ვერ ხვდება, რომ ჩემთან რაღაცას აშავებს. ეს მაწუხებს ხოლმე და შეიძლება, ისე "ავფეთქდე," თავი ვეღარ გავაკონტროლო... მაგრამ 5 წუთში ის გაცხარება გადამივლის. გულში ბოღმის ჩადება არ ვიცი.

- უხერხული სიტუაციიდან თავი როგორ გამოგყავს?

- არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, რაღაც შეცდომის აღიარება. გზებს ვეძებ და ვპოულობ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდე. თუ სხვა ჩავარდა უხერხულ მდომარეობაში, მაშინვე გამომყავს, - ეს ბევრად იოლია. ზოგჯერ საკუთარ თავზეც ამიღია რაღაც. როდესაც შენ არაფერი გიშავდება და შეგიძლია, მეორე ადამიანი გადაარჩინო, რა მოხდა, მერე?

- საქციელი, რომელიც ჩაიდინე და მისი გამხელის დღემდე გრცხვენია...

- ბევრჯერ დაუფიქრებლად რაღაცები წამომიყრანტალებია. ბოლო დროს ვისწავლე ამ ყველაფრის გაკონტროლება. მაგრამ რაიმე დაუფიქრებლად სხვაზე არასდროს მითქვამს. მოკლედ, "კარგად" დამიზარალებია საკუთარი თავი დაუფიქრებელი რაღაცებით.

- შენი აზრით, "სვეტსკი ტიპი" ვინ არის?

- ასეთი ირაკლი ჩარკვიანი იყო... "სვეტსკობაც" ადამიანის გონებრივი მდგომარეობაა. როცა ნათელი ტვინი გაქვს, მაშინ ხარ "სვეტსკი". შეიძლება ვიღაცას "შანელის" ჩანთაც ეჭიროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "სვეტსკია". თუმცა ხანდახან დამთხვევებიც ხდება, ნათელი გონების ადამიანებსაც უჭირავთ "შანელის" ჩანთები და ღმერთმა შეარგოთ.

"სვეტსკი" ჰქვია ადამიანს, როცა პრობლემას არ გიქმნის, არ სჭირდება არაფრის ბევრი ახსნა-განმარტება, როცა იცის, რა უნდა და რატომ. როცა თავისი არსებობით გეხმარება და ა.შ.

- რომელი სფეროს მინისტრი იქნებოდი?

- კულტურის სამინისტროში რომ ვიყავი, დილის 9-დან ზოგჯერ, ღამის 10 საათამდეც ვმუშაობდი. მაგრად ვიღლებოდი და მერე ვხუმრობდი, - ამირჩიეთ მინისტრად, 12-დან 5-მდე გამუშავებთ, ხელფასებს გაგიორმაგებთ და პარასკევს, შაბათს და კვირას დაგასვენებთ-მეთქი. ყველა თანახმა იყო... ამიტომ, ჩემგან მინისტრი არ გამოვა, ზედმეტად ლოიალური ვარ. ისე, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ძნელია, რადგანაც დაუფასებელი შრომაა და მაინც საყვედურს გეუბნებიან, თან, ხელფასიც არაფერია.

- რა არის შენი ამოჩემებული ფრაზა?

- სულ ვამბობ, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ-მეთქი. თავზე მეტეორიც რომ მეცემოდეს, მაინც ვამბობ, რომ "ყველაფერი კარგად იქნება" და კიდევ მაქვს ასეთი სლენგი: "დაიკიდე!" ნერვიულობას აზრი არ აქვს, მეტ-ნაკლებად რაღაცების კონტროლიც ვისწავლე. საერთოდ, ემოციური ადამინი ვარ, ამდენი სტრესისგან და განცდისგან ჯანმრთელობაც შემერყა, მერე ხანგრძლივი პერიოდით რეაბილიტაცია მჭირდება. ამიტომ, როცა არის პრობლემა, სანერვიულო, სხვანაირად უნდა შეხედო და ყველაფერი იმ საკითხის მოგვარებიდან დაიწყო. ამიტომ, "დავიკიდოთ" და დავიწყოთ პრობლემის მოგვარება.

- როგორ გგონია, ვისზეა ეს ანდაზა: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო?"

- ესეც ჩემზეა ნათქვამი, ეტყობა, ჩემნაირი იყო ეგ ტიპი... მოკლედ, ერთ-ერთი "დავითა" ვარ... შემეძლო ბევრად ფრთხილად გამევლო რაღაც პერიოდები, მაგრამ არა, საკუთარ თავს ხომ უნდა ვაზარალო?! ასეთი ხასიათი მაქვს, რასაც ვფიქრობ, იმასვე ვაკეთებ.

- პლასტიკურ ოპერაციას კიდევ გაიკეთებ?

- რომ დავბერდები, სახეს გადავიჭიმავ. ისე, ამ მიმართულებით ბევრი რამ არც მაქვს გაკეთებული.

- ვიცი, ცხვირი გაქვს შესწორებული...

- პრინციპში, ძგიდე გავისწორე და დავიმოკლე... ცხვირის ფორმა კი კარგია, მაგრამ ჩემს სახეს არ უხდება, მაგრამ უკვე ბედს შევეგუე. რა ვქნა? არ არის პრობლემა.

- ტყუილში რომ გამოგიჭერენ, რას შვრები?

- მაგრად "მიტყდება". საერთოდ, ტყუილი არ მიყვარს და 99 %-ით ვამბობ, რომ ისეთ ტყუილს არ ვიტყვი, რომ ვინმეს გული ვატკინო. კეთილად ვიტყუები ხოლმე (სიცილით ამბობს). დაკვირვებული ვარ, რაღაცას რომ დავაშავებ, ერთი-ორ საათში ღმერთი მსჯის... ამიტომ, ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო...

- რომელი ფერი გაღიზიანებს?

- ლურჯი და არ ვიცი, რატომ. ბავშვობიდან არ მიყვარს ასევე ფოსფორისფერი.

- შენი მთავარი იარაღი რა არის?

- ჩემი ხასიათი...

- იარაღიდან თუ ისვრი?

- ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, უკან არ დავიხევ, იარაღიდანაც გავისვრი. ყველაზე მაგარი პატრიოტი ვარ. ხომ არ გჯერათ? მაგრამ ასეა.

- რა საკრავებზე უკრავ?

- ყველაზე კარგად კლავიშიან საკრავებზე ვუკრავ, ცოტას ფლეიტაზე, საქსოფონიც შემიძლია, დარამიც...

- ქალი-ორკესტრი ყოფილხარ...

- არა, მთლად მასეც არ არის, სიმებიან საკრავებთან "ურთიერთობა" არ გამომდის. ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი "ტრუბაა," მაგრამ იმის გამო, რომ ზედა ტუჩი ადრე დაუფიქრებლად "დავიბერე," ხელს მიშლის, ჰაერს აპარებს და "ტრუბაზე" ვერ ვუკრავ. ჯანდაბა მასალა რომ მაქვს ტუჩის შიგნით შეყვანილი, მაბრკოლებს (სიცილით ამბობს). მოკლედ, გული მწყდება მაგრად... ის კი არა, ამ ინსტრუმენტს ვარჩევდი კიდეც, რომელი შევიძინო-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. "შლანგი" რომ აპარებს, ასე ვარ... ახლა მითხარი, საკუთარ თავზე ვინ იტყვის ასეთ რაღაცას? აი, ხომ ხედავ, კიდევ რაღაც წამოვაყრანტალე...

- ახლა ლექსიდან რაიმე ეპიზოდი გვითხარი.

- ლექსი კი არა ჩემი სიმღერის ტექსტებს ვერ ვიმახსოვრებ. თუმცა სკოლაში თემებს კარგად ვწერდი და როცა ციტატა იყო ლექსიდან საჭირო, ჩემებურ ვერსიებს ვაკეთებდი. ლექსები არ ვიცი...

- მიზეზი, რის გამოც შეიძლება ღამე გაათენო?

- სულაც არ მჭირდება ღამის გასათენებლად მიზეზი. წამალი თუ არ დავლიე, ყოველი ღამე, ჩათვალეთ, გათენებული მაქვს.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, დილით რომელ ფეხზე ადგები?

- არა, არც შავი კატის მჯერა და არც არანაირი ცრურწმენის. მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ განწყობაზე ვარ, იმ პერიოდში სტიმული მაქვს თუ არა. ვფიქრობ, რომ ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ხელოვნურად ნეგატივი არ უნდა შევქმნათ. არ გვჭირდება. პირიქით, ტონუსში უნდა ვიყოთ. საქმე სულ უნდა ვაკეთოთ და სისულელეებისთვის დრო აღარ დარჩება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება