გიორგი შალუტაშვილი: "ვერც დღეს ვეგუები უზნეობას"

გიორგი შალუტაშვილი: "ვერც დღეს ვეგუები უზნეობას"

ამას წინათ ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მიხეილ თამარაშვილის ცხოვრებაზე დადგმული სპექტაკლის წარმატებული პრემიერის შემდეგ რეჟისორზე მაყურებლის ნათქვამი გავიგონე: ჩვენი დროის გიორგი თორელიაო, - ალბათ, გახსოვთ რეჟისორ რეზო ჩხეიძის ფილმი "მშობლიურო ჩემო მიწავ" და თემურ ჩხეიძის გმირი გიორგი თორელი.

გულში დავეთანხმე კიდეც უცნობის ნათქვამს და ისიც ვიგრძენი, რომ სწორედ მისი არაჩვეულებრივი წინაპრების ქართველობა, ვაჟკაცობა, თავგანწირვა გასდევს ამ საინტერესო ადამიანის ცხოვრების გზას. დღეს პირისპირ სასაუბროდ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობის მიმართულების ლიდერი, მრავალი სპექტაკლისა და ფილმის (მაგ. "წმ. ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე", "სტუმრად პატრიარქთან", "ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია") რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მოვიწვიეთ:

- ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც ჩემი ბებია - ნინა მაყაშვილი სიტყვა "კომუნისტს" არასდროს წარმოთქვამდა, მის სინონიმად იყენებდა სიტყვას - "სვოლოჩ", თუ კარგ გუნებაზე იყო, ამბობდა, "ბანდიტ". ეს ქალბატონი ყარსის გენერალ-გუბერნატორის ქალიშვილი გახლდათ, მისი ძმა კი იყო საქართველოში დაღუპული პირველი იუნკერი და პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი მიშა მაყაშვილი, რომლის დაკრძალვასაც უშუალოდ ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა.

ჩემი პაპა, ქართული მედიცინის ისტორიის ფუძემდებელი ლადო კოტეტიშვილი, რომელიც 44 წლისა გარდაიცვალა, შინ არ უშვებდა კომუნისტს ან ქართულის ცუდად მცოდნეს, ბიძაშვილს და ქვისლსაც კი. კომპარტიის წევრი იყო მამაჩემი, ალექსანდრე შალუტაშვილი, თუმცა მართლა ეროვნული მოღვაწე გახლდათ და ძალიან მეამაყება, რომ პირველად ხმამაღლა სწორედ ის ალაპარაკდა ეკლესიების აფეთქებაზე, მისი წერილი კი მწერალმა რეზო ჯაფარიძემ "სოფლის ცხოვრებაში" გამოაქვეყნა. მეექვსე კლასში ყოფნისას, პირველად სწორედ ჩემს ოჯახში გავიგონე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი და სკოლაში მივიტანე ამბავი, რომ ის საქართველოს ეროვნული გმირი იყო.

კარგად მახსოვს, ამ სახელის გამო თანაკლასელებმა დამცინეს - ვერ გაარკვიეს ქაქუცა კაცი იყო თუ ქალი... ოჯახიდან თუ წიგნებიდან ვეცნობოდი საქართველოს ისტორიას და ვოცნებობდი, აღმოვჩენილიყავი იმ დროში, ჩემი წინაპრების გვერდით, რომ მეთქვა მათთვის, რა სისულელეს სჩადიოდნენ, როდესაც ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცილებით უარესს შევესწარი და ჩემთვის ან კიდევ უამრავი ადამიანისთვის არავის მოუსმენია. ყველაფერი, რაც დღეს ხდება, უდიდესი უზნეობის - 1991-92 წლების ძმათამკვლელი ომის შედეგია და მისმა დამკვეთებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ომს გამართლება არ ექნებოდა ეროვნული თვალსაზრისით.

- შენი თაობა აქტიურად ჩაება 1988-89 წლების ეროვნულ მოძრაობაში...

- მანამდეც, ჯერ კიდევ 15-16 წლისანი ვიყავით, ოთხმა მეგობარმა იატაკქვეშა ორგანიზაცია  "საბა" რომ ჩამოვაყალიბეთ. იცი, როგორ იშიფრებოდა ეს აბრევიატურა? - საქართველოს ავტონომიისათვის ბრძოლის ალიანსი (იღიმის). ერთ-ერთი კონსტიტუციასაც კი წერდა. სერიოზულად ვბჭობდით, როგორ დაგვებრუნებინა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, ორნი სერგო ორჯონიკიძის, სტალინისა და მათი მსგავსი "მამულიშვილების" მემორიალურ დაფებს ვამტვრევდით ხოლმე, თანაც ნასვამები და, ძირითადად, სოლოლაკში (იცინის). მერე სამხედრო სავალდებულო სამსახურმაც მოგვიწია. ამასობაში კი 1989 წელიც დადგა. 1989 წლის 9 აპრილს ჯარში შევხვდი - ახალციხეში ვმსახურობდი. საერთოდაც, ახალციხეში 1987 წლიდან წავედი და 21 წლისამ სადიპლომო სპექტაკლი იქ დავდგი.

- ახალციხეში იმ დროს საგანგებო საშვებით შედიოდნენ და ბევრს არც ეგონა, იქ ქართველებიც თუ ცხოვრობდნენ. რატომ აირჩიე სწორედ ახალციხე?

- მამა იმ დროს დრამატული თეატრების განყოფილების გამგე იყო და საქართველოს ნებისმიერ თეატრში შემეძლო წასვლა, აკადემიურით დაწყებული და თოჯინურით დამთავრებული. მაგრამ გადაწყვეტილება თვითონ მივიღე და სადიპლომო სპექტაკლის დასადგმელად ავირჩიე მესხეთის თეატრი, რომელიც მთავარი რეჟისორის გარეშე იყო დარჩენილი - ქალბატონი ნანა დემეტრაშვილი წამოსული იყო თეატრიდან და მთავარ რეჟისორად ჩემი მეგობარი ზურაბ სიხარულიძე მიდიოდა. ის პერიოდი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დამრჩა.

მახსოვს, სოციალისტური რევოლუციის 70 წლისთავისთვის პიესა რევოლუციის თემაზე უნდა დამედგა, პარალელურად კი, ილია ჭავჭავაძის იუბილეც იყო. მოკლედ, ზურა სიხარულიძემ "კაცია ადამიანი?!" დადგა, მე - ბორის ლავრენევის ანტისაბჭოური პიესა "ორმოცდამეერთე" (იცინის). ბატონი თემურ ჩხეიძე გახლდათ დადგმის ხელმძღვანელი. თვეების განმავლობაში ვიმუშავე პიესაზე. ფაქტობრივად, საჯარისო ნაწილის ნაცვლად თეატრში მიწევდა ყოფნა.

ჯარში კი 10-კაციანი შეფიცულთა ჯგუფი გვქონდა. ჩვენ შორის ტანკისტიც იყო, კავშირგაბმულობისა და დაზვერვის ბატალიონის წევრებიც, დაშიფრული ინფორმაციის გადაცემასაც კი ვაპირებდით ნატოს ჯარისთვის, სერიოზულად რომ დაგვეზარალებინა საბჭოთა ხელისუფლება, არც იარაღის გამოყენება გაგვიჭირდებოდა... მახსოვს, 1989 წლის 9 აპრილს ქალაქში გამოვედით და საპროტესტო მიტინგში ვმონაწილეობდით. იმხანად სამხედრო სამსახურის სამ დღეზე მეტ გაცდენაზე გიჭერდნენ.

მე უკრაინელებმა გადამარჩინეს: გამაფრთხილეს და 9 აპრილის საღამოს ნაწილში დავბრუნდი... სამხედრო-სავალდებულო სამსახური მალე დავასრულე და ახალციხის თეატრში განვაგრძობდი მუშაობას, მაგრამ 1991 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, თბილისში ოჯახს დავუბრუნდი და ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა... საერთოდ კი, ვფიქრობ, რთული ადამიანი ვიყავი - მუდამ პროტესტის განცდა მქონდა და ვერც დღეს ვეგუები უზნეობასა და უსამართლობას.

ამ წლების განმავლობაში ბევრი ომი წავაგეთ და ნუთუ ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ომში ისინი იმარჯვებენ, ვისაც ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს.

ამ ცნობიერებას კი მხოლოდ და მხოლოდ კულტურა აყალიბებს. რა საჭიროა ლექცია? - წაიკითხე ვაჟას "ბახტრიონი" და გაიგებ, რისთვის უნდა იბრძოდე. ეს არის განათლებისა და კულტურის ფუნქცია. ეს არის ჩემი, როგორც პედაგოგის ფუნქციაც.

სამარცხვინო არ არის, როცა ერთ-ერთი წამყვანი თეატრის ძალიან მაღალი დონის რეჟისორის რეპერტუარში აღმოაჩენ, რომ 5-6 წლის განმავლობაში ერთი ქართული პიესაც კი არ დაუდგამს? დღეს ჩვენი წარმატებული თეატრების რეპერტუარის 90 პროცენტი ბულვარული დრამატურგიაა, რომელიც ოდნავადაც არ უკავშირდება დღევანდელ პრობლემატიკას. ეს დამალვას, პრობლემებიდან გაქცევას ნიშნავს. ამიტომ მიმაჩნია აუცილებლად ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ჩატარება.

ყველა თეატრმა უნდა წარმოაჩინოს თავისი სახე, გასაგები რომ გახდეს, ქართულია ის თუ არა... უნდა ვეცადოთ, რომ თემურ ჩხეიძე როგორმე დავაბრუნოთ საქართველოში! როგორ შეიძლება, რეჟისორ შალვა გაწერელიას 16 წლის განმავლობაში სპექტაკლი არ ჰქონდეს დადგმული არც ერთ დრამატულ თეატრში, თანხა კი სულელურ წარმოდგენებზე იხარჯებოდეს?! ამიტომ ყველაფერს პროფესიონალები უნდა მართავდნენ, ყველა რეჟისორის ნამუშევარი პროფესიულად უნდა შეფასდეს და თეატრმცოდნეებსაც პრესაში რეცენზიების დაბეჭდვის საშუალება უნდა მიეცეთ.

მაგალითად, რეგიონებში მუნიციპალური თეატრები არსებობს, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საერთოდ არ დადიან თეატრში. როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ თეატრს აფინანსებს, ვალდებულიცაა, მისი შემოქმედებითი დონე შეამოწმოს. თუკი არამიზნობრივად ხარჯავ ფულს, თუნდაც ჯიბეში არ იდებდე, ხომ ფლანგავ, ესე იგი, კორუმპირებულიც ხარ, არა? ამიტომ უნდა არსებობდეს კრიტერიუმი, როგორ დაეხმარო და განავითარო, ვთქვათ, წარმატებული თეატრი.

- რამდენიმე დღის წინ პრემიერა გქონდა ახალციხის თეატრში, დრამატურგ ირაკლი სამსონაძის პიესაზე სპექტაკლი "ეპისტოლარული მსვლელობა სანტამარიანელამდე" დადგი. დაესწრო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი?

- ვერაფერს ვუსაყვედურებ, რადგან იმ დღეებში აწყურთან ახალ-ახალი ხანძრის კერების შექმნის გამო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საგანგებო ვითარებაში აღმოჩნდნენ, თუმცა ბოდიში კი შემომითვალეს. სხვათა შორის, მიხეილ თამარაშვილის ცხოვრებაზე პიესის დაწერაც და სპექტაკლის დადგმაც სწორედ ახალციხის მუნიციპალიტეტის იდეა იყო.

ამიტომ ურიგო არ იქნება, თბილისის მუნიციპალიტეტმაც გაგზავნოს წარმომადგენელი ახალციხის მუნიციპალიტეტში და გაიგოს, როგორ უნდა თეატრზე ფიქრი, რადგან თბილისის სანდრო ახმეტელის მუნიციპალურ თეატრში ჩემი მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ერთ წარმომადგენელსაც კი არ უნახავს რომელიმე სპექტაკლი თავიდან ბოლომდე. მიხეილ თუმანიშვილს გენიალური რამ უწერია თავის წიგნში: "არ არის საჭირო მსოფლიო იდეებით გაგიჟება და მსოფლიო მაყურებლისთვის რაღაცის ჩვენება. დადგით სპექტაკლები თქვენი ქუჩის მაყურებლისთვის და ის ყველასთვის გასაგები გახდება"... 

- გიორგი, შენი ცხოვრების თითქმის მთელი დრო მიაქვს თეატრსა და შენს სტუდენტებს. ოჯახისთვის როდისღა იცლი? არ გსაყვედურობენ?

- დაქორწინებამდე ჩემს საცოლეს - ნინო ალავიძეს, იმავე ლულუს - ყველა ასე ვეძახით, დედაჩემმა უთხრა, დიდ ფუფუნებას ვერ გპირდები, შვილო, მაგრამ საინტერესო ცხოვრება კი გექნებაო. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე დამეწყო გადარბენები, ქალაქიდან გასვლები და რამდენიმე თვის შემდეგ ლულუმ წაიწუწუნას: არ მინდოდა ასეთი საინტერესო ცხოვრება, ჯობდა, ცოტა მეტი პროზა ყოფილიყოო (იცინის). რასაკვირველია, განვიცდი, რომ ოჯახთან ცოტა დროს ვატარებ.

ლულუ სახელმწიფო კაპელის მომღერალია, ხელოვანი, კარგად ესმის ჩემი და მომწონს, თვითონაც რომ განიცდის, ჩემთვის დიდი დრო რომ არ რჩება (იღიმის). მიხარია, რომ ჩემს 10 წლის ელენეს ვაჟა-ფშაველას, რეზო ინანიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობები უკვე წაკითხული აქვს. მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თუ ამჟამინდელი სტუდენტები, ფაქტობრივად, ოჯახის წევრებივით არიან.

ასე რომ, ჩემი ოჯახური ცხოვრება თეატრთან და კინოსთანაა შერწყმული. ძალიან მინდა, განვაგრძო ფილმების ციკლი საქართველოს ეპარქიებზე, რადგან ასეთი ფილმები თითოეულს საკუთარი თავის შეცნობას გაგვიადვილებს. ყველა ერს თავისი ფუნქცია და მიზანი აქვს და თუკი ერმა არ იცის, საიდან მოდის, ვერაფრით მივა იქ, სადაც უნდა მივიდეს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება