"ძალიან აუცილებელი და დროული ფილმი წმინდა ნინოს ცხოვრებაზე"

 "ძალიან აუცილებელი და დროული ფილმი წმინდა ნინოს ცხოვრებაზე"

ამერიკაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი წმინდა ნინოს ცხოვრებაზე მხატვრული ფილმის - "ნინოს" გადაღებას აპირებს. თურმე, მისი ოჯახის ყველა წევრი ხელოვნებასთანაა გადაჯაჭვული: ქართული კინოს ვარსკვლავი, ულამაზესი ლია ელიავა მამიდა ყოფილა; ბაბუას, გოგი კერესელიძეს ტელევიზია დაუარსებია;

მამა - კოტე კერესელიძე კინოდოკუმენტალისტია, 60 ფილმი აქვს გადაღებული; დედა - ლარისა ალექსეევა ძალიან ნიჭიერი მხატვარი ყოფილა, თვითონ კი... "პირველი მულტიპლიკაციური ფილმი 9 წლისამ გადავიღე 8-მილიმეტრიანი აპარატით", - იწყებს თხრობას რეჟისორი გია კერესელიძე, რომელიც 20 წელიწადია, ამერიკაში ცხოვრობს, დღეს კი უკვე საკუთარი კინოსტუდია აქვს - "ARTMANGIA PICTURES"...

- ძალიან კარგად ვხატავდი - ნიჭი დედისგან გამომყვა - მერე "პიონერფილმში" მივედი და მივხვდი, ჩემი ადგილი სწორედ იქ იყო: ისე ვიყავი, როგორც თევზი - წყალში. ამის შემდეგაც გამიმართლა: თეატრალურ ინსტიტუტში უდიდესმა მხატვარმა და პედაგოგმა მამია მალაზონიამ მულტიპლიკაციის ფაკულტეტი გახსნა და მის ჯგუფში მოვხვდი... 1990-იანი წლების დასაწყისში ჩემი სადიპლომო ნამუშევარი "მზეზე უფრო" ამერიკაში, "მეტრო გოლდენ მეიერის" ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გავგზავნე და მეც ჩავედი, მაგრამ შინ ვეღარ დავბრუნდი:

მოსკოვის ბილეთი მქონდა და რუსეთში არეულობა დაიწყო, ვითარების გამოსწორებას დაველოდე და უარესი მოხდა - საქართველოში ომს ომი მოჰყვა. ასე ჩავრჩი ამერიკაში. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა უცხო ქვეყანაში გზის გაკვლევა, მაგრამ ნიჭმა, ცოდნამ, პრაქტიკამ და "პიონერფილმელობამ" ("პიონერფილმელი" დესანტივითაა: უკაცრიელ კუნძულზე რომ ჩააგდო, ფილმს იქაც გადაიღებს), უპირველეს ყოვლისა კი, ღვთის შემწეობამ ნელ-ნელა ყველაფერი დამაძლევინა. თავი, ლამის, მარკო პოლო მეგონა, სხვა სამყაროში აღმოვჩნდი და ცხოვრების ეს გამოწვევა და დაბრკოლებების გადალახვა საინტერესო მეჩვენა. ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდი, ვხატავდი, გამოფენებს ვაწყობდი, ვყიდდი ნახატებს.

მოკლედ, ფლორიდიდან დავიწყე და ბოლოს ვაშინგტონში მოვხვდი - მეგობარმა წამიყვანა. ცოლიც შევირთე, ვმუშაობდი ქალაქის ცენტრში, "ჯორჯ თაუნში" - ფირმაში რეკლამებსა და ლოგოებს ვაკეთებდით და მერე ცნობილი გაზეთის, "იუ-ეს-ეი თუდეის" წამყვან მხატვარს მოეწონა ჩემი ნამუშევრები, გაზეთში წამიყვანა და ვინმე ჯეფრისთან წარმადგინა (სხვათა შორის, დღეს სწორედ ჯეფრი, რომელთანაც უკვე ვმეგობრობ, ხელმძღვანელობს გაზეთს). ჯეფრი აღფრთოვანდა ჩემი ნახატებით, - შენისთანა ხალხს სანთლით ვეძებთო, და სამსახურშიც ამიყვანა.

10 წელიწადს ვიმუშავე "იუ-ეს-ეი თუდეიში", ვიყავი "სენიორ გრაფიკ დიზაინერი", ვაკეთებდი წამყვან რეკლამებს, განცხადებებს. ძალიან საინტერესო სამსახური მქონდა, კარგ ხელფასს მიხდიდნენ და ფეხზეც დავდექი, მაგრამ... თუ გინდა, გაიზარდო, საკუთარი საქმე უნდა გქონდეს. რეკლამების გაკეთება თვითგამოხატვის საშუალებას არ მაძლევდა, ამიტომ სამუშაო საათების შემდეგ სამსახურშივე ღამის განმავლობაში ჩუმად ვმუშაობდი მულტიპლიკაციურ ფილმ "იმედზე", რომელიც 2007 წელს კანის ფესტივალზე გავგზავნე და ძალიან მოიწონეს, მერე ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ფესტივალზე ანიმაციაში პირველი ადგილი აიღო, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკშიც დააჯილდოეს პრიზებით. ამანაც მიბიძგა, ჩემს საქმეს დავბრუნებოდი. იოლი არ იყო, მაგრამ მაინც წამოვედი "იუ-ეს-ეი თუდეიდან". ჩემი ოჯახის წევრებიც უკვე ვაშინგტონში იყვნენ - დედა რომ გარდაიცვალა, მამა და ჩემი და-ძმა - ია და სანდრო - ამერიკაში ჩამოვიდნენ.

- წმინდა ნინოზე მხატვრული ფილმის გადაღება რამ მოგაფიქრათ, ან არ გეშინიათ, ასეთ ურთულეს და უფაქიზეს თემასთან შეჭიდება?

- ამერიკაში ძალიან ეკლესიური გავხდი. მრევლი ვარ ეკლესიის, რომელიც წმინდა იოანე შანხაელმა - მე-20 საუკუნის წმინდა ნიკოლოზმა დააარსა. ეკლესიის მოძღვრის, მამა ვიქტორის (პატაპოვი) კურთხევით წირვის დასრულების შემდეგ სასანთლეებს ვუვლი. ასევე, ძალიან დიდ სულიერ დახმარებას მიწევს მამა მიქაელი (ფოფხაძე) და სწორედ მისი დამოძღვრით და ეკლესიური ცხოვრებით გამეხსნა გზა, უფლის სადიდებლად რაღაც შემექმნა... არ მინდოდა, მეყურებინა ფილმებისთვის, სადაც ავტომატებით ხალხს ხოცავენ და სისხლს ღვრიან, ამიტომ განვიზრახე, თუ უფალი ინებებს, გადავიღო მხატვრული ფილმი ქართველების განმანათლებელზე, წმინდა ნინოზე და ეს იქნება ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი მხატვრულ კინემატოგრაფში. თანაც ვიცი, რომ ამით საქართველოს საუკეთესო კუთხით გაიცნობენ და მსოფლიო ბაზარზეც ამ ჟანრის ფილმს დიდი წარმატება ექნება.

სარეკლამო კინორგოლი ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობების, ლევან უჩანეიშვილისა და ვაშინგტონში "სინეტიკ თეატრის" დამაარსებელ პაატა ციქურიშვილის მონაწილეობით გადავიღე. წმინდა ნინოს როლი კი შევასრულებინე იტალიელ მსახიობს. მერე მივხვდი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევის გარეშე არაფერი გამომივიდოდა, ამიტომაც ერთი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში და პატრიარქს შევხვდი. უწმინდესმა იდეა მომიწონა, - ძალიან აუცილებელი ფილმია და ძალიან დროულიო, მაგრამ მთხოვა, წმინდა ნინოს როლზე ამეყვანა ქართველი გოგონა, კინოსთან რომ არაფერი აკავშირებდა და არც სამომავლოდ აირჩევდა მსახიობის პროფესიას.

პატრიარქმა მიკურთხა საქმე და მეც ამერიკაში გავბრუნდი. ჩემი ამერიკული კინოსტუდიის, ARTMANGIA PICTURES-ის პარტნიორი ამერიკელებისთვის ფილმის დაფინანსება არ არის რთული საქმე, დამპირდნენ კიდეც, მაგრამ მინდა, ფილმი ჩემი ხალხის ფინანსური თანამონაწილეობით გადავიღო და ქართველებისთვის ამის სათქმელად და მთავარი როლის შემსრულებლის შესარჩევად ჩამოვედი. გარდა ლევან უჩანეიშვილისა, რომელიც ამერიკელი განგსტერების შემდეგ წმინდანს - წმინდა ნინოს მამას, ზაბულონს განასახიერებს და პაატა ციქურიშვილისა, რომელიც მეფე მირიანის როლს შეასრულებს, ფილმში ზევახის როლზე მოვიწვიე უნიჭიერესი მსახიობი მურმან ჯინორია, დედოფალ ნანას როლში მყავს ამერიკაში მცხოვრები ნიჭიერი მსახიობი ირინა კავალი, იქვე შევარჩიე ქართველი მათემატიკოსი, პროფესორი გია კორძახია სომხეთის მეფის როლზე - გრიმიც არ დასჭირვებია, მისი "იმიჯი" ისე მოერგო როლს (იცინის).

ფილმის სპეცეფექტებზე მეყოლება უკვე ჰოლივუდელი ვალერი ხარიტონაშვილი, რომელიც ამერიკაში მე ჩამოვიყვანე. ძალიან მინდა, ქართველი ბიზნესმენებიც შემოგვიერთდნენ, ბევრს მივაწვდინე ხმა და ვნახოთ, თუ მოინდომებენ ფილმის დაფინანსებას. ჩემი დიდი ტკივილი საქართველოში მცხოვრები უპატრონო და გაჭირვებული ბავშვები არიან და ფილმის შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ მათ უნდა მოვახმაროთ.

P.S. კასტინგის პირველივე დღეს ძალიან ბევრი გოგონა მივიდა ბედის საცდელად, თუმცა წმინდა ნინოს როლისთვის ჯერ ვერავინ შეარჩიეს. ორშაბათს, დღის ბოლოს ერთი საინტერესო სახე კი აღმოაჩინეს, მაგრამ გია კერესელიძე დაბეჯითებით ვერაფერს ამბობს: მთავარია, როლს როგორ მოირგებს გოგონა, ნინოობას თუ შეძლებსო. ოთხშაბათს დასრულდება შერჩევა და ფილმის ბედიც გაირკვევა, თუ არადა, მოცდა მოგვიწევს: ნინოს გარეშე ხომ "ნინოს" ვერ გადაიღებენ! მთავარი გმირის პოვნამდე კი რეჟისორი ამერიკაში გაემგზავრება, ამასობაში, ეგებ ნინოც გამოჩნდეს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება